გაუცხოების გადალახვის მცდელობა - რა იციან აფხაზმა და ქართველმა ახალგაზრდებმა ერთმანეთის შესახებ?
“მართალია მე არასოდეს შევხვედრილვარ ეთნიკურ აფხაზს, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ძალიან ჩვეულებრივი ყოველდღიური ცხოვრება აქვთ: ერთობიან, სწავლობენ და სხვადასხვა აქტივობაში იღებენ მონაწილეობას.”
მოსაზრებები, რომლებსაც გაუცხოვება წარმოშობს
არცოდნას იგნორი მოჰყვება. იგნორს კი გაუცხოება. შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში, ქართველი ახალგაზრდების აფხაზი თანატოლებისადმი დამოკიდებულება ან რომანტიზებულად კარგია ან რადიკალურად უარყოფითი.
აფხაზ ახალგაზრდებშიც იგივე ხდება. მათაც ბევრი შეკითხვა უჩნდებათ ქართველ თანატოლებზე. აინტერესებთ, რას ფიქრობენ ისინი აფხაზებზე და აფხაზეთზე, კონფლიქტზეც მათ შორის. მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტზე ლაპარაკი დიალოგის დასაწყებად საუკეთესო გამოსავალი არ არის, ადგურს მაინც სჯერა, რომ მწვავე საკითხებზე მსჯელობის გარეშე წინ ვერ წავალთ.
გაუმჟღავნებელი სიმართლე
ძალიან ძნელია ჩვენთვის სოციალურ წნეხს დავუპირისპირდეთ და კრიტიკულად გავიაზროთ კონფლიქტთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები. ჩემი გამოცდილებით, როცა ქართველი და აფხაზი ახალგაზრდები ერთმანეთს პირისპირ ხვდებიან, ყოველთვის თავს არიდებენ მტკივნეულ და მწვავე თემაზე მსჯელობას. ერთ-ერთი მიზეზი შიდა სოციალური წნეხია. გეშინია, შენდა უნებურად აფხაზეთი არ “შემოგეღიაროს”. ხშირად სახელის თქმასაც გაურბიხარ და მხოლოდ “აქ” და “იქ” ან კიდევ, მდინარე ენგურის “ამ მხარეს” და “იმ მხარეს” ამბობ.
მიუხედავად ამისა, ჩემი დაკვირვებით, სივრცეს ფიქრისთვის და კონსტრუქციული კომუნიკაციისთვის ახალგაზრდები უფრო ხშირად იტოვებენ.
რუსკას, რომლის ოჯახსაც, ომის შემდეგ, სოხუმის (აფხაზეთის დედაქალაქი) იძულებით დატოვება მოუწია, გაცილებით მარტივად შეეძლო აფხაზებზე მხოლოდ ცუდი წარმოდგენა დარჩენოდა. თუმცა, ოჯახის ტრაგედიის მიუხედავად, ის დღემდე ყველა შესაძლებლობას იყენებს უკეთ გაიცნოს და გაუგოს თავის ტოლ აფხაზებს.
მე მაგალითად, ერთი აფხაზი მეგობარი დღემდე მეკითხება ტიპური ქართველის შესახებ. ხშირად აინტერესებს, არსებობს თუ არა ტიპური ქართველი გოგო/ბიჭის ქცევა, მოსაზრება, დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხზე. ჩემი პასუხები კი ხშირად სუბიექტურია და „კარგი“ ტიპური ქართველის შესახებ უფრო მეტს ვუყვები ვიდრე „ცუდის“.
“რას ეტყოდი შენს თანატოლ ქართველს შენი ცხოვრების შესახებ?” ამ შეკითხვაზე მილანას პასუხმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა რომ ადამიანები, ხშირად, სრულიად დაუმსახურებლად, ძალიან გაუგებარ სიტუაციაში აღმოჩნდებიან ხოლმე.
„ხშირად მომდომებია, ჩემი ცხოვრების კონკრეტული მონაკვეთების შესახებ ვინმესთან გულწრფელად მელაპარაკა. მაგალითად იმაზე, რას ვგრძნობდი როცა აფხაზეთის იზოლაციის გამო, ჩემი მიზნების და ოცნებების ასრულების შესაძლებლობა არ მეძლეოდა,“ მითხრა მილანამ.
სწორედ იმიტომ რომ ვერ შევძელით ერთმანეთის კარგად გაცნობა, ჩვენმა თაობამ ერთმანეთზე ამბები “დაისწავლა”. ჩვენთვის გაცილებთ მარტივია სტერეოტიპული წარმოდგენების შექმნა, “ცუდი” ან “კარგი” აფხაზისა და ქართველის პორტრეტის გამოგონება და იმის დაჯერებაც, რომ კრიტიკულად ფიქრისთვის და ანალიზისთვის სივრცე არ არსებობს.
„თუ ჩემი მეგობრების წრეს გადავავლებ თვალს, გარდა კონფლიქტებით დაინტერესებული ნაწილისა, მათ ცხოვრებაში აფხაზები და მათთან დაკავშირებული საკითხები საერთოდ არ შემოდის,“ მითხრა ელენემ. ელენე 25 წლის არის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს.
“აფხაზეთშიც იგივეს ფიქრობენ,” მწერს მარიეტა.
“ხანდახან მგონია, რომ აფხაზების რეალობა ქართველების ყოველდღიური ცხოვრებიდან საერთოდ გამქარალია.”
ამდენი პასუხგაუცემელი შეკითხვების, პატრიოტული გრძნობებისა და ემოციების ფონზე, ჩვენი წარმოდგენებიც ერთმანეთის მიზნებსა და მისწრაფებებზე ყალიბდება, რომლებსაც უმეტესწილად, შიდასაზოგადოებრივი, მკაცრი ნარატივები განსაზღვრავს.
ერთმანეთის ყოველდღიური ცხოვრებით, შესაძლებლობებითა და გამოწვევებით დაინტერესება მნიშვნელოვანი და აუცილებელია იმისთვის, რომ შექმნილი სტერეოტიპები დავამსხვრიოთ.
ხშირად გვავიწყდება, რომ სწავლა, დასაქმება, პიროვნული და პროფესიული განვითარება ის საკითხებია, რომლებიც ყველა ახალგაზრდას ერთნაირად შეიძლება აწუხებდეს. თუმცა, როცა ერთმანეთის ყოველდღიურ პრობლემებსა და გამოწვევებს ვერ ვხედავთ, ერთმანეთის განწყობებისა და დამოკიდებულებების აღქმაც ძალიან გვიჭირს.
განსხვავებული ყოველდღიურობა
“ასევე მგონია, რომ არც საკმარისი სამუშაო ადგილებია სოხუმში, არც დიდი არჩევანი აქვთ ახალგაზრდებს სად გაერთონ, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვარ, რომ საშინელი საცობები არ აწუხებთ პიკის საათში,”ამატებს რუსკა.
“სოხუმში არც ბევრი საგანმანათლებლო პროგრამაა და არც იმის შესაძლებლობა აქვთ ახალგაზრდებს, რომ რეგიონი დროებით დატოვონ,”გვეუბნება გიორგი.
მარიეტა ეთნიკური აფხაზია, 22 წლის, სტუდენტი სოხუმიდან. ისიც დარწმუნებულია, რომ თბილისში ახალგაზრდებს გაცილებით უფრო მრავალფეროვანი ცხოვრება აქვთ, ვიდრე აფხაზეთში. უფრო ევროპული და თავისუფალი ცხოვრების წესი. “ჩვენხელა ქართველები კონსერვატორები არ არიან. მგონია, რომ წარსულს პატივს სცემენ, მაგრამ მხოლოდ წარსულში არ ცხოვრობენ,”გვიხსნის მილანა, 25 წლის სტუდენტი სოხუმიდან.
გააკეთე დონაცია