მარი ბობოხიამ პირველად მაშინ იტირა, როცა გაიგო, რომ მკერდის სიმსივნე ჰქონდა. ყველაზე მძიმე შვილთან განშორების გააზრება აღმოჩნდა. ვერ წარმოიდგინა როგორ უნდა გაზრდილიყო დედის გარეშე. ძალა მალევე მოიკრიბა. ცრემლებიც შეიშრო თვალებზე და საკუთარ თავს პირობა მისცა, რომ გადარჩენისთვის იბრძოლებდა.
26 წლის ასაკში, როცა სამი თვის ორსული ვიყავი, შევნიშნე, რომ კვანძი მქონდა. მითხრეს, რომ ბიოფსია იყო საჭირო, თუმცა ფეხმძიმობის გამო უარი ვუთხარი. მერვე თვეზე საკეისრო გამიკეთეს. კვანძი საგრძნობლად გადიდებულიყო.
დავიწყე ანალიზების აღება, მინიმუნ 200-400 ლარი მჭირდებოდა თითო ვიზიტზე ექიმთან. ფინანსურად ნათესავები და მეგობრები მეხმარებოდნენ. ჩემს ძმას ვალები დაედო. დედაჩემმა ბინა დააგირავა, მეხმარებოდა ბავშვის გაზრდაშიც. იმ პერიოდში სოციალური დახმარება გვქონდა და ამიტომ ქიმიოთერაპიის კურსის ნაწილი ფინანსდებოდა.
დამიდგინეს სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე , III სტადია. პირველ ქიმიოთერაპიაზე ცუდად გავხდი. მესამე წუთზე შემიჩერეს.
უკვე ისეთ სტადიაზე გავიგე კიბოს შესახებ, რომ ძალიან შემეშინდა. პატარა ბავშვი მყავდა გასაზრდელი. მაგრამ ვიცოდი არ უნდა დავნებებოდი და დავიწყე ბრძოლა. მეოთხე ქიმიოთერაპიის შემდეგ, კვანძი ამომკვეთეს. ამ დროს უკვე არც წარბი მქონდა, არც წამწამი. წარბს ვიხატავდი და ხანდახან შინიონით დავდიოდი. კიდევ 4 ქიმიოთერაპიის კურსი დამიმატეს. ახლა ექვს თვეში ერთხელ მიწევს გამოკვლევაზე მისვლა. ამ ხარჯს სამწუხაროდ, არავინ მიფინანსებს.
ცუდი ანამნეზი მქონდა. ექიმებს ეშინოდათ რომ ვერ გადავრჩებოდი. პარალელურად, მიოპიის გამო, მუდმივად ვიყავი ოფთალმოლოგის კონტროლის ქვეშ. ქიმიოთერაპიის შემდეგ საშიშროება იყო თვალის ბადურის ჩამოშლის. მაგრამ ძლიერი ორგანიზმის წყალობით, ესეც გადავლახე.
ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ მოულოდნენლად B ჰეპატიტი აღმომაჩნდა. წამალი დამინიშნეს, რომელიც ყოველდღე უნდა დავლიო. არც ამ ხარჯს აფინანსებს სახელმწიფო, ყოველ თვე 150 ლარი მხოლოდ ამ პრეპარატისთვის მჭირდება.
შიში რომ ეს დაავადება გამიმეორდება, ცხადია, მაქვს. ერთი წლის წინ დედა გარდამეცვალა და ამან კიდევ უფრო გამიმძაფრა ეს განცდა. ჩემი ერთადერთი იმედი ახლა პატარა გაბრიელია. მის გამო მზად ვარ ყველაფერი გადავიტანო.
2017 წელს, მაშინ 54 წლის ვიყავი, საშვილოსნოს ოპერაცია გავიკეთე. ეს ჩემთვის პირველი ოპერაცია იყო. როცა მწერდნენ, მაშინ პირველად დავინახე წარწერა - ,,ონკოლოგიური განყოფილება“, მანამდე არც ვიცოდი სად ვიწექი, შვილებმა დამიმალეს ჩემი ემოციურობის გამო.
არ ვფიქრობ იმაზე, რომ ეს ყველაფერი ერთ დღესაც შეიძლება თავიდან დაიწყოს. ამაზე ფიქრი ავუკრძალე ჩემს თავს. მჯერა, რომ როგორი დამოკიდებულებითაც მიუდგები შენ ამ დაავადებას, ისიც შესაბამისად მოგექცევა.
ყოველწლიურად საქართველოში ონკოლოგიის 10 000-ზე მეტი შემთხვევაა. აქედან მეხუთედი ძუძუს კიბოა. რაოდენობრივად და გარდაცვალების მაღალი მაჩვენებლითაც ყველაზე მეტნი ვართ. მას შემდეგ რაც ჩემი დიაგნოზი გავიგე, ბევრი ქალი გავიცანი იმავე მდგომარეობაში. ყოველთვის მაწუხებდა, რომ არ არსებობდა სივრცე, სადაც მათ პირადად შევხვდებოდი და დაველაპარაკებოდი. სწორედ ამიტომ გაჩნდა “ვარდისფერი სივრცის” შექმნის იდეა.
31 წლის ვიყავი, როდესაც სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე და გავიგე დიაგნოზის შესახებ. მხოლოდ ერთ რამეზე ვდარდობდი, როგორ მეთქვა ეს ამბავი ოჯახის წევრებისთვის. არ იყო ადვილი იმის გააზრება, რომ კიბო მქონდა და შეიძლებოდა ძალიან მალე აღარ ვყოფილიყავი. ყველაზე მეტად ჩემს შვილზე ვდარდობდი, 8 წლისაც არ იყო. მიუხედავად ამისა, მხოლოდ ერთხელ ავტირდი. მერე ჩემს თავს ვუთხარი, რომ უნდა გადარჩენილიყო და ასე ვართ დღემდე.
გააკეთე დონაცია