ფერადი ნავები, ეშმაკის ბორბალი, ვინტაჟური მანქანები - გასართობი პარკები თბილისში

ავტორი: ეკატერინე კოლესნიკოვა

17.12.21

ხუთი წლის რომ ვიყავი, მამას მე და ჩემი და მუშტაედის პარკში დავყავდით.  ეს პარკი ქალაქის ცენტშია. ჩვენ მასთან ახლოს ვცხოვრობდით.

მახსოვს ისეთი პატარა ვიყავი, კიდეში ძლივს ვწვდებოდი ხოლმე შესასვლელში მდგარ უზარმაზარ ქანდაკებებს. ამას დიდად არც ჰქონდა მაშინ მნიშვნელობა, ყველაფერი ისეთი ჯადოსნური იყო, ყველაფერი სინათლეს ასხივებდა გარშემო. საოცარი განწყობა იქმნებოდა. დღესაც კი, მაშინდელი დღეების აღმოჩენებსა და მხიარულებას ცხელი კარაქიანი ბატიბუტისა და ბამბის ნაყინის სურნელი დაჰყვება.

ეს პარკი იყო ჩვენი გასაქცევი, სრულიად მომნუსხველი სივრცე. ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე, რომ ადგილი, რომელიც ჩემს მოგონებებში სამოთხედ აღიქმებოდა, ნანგრევებად ქცეულა. 

რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი პარკში და როგორც კი ამ გიგანტურ ქანდაკებებს გავუსწორდი, მაშინვე სიურეალისტური მეჩვენა ეს გარემო. აღარაფერი ჰქონდა საერთო ჩემი ბავშვობის ზღაპრულ მოგონებებთან. სრული სიჩუმე დამხვდა. ატრაქციონები, რომლებიც მიყვარდა, უძრავად იდგა, თან ცარიელი. მხოლოდ ჩემი მეხსიერება იყო ცოცხალი.

როგორც ამ ქალაქში მცხოვრები და თბილისის პარკებში სასიამოვნო მოგონებების შემგროვებელი, ვხედავ, რომ დღეს მათ არ უვლიან. შეიძლება ნაკლები ინვესტიციისა და რესურსების სიმწირის ბრალია, არ ვიცი. მათი დღევანდელი სახე თითქოს განსაზღვრავს კიდეც ჩვენს წარმოდგენას თბილისში არსებული პარკების როლსა და დანიშნულებაზე. ბავშვობაში ვერ ვამჩნევდი რა იმალებოდა განათებული, ფერადი, ჯადოსნური სამყაროს მიღმა. არ მიფიქრია, რა გავლენა აქვს რეკრეაციულ ზონებს ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ჩემთვის ისინი საოცნებო ადგილები იყო, რომლებიც ადამიანებს აერთიანდებდნენ, მათგან კი სიხარული და ბედნიერება მოდიოდა.

თუმცა, დღეს, მწვანე სივრცეებს უფრო მნიშვნელოვანი როლი აქვთ საზოგადოებაში. დღევანდელ კონტექსტში შეიძლება კიდევ უფრო დასაფასებელი იყოს ხალხის ერთად ყოფნა.  ბევრ ქალაქში, გასართობი პარკები და საჯარო სივრცეები სპეციალურად იმისთვის იქმნება, რომ თემი და სამეზობლოები გააძლიეროს. იმ უბნებში, სადაც ასეთი პარკები ეწყობა, მათ რეკრეაციული სტატუსის გარდა, ბევრი სხვა ფუნქციაც აქვთ. მაგალითად, სამუშაო ადგილების შექმნა და შემოსავლის გენერირება. მაგრამ თბილისში პარკებს, მუშტაიდის პარკის ჩათვლით,  ნოსტალგიისა და გულგრილობის კვალი ემჩნევათ. 

ეს ფოტო ესე მიზნად ისახავს თქვენი ბავშვობის საყვარელ,  ჯადოსნურ პარკში დაგაბრუნოთ. გაგახსენოთ ძველი ატრაქციონები, ფერადი ნავები, ეშმაკის ბორბალი, ვინტაჟური მანქანები. მაინც მაქვს იმედი, რომ გასართობ პარკებსა და ატრაქციონებს, მათ შორის ჩემს საყვარელ ქანდაკებებს, ერთ დღესაც მოუვლიან და დააფასებენ. 

P.S. ძვირფასო მკითხველო, მალე მიხვდებით, რომ ჩემს ფოტოებში პარკები არ დამისათაურებია. სახელები მიზანმიმართულად გამოვტოვე. ჩვენ ყველას პერსონალური ისტორია გვაკავშირებს ამ პარკებთან. მინდოდა ეს თქვენს მეხსიერებას ცოცხლად შემოენახა. ასე რომ, შეგიძლიათ ბავშვობის მოგონებებს დაუბრუნდეთ. თუ თბილისის რომელიმე პარკთან კავშირი ვერ იპოვეთ, წადით და ეწვიეთ, სანამ ჯერ კიდევ არსებობს. იქ კიდევ აღმოაჩენთ ჯადოქრობას, რომელიც თქვენში ბავშვს გააღვიძებს.

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია