უფრო მეტი, ვიდრე სიტყვა

ავტორი: ანნა ძიაპშიპა
01.06.17
გამოცემა: კომუნიკაცია

ყველაზე მეტად ბავშვობის მეხსიერების აღდგენა მაინტერესებს. ამისთვის თითქმის ყველა ხერხს მივმართავ. ცოტა ხნის წინ ფრაგმენტულად შემორჩენული მოგონებების გახსენება VHS-ის ვიდეოკასეტების გაციფრულებით გადავწყვიტე. VHS-ების დიდი დასტა მაგიდაზე მეწყო, ზოგს გადახვევით, ზოგს კი თავიდან ბოლომდე ვნახულობდი. რამდენიმე დღის განმავლობაში ვუყურებდი იატაკქვეშეთში რუსულად გახმოვანებულ ფილმებს, საოჯახო ვიდეოებსა და MTV-დან ჩაწერილ მუსიკალურ კლიპებს. კასეტების ყურებისას მეხსიერებიდან თითქმის საერთოდ გამქრალი დღეებიც კი ამომიტივტივდა. წარსულთან ამ უცნაური კომუნიკაციისას ერთ მნიშვნელოვან კასეტას წავაწყდი. სწორედ ეს დაზიანებული მაგნიტური ფირი გამოვიყენე ჩემი ექსპერიმენტული ვიდეოს შესაქმნელად.

ჩემს ექსპერიმენტულ ვიდეოში გამოყენებული მასალა არის არასამთავრობო მედია ორგანიზაციის, ინტერნიუს-საქართველოს მიერ გამოცემული სახელმძღვანელოს “მეტყველების კულტურის პრაქტიკისა და თეორიის საკითხები” ვიდეო-დამატება. ეს ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი მეტყველების სავარჯიშოებია. წიგნი და ვიდეო მანანა ბერიკაშვილის ავტორობით გამოიცა 2001 წელს და, სავარაუდოდ, ბევრი ჟურნალისტის პირადი ვიდეოთეკის ნაწილიც გახდა.  ამ ვიდეოში სწორედ  იმ სიტყვების ერთობლიობაა, რომელიც დღემდე ასე ხშირად ისმის მედიიდან.

მარშალ მაკლუენი ამბობდა, რომ “მედიუმი არის გზავნილი”. ეს ვიდეოც, თავისი ხარისხით, ფორმატით და შინაარსით, ეპოქის გზავნილია, თუმცა დღევანდელ “პოსტსიმართლის” დროშიც აქტუალური - როდესაც რთულია გავიგოთ სიტყვების ნამდვილი მნიშვნელობა, მიღებული ინფორმაციის ნაკადი კი ზოგჯერ აზრს კარგავს და შინაარსისგან დაცლილი ხდება.  ვიდეოს ამ ფორმით გაზიარება გადავწყვიტე, რადგან, მგონია, რომ ის უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ჩემი პირადი კომუნიკაცია წარსულთან. ის კოლექტიური მეხსიერების ნაწილიცაა, რომელიც იქამდე ვერ იქცევა მეხსიერებად სანამ სიტყვები, “პარლამენტი, გადატრიალება, ჯარისკაცი, ბომბი” და სხვა, ისევე აქტუალური იქნება,  როგორც 20-30 წლის წინ. უცნაურია, მაგრამ ამ გზავნილში ყველაზე შინაარსიანი ენისგასატეხებია, რომლებიც თავისდაუნებურად გარდაიქმნება პოლიტიკური კონტექსტის გამომხატველ მეტაფორებად.

ამ ვიდეოს აღმოჩენა, თავისი დაზიანებული გამოსახულებითა და ხმით,  გახდა მიზეზი ჩემს ცნობიერებაში გაჩენილი ასოციაციური ჯაჭვისა, რომელშიც ისტორიული და პირადი გამოცდილებები ერთმანეთს ენაცვლება სადაც  მეტყველების, ენის დანიშნულება და პირობითობა იკვეთება. სიტყვების მნიშვნელობასა და მათ აბსურდულობას შორის თითქმის დაკარგულმა ზღვარმა, კი შემახსენა, რომ “ჩემი ენის საზღვრები ნიშნავს საზღვრებს ჩემი სამყაროსთვის. მე მხოლოდ ის ვიცი რისი სიტყვებით აღწერაც შემიძლია”.

გამოყენებული წყარო:

მანანა ბერიკაშვილი. "მეტყველების კულტურის პრაქტიკისა და თეორიის საკითხი". 2001. ვიდეო-დამატება

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია