ქალები სოფლად: გენდერული როლების გარდაქმნის ისტორიები

ავტორი: იან მაკნოტ დავის, სალომე კობალავა

11.12.17

ტექსტის ავტორი სალომე კობალავა; ფოტოების ავტორი იან დეივისი

რედატორი მონიკა ელენა

 

1920-იან წლებში, როცა მსოფლიო, ქალთა საარჩევნო უფლებისათვის მოძრაობამ მოიცვა, საქართველო მოვლენებს წინ უსწრებდა. 1919 წელს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დამფუძნებელთა კრების 145 ადგილიდან, ხუთი ქალს ერგო.  

მიუხედავად ამისა, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სასარგებლოდ ეს უზარმაზარი ნახტომი, პატარა და ნელი ნაბიჯებით გაგრძელდა. დღეს, ამ მოვლენიდან თითქმის 100 წლის შემდეგ, ქალები საქართველოს პარლამენტის 150 ადგილიდან  მხოლოდ 16% -ს იკავებენ.

გენდერულ ნიადაგზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ, თუ ქალთა უფლებების დასაცავად მიმართულ სამთავრობო ღონისძიებებს არსებითი ცვლილებები არ გამოუწვევია. გაეროს გენდერული უთანასწორობის ინდექსის (United Nations Gender Inequality Index), 2016 წლის შედეგებით ვიგებთ, რომ საქართველო ამ კუთხით 188 ქვეყანას შორის 76-ე ადგილზეა.

კვლევებით დასტურდება, რომ სოფლად მცხოვრებ ქალებს განსაკუთრებული სიხშირით უხდებათ იმ სოციალურ და კულტურულ ბარიერებთან შეჯახება, რომლებიც მათ პოლიტიკური თუ ეკონომიკური გაძლიერებისკენ მიმავალ გზაზე ეღობებათ. მიუხედავად ამისა, მაგალითად სამეგრელოში, ისევე, როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, მოიძებნებიან ქალები, რომლებიც საზოგადოების მიერ დაწესებულ უხილავ საზღვრებს არღვევენ და ტრადიციულ გენდერულ როლებს წარმატებით ცვლიან.  

ქალები სეირნობენ ზუგდიდში. ქალაქი სადაც 43 000 მოსახლეა, 1993 წლის აფხაზეთის ომის შემდეგ, ათასობით იძულებით გადაადგილებული პირისთვის საცხოვრებელ ადგილად იქცა.
ქალი დადიანების სასახლესთან, რომელიც ზუგდიდში 1840 წელს აშენდა. ეროვნული მუზეუმი, სასახლე, რომელიც დადიანების დიდგვაროვან ოჯახს ეკუთვნოდა, სამხრეთ კავკასიის ერთერთ უმშვენიერეს შენობად არის მიჩნეული.

ედიტა კოდუა, 43 წლის, პოლიტიკოსი/თამადა  

კოდუას პოლიტიკურმა კარიერამ აღმასვლა მაშინ დაიწყო, როდესაც 2014 წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომაზე საჯაროდ განაცხადა, რომ თუკი მის სოფელს მთავრობის გრძელვადიანი ინფრასტრუქტურული პროექტების სიაში არ შეიყვანდნენ, საკრებულოს საკუთარი ნებით დატოვებდა.  

2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, სამეგრელოს 570 კომლისგან შემდგარ სოფელ აბასთუმანში, სადაც დაახლოებით 1200 ამომრჩეველია, ედიტამ სამი მამაკაცი კანდიდატი დაამარცხა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 45 ადგილიან საკრებულოში ოთხ ქალ მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად შევიდა.  

პირველივე სხდომაზე მყარი პოზიციით გამოსვლას, ედიტას საარჩევნო უბნებში გამრიცხველიანება, გაზიფიცირება, წყალმომარაგება, სოფლის შიდა და ცენტრალური გზების რეაბილიტაცია, სპორტული და კულტურული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მოჰყვა. გარდა ამისა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ამომრჩეველთა აქტიური ჩართულობა სოფელ აბასთუმანში წესად იქცა.

2017 წლის ოქტომბერში ედიტა მეორე ვადით, ხმათა 72%-ით აირჩიეს. დღეს ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მეორე მოწვევით შესულ ორ ქალ მაჟორიტარ დეპუტატთაგან ერთ-ერთია. 43 წლის ედიტა კოდუას ყოველდღიურ ცხოვრებაში პოლიტიკას სხვა პასუხისმგებლობებიც ემატება. სოფელ აბასთუმნის სკოლაში ის ქართულ ენას, ლიტერატურასა და სამოქალაქო განათლებას ასწავლის, უვლის სამ შვილს, უძღვება საოჯახო მეურნეობას და ორ მცირე ბიზნესს ქალაქ ზუგდიდში.  

ედიტამ მინის ჭერი სხვა, უფრო პირადულ სივრცეშიც დაამსხვრია - ის პატივცემული თამადა, ანუ სადღეგრძელოების ოსტატიც გახლავთ. თამადობა მისი შეგნებული არჩევანია და ამბობს, რომ “...ჩვენ, ქალები, არაფრით ჩამოვუვარდებით მამაკაცებს...არც პოლიტიკა და არც სუფრასთან თამადობა არ მგონია მარტო მამაკაცური საქმე იყოს...ჩემთვის არ არსებობს ზღვარი და ვერ წარმომიდგენისა საქმე, რომელსაც თავს ვერ გავართმევ“.  

ედიტა კოდუა, 43 წლის, ადგილობრივი პოლიტიკოსი, სკოლის მასწავლებელი და აღიარებული თამადაა.
ედიტა კოდუა ღვინის ჭიქით, სადღეგრძელოს წარმოთქმის შემდეგ. იშვიათია ქალი თამადის ხილვა, რადგან თამადობა ტრადიციულად მხოლოდ მამაკაცების საქმეა. კოდუა ფიქრობს, რომ თამადობა, პოლიტიკოსობის მსგავსად, მხოლოდ მამაკაცებისთვის არ არის.
სადღეგრძელოს წარმოთქმის შემდეგ, ედიტა კოდუა სუფრის სტუმრებს ჭიქას უჭახუნებს. კოდუა მთელი ცხოვრების მანძილზე ამსხვრევს გენდერულ სტერეოტიპებს. ამასთან ის სოფელ აბასთუმანის სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის, ზუგდიდში კი ორ მცირე ბიზნესს ფლობს - სამკერვალოს და სამედიცინო მომსახურების სფეროში კლინკების მომმარაგებელ დაწესებულებას.
გაშლილი მაგიდა - სუფრა - ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ატრიბუტია.
ირუზა კაკავა (მარცხნივ) და ედიტა კოდუა (მარჯვნივ) სუფრაზე ადღეგრძელებენ კოდუას ქალიშვილს, რვა წლის ანანო ბუკიას.
ირუზა კაკავა (მარცხნივ) და ედიტა კოდუა (მარჯვნივ).

ირუზა კაკავა,  45 წლის, პოლიტიკოსი/სოციალური მეწარმე

2014 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ, ირუზა კაკავა დაიბარეს და ურჩიეს, კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი ეთქვა, რადგან პოლიტიკოსად სხვა კანდიდატებს მოიაზრებდნენ. მიუხედავად წინააღმდეგობისა, მან ოთახში მყოფი 40 მამაკაცი საკუთარი გადაწყვეტილების სიმტკიცეში დაარწმუნა და რამდენიმე კვირაში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა გამარჯვებით დააგვირგვინა. ირუზა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სოფელ კოკისა და ხურჩის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს. 2017 წლის ოქტომბერში კი პარტია „ქართული ოცნების” წარმომადგენლის სტატუსით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მეორე მოწვევის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა. უწყებაში სადაც დღეს სულ ოთხი ქალი მაჟორიტარი დეპუტატია, ირუზა ერთ-ერთია.    

45 წლის ირუზა კაკავას ცხოვრების მანძილზე რამდენიმე საზღვრის გადალახვა მოუხდა.

1993 წელს, 21 წლის ასაკში, მშობლიური ქალაქიდან -  ნაომარი  გალიდან ორ უმცროს - 8 და 12 წლის ძმასთან  ერთად გამოიქცა. უკან მოიტოვა მშობლების საფლავები, გადამწვარი სახლი და ცხოვრების შენება ხელახლა დაიწყო.

მდინარე ენგურის გადაკვეთის შემდეგ, ირუზა სამეგრელოს სოფელ კოკში დასახლდა. მეუღლე რომლისგანაც ორი შვილი შეეძინა, თავიდანვე გვერდში დაუდგა.

ოჯახის შესანახად და განათლების მისაღებად ირუზას ბრძოლა ერთდროულად  მოუწია. უმცროს ძმებზე და შვილებზე ზრუნვის პარალელურად, მან უნივერსიტეტში სწავლაც მოახერხა და 30 წლის ასაკში ინგლისური ენის სპეციალისტის დიპლომი აიღო.

საკუთარი თემის განვითარებაში აქტიური ჩართულობით ირუზამ სოციალური ბარიერიც წარმატებით დაძლია. ჯერ დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია „ენგური 1“, რომელიც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე და დევნილ ბავშვებს ეხმარებოდა, ხოლო შემდეგ, ფონდი „ეგრისი“, რომელიც კოკისა და ხურჩის მაცხოვრებლებს სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, ახლაც ეხმარება.     

საუბრისას ირუზა აღნიშნავს, “[თითქმის] ოთხწლიანი მუშაობის პერიოდში [საკრებულოში], დავინახე, რომ ერთი ქალი უდრის 20 მამაკაცს“. ის გვიხნის, რომ კოკში ადგილობრივი განხილვების დროს, ქალების რაოდენობა მამაკაცებისას ყოველთვის  საგრძნობლად აჭარბებს და განმარტავს - „თუ ჩვენს სოფელში რამეა გაკეთებული, ეს ყველაფერი ქალების ინიციატივითაა“.   

ირუზამ საკუთარი გამოცდილებით იცის, თუ რას ნიშნავს უსახლკარობა. სწორედ ამიტომ, საკუთარ ადმინისტრაციულ ერთეულში სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა გადაწყვიტა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ის ერთდროულად რამდენიმე კომისიის, მათ შორის, სოციალური სახლების მშენებლობის კომისიის წევრია და ცდილობს, არ დარჩეს ოჯახი, “რომელსაც ძალიან უჭირს და სხვის ოჯახშია შეკედლებული”. ამბობს, რომ სურს “თითო წელს თითო სახლი” მაინც ააშენოს.

ირუზა კაკავა, 45 წლის, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების” წარმომადგენელი და ზუგდიდის მუნციპალიტეტის საკრებულოში კოკი-ხურჩის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატია. იგი კოკის გამგეობის შენობაში, მისთვის გამოყოფილ კაბინეტში დგას, სადაც სოფელის წარმომადგენლებს ხვდება.
ირუზა კაკავა გვაჩვენებს რვეულს, რომელსაც მაშინ იყენებდა, როცა ინგლისურ ენას დამოუკიდებლად სწავლობდა. 1990-იან წლებში, როცა ელექტროენერგია არ იყო, ის ზეთით გაჟღენთილ ბამბის ნაჭრებს წვავდა და მათ შუქზე მეცადინეობდა. მშობლიური ქალაქი გალი მან 1993 წლის ომის პერიოდში დატოვა.
ირუზა კაკავა თავის სახლში სტუმრებს ყავას უმზადებს. გარდა პოლიტიკური აქტივობისა, ის საზოგადოებრივი ფონდი „ეგრისი”-ს თანადამფუძნებელია. ფონდი ემსახურება სოფელ კოკისა და ორსანტიას მაცხოვრებლებს.
ირუზა კაკავა აგროვებს სიმინდს საკუთარი შინაური ცხოველებისთვის. ტაროებს აზიური ფაროსანას შემოსევის კვალი ატყვია - მწერის, რომელმაც 2017 წლის ზაფხულში დასავლეთ საქართველოს მოსავალი გაანადგურა.
ირუზა კაკავა საკუთარ ეზოში შინაურ ცხოველებს აპურებს.

ლამზირა რაფავა, 72 წლის, მეფუტკრე/მეწარმე

სამოცდათორმეტი წლის ლამზირა რაფავა საკუთარ მსუბუქ ავტომობილს ზუგდიდის ცენტრალური მაგისტრალიდან მთიანი სამეგრელოს მიმართულებით, შესაშური ოსტატობით  მართავს. გაუვალ გზებზე სიარულს ის შეჩვეულია.

ჯერ კიდევ 37 წლის ასაკში, კოლეგის რჩევით, ლამზირამ გადაწყვიტა თაფლის წარმოებაში ჩართულიყო. იმ დროს, 1982 წელს, სოფელ ჯუმში (ყოფილი კოლხიდა), არც მეფუტკრეობა იყო გავრცელებული და არც ქალი მეფუტკრე არსებობდა.  

ლამზირა იხსენებს, რომ ფუტკრის მოვლა კოლეგის რჩევით დაიწყო: “[მე და ჩემს კოლეგა ქალებს] ყოველთვის გვეუბნებოდა, იყიდეთ, მოუარეთ, ისწავლეთ [მოვლა] და გექნებათ დამატებითი შემოსავალი. მეც დავინტერესდი და მეუღლეს ვთხოვე დამხმარებოდა საფუტკრის შექმნაში. თქმაც არ იყო საჭირო, რომ რამდენიმე ოჯახი ჩამომიყვანა“.   

საქართველოში მეფუტკრეობა დღემდე მამაკაცის საქმედ ითვლება, რადგანაც ის საკმაოდ მძიმე ფიზიკურ შრომას მოითხოვს. თუმცა, ლამზირას საქმეში უკან დახევა არ სჩვევია,  ამიტომ 2016 წელს, მან ორ ქალთან, დალი რაფავასთან და თინათინ ბულიასთან ერთად, მეფუტკრეთა კოოპერატივი „ნექტარი-2016“ დააფუძნა. „ნექტარი-2016”-ის 12 წევრიდან  6 -  მამაკაცია, რომლებიც კოოპერატივს მოგვიანებით შეუერთდნენ.  

სოფელი ჯუმისკენ მიმავალ გზაზე, კოოპერატივის თავმჯდომარე თინათინ ბულია მანქანიდან მაღალი, ყვითელი ყვავილებით დაფარული ველისკენ მიგვითითებს და ამბობს, რომ სწორედ ეს ყვავილი-ოქროწკეპლაა კოოპერატივის უხვი მოსავლის მიზეზი.

ლამზირას დიდი გეგმები აქვს. აპირებს ბიზნესის გაფართოებას, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ლატვიაში ჩატარებულმა ლაბორატორიულმა ანალიზმა კოოპერატივის ნაწარმის მაღალი ხარისხი აჩვენა. ის ასევე გეგმავს ხელი მიჰყოს მომთაბარე მეფუტკრეობას (რაც მოიცავს სკების დიდ მანძილზე გადატანას სეზონისა და მცენარეთა ყვავილობის მიხედვით), მეთაფლია მცენარეების გაშენებას, ტრანსპორტზე მისაბმელების შეძენას, მაღაზიის გახსნას და უცხოეთის ბაზრებზე კოოპერატივის ნაწარმის ექსპორტს.  

მეფუტკრეობამ შეყვარება იცის“, განმარტავს ლამზირა. “ფუტკარმა სიბერე და ცხოვრება გამილამაზა... ვცდილობ, ვიყო ძლიერი ამ საქმეში. მინდა მეტი ვიცოდე და მეტი გავაკეთო...მინდა, რომ წლები გავიხალისო და ჩემი ადგილი მქონდეს სიბერეშიც კი“.

53 წლის თინიკო ბულია, თაფლის ამოსაღებად სკას ხსნის. ის დასავლეთ საქართველოს სოფელ ჯუმის 12 მეფუტკრისგან შემდგარი, ქალების ხელმძღვანელობით მომუშავე კოოპერატივის - „ნექტარი-2016“-ის თავმჯდომარეა.
სკის გახსნის დროს ფუტკარი თინიკო ბულიას ხელზე დადის. ფუტკართან მუშაობისას ძალიან დიდი სიმშვიდეა საჭირო, გვიხსნის კოოპერატივი „ნექტარი - 2016“-ის დირექტორი, ლამზირა რაფავა.
ლამზირა რაფავა (მარცხნივ) და თინიკო ბულია (მარჯვნივ) თავიანთ სკებთან სოფელ ჯუმში. ისინი ერთად მუშაობენ კოოპერატივში „ნექტარი-2016“.
ლამზირა რაფავა სკის გახსნისას ფუტკრებს კვამლით იმორჩილებს. კვამლი კვერცხის მუყაოს კოლოფების წვით მიიღება.
ლამზირა რაფავა სკიდან ამოღებული ფიჭით. რაფავამ სოციალური საზღვრები მაშინ გაარღვია, როდესაც 37 წლის ასაკში გადაწყვიტა გაყოლოდა მეფუტკრეობას - თითქოსდა მხოლოდ მამაკაცებისთვის შესაფერის საქმიანობას.
ლამზირა რაფავას დამხმარე მანდარინებს დიდ ტომრებში აწყობს. რაფავას ზუგდიდის გარეუბანში მანდარინის ხეივნები აქვს და მათ მოსავლელად სოციალურად დაუცველ ოჯახს ასაქმებს.
გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია