ლურჯი სევდა

ავტორი: მანო სვანიძე

01.04.20
გამოცემა: იზოლაცია
პროექტი „ლურჯი სევდა“ დისტოპიურ მომავალზეა, სადაც ადამიანები იზოლაციაში ცხოვრობენ და ნებისმიერი სახის სოციალური ინტერაქცია მკაცრად აკრძალულია. მოგონებები ერთადერთი ადგილია, სადაც ფიზიკური შეხება ჯერ კიდევ ნებადართულია. პროექტის იდეა კორონა ვირუსთან დაკავშირებულმა მიმდინარე პანდემიამ შთამაგონა. ვირუსი უკვე 190 ქვეყანაშია დაფიქსირებული და 20 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სახელმწიფოები ვირუსის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად ყველას იზოლაციისკენ მოუწოდებენ. რადგან ადამიანები სოციალური არსებები ვართ, იზოლაციამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს როგორც ჩვენს მენტალურ, ასევე ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც. ჯერ მხოლოდ ორი კვირაა რაც იზოლაციაში ვარ და ძილის პატერნი რადიკალურად შემეცვალა. ამან დამაფიქრა, როგორ გავართმევდით თავს ამ ყველაფერს, ის რეალობა, რომელშიც პანდემიის დროს ვცხოვრობთ, მომავალში ძალიან ჩვეულებრივ ყოველდღიურობად რომ ქცეულიყო.

გარკვეული ფაქტორების, მათ შორის კლიმატის ცვლილებების გამო, დღეს ინფექციური დაავადებების შესამჩნევი ზრდა შეინიშნება, რაც სხვადასხვა ფორმით ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე გავლენას. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გლობალური დათბობის შედეგად, მომავალში უფრო და უფრო მეტ ინფექციურ დაავადებას უნდა ველოდოთ. ეს მაძლევს საშუალებას წარმოვიდგინო, რომ საზოგადოება, სადაც ადამიანები პირისპირ ურთიერთობენ, მხოლოდ თეორიულად გახდება შესაძლებელი.

ფოტო ნეგატივებს ვიყენებ, როგორც მეტაფორას, გამოვხატო ჩემი ნეგატიური შეგრძნებები იმ შესაძლო მომავლის მიმართ, სადაც სოციალური რეალობა სრულიად ამოტრიალებულია. საზოგადოების ზეწოლა ადამიანზე, მონაწილეობა მიეღო სოციალურ აქტივობებში, ჩანაცვლებულია საკუთარი თავის სრული იზოლაციის მოთხოვნით. ზუსტად ასევე აისახება ღია და მუქი გამოსახულებები ფოტო ნეგატივზე, უკუღმა.

პროექტი აჩვენებს ადგილებსა და სიტუაციებს იმ დროიდან, როცა ადამიანებს ჯერ კიდევ აქვთ უფლება ერთად იყვნენ და ამ ყველაფერს, როგორც საშიშს, ისე წარმოადგენს. ნეგატიური შეგრძნებები, რასაც ეს ფოტოები აღვიძებს მნახველის რეფლექსიაა იზოლაციის მდგომარეობაზე.
გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია