ბავშვობის შთაბეჭდილებები

ფოტოგრაფი: ეკატერინე კოლესნიკოვა

10.08.20

ბავშვობაში ყოველთვის სულმოუთქმელად ველოდებოდი ხოლმე ზაფხულის არდადეგებს.

როგორც კი ზაფხული დაიწყებოდა, მაშინვე მწვანე ბალახზე წამოწოლა და ძალიან წითელი, ცივი საზამთროს ჭამა მომინდებოდა ხოლმე. გავიზარდე და მივხვდი, რომ ზაფხულის ამ მოგზაურობებს იმაზე მეტი მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე უბრალოდ, უდარდელ ბავშვობაში ბევრი თავისუფალი დროის შევსების მცდელობა.

ალბათ, ყველა ბავშვის გამოცდილება განსხვავებულია და თითოეული ჩვენგანი ისე აღიქვამს ბავშვობის მოგონებებს, როგორი შეხედულებებიც თუ წარმოდგენებიც გვაქვს. ჩემთვის მაგალითად, ყველა ეს მოგონება მყიფეა და რაღაც თვალსაზრისით, ცოტა გაუგებარიც, გონებისთვის მიუღწეველი.

არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ტკბილად მახსენდება, პერიოდულად ეს მოგონებები უფერულდება და ცოტა გაუგებარ, ბუნდოვან კონტურებს აჩენს ჩემს წარმოსახვაში.

ბავშვობის შთაბეჭდილებები ჩემს სოფელზე და იქ ჩემს მეზობლად მცხოვრებ საბაზე შექმნილი ფოტო პროექტია. ამ პატარა ბიჭის სილაღემ და ენთუზიაზმა მაშინვე ჩემს ბავშვობაში დამაბრუნა და ყველა იმდროინდელი მოგონება გამიცოცხლა. ჩემს სოფელს ზემო ნაქალაქარი ჰქვია და აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეს, თიანეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის.

საბას ბავშვურმა გულუბრყვილობამ და ენერგიამ ძველი კარგი დრო გამახსენა.  დრო, როცა ბავშვობა ნამდვილად პრივილეგია იყო. ცხოვრებაც ძალიან მარტივი მეჩვენებოდა და არც არაფერი იყო თითქოს შეუძლებელიც.

ჩემი ბავშვობის გამოცდილებაზე დაკვირვებით, ვცდილობ, წარსული აღვადგინო და ეს მოგონებები ნაცნობ ადგილებსა და ადამიანებს დავუკავშირო.

წლევანდელი მოგზაურობა ძალიან პერსონალური და ინტიმური აღმოჩნდა ბავშვობის შეგრძნებების გასააზრებლად. ეს რეალობის ერთგვარი ანარეკლიც არის, რომელიც ზოგჯერ ძალიან ძნელია შეაფასო.

მეც და საბა პანდემიის გამო ზემო ნაქალაქარში გაზაფხულზე აღმოვჩნდით. ამ რთულ დროს იღბლიანი ვყოფილვარ ბუნებაში ყოფნის შესაძლებლობა რომ მქონდა. იქაურობა სიმშვიდისა და სიმყუდროვის კუნძულს ჰგავდა, სიჩუმისთვის შეგეძლო დიდხანს მოგესმინა.

ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნას, საბასთან ურთიერთობა ვარჩიე. ცოტა მოსაწყენ დღეებში სულ მასთან ერთად ვიყავი. მომინდა საგნებსა და გარემოს ამ ცნობისმოყვარე პატარა ბიჭის პერსპექტივიდან დავკვირვებოდი.

5 წლის საბა რამდენიმე წლის წინ გავიცანი. მთელ მის ოჯახს 15 წელზე მეტია ვიცნობ. მის ასაკში, მახსოვს, მასთან სახლში რამდენს ვთამაშობდი. საბას მშობლებმა სახლი მემკვიდრეობით მიიღეს. ზაფხულობით ამ სახლში სულ ბევრი ადამიანი ცხოვრობდა ხოლმე.

ეს პატარა ბიჭი საოცრად გულწრფელი, კეთილი და გონიერი იყო. საკმაოდ დამოუკიდებელიც თავის ასაკთან შედარებით. მისი ასაკის სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, ბევრს არ ლაპარაკობდა. მუდმივად თავგადასავლების ძიებაში იყო. იშვიათად მახსენდება მომენტები, როცა ჩვენ ერთად ჩუმად ვისხედით და სიჩუმით ვტკბებოდით.

მე და საბამ ძველი ნაცნობი ადგილებისა და იმ ადამიანების აღმოჩენა დავიწყეთ ერთად, რომლებმაც შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ბავშვობა განსაზღვრეს. იმის მაგივრად წარმომედგინა როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო მაშინ, მეხსიერებამ წარსულიდან რაღაც დეტალები ცხადად აღადგინა. სინამდვილეში, ეს მოგონებები ჩემს ადრეულ გამოცდილებასა და წარმოდგენებს აერთიანებს, რომლებიც მნიშვნელოვნად მიმაჩნდა. ამიტომაც მინდოდა არ დამვიწყებოდა. 

უცბად კი ერთი საინტერესო შეკითხვა მომდის თავში: შესაძლებელია ბავშვობის ეს მოგონებები დროსა და სივრცეში არ დაიკარგოს?

ჩემს მეზობელ საბას რამდენიმე წლის წინ შევხვდი. ძალიან პატარა იყო მაშინ და ვერ დამიმახსოვრებდა. მოგვიანებით ისევ შევხვდით ერთმანეთს და მაშინვე დავმეგობრდით. მის ოჯახს 15 წელზე მეტია ვიცნობ. მის ასაკში ყოველ ზაფხულს საბას სახლში ბევრს ვთამაშობდი.
საბასთან ერთად სწრაფად ვიპოვე ახალი ადგილები თავშესაქცევად. უმეტეს დროს გარეთ ვატარებდით. ქაოსისა და ახლადშექმნილი რეალობის ფონზე, ეს ყველაფერი ოცნებიბისთვისა და მისწრაფებებისთვის ნადირობას ჰგავდა.
მთელი დღე ვაკვირდებოდით როგორ ცდილობდნენ ოჯახის წევრები დილიდან გვიან საღამომდე ყოველდღიური საქმეებით ძალიან დაკავებულები ყოფილიყვნენ.
აღმოვაჩინეთ, რომ ახალი სამზარეულო გვქონია გარეთ, აბაზანაც იქვე მეზობლად. საბას საყვარელი გასაბერი აუზიც ეზოში იყო.
ბევრს სჯერა, რომ ჩვენი მოგონებები ძალიან გვეხმარება იმ რეალობის უკეთ გააზრებაში, რომელშიც ვცხოვრობთ.
ჩვენი გონება მოგონებებს გამოცდილებების შესაბამისად იმახსოვრებს.
ამბობენ, რომ ჩვენი ტვინი ამბის მთხრობელივით მუშაობს. იმ მომენტებსა და სიტუაციებს იმახსოვრებს და აღადგენს, რომლებიც პრიორიტეტული იყო მაშინ ჩვენთვის. ზაფხულის ეს მოგზაურობა შემიძლია რეალობისგან გაქცევის მცდელობად შევაფასო. იმ რეალობისგან, რომლისთვისაც სახელის დარქმევა ხშირად ძალიან გვიჭირს.
მაშინ როდესაც მეხსიერებასა და რეალობას შორის რთული კავშირების პოვნას ვცდილობ, აღმოვაჩინე, რომ ზაფხულიც ნელ-ნელა იწურება.
გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია