სამოქალაქო საზოგადოება აფხაზეთში: სამი პორტრეტი გალიდან

ავტორი: დომინიკ ცაგარა
25.11.16

აფხაზეთში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, სამოქალაქო საზოგადოება ჰყვავის: აქ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მონაცემების მიხედვით, დაახლოებით 100 არასამთავრობო ორგანიზაციაა რეგისტრირებული, მოსახლეობის რაოდენობა კი 240 000-ს შეადგენს.

საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ აფხაზები ცენტრალურ მთავრობას დაუპირისპირდნენ დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. 1990-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთსა და საქართველოს შორის ომი მოხდა. 1993 წლიდან აფხაზეთს დეფაქტო დამოუკიდებლობა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ იურიდიულად ის საქართველოს ნაწილია. ამ ეტაპზე აფხაზეთი მხოლოდ გაეროს 4 წევრი ქვეყნის მიერ არის აღიარებული დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. აქედან ერთ-ერთი - რუსეთია.

კონფლიქტის გამო ქართველ მოსახლეობას რეგიონის დატოვება მოუწია. თუმცა გალის სამხრეთ  ნაწილის უმრავლესობა ეთნიკურად ქართველია და მეგრულად საუბრობს. თუმცა ისინი ყოველდღიურად ეჯახებიან პრობლემებს დოკუმენტებთან და განათლებასთან დაკავშირებით.

 

გალის ცენტრი

ეთნიკურ ქართველებს ისეთი ეჭვის თვალით უყურებენ, თითქოს ეს 30,000 ადამიანი, მეხუთე კოლონასავით, ქართული მთავრობის ინტერესების გამტარებელი იყოს საქართველოსთან  მათი კულტურული, ლინგვისტური და პირადი კავშირების გამო. ეს უნდობლობა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებზეც ვრცელდება, რომლებიც ცდილობენ გალის მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ზრუნვას და აფხაზურ საზოგადოებასთან იურიდიულ, სოციალურ და ლინგვისტურ ინტეგრაციას.

გახშირდა არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივობის შეწყვეტის მოთხოვნები. კრიტიკოსები ხშირად მოიშველიებენ ხოლმე კანონს, რომელიც რუსული კანონმდებლობის ანალოგია. ამ კანონის მიხედვით ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საერთაშორისო დონორების მიერ არის დაფინანსებული, უნდა დარეგისტრირდეს, როგორც “უცხო აგენტი”. ამ ფრაზას აფხაზური საზოგადოებისთვის ნეგატიური კონოტაციები აქვს და მსგავსი იარლიყი მნიშვნელოვნად დააზარალებს ორგანიზაციების რეპუტაციას და მოქმედების არეალს.

გალის სამი აფხაზური არასამთავრობოს აქტივისტებმა ჩაიხანასთან თავიანთი საქმიანობის, მიმდინარე პროგრამებისა და პროექტების და მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.

 

სოხუმის ახალგაზრდობის სახლის პროექტის, “ზაფხული მთაში”, მონაწილეები

სოხუმის ახალგაზრდობის სახლი

1997 წელს დაარსებული “სოხუმის ახალგაზრდობის სახლი” 1997 წელს დაარსდა და თავდაპირველად კონფლიქტში დაზარალებულთა  ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციაზე მუშაობდა. ამის შემდეგ ორგანიზაციამ განათლების მიმართულებით გააფართოვა აქტივობა და ადგილობრივებისთვის ენებისა და კომპიუტერის შესწავლის კურსები დაამატა, ასევე შესთავაზა ბენეფიციარებს ვიზუალური და თეატრალური ხელოვნების კურსები და ტრენინგები მშობლებისათვის და ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის.

“ჩვენ იმ ბავშვებზე ვკონცენტრირდებით, ვის ოჯახებსაც შეეხო კონფლიქტი. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ქვეყანა დაზარალდა, აღმოსავლეთ აფხაზეთზე ვკონცენტრირდებით”, - გვიხსნის ელენე კობახია, “სოხუმის ახალგაზრდობის სახლის” დამფუძნებელი. “ჩვენი სამომავლო მიზანია ბავშვების ჩართვა ყველა რეგიონიდან”.

გალი თავიდანვე იყო ორგანიზაციის მთავარი სამიზნე,

“ადგილობრივი მოსახლეობა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან, რომლებსაც კიდევ უფრო მეტად სჭირდებათ მხარდაჭერა, რადგან საზღვრის პირას ცხოვრობენ,” - დასძენს კობახია.

ტრადიციული აფხაზური ცეკვა სოხუმის ახალგაზრდობის სახლში

კონფლიქტის შემდეგ ბევრი წელი გავიდა, თუმცა კონფლიქტისგან დარჩენილი ჭრილობები ისევ ღრმაა. გალი განსაკუთრებულად ზარალდება - აქ ხალხი დაუცველი და გაუცხოებულია, რასაც უნდობლობა და ენობრივი ბარიერი იწვევს. დირექტორის მოადგილე აიდა ლადარია თვლის, რომ “გალის მოსახლეობის ინტეგრაცია სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი მოვალეობაა”.

“ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ აფხაზეთის შესახებ მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ. ძალიან ბევრი ადამიანი არც კი ყოფილა სოხუმში, არადა იქამდე მხოლოდ რამდენიმე კილომეტრია,” - ამბობს აიდა. “ომის შემდგომ თაობას კიდევ უფრო ნაკლები შესაძლებლობა ჰქონდა დაემყარებინა ურთიერთობა აფხაზეთთან. ჩვენ ვმუშაობთ ამ ადამიანებს შორის ურთიერთნდობის აღდგენაზე.

 

ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრი

ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრი (CHP) ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო, რომელიც 1992-1993 წლის კონფლიქტის შემდეგ დაარსდა. სოხუმის ახალგაზრდობის სახლის მსგავსად, CHP-მ მუშაობა კონფლიქტის შემდგომი ფსიქო-რეაბილიტაციით დაიწყო და დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა ორგანიზაციად, რომელიც ფოკუსირდება აფხაზეთის სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერებაზე.  

გალის რეგიონის მაცხოვრებლებისთვის კანონმდებლობა და ბიუროკრატია ხშირად ხდება პრობლემა: პასპორტის მიღება, დოკუმენტების ვალიდურობის აღიარება, მაგ.,  დაბადების ასლის, ან გალის მაცხოვრებელსა და საქართველოს მოქალაქეს შორის ქორწინების პროცესი კოშმარს ემსგავსება. გალში ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ადამიანები, რომლებიც ოფიციალურად არ არიან აფხაზეთის მოქალაქეები, ძალით წაიყვანეს აფხაზეთის ჯარში და შემდეგ არაკანონიერად გაასამართლეს და დეზერტიროვა დასწამეს. CHP-ს სოხუმში, გალში, ოჩამჩირესა და ტყვარჩელში იურიდიული კონსულტაციის ოფისები აქვს.

 

გალის ცენტრი

“გალში ყველაფერი პოლიტიზირებულიია, რადგან აქ მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ეთნიკურად ქართველია, საზღვარიც ახლოსაა”, - აღნიშნავს დიანა კერსელიანი, CHP-ს პროექტის კოორდინატორი. დიანა ხაზს უსვამს, რომ გალის რეგიონი მათი პან-აფხაზური აქტივობების სპექტრის ნაწილია. “აქ ყველაფერი ფრთხილად უნდა აკეთო, რათა ადამიანებს ზანი არ მიაყენო. თუ შეცდომას დაუშვებ, ისინი კიდევ უფრო მეტად გაწვალდებიან.”

კერესიანი აღიარებს ადგილობრივი ადმინისტრაციის უნდობლობას CHP-სადმი, რისი მიზეზიც, ძირითადად, საერთაშორისო ფონდებიდან მიღებული დაფინანსებაა. ეს უნდობლობა აფხაზური საზოგადოების სხვა ფენებშიც ვრცელდება:

“არის წრეები, სადაც ვეზიზღებით. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ გალის მოსახლეობის უფლებებს ვიცავთ და დანარჩენი აფხაზების ინტერესები არ გვადარდებს,” - ამბობს დიანა. “მაგრამ ეს არ არის სიმართლე! ჩვენ მთელ აფხაზეთში ვმუშაობთ. ჩვენი იურიდიული კონსულტაციის ოფისიდან მიღებული რიცხვებით ჩანს, რომ იურიდიულ კონსულტაციას ძირითადად აფხაზებს ვუწევთ. ალბათ ინფორმაციის ნაკლებობაა, ალბათ ადამიანები პროპაგანდის მსხვერპლები არიან, აქ ხომ რთული გეოპოლიტიკური კონტექსტია.”

დემოკრატიის ინსტიტუტი

გალში არსებული “დემოკრატიის ინსტიტუტი” 2007 წელს დაარსდა გაეროს სადამკვირვებლო მისიის (UNOMIG) დახმარებით. ამ ორგანიზაციის მთავარი ფოკუსი რეგიონში ადამიანთა უფლებების დაცვაა.

“ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობასა და მთავრობას შორის კომუნიკაციის დამყარებაზე ვმუშაობთ,” - გვიხსნის ედუარდ თორია, ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი. “აფაზეთში ადამიანები, როგორც წესი, ჯერ არასამთავრობო ორგანიზაციასთან მიდიან, რომელიც მერე თავის მხრივ შესაბამის ორგანოებს მიმართავს. ბევრად უფრო ეფექტური იქნებოდა, ადამიანებს პირდაპირ, შუამავლების გარეშე რომ შეეძლოთ პრობლემების მოგვარება.”

ინსტიტუტმა დააარსა “მხარდაჭერის საჯარო ჯგუფი”, სადაც აღმოსავლეთ აფხაზეთის 15 წარმომადგენელი ერთიანდება. თითოეული დელეგატი საქმის კურსში აყენებს ორგანიზაციას ზოგადი სიტუაციისა და უსაფრთხოების რისკების შესახებ თავის კომუნაში. ამ ინფორმაციაზე დაყრნობით დემოკრატიის ინსტიტუტი აწყობს შეხვედრებს ადგილობრივებთან და მთავრობის წარმომადგენლებთან, რათა დაეხმაროს მათ პრობლემების გადაჭრაში.”

 

გალის ცენტრი

“გაურკვევლობა” ის სიტყვაა, რომელიც გალის რაიონში ბევრ საკითხს ესადაგება. გალელები არ ითვლებიან აფხაზეთის მოქალაქეებად, ამიტომ მათზე არ ვრცელდება კანონდემბლობა და უამრავი პრობლემა გადაუჭრელი რჩება.

“აქ ხალხმა არ იცის, უნდა ჩათვალოს თუ არა თავი აფხაზეთის მოქალაქედ თუ უბრალოდ “მაცხოვრებლად”. ისინი თავს დაუცველად გრძნობენ”, - ხსნის ტორუა. “აფხაზეთის მოქალაქეობის გარეშე, მათ არ აქვთ ბიზნესის კანონიერად წარმოების საშუალება, არ შეუძლიათ ავტომობილის მართვის მოწმობის მიღება. მათთვის შეზღუდულია ქონების მემკვიდრეობით მიღება ან შესყიდვა, რადგან ნოტარიუსი ამ შეთანხმებებს არ დაარეგისტრირებს. არის პრობლემები განათლებასთან, ჯანდაცვის ხელმისაწვდომაბასთან და გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებითაც.”

დემოკრატიის ინსტიტუტის აქტივისტები ადგილობრივი მთავრობისგან განსხვავებულ რეაქციებს იღებენ.

“არასამთავროების მუშაობისადმი უნდობლობა ახალი არ არის, არც სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებია ახალი აფხაზეთისთვის. თუმცა მთავრობა იმდენად ხშირად იცვლება, რომ სიტუაცია არ სტაბილურდება. სახეზეა პროპაგანდა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს “დამანგრეველ მოქმედებებს” აბრალებენ.

როცა ბატონ ტორუას ვკითხეთ, რა არის მისი აქტივობის მიზანი, მან გვიპასუხა, რომ მშვიდობის მიღწევა სურს.

“მინდა, რომ გალის მოსახლეობას აღუდგეს ღირსება და იგრძნონ, რომ მათ შეუძლიათ ყველა იმ უფლებით სარგებლობა, რომლითაც დასავლეთ აფხაზეთის მოსახლეობა სარგებლობს. ისინი აქ ოცი ან ორმოცი წლის წინ არ ჩამოსულან საცხოვრებლად. ეს აფხაზეთის მკვიდრი მოსახლეობაა და სრული უფლება აქვთ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ. მე მინდა თანასწორობა და ეროვნული უმცირესობების დაცვა. ეს მშვიდობას, ერთიანობას და განვითარებას მოიტანს. ჩვენ ერთად შევძლებთ წინ წავიდეთ.”

 
 

მასალა შეიძლება შეიცავდეს ტერმინებს, რომელიც არ აკმაყოფილებს კონფლიქტის ყველა მხარეს. გამოყენებული ტერმინები ეკუთვნის ავტორს/რესპონდენტს და არა ჩაი-ხანას.

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია