გაუცხოების გადალახვის მცდელობა - რა იციან აფხაზმა და ქართველმა ახალგაზრდებმა ერთმანეთის შესახებ?

ავტორი: ნათია ჭანკვეტაძე
29.01.20
გამოცემა: შიში
რამდენიმე წლის წინ ჯგუფში, რომელშიც მხოლოდ აფხაზები იყვნენ, ერთადერთი ქართველი აღმოვჩნდი. ერთი თაობით უკან, ალბათ ეს ამბავი აღსანიშნავი არც იქნებოდა, რადგან   ეთნიკური ქართველები და აფხაზები ერთ სივრცეში ცხოვრობდნენ, ერთად მუშაობდნენ და ერთმანეთზეც ქორწინდებოდნენ.

მაგრამ 1992-1993 წლებიდან მოყოლებული, ომის შემდეგ,  აფხაზურ-ქართული ურთიერთობები მნიშვნელოვნად დაიძაბა, რასაც ავტომატურად მოჰყვა იმ სივრცის გაქრობაც, სადაც ეს ხალხი ერთმანეთს შეხვდებოდა და  დაელაპარაკებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი აფხაზი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას დღესაც ახერხებს, ერთი თაობის წარმომადგენლებს ერთმანეთთან კომუნიკაციის ძალიან ცოტა შესაძლებლობა აქვთ. 

ზუსტად ამის შედეგია, რომ ქართველებისა და აფხაზების უმრავლესობას ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს ერთმანეთის ყოველდღიურობაზე. ქართული მედია საშუალებების ძირითადი ნაწილი გულმოდგინედ მხოლოდ იმ პოლიტიკურ და სოციალურ ამბებს აშუქებს, რომელთაც ტრაგიკული, დამცინავი, მყვირალა სათაურები აქვთ. არც რუსული და აფხაზური მედიაა გამონაკლისი, რომელიც საქართველოსა და ქართველებზე იშვიათად და თითქმის ყოველთვის უარყოფით კონტექსტში საუბრობს. 
ბევრი ყალბი ინფორმაცია ვრცელდება და ჩვენც უფრო მეტ ტყუილს ვისმენთ.
მაშინ როცა საქართველოდან შორს, რამდენიმე აფხაზს შორის პირველად აღმოვჩნდი მარტო, მახსოვს, ბევრი შეკითხვა და ემოცია მომეძალა ერთბაშად. მინდოდა მეტი მცოდნოდა მათზე. მაგალითად, როგორია ჩემი ტოლი აფხაზის ერთი ჩვეულებრივი დღე? თავისუფალ დროს რას აკეთებს?  მოგზაურობს თუ არა სადმე და რა პასპორტით? რა გამოწვევები და შესაძლებლობები აქვს ყოველდღიურად?             
                       
როგორც მშვიდობისა და კონფლიქტების მკვლევარი, დღეს ვაანალიზებ, რომ მაშინ ჩემს შეკითხვებზე პასუხების მისაღებად კარგი შესაძლებლობა მქონდა, შეიძლება ითქვას, უნიკალურიც, რადგან ქართველი და აფხაზი ახალგაზრდები ერთ სივრცეში ხშირად არ ხვდებიან. სტატიაზე მუშაობისას მცირე გამოკითხვა ჩავატარე. რამდენიმე ახალგაზრდას, რომლებიც სხვადასხვა პროექტიდან გავიცანი, დავუკავშირდი და ვთხოვე, ერთსა და იმავე შეკითხვაზე ეპასუხათ. შეკითხვები მათ დამოკიდებულებებსა და წარმოდგენებს შეეხებოდა ერთმანეთზე.

ცხადია, ჩემი რესპონდეტების რაოდენობა იმდენად მცირე იყო, რომ მათი პასუხები განზოგადებისა და დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას არ გვაძლევს. გამოკითხვაში სამმა აფხაზმა და ხუთმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა. ყველა მათგანი სტუდენტია, სხვადასხვა სპეციალობით და შეხედულებებით.

ჩემი დაკვირვებით და მუშაობის გამოცდილებით როგორც აფხაზებთან, ისე ქართველ ახალგაზრდებთან, შემიძლია ვთქვა, რომ ომის შემდეგ გაზრდილ თაობას, ერთმანეთის შესახებ ბევრი შეკითხვა გვაქვს, პასუხების გაზიარებისთვის შესაფერისი სივრცე კი ძალიან შეზღუდული. თუმცა, როცა ელაპარაკები, მაშინვე გრძნობ, რომ ერთმანეთის მიმართ ინტერესი განელებული არ არის, სულ პირიქით. 
მახსოვს, ერთ გაზაფხულს სოხუმში დიდი წყალდიდობა იყო, ქალაქში გასაბერი ბანანით დასეირნობდნენ და ჩემმა სოხუმელმა მეგობარმა თავისი სახლის ფანჯრიდან გადაღებული ვიდეო მესინჯერში გამიზიარა. ისიც მახსოვს, ჩემ სოციალურ ქსელს თვალი იმ იმედით რომ გადავავლე, იქნება და ჩემი ქართველი მეგობრებიდან ვინმე ამ ამბავსაც აზიარებდესთქო. არც არავის გაუზიარებია.
უფრო მსგავსი, ვიდრე განსხვავებული 

პრინციპში, პასუხები, რომლებიც მივიღე, მოულოდნელი სულაც არ ყოფილა. მაგალითად, 22 წლის ვახო (ეთნიკური ქართველი), რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია თბილისში, ჰგონია რომ მისი აფხაზი თანატოლები ზუსტად ისევე ცხოვრობენ, როგორც თვითონ.
“მართალია მე არასოდეს შევხვედრილვარ ეთნიკურ აფხაზს, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ძალიან ჩვეულებრივი ყოველდღიური ცხოვრება აქვთ: ერთობიან, სწავლობენ და სხვადასხვა აქტივობაში იღებენ მონაწილეობას.”

ვახოს ნათქვამს ძალიან ჰგავს 20 წლის ადგურის (ეთნიკური აფხაზი) პასუხიც. ადგური სტუდენტია სოხუმიდან.
“არ ვფიქრობ რომ ჩვენი ყოველდღიურობა რადიკალურად განსხვავებულია. ისინიც, ალბათ, სწავლობენ და მუშაობენ. თუმცა მგონია, რომ წარსულში გაცილებით მეტი საერთო გვქონდა. დღეს აშკარაა, რომ სხვადასხვა მიმართულებით ვვითარდებით.”

მოსაზრებები, რომლებსაც გაუცხოვება წარმოშობს

ერთმანეთზე ძირითადად მაინც გადმოცემით ვიცით. ქართველი ახალგაზრდების განწყობა და დამოკიდებულება აფხაზების მიმართ და პირიქით, უმეტესად ისტორიის სახელმძღვანელოებით, წამყვან მედია საშუალებებში მოხვედრილი ამბებითა და ტრიბუნებიდან გაჟღერებული, ხშირ შემთხვევაში პათეტიკური გამოსვლებით გვექმნება.

არცოდნას იგნორი მოჰყვება. იგნორს კი გაუცხოება. შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში, ქართველი ახალგაზრდების აფხაზი თანატოლებისადმი დამოკიდებულება ან რომანტიზებულად კარგია ან რადიკალურად უარყოფითი. 

აფხაზ ახალგაზრდებშიც იგივე ხდება. მათაც ბევრი შეკითხვა უჩნდებათ ქართველ თანატოლებზე. აინტერესებთ, რას ფიქრობენ ისინი აფხაზებზე და  აფხაზეთზე, კონფლიქტზეც მათ შორის. მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტზე ლაპარაკი დიალოგის დასაწყებად საუკეთესო გამოსავალი არ არის, ადგურს მაინც სჯერა, რომ მწვავე საკითხებზე მსჯელობის გარეშე წინ ვერ წავალთ.

გაუმჟღავნებელი სიმართლე

ძალიან ძნელია ჩვენთვის სოციალურ წნეხს დავუპირისპირდეთ და კრიტიკულად გავიაზროთ კონფლიქტთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები. ჩემი გამოცდილებით, როცა ქართველი და აფხაზი ახალგაზრდები ერთმანეთს პირისპირ ხვდებიან, ყოველთვის თავს არიდებენ მტკივნეულ და მწვავე თემაზე მსჯელობას. ერთ-ერთი მიზეზი შიდა სოციალური წნეხია. გეშინია, შენდა უნებურად აფხაზეთი არ “შემოგეღიაროს”. ხშირად სახელის თქმასაც გაურბიხარ და მხოლოდ “აქ” და “იქ” ან კიდევ, მდინარე ენგურის “ამ მხარეს” და “იმ მხარეს” ამბობ.

მიუხედავად ამისა, ჩემი დაკვირვებით, სივრცეს ფიქრისთვის და კონსტრუქციული კომუნიკაციისთვის ახალგაზრდები უფრო ხშირად იტოვებენ.

რუსკას, რომლის ოჯახსაც, ომის შემდეგ, სოხუმის (აფხაზეთის დედაქალაქი) იძულებით დატოვება მოუწია, გაცილებით მარტივად შეეძლო აფხაზებზე მხოლოდ ცუდი წარმოდგენა დარჩენოდა. თუმცა, ოჯახის ტრაგედიის მიუხედავად, ის დღემდე ყველა შესაძლებლობას იყენებს უკეთ გაიცნოს და გაუგოს თავის ტოლ აფხაზებს. 

მე მაგალითად, ერთი აფხაზი მეგობარი დღემდე მეკითხება ტიპური ქართველის შესახებ. ხშირად აინტერესებს, არსებობს თუ არა ტიპური ქართველი გოგო/ბიჭის ქცევა, მოსაზრება, დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხზე. ჩემი პასუხები კი ხშირად სუბიექტურია და „კარგი“ ტიპური ქართველის შესახებ უფრო მეტს ვუყვები ვიდრე „ცუდის“. 

“რას ეტყოდი შენს თანატოლ ქართველს შენი ცხოვრების შესახებ?” ამ შეკითხვაზე მილანას პასუხმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა რომ ადამიანები, ხშირად, სრულიად დაუმსახურებლად, ძალიან გაუგებარ სიტუაციაში აღმოჩნდებიან ხოლმე.

„ხშირად მომდომებია, ჩემი ცხოვრების კონკრეტული მონაკვეთების შესახებ ვინმესთან გულწრფელად მელაპარაკა. მაგალითად იმაზე, რას ვგრძნობდი როცა აფხაზეთის იზოლაციის გამო, ჩემი მიზნების და ოცნებების ასრულების შესაძლებლობა არ მეძლეოდა,“ მითხრა მილანამ. 

სწორედ იმიტომ რომ ვერ შევძელით ერთმანეთის კარგად გაცნობა, ჩვენმა თაობამ ერთმანეთზე ამბები “დაისწავლა”. ჩვენთვის გაცილებთ მარტივია სტერეოტიპული წარმოდგენების შექმნა, “ცუდი” ან “კარგი” აფხაზისა და ქართველის პორტრეტის გამოგონება და იმის დაჯერებაც, რომ კრიტიკულად ფიქრისთვის და ანალიზისთვის სივრცე არ არსებობს.

„თუ ჩემი მეგობრების წრეს გადავავლებ თვალს, გარდა კონფლიქტებით დაინტერესებული ნაწილისა, მათ ცხოვრებაში აფხაზები და მათთან დაკავშირებული საკითხები საერთოდ არ შემოდის,“ მითხრა ელენემ. ელენე 25 წლის არის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს.

“აფხაზეთშიც იგივეს ფიქრობენ,” მწერს მარიეტა.
“ხანდახან მგონია, რომ აფხაზების რეალობა ქართველების ყოველდღიური ცხოვრებიდან საერთოდ გამქარალია.”

ამდენი პასუხგაუცემელი შეკითხვების, პატრიოტული გრძნობებისა და ემოციების ფონზე, ჩვენი წარმოდგენებიც ერთმანეთის მიზნებსა და მისწრაფებებზე ყალიბდება, რომლებსაც უმეტესწილად, შიდასაზოგადოებრივი, მკაცრი ნარატივები განსაზღვრავს.

ერთმანეთის ყოველდღიური ცხოვრებით, შესაძლებლობებითა და გამოწვევებით დაინტერესება მნიშვნელოვანი და აუცილებელია იმისთვის, რომ შექმნილი სტერეოტიპები დავამსხვრიოთ. 

ხშირად გვავიწყდება, რომ სწავლა, დასაქმება, პიროვნული და პროფესიული განვითარება ის საკითხებია, რომლებიც ყველა ახალგაზრდას ერთნაირად შეიძლება აწუხებდეს. თუმცა, როცა ერთმანეთის ყოველდღიურ პრობლემებსა და გამოწვევებს ვერ ვხედავთ, ერთმანეთის განწყობებისა და დამოკიდებულებების აღქმაც ძალიან გვიჭირს.

რუსკა ფიქრობს, რომ მის თანატოლებს სოხუმში დიდი არჩევანი არ აქვთ სად გაერთონ მეგობრებთან ერთად, მაგრამ იმაში დარწმუნებულია, რომ პიკის საათში საშინელი საცობები არ აწუხებთ.
აფხაზები ფიქრობენ, რომ თბილისში მცხოვრებ ახალგაზრდებს გაცილებით მრავალფეროვანი ყოველდღიური ცხოვრება აქვთ, უფრო მეტი შესაძლებლობებით.
ერთი აფხაზი მეგობარი დღემდე მეკითხება ტიპური ქართველის შესახებ. ხშირად აინტერესებს, არსებობს თუ არა ტიპური ქართველი გოგო/ ბიჭის ქცევა, მოსაზრება, დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხზე.

განსხვავებული ყოველდღიურობა

სხვებმაც აღნიშნეს, რომ ქართველები და აფხაზები ცალ-ცალკე გაიზარდნენ. ზოგიერთი ფიქრობდა, რომ ქართველებს გაცილებით მეტი შესაძლებლობები აქვთ, უფრო თავისუფლები არიან და ამის გამო, უკეთესადაც ცხოვრობენ.

“ეჭვი მაქვს, რომ ქალაქს (სოხუმი) კარგი ინფრასტრუქტურა და ნორმალური ტრანსპორტი ჰქონდეს,”მეუბნება რუსკა, რომელიც 28 წლის არის და თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს. რუსკა, ვახოსგან განსხვავებით, თავის თანატოლ აფხაზს შეხვედრია.
“ასევე მგონია, რომ არც საკმარისი სამუშაო ადგილებია სოხუმში, არც დიდი არჩევანი აქვთ ახალგაზრდებს სად გაერთონ, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვარ, რომ საშინელი საცობები არ აწუხებთ პიკის საათში,”ამატებს რუსკა.

გიორგიც რუსკას თაობას ეკუთვნის. 22 წლის არის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს. არასოდეს ჰქონია ურთიერთობა ეთნიკურ აფხაზებთან, მაგრამ ერთხელ გადაწყვიტა სოციალური ქსელის დახმარებით, თვითონ გაეცნო ისინი. მისი შთაბეჭდილებით თუ ვიმსჯელებთ, აფხაზ და ქართველ ახალგაზრდებს რადიკალურად განსხვავებული ყოველდღიური რუტინა უნდა ჰქონდეთ.
“სოხუმში არც ბევრი საგანმანათლებლო პროგრამაა და არც იმის შესაძლებლობა აქვთ ახალგაზრდებს, რომ რეგიონი დროებით დატოვონ,”გვეუბნება გიორგი.
მიუხედავად იმისა, რომ ზურა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს საქართველოში, ეთნიკურ აფხაზს არასოდეს შეხვედრია. თუმცა, აფხაზეთიდან ბევრ ადამიანს იცნობს. იცის, რომ აფხაზი ახალგაზრდები თავიანთ შეხედულებებს ღიად და თავისუფლად ვერ გამოხატავენ.

მარიეტა ეთნიკური აფხაზია, 22 წლის, სტუდენტი სოხუმიდან. ისიც დარწმუნებულია, რომ თბილისში ახალგაზრდებს გაცილებით უფრო მრავალფეროვანი ცხოვრება აქვთ, ვიდრე აფხაზეთში. უფრო ევროპული და თავისუფალი ცხოვრების წესი. “ჩვენხელა ქართველები კონსერვატორები არ არიან. მგონია, რომ წარსულს პატივს სცემენ, მაგრამ მხოლოდ წარსულში არ ცხოვრობენ,”გვიხსნის მილანა, 25 წლის სტუდენტი სოხუმიდან.
გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია