ის ვართ, რაც გვაცვია?

ავტორი: მანო სვანიძე

10.04.19
გამოცემა: მასკულინობა

სოციალური ნორმები ხშირად განსაზღვრავს ქალისა და კაცის ქცევას, რა უნდა გააკეთონ ან არ უნდა გააკეთონ,  როგორ უნდა მოიქცნენ ან არ მოიქცნენ, ისაუბრონ ან არ ისაუბრონ, იმოძრაონ ან არ იმოძრაონ, ჩაიცვან ან არ ჩაიცვან. ბიჭებს ასწავლიან, რომ ძლიერები უნდა იყვნენ და არასოდეს იტირონ; დასცინიან, თუ რომელიმეს ვარდისფერი უფრო მოსწონს, ვიდრე ლურჯი, ან მანქანებს თოჯინები ურჩევნია; არწმუნებენ, რომ კაცებს საკუთარ პრობლემებზე საუბარი არ შეჰფერით. მაგრამ რა უნდა ქნა, თუ მშობელი მოგიკვდა და ცრემლებს ვერ იკავებ, ან ვარდისფერი შენი საყვარელი ფერია, ანდა შენს პრობლემებზე საუბარი მათთან გამკლავებაში გეხმარება?

საზოგადოება ძალიან კრიტიკულია და ნებისმიერი საქციელი, რომელიც მათ მიერ დაწესებულ ნორმებში არ ჯდება, მიდის რეპლიკებამდე: „ქალივით ნუ იქცევი“, „კაცურად მოიქეცი!“; და ეჭვებამდე, რომლებიც პიროვნების სექსუალურ ორიენტაციას უკავშირდება.

მანო სვანიძის კოლაჟი აერთიანებს ფოტოებს, რომლებიც უკომენტაროდ წარმოაჩენს ამ დაპირისპირებას – კაცები, რომლებსაც ყოველდღიური, „კაცური“ ტანსაცმელი აცვიათ, გვერდით უსხედან საკუთარ თავებს, რომლებიც „ქალურ“ სტილში არიან გამოწყობილნი.

„პატარა ექსპერიმენტი ჩავატარე“, – გვიყვება თბილისელი ფოტოგრაფი, – „ქუჩაში გამვლელებს ამ ფოტოების მხოლოდ ცალი მხარე ვაჩვენე და ვკითხე, როგორ აღწერდნენ კადრებზე აღბეჭდილ ადამიანებს. ყოველდღიურ ტანსაცმელში გამოწყობილი კაცები უმეტესობისთვის „სტუდენტები“, „კაი ტიპები“, „სიმპათიურები“, „ნაკითხები“, „თავდაჯერებულები“, „ჭკვიანები“, „შეუხედავები“ ან „მაჩოები“ იყვნენ... როცა მეორე ნაწილი ვაჩვენე, 50-დან 40-მა გამვლელმა ერთი კომენტარი გააკეთა: „გეი!“

სვანიძის ფოტოპროექტი ეხმაურება ღრმად ფესვგადგმულ სტერეოტიპებს და წარმოაჩენს, რა არის ხალხისთვის „ჩვეულებრივი“ და „უცნაური“.


მასკულინობა, აპრილი/მაისი 2019

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია