საქართველოს ულტრანაციონალისტები: ფაშისტური მოძრაობა ფეისბუკზე

ავტორი: ლუკა პერტაია
19.07.17
გამოცემა: კომუნიკაცია

25 წლის ულტრანაციონალისტი თემური იმ ასობით ადამიანს უჭერს მხარს, რომლებმაც 14 ივლისს თბილისის ქუჩებში მუსლიმების იმიგრაცია გააპროტესტეს. იგი ქართული ,,ელიტების“ მიერ მარგინალიზებული პატარა ჯგუფის წარმომადგენელია. თუმცა, თემურის თაობას ერთი მნიშვნელოვანი იარაღი განასხვავებს წინა თაობის ნაციონალისტ ჯგუფებისგან - ფეისბუკი - პლატფორმა, რომელსაც ქართული საზოგადოება 24 საათის განმავლობაში თვალს ადევნებს.

თემურის ამბავი სხვა ახალგაზრდების ისტორიებს ჰგავს იმ გაგებით, რომ ისინიც ექსტრემალური ნაციონალიზმისკენ იხრებიან, რათა  უიმედო, დიგიტალურ სამყაროში  უსაფრთხოდ იგრძნონ თავი.

შავი ზღვის პირას, ქალაქ ქობულეთში, კონსერვატიულ ოჯახში დაბადებულმა თემურმა ადრეული თინეიჯერობიდან შეამჩნია, რომ ,,სახელმწიფოს მმართველი ელიტა... ცუდად იქცევა“. რაშიც იგულისხმება  ძალაუფლების უხეშად გამოყენება, სამუშაო ადგილების ნაკლებობა და უცხო „ევროპული” ფასეულობების ქართულ სივრცეში გადმოტანა. თემურის მსოფლხედვის ჩამოყალიბებაში ოჯახმა და სკოლამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. მუსლიმ დამპყრობელსა და საქართველოს გაჭირვებაზე მონათხრობმა და წაკითხულმა გაკვეთილებმა კი მთლიანად შეცვალა მისი აზროვნება.

2015 წელი თემურისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა - იგი ქობულეთიდან თბილისში გადმოვიდა, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე სასწავლებლად. 1.1-მილიონიან ქალაქში მან თანამოაზრეების პოვნა ადვილად მოახერხა.

მიუხედავად იმისა, რომ რთულია ულტრანაციონალისტური გაერთიანებების ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა, ფეისბუკზე არსებული ქართული ჯგუფების რაოდენობა, რომლებიც ქსენოფობიურ, ჰომოფობიურ, მიზოგინიურ და ფაშისტურ განცხადებებს ავრცელებენ, მზარდია. ასეთი ჯგუფების რაოდენობის ზრდის მიზეზად რუსულ გავლენას ასახელებენ, თუმცა ქართველი ულტრანაცინალისტები მსგავს კავშირს უარყოფენ. მათი არგუმენტი კონკრეტულ ფაქტებს ემყარება, კერძოდ იმას, რომ „რუსეთმა საქართველოში კომუნისტური რეჟიმი დაამყარა, ახლა კი საქართველოს ტერიტორიები, აფხაზეთი და ოსეთი ოკუპირებული აქვს“.

ულტრანაციონალისტური ჯგუფები ხშირ შემთხვევაში ამორფულები არიან. ისინი ფეისბუკზე ერთმანეთის მასალებს აზიარებენ, თუმცა ერთმანეთთან კავშირს და ფეისბუკის გვერდის ხელმძღვანელის ვინაობას მალავენ.

ასეთი ტიპის ჯგუფებიდან ზოგიერთი ნეო-ნაცისტურია. ისინი „ეროვნულ ინტერესს” რელიგიაზე მაღლა აყენებენ. თემურის ჯგუფის მსგავსად, ბევრი სხვა ჯგუფიც  ფაშისტურ იდეოლოგიასთან ასოცირდება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ჯგუფები ეთნიკურ წარმომავლობას დიდ ყურადღებას აქცევენ, ისინი არ აიდეალებენ ისეთ დიქტატორებს, როგორებიც ადოლფ ჰიტლერი და ბენიტო მუსოლინი იყვნენ. სხვა ტიპის ჯგუფები საკუთარი რელიგიური და კონსერვატიული შეხედულებებით, პოსტსაბჭოთა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ნაციონალისტურ იდეოლოგიას ემხრობიან. გარდა ამისა, ჯგუფებს შორის არსებობენ ფარული რადიკალებიც (ბერგმანი და ედელვეისი), რომლებიც „ევროპულ პან-ნაციანალისტურ” მოძრაობასთან იდენტიფიცირდებიან და ძირითადად საფეხბურთო შეხვედრების დროს ხულიგნობის მიზეზით არიან ცნობილები.

ჯგუფები წინააღმდეგობასაქართველო და ანტილიბერალური კლუბი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ. ანტილებარალური კლუბის ფეისბუკის გვერდს 32 000 ადამიანი ადევნებს თვალყურს. ჯგუფის მიზანი ლიბერალ-ცენტრისტებთნ დაპირისპირებაა.  

„ქართული ძალის” მხარდამჭერების მსვლელობა, 2016 წლის 27 სექტემბერს, როდესაც საქართველოში სოხუმის დაცემის დღეს იხსენებენ.
„ქართული ძალის” მხარდამჭერები მეტრო „რუსთაველის” წინ ხელის მოძრაობით პასუხობენ ჯგუფის ლიდერის ნიკოლოზ ბურნაძის შეძახილებს.
„ქართული ძალის” წევრებს აქციებზე ხშირად უკეთიათ ნიღბები.

ქართული ძალა

ქართული ძალა, ძირითადად მოზარდებით და 25 წლამდე ასაკის მამაკაცებით დაკომპლექტებული, ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფია, რომელიც 2015 წლიდან აქტიურობს. თუმცა, სხვა ჯგუფების მსგავსად, იგი ძირითადად ფეისბუკის საშუალებით ფუნქციონირებს. უცხოელებისთვის ჯგუფი ცნობილი გახდა მას შემდეგ რაც, 2016 წელს მისი წევრები თავს დაესხნენ თბილისში ვეგანურ კაფეს.

აღნიშნული ჯგუფი ფოტოების, ვიდეოებისა და „მიმების“ საშუალებით თეთრკანიანი რასის უპირატესობას ამტკიცებდა, ასევე ავრცელებდა ანტი-ლგბტ და ანტი-ფემინისტურ ნარატივს. ქართული ძალა განსაკუთრებული ენთუზიაზმით სამოქალაქო უფლებათა აქტივისტებს ესხმოდა თავს, რომელთა კონტექსტიდან ამოღებულ ციტატებს მათსავე სურათებს აწერდნენ და დამცინავი, ზოგჯერ შეურაცხმყოფელი კომენტარებით ტვირთავდნენ ინტერნეტ სივრცეში, რაც  მიზოგინიურ და ჰომოფობიურ დისკუსიას იწვევდა.

ქართულ ძალას 2016 წლის ბოლომდე ერთგვარი „შტაბ-ბინაც“ ჰქონდა - „მილიტარისტული ბარი“, რომელიც  თბილისის ცენტრში მდებარეობდა. ამ ადგილს ჯგუფი ნაციონალისტური „სულისკვეთების“ გასაძლიერებლად იყენებდა.

თუმცა, ჯგუფის მოქმედების ძირითად სივრცეს მათივე ფეისბუკ გვერდი წარმოადგენდა. ჯგუფის წევრებმა 2016 წლის 27 სექტემბერს, თბილისში გამოსვლა დაგეგმეს, სადაც ისინი 1993 წელს სოხუმის აღებას აპროტესტებდნენ. გამოსვლა თურქულ რესტორნებზე თავდასხმით და პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. პოლიციამ აქციის 12 წევრი დააკავა.

აღსანიშნავია, რომ ქართულმა ძალა პიარისთვის მედია საშუალებების მიერ გაშუქებული აგრესიული სახის რეპორტაჟები გამოიყენა, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის წევრები ჟურნალისტებს ყველაზე სახიფათო მტრებად თვლიან.

2017 წლის დასაწყისში, ბევრი ქართველისთვის ფეისბუკზე ჯგუფის საქმიანობა მიუღებელი გახდა. აპრილში, რამდენიმე ასეულმა მომხმარებელმა, ჯგუფის მიერ გაზიარებულ მასალებზე პრეტენზია გამოთქვა (ინფორმაციის გადამოწმება ფეისბუკის ადმინისტრაციასთან ვერ მოხერხდა). ჯგუფი გაუქმდა, მოგვიანებით კი ისევ დაბრუნდა. თუმცა ამჯერად მისი სახელიდან დარჩა მხოლოდ სიტყვა ,,ქართული“ და 5 000 მოწონება.

როგორც თემური ამბობს იგი ქართული ძალის „მუდმივი მხარდამჭერი” არ ყოფილა და ბევრი სხვა წევრის მსგავსად ჯგუფი დატოვა იმ მიზნით, რომ „პიროვნული განვითარების პერსპექტივას“ ვერ ხედავდა. მაშინ, როცა სხვა ჯგუფების წევრობის შემთხვევაში, მისი მოღვაწეობა შეიძლება უფრო წარმატებული ყოფილიყო.

მსვლელობების დროს ულტრანაციონალისტურ ჯგუფებს ხშირად აქვთ შუშხუნები, რომლებიც სხვადასხვა ფერის კვამლს უშვებს, რაც მათ გამოსვლებს უფრო ეფექტურს ხდის.
05. - „ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი რასის არსებობა და მომავალი თეთრკანიანი ბავშვებისათვის” - აწერია მიგრანტების საწინააღდმეგო აქციის ერთ-ერთ მონაწილეს; ჯგუფები „თეთრი ნაციონალიზმის” მხარდამჭერებიც არიან.
ქართული ულტრანაციონალისტური მოძრაობის წევრები, საკუთარი ჯგუფის პოპულარიზაციისათვის, აქტიურად იყენებენ აქციებზე მედია საშუალებების მიერ გადაღებულ შთამბეჭდავ ფოტოებს.

საქართველოს ეროვნული  ერთობა

ჯგუფში ქართული ძალა ყოფნისას შეძენილი გამოცდილების საფუძველზე, 2016 წელს თემურმა სხვა ულტრანაციონალისტებთან ერთად ოფიციალური არასამთავრობო ორგანიზაცია  საქართველოს ეროვნული ერთობა დაარსა. ჯგუფი ეროვნულ-სოციალისტურ მოძრაობას წარმოადგენს და ძირითადად ამერიკელ ფილანთროპ, ფონდ ღია საზოგადოების დამფუძნებელ ჯორჯ სოროსს აკრიტიკებს.

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელებიც ქალთა უფლებებს, სექსუალურ და რელიგიურ ტოლერანტობას უჭერენ მხარს „ჯორჯ სოროსის ფონდიდან ფინანსდებიან და ქართულ ეროვნულობას საფთხეს უქმნიან”, - ამბობს თემური. მისი აზრით, ასეთი ორგანიზაციები კულტურულ მარქსიზმს ქადაგებენ. სხვა ექსტრემალური ნაციონალისტების მსგავსად, რომლებიც ყოფილ საბჭოთა კავშირში, განსაკუთრებით კი რუსეთში მოღვაწეობენ, თემურიც ფიქრობს, რომ ლგბტ პირთა უფლებების დაცვა ჯორჯ სოროსის გეგმის ნაწილია, რომელიც მსოფლიოზე საყოველთაო ბატონობას ისახავს მიზნად.

21 აპრილს, უნგრეთის ულტრამემარჯვენე პრემიერ-მინისტრის, ვიკტორ ორბანის თბილისში ჩამოსვლის დღეს, თემურმა და საქართველოს ეროვნული ერთობის სხვა მხარდამჭერებმა გამოსვლა მოაწყვეს უნგრეთში მიღებული კანონის მხარდასაჭრად, რომელიც სოროსის ფონდის მიერ დაფინანსებული ევროპის ცენტრაულური უნივერისტეტის დახურვას გულისხმობდა. თემური მტკიცედ უარყოფს გავრცელებულ აზრს იმის შესახებ, რომ ასეთი ტიპის გამოსვლები რუსეთიდან ფინანსდება. როგორც თავად ამბობს, არასამთავრობო ორგანიზაცია საკუთარი სახსრებით ირჩენს თავს და ყველა ის თემა, რომელსაც ჯგუფის წევრები აპროტესტებენ მათი ინიცირებულია.

სოროსის „გეგმის“ წინააღმდეგ საქართველოს ეროვნული ერთობა ფეისბუკის საშუალებით იბრძვის. ჯგუფის გვერდზე ხშირად იდება ამონარიდები ბენიტო მუსოლინის  „ფაშისტური დოქტრინიდან”, ასევე ნაცისტური გერმანიის ლიდერის ადოლფ ჰიტლერის ციტატები და სხვა წყაროები რუსული და ინგლისურენოვანი მედია საშუალებებიდან, რომლებიც ფაშიზმსა და ულტრანაციონალისტობას განიხილავენ. მაგალითად, მასალები ალტერნატიული მემარჯვენე საინფორმაციო მედია „ბრაიტბარტიდან”, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გამორჩეული დამცველია. თუმცა, აქტიურობის მიუხედავად, გვერდს ფეისბუკზე 5 000- ზე მეტი მოწონება არ აქვს.

აუდიტორიის გაზრდის მიზნით, თემურმა და მისმა მეგობერბმა სხვა ულტრანაციონალისტური ჯგუფი შექმნეს, რომელიც საქართველოს ეროვნულ ერთობაზე უფრო პოპულარულია.

ულტრანაციონალისტური ჯგუფების მხარდამჭერი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირთა მემორიალის წინ.
თემური „საქართველოს ეროვნული ერთობის” დროშით, თანამოაზრეებთან ერთად უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიკტორ ორბანის თბილისში ვიზიტის გამო გამართულ საპროტესტო აქციაზე იმყოფება.
„ნუ გამოლიბერასტდებით” (ლიბერალისა და „პედერასტის”- ქვიარების შეურაცხმყოფელი ტერმინი, რომელიც ამ ორი სიტყვის გაერთიანების შედეგად მიიღება) - წერია ერთ-ერთ პლაკატზე. ამ „მოწოდებას” ფეისბუკზეც ხშირად წააწყდებით.
„საქართველოს ეროვნული ერთობის” წევრების ნაცისტური მისალმება. ამ ჟესტის გამოყენება ფაშისტური გერმანიის ლიდერის, ადოლფ ჰიტლერის პიროვნული კულტის ნაწილი იყო.

წითელი აბი

გვერდის სახელი — წითელი აბი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმის მატრიცა (1999წ.) ალუზიაა. ფილმში მთავარმა მოქმედმა პირმა, ნეომ არჩევანი უნდა გააკეთოს წითელ და ლურჯ აბებს შორის. თუკი იგი ლურჯს აირჩევს, სიცრუესა და ილუზიაში განაგრძნობს ცხოვრებას. წითელი აბი კი მას ცოდნას, თავისუფლებას და მტკივნეულ რეალობას მოუტანს. ჯგუფი წითელი აბი ირწმუნება, რომ ისინი მწარე რეალობას თვალს უსწორებენ.

მათი ფესიბუკის გვერდს 7200 ადამიანი ადევნებს თვალს. ჯგუფი განსაკუთრებით აქტიურია „სტრატეგიული თარიღების“ დროს. მაგალითად, 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, სხვა ნაციონალისტური გვერდების მსგავსად წითელი აბი ლგბტ პირების დამამცირებელ მესიჯებსა და „მემეებს” ავრცელებს. ჯგუფი მხარს უჭერს „ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს“, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 17 მაისის საპირწონედ დააწესა.

თემური, როგორც სხვა ბევრი ულტრანაციონალისტი, ხშირად ამბობს, რომ „პირადად არავის ერჩის“. საკუთარი შეხედულების განსამტკიცებლად კი  ადრექრისტიანული ფილოსოფოსის ნეტარი ავგუსტინეს სიტყვებს იხსენებს: „ცოდვილი უნდა გიყვარდეს, მაგრამ ცოდვას ებრძოლო“. 

„წითელი აბისათვის” და „საქართვლოს ეროვნული ერთობისათვის”, როგორც ფაშისტური გვერდებისათვის, დამახასიათებელი კიდევ ერთი ძირითადი ნიშანი ანტი-სემიტიზმია.
ჯგუფებს ისლამოფობიაც ახასიათებთ და ხშირად ემუქრებიან მუსლიმებს.
ჯგუფების კიდევ ერთი აშკარა მახასიათებელი - თურქოფობია და ანტი-თურქული მესიჯების გავრცელებაა. ისინი ბათუმს, სადაც ბოლო წლებში თურქული კაპიტალი იზრდება, თურქული ექსპანსიის სამიზნედ აღიქვამენ.
„საქართვლოს ეროვნული ერთობის” მიერ დადებულ ამ სურათზე ჩანს ბაყაყი პეპე - ცნობილი მიმი, რომელსაც ხშირად იყენებენ ულტრანაციონალიტური ჯგუფები.
„წინააღმდეგობა საქართველოს” მიერ ინტერნეტში განთავსებული ქალთა მსვლელობის ფოტო და რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ქალი ლიდერის ციტატა, რომელიც ქალთა ჩაგვრის წინააღმდეგ არაერთი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორია. ულტრანაციონალისტური ჯგუფები ხშირად აზიარებენ ასეთ ფოტოებს, რათა მათ შეურაცხმყოფელი კომენტარები დაურთონ.

14 ივლისს სხვადასხვა კონსერვატიული ჯგუფის მიერ დაგეგმილ „ქართველთა მარშს” ულტრანაციონალისტური ჯგუფებიც შეუერთდნენ. ეს „გიფი” დემონსტრანტთა ფეისბუკის გვერდზე აიტვირთა.


ივლისი 2017

    Chai Khana ©

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია