აქტი 2.0

ავტორი: ელენე ფასური
13.01.21

ესე აქტივიზმის, პერფორმანსისა და ქართული ფეისბუქის შესახებ

 

 „იქ დრამაა“

 

 „ჩვენ გვესმის, რომ სასურსათო უსაფრთხოება სასურსათო უსაფრთხოებაა, მაგრამ ადამიანს სულიერი საზრდოც სჭირდება. ოღონდ ისე უნდა გავაკეთოთ ეს, რომ რაღაც რისკები არ შევქმნათ. ნუ, თეატრი ცოტა სპეციფიკური ჟანრია, იქ დრამაა... სხვადასხვა სცენები არსებობს და ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ, მთლად სპორტიც არ არის.”

 2020 წლის 27 მაისს, საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას ამ განცხადებამ ხელოვნების სფეროში აფორიაქება გამოიწვია. მიმართვა პოსტ-პანდემიური კულტურის სტრატეგიასა და დაწესებულ შეზღუდვებში არსებობას ეხებოდა. ინდუსტრიების ამუშავების პერსპექტივა ბუნდოვანი რჩებოდა ხელოვნების მუშაკებისთვის, განსაკუთრებით კი თეატრებისთვის, რომელთა გახსნაც ყველაზე დიდ დილემად დასახელდა, ხოლო თეატრის პერსონალისა თუ დასების ყოველდღიური გადარჩენის მექანიზმების ალტერნატიული შეთავაზება არ გაჟღერებულა.    

პასუხად, თეატრის ახალგაზრდა რეჟისორმა დათა თავაძემ, რომელიც დოკუმენტური სპექტაკლებითა და პოსტ-დრამატული ხელწერითაა ცნობილი, ერთგვარი თეატრალური მარათონი მოაწყო. ეს იყო ერთ-ერთი პირველი სრულად იმპროვიზირებული ონლაინ-სპექტაკლი, რომელიც 9 საათს გაგრძელდა. დაახლოებით დილის 11 საათამდე, მსახიობები სპონტანურად შექმნილ ტექსტს კითხულობდნენ. ნათლად ჩანდა ყველა ნიუანსი, რომელიც ე.წ.“ლოქდაუნის“ აბსურდულ ყოველდღიურობაზე, შფოთსა და გარემოზე მიუთითებდა. „იქ დრამაა“ – ასე ერქვა სპექტაკლს, და სათაური, რა თქმა უნდა, პრემიერ მინისტრს ციტირებდა.

ვიტრინად გადაკეთებულ თეატრის შესასვლელში,  კლაუსტროფობიული, მაგრამ მყუდრო ბინის რეპლიკა იყო წარმოდგენილი. დეკორაცია, განათება და ინტერიერის ელემენტები სახლში გადაღებულ Selfie-ებს, Vlog-ებსა და ინსტაგრამის story-ების ესთეტიკას იმეორებდნენ. „იქ დრამაა“ ხმამაღალი და სასოწარკვეთილი მანიფესტი იყო  დაუცველობის შესახებ, რომელმაც ყველაზე მეტი მაყურებელი, Youtube-ისა და Facebook-ის სივრცეებიდან მოაგროვა. “ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა თეატრი ადაპტირებულიყო იმ საერთო რეალობასთან, რომელიც ყველასთვის მოულოდნელად შეიქმნა. ალბათ, თეატრი უნდა გახდეს მთლიანად საზოგადოებრივი,  ინტერაქციული, მაყურებელთა მონაწილეობით რეალურ დროში, მაგრამ ამავე დროს, აუცილებლად ციფრული და ვირტუალური. ყველაფერი ეს ერთდროულად,” გვეუბნება დათა თავაძე და მისმა პერფორმანსმაც, როგორც ყველა დასამახსოვრებელ ხელოვნების ნიმუშს ახასიათებს, ხაზი გაუსვა დროის ყველაზე აქტუალურ და საკვანძო მოცემულობებს: რომ ეს პერიოდი საქართველოსთვის დრამატულია; რომ დრამატული მოვლენებისას სადავეებს ძალაუფლება იღებს; რომ ამ სადავეების დასაბრუნებლად მნიშვნელოვანი „აქტები“ - აქტივიზმია საჭირო, ხოლო მომავალი, ამ აქტების ვირტუალურობას გვპირდება.

ზემოხსენებული პერფორმანსი არ იყო უბრალოდ „ციფრულ ერას“ მორგებული თეატრალური აქტი, არამედ საზოგადოების წევრის აქტივობა - კომენტარი და რეფლექსია მიმდინარე მოვლენებსა თუ ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებზე -ინტერნეტით დაკავშირებული აუდიტორიის პირისპირ.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, აღნიშნული პერფორმანსი ჩვეულებრივი და  მორიგი Facebook სტატუსი იყო საქართველოში. უბრალოდ, უფრო მიმზიდველი ფორმით, რომ სათქმელისაკენ მეტი ყურადღება მოემართა.

და თუ ასეა, შეიძლება თუ არა პირიქით, პერფორმანსი ეწოდოს სოციალური ქსელში არსებულ სხვა მიმართვებსაც?  წინასაარჩევნოდ დახვეწილ ფეისბუქ-კამპანიებს, დამუშავებულ მედია-რეპორტაჟებს? შეიძლება პერფორმანსი დაერქვას სატელევიზიო თუ ინტერნეტ რეკლამების ნიმუშებს, და ხელოვნების ყველა დარგს, სტრუქტურულად პერფორმანსი ვუწოდოთ?

I WAS SCROLLING DOWN WHEN I WENT INTO THE VOID ინსტალაცია, შოთა აფციაური, შერეული ტექნიკა, ინსტალაცია 2018. გამოფენა Oxigen No Fair, სტამბა D ბლოკი, თბილისი

სოციალური ქსელების გარიჟრაჟზე, თანამონაწილეობაზე დაფუძნებულ ინტერნეტ სივრცეებს Web 2.0 დაერქვა. ტერმინი, ინტერაქციული ელემენტის გაჩენის შედეგად, გაუმჯობესებულ და მოდერნიზირებულ ინტერნეტს გულისხმობდა. 2010-იანი წლების ბოლოსთვის, დემოკრატიული და საყოველთაო კომუნიკაციის იმედით სავსე, ნათელი მომავლის კონცეფცია პოსტ-სიმართლის იმედგაცრუებამ ჩაანაცვლა, ხოლო  შეუზღუდავი, შემოქმედებითი კავშირებით სავსე სამყაროს ნაცვლად, ე.წ. „განვითარებულმა მსოფლიომ“ დაუცველი პირადი სივრცე, უნდობლობა და საზოგადოებრივ სტატუსთან დაკავშირებული მუდმივი შფოთი მიიიღო. ჯერ კიდევ პროდასავლურსა და პრორუსულ ყოველდღიურობებს შორის გახლართულ საქართველოში კი ინტერნეტის,  განსაკუთრებით კი, სოციალურ მედიათა მნიშვნელობა უფრო და უფრო იზრდება. Internetworldstats.com-ს თუ დავუჯერებთ, 2020 წლისთვის საქართველო სამხრეთ კავკასიაში პირველი ქვეყანაა სოციალური მედიის მომხმარებელთა რიცხვით.  მხოლოდ Facebook-ზე საქართველოში 2.524.000 ადამიანია დარეგისტრირებული. მაშინ როცა, სომხეთში - 1, 252,000, აზერბაიჯანში კი, 1.854.000 Facebook მომხმარებელია.  საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს, ქართველების 96% ინტერნეტს მხოლოდ სოციალური მედიისთვის იყენებდა.

Facebook-ი და სხვა სოციალური მედია პლატფორმები საქართველოში ძალიან პოპულარულია და ეს შეიძლება ორგანულადაც მოგვეჩვენოს დიდი ოჯახებისა და მცირე მოსახლეობის ქვეყანაში, სადაც ინფორმაცია, ფეისბუქის „საერთო მეგობრების“ გარეშეც, ყოველთვის სწრაფად ვრცელდებოდა და ამ საერთო მეგობრების პოვნაც მარტივად იყო შესაძლებელი. სოციალურ მედია სივრცეში გენერირებულ შინაარსებს ქვეყანაში უზარმაზარი გავლენა აქვთ. მაგალითისთვის, უახლეს ისტორიაში ორი ყველაზე მნიშვნელოვანი პროტესტი მთლიანად ინტერნეტში დაიგეგმა. ერთ-ერთი 2019-2020 წლებში, მოძრაობა “სირცხვილიას” მიერ ორგანიზებით გამართული აქცია იყო,  რომელმაც აიძულა ხელისუფლება საარჩევნო კანონში ცვლილებები შეეტანა. მეორე კი, “თეთრი ხმაურის მოძრაობა” იყო, რომელმაც რეპრესიულ ნარკოპოლიტიკაზე ხალხში ცნობიერების ამაღლება შეძლო და 2016-დან 2018 წლებში, მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციას მიაღწია.

იმის სადემონსტრაციოდ, თუ რამხელა გავლენა აქვს Facebook-ს საქართველოში, 2020 წლის Facebook-ის სკანდალური ანგარიშიც გამოდგება, რომელშიც მონიტორინგი, 39 ქართული ანგარიშის, 344 ქართული გვერდისა და Instagram-ის 22 ანგარიშის გაუქმებაზე საუბრობს. მიზეზი ამ ანგარიშებიდან გავრცელებული პოლიტიკური პროპაგანდა იყო, თუმცა, ძალაუფლების მსგავსი აქტივებისათვის დახარჯული მატერიალური და შრომითი რესურსის რაოდენობა, საზოგადოებრივ აზრზე დადებული ფსონის უკვე კარგი საზომია. 

სოციალური მედიაპლატფორმების პოპულარობა საქართველოში ერთი მხრივ,  ტრადიციული  ურთიერთდახმარების კულტურისა და არაფორმალური საზოგადოებრივი ურთიერთობების ანარეკლია და სწორედ ამ კუთხით,  ბევრ შემთხვევაში, Facebook-ის გავლენა ძალიან სასიკეთოც აღმოჩნდა. ხშირად ნახავთ სწრაფ გამოხმაურებასა და ფინანსების მობილიზებას ბავშვებისთვის გადაუდებელი ოპერაციების დაფინანსებაზე;  სოლიდარობის უამრავ პრეცენდენტს. მაგალითად, ძალადობის მსხვერპლი ქალებისა ან სხვა ჩაგრული ჯგუფების მიმართ; სასარგებლო ინფორმაციის გაცვლასა და ადამიანების ორიენტირებას სხადასხვა სფეროში. დიდი ალბათობით, სოც. მედიების გარეშე ეს საკითხები შეუმჩნეველი დარჩებოდა.

"თეთრი ხმაურის მოძრაობა"

მეორე მხრივ კი, ინფორმაციის დინების ამავე დინამიკამ კომუნიკაცია უფრო აგრესიული გახადა: “კლიკებზე” ორიენტირებული მედია-ჯგუფები ისტერიულ კონკურენციაში ჩაებნენ და მიწოდებისას შინაარსის დრამატულობასა და შემზარავობაში ეჯიბრებიან. მუდმივი ონლაინ-ინტერაქცია ლობისტებს საშუალებას აძლევს, დღის წესრიგზე გავლენა უშუალო ურთიერთობების გავლით იქონიონ, ხოლო ადამიანთა პირადი ცხოვრება საზოგადოების თავშესაქცევ იარაღად გამოიყენება. რაც უფრო ნეგატიურია ინფორმაცია, უფრო სწრაფად ვრცელდება და უფრო რეაქციულ, იმპულსურ სოციალურ ქცევებსა და ხდომილებებს იწვევს. 

ერთი სიტყვით, Facebook-ზე დამოკიდებული ჩვენი რეალობა ერთ დიდ „შეცდომათა კომედიად“ იქცა. პათოსი - მთავარ მამოძრავებელ ძალად დისკუსიებსა და მედიასივრცეებში. ცხოვრების სტილის შედარებითმა პოსტებმა კი, თვითგამოხატვასა და ექსჰიბიციონიზმს შორის ყოველგვარი საზღვრები წაშალა.

“ვირტუალურ სამყაროში ქართული საზოგადოების ცხოვრება ყოვლისმომცველი, დამღლელი და დამთრგუნველია,“ ამბობს აქტივისტი და მუსიკალური პრომოუტერი გიორგი კიკონიშვილი. “ლაიქების” რაოდენობა ონლაინ, პირდაპირ განსაზღვრავს შენს ადგილს საზოგადოებაში, შენს სიმართლეს.  როგორი პოზიცია ექნება ადამიანს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ მას ონლაინ სივრცეში. შენმა ნათქვამმა სხვები უნდა დაარწმუნოს, რაღაცით გამორჩეული უნდა იყოს და ბევრიც იზიარებდეს.“

“ალბათ, ერთხელ მაინც ყველას გამოუცდია, არაპოპულარული განცხადების გამო, ბულინგი ვირტუალურ სივრცეში, ამიტომ  ყველასთვის მისაღები პოზიციის ქონაზე ზეწოლა ძალიან დიდია,” - ამბობს გიორგი და ასეთ ცხოვრებას “ვირთხების რბოლას” ადარებს, სადაც ყველა საკმარისად კომპეტენტური, თანამედროვე ან მიმზიდველი უნდა იყოს, რომ აზრის გამოთქმა შეძლოს. “თუ ოდნავ სენსიტიური ადამიანი ხარ,  ძალიან დაზარალდები. შთაბეჭდილება მაქვს, რომ საკუთარ თავს ყველა საფრთხეში, დაუცველად გრძნობს, რადგან კოლექტიური დაცინვის მოლოდინი ყოველდღიურად ექმნება. აღარ აქვს მნიშვნელობა ახალ ფილმზეა ლაპარაკი, თუ ვთქვათ, რომელიმე კრიმინალურ შემთხვევაზე, გამორჩეული ხარ თუ არა, სიმწვავე და დრამატიზმი იგივეა. არ ვიცი რა შეიძლება იყოს ამისი ნამდვილი მიზეზი, რასთან გვაქვს საქმე სინამდვილეში. იქნებ ეს ისევ ჩვენი პრობლემური და კომპლექსური ისტორიული წარსულის ბრალია?”ამბობს გიორკი კიკონიშვილი.

 

კავკასიური ცარცის წრე

 

ცხადია, ადამიანებს ყველა ქვეყანაში აქვთ აღიარების, ჰარმონიული სოციალიზაციისა თუ  საკუთარი სათქმელის ადრესატამდე მიტანის სურვილი, და ეს სოციალურ ქსელებშიც აისახება. თუმცა, როგორც სოციოლოგი და მკვლევარი ქეთი სართანია ამბობს „განსხვავება მასშტაბებში, სტატუსებსა და გავლენებშია, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ფეისბუქს, როგორც პოლიტიკური მნიშვნელობის სოციალურ ქსელს, სხვა ალტერნატივა ჯერჯერობით არ გააჩნია.“

იქნება ეს სოციალური, პოლიტიკური თუ კულტურული კონტექსტი, ინტერაქციულ ონლაინ-პლატფორმებზე საკუთარი აზრის დაფიქსირების უამრავი მეთოდური მაგალითი არსებობს. აქტივისტი ბარბარა ბარლიანის იარაღი „სელფი“ - ფოტოები და სტატუსებია. 2018 წელს მომხდარმა მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევამ ის პარალიზებული დატოვა, ბარბარას დიდი ხნის განმავლობაში გადაადგილება შეუზღუდა და კომპიუტერის ეკრანის ამარა დატოვა. ქირურგებმა მას ძვლების აღსადგენად მეტალის საბჯენები ჩაუდგეს, შედეგად, ბარბარამ თავისი მოცემულობიდან „კიბორგის“ იერსახე შექმნა, ვირტუალური არსებობა ცხოვრების სტილად  აქცია. მეგობრებთან ერთად, დღეს ის ინსტაგრამისთვის კონცეპტუალურ სელფი-ფილტრებს ქმნის, რომლებიც ხშირად ფემინისტურ შინაარსებს ატარებს.

თეატრალური აქტის შედეგად, ბარბარამ ონლაინ დამკვირვებელი მაყურებლად აქცია, რომელსაც კარგად კურირებულ შინაარსს სთავაზობს. ბარბარას ინტერნეტში ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. ხშირად მისი ფეისბუქ-ქცევა რადიკალურ ფემინიზმადაა შერაცხული, მისი ხმამაღალი და ეპატაჟური სტატუსებისა თუ ნატურალისტური, მოურიდებელი პორტრეტების გამო, რომლითაც ის საკუთარი მოდელის გარეგნობის დეკონსტრუქციას ახდენს. ბარლიანი ამ კრიტიკის წინააღმდეგი არც არის: „კომუნიკაცია სხეულის გარეშე დიდი ძალაა, ხოლო „სელფი“ ფემინისტური აქტი. მისი საშუალებით, მე თავად ვწყვეტ, როგორ მინდა სხვები მხედავდნენ. ეს კონტროლია ჩემს თვითრეპრეზენტაციაზე. ჩემმა უმოძრაობამ კი, ახალი იდენტობების შემოქმედად მაქცია." მართლაც, Facebook-ი იდენტობის პოლიტიკური აქტებისთვის დიდ სივრცეს ქმნის.

ტრანსგენდერი ქალი Londa Fox, ინტერნეტში ლაივ-მაუწყებლობისას სხვადასხვა კოსტიუმებს იცვლის, ქედმაღალი და აროგანტული ტონით, ის ქართულ კონსერვატიულობასთან დაპირისპირებაში, სექსუალურ თავისუფლებაზე საუბრობს. როდესაც ბევრი ლონდას ხსენებაზე იცინის, მასზე თუ მასთან ერთად, ლგბტ აქტივისტის ბექა გაბადაძისათვის ეს  პერფორმანსები „დრეგ-კულტურის“ ისტორიულ ღირსებას ატარებს: „ისევ ის თუ დაუბრუნდება დრეგის პირვანდელ მნიშვნელობას, ვინც კომიკურს ხდის, დასცინის არსებული რეალობის ეკონომიკურ თუ კულტურულ კოდებს. თუ დრეგი ხელოვნებაა, ის არაა უბრალოდ მაკიაჟისა და მიბაძვის პრიმიტიული მცდელობები, ან კომერციალიზებული ნაგავი. ეს პირველ რიგში, არსებული წესრიგის დაცინვაა.

 

სხვათაშორის, პროფესიონალური, ფორმალური პერფორმანსი ყველაზე არაპოპულარულ ჟანრად რჩება თანამედროვე ხელოვნების ქართულ სცენაზე. „პერფორმანსი საქართველოში ხშირად არაავთენტური და ყველაფერს მოწყვეტილი მეჩვენება,“ამბობს თანამედროვე ხელოვნების ახალგაზრდა კურატორი, ნინა პატარიძე. 

„ვფიქრობ, ლოკალურ კონტექსტში არ გვაქვს სივრცე, სადაც ადამიანები შეძლებენ ამ მედიუმზე სრულყოფილად მუშაობას, მისი თეორიული საფუძვლების შესწავლას და მის პრაქტიკაში გადმოტანას.” 

ამის საპირისპიროდ, დრამატული როლური იმიტაცია და პერფორმანსი ქართული კულტურული იდენტობის ერთ-ერთ მთავარ სახედ გვევლინება, როდესაც ფილოსოფიის დოქტორისა და კულტუროლოგის, თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორის, ლელა ფირალიშვილის ერთ-ერთ ნაშრომს ვკითხულობთ. „წერილები ქართულ იდენტობაზე“ 2003 წელს დაწერილი ინტერდისციპლინური ესეა ქართული კულტურის კვლევის შესახებ, სადაც კრეატიული ფორმაციის, ფორმადქმნადობის იდენტობა საქართველოს კულტურული ქსოვილის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. 

„ეს არის სახიერებით თამაში...პერფორმირების მარადი უნარი, უნარი იმისა, რომ ლაღად და უდრტვინველად მიატოვო სახე, როგორც გარკვეული "სტრუქტურა," რომელიც, რა თქმა უნდა, გარკვეულ ზნეობას გულისხმობს. პერფორმატულობა უზნეობას კი არა, მრავლობით ზნეს გულისხმობს და ყოველი ზნე-სადმი სრულიად გულგრილ დამოკიდებულებას.“

აღნიშნულ ესეს ერთგვარ ლაიტმოტივად დაჰყვება ციტატა ქართული ხალხური სიმღერიდან „ეს ბიჭი კარგად თამაშობს, ფეხისწვერებზე დგებაო.“ შთაბეჭდილების ქვეშ მყოფი აუდიტორია, ახალგაზრდა მოქნილი ბიჭის პერფორმანსით მიღებულ კმაყოფილებას გამოხატავს და გულშემატკივრობს მას. ისტორიულად კი, თითქოს მართლაც ასეა. გართობა, თავშექცევა და თავდავიწყება ყოველთვის იყო საქართველოს „ბრენდის“ მნიშვნელოვანი მახასიათებელი გლობალურ კონტექსტში. შვებულებების, სადღესასწაულო მოგზაურობებისა და უქმეების საბჭოთა კოლონიად, ქვეყანა დიდხანს მოიაზრებოდა.  “დეკორატიული ნაცია,” რომელიც კარგ სამზარეულოსა და სიმღერას, ჩინებულ ღვინოს, არტისტების კომპანიასა  და მზიან ამინდებს სთავაზობდა სტუმრებს.

ფოტოზე: ილია ჭავჭავაძე კარნავალზე „ისპანახობა“ ორთაჭალის ბაღში, ნადიმის მერე. “ისპანახობის” აუცილებელი წესი იყო ქაღალდის გვირგვინების, ჩაჩების და ტანზე პამპულას ტანისამოსის ჩაცმა.

 

დღესაც კი, ნებისმიერი ტურისტისთვის, საქართველოს მთავარი კოლორიტული ასპექტები, ისევ და ისევ, სპექტაკლის ელემენტებია: სუფრა, პოეტიკით გაჯერებული სადღეგრძელოები, ცეკვა,  დაწყებული უძველესი წარმართული რიტუალებით, ეროვნული ბალეტითა თუ უახლესი კლუბური ცხოვრების წესით დამთავრებული; მანერული გულუხვობა მეზობლებსა და ნათესავებს შორის; საზოგადოებრივ აზრზე აწყობილი ცხოვრების წესი, თუ ტრადიციები; ემოციური წირვები და მაღალფარდოვანი რელიგიური რიტუალები; გმირული თავდადება სპორტში... მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი, ალბათ, სწორედ ტურბულენტური პოლიტიკური სპექტაკლებია, ბრუტალური აქტები, ხმამაღალი აქტივიზმი და ომების დრამა, რომელიც საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია.

შეიძლება სწორედ ამ მიზეზით არ რჩება თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში პერფორმანსის ადგილი, როგორც ცალკეული, ვიზუალური ხელოვნების ჟანრის, რომელიც ენობრივად დასავლური ფენომენია. შესაძლებელია, რომ მედიუმს ისე ღრმად აქვს ფესვები გადგმული ისტორიულ მეხსიერებასა, თუ ადამიანურ ურთიერთობებში, რომ მისი გამოყოფა და ცალკე პერფორმანსად დაფიქსირება, არაორგანულად, არასარწმუნო კონტრასტად აღიქმება. გეგონება ჩვენი ონტოლოგიური ენა უკან გვწევდეს, რეტროგრადულობაში გვაქცევდეს. “დეკორატიული ერის” თვითაღქმას გვიბრუნებდეს, ან კიდევ უფრო უარესი, “შეუმდგარ, განუვითარებელ საზოგადოებად” წარმოგვაჩენდეს, რომელიც პროგრესისა და განვითარების ვიზუალურ ნიშნებს არასწორად ატარებს.

Totus mundus agit histrionem

 

მთელი სამყარო თეატრს წარმოადგენს 

 

„იყო დრო როდესაც ამის შესაძლებლობა ყველას არ ჰქონდა, მაგრამ ახლა სხვა დროა, და როდესაც გვაქვს ინტერნეტი, შეგვიძლია მსოფლიო მასშტაბის ნებისმიერ მოვლენას ჩვენი კომპეტენტური, ან არც ისე კომპეტენტური აზრით გამოვეხმაუროთ.“ 2020 წლის 10 იანვარს, იმედი TV-ს ერთ-ერთი სიუჟეტი ასე გაიხსნა. კომენტარი ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირდაპირ ჩართვას მოჰყვა, რომელიც 8 იანვარს, ირანის სარაკეტო დარტყმებს შეეხებოდა და რომელსაც ქართველების უამრავი კომენტარი ახლდა თან. ჩართვას თითქმის მთელი მსოფლიო უყურებდა. ომის დაწყების განაჩენს ყველა შიშით ელოდებოდა. თუმცა, ქართველი ფეისბუქ მომახმარებლების კომენტარების რაოდენობამ მართლაც არნახული პრეცენდენტი შექმნა.  ქართული დროშების პოსტვით, ირანისა თუ შტატების საგულშემატკივრო ყიჟინით, სახუმარო ლექსებით, უძრავი ქონების გაყიდვის განცხადებებით, ქართული კომენტარებით შექმნილი თავდაჯერებული და ენერგიული აურა ერთმნიშვნელოვნად იგრძნობოდა.  ასეთივე ელფერს ატარებდა  ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერი კამპანიის #NBAvote ZazaPachulia-ს კონტროვერსიული შემთხვევაც და 2014 წლის ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიალი სოჭში, რომელიც რუსმა მოდელმა ირინა შეიკმა გახსნა და რომელსაც ფეისბუქის ქართველი მომხმარებლებისაგან სალანძღავი სიტყვების კორიანტელი მოჰყვა. როგორც ჩანს, ჩვენ სინამდვილეში, გეოპოლიტიკურ სპექტაკლს ვადევნებთ თვალს, სადაც საქართველო,  უზარმაზარ სცენაზე თავის ადგილსა და როლს ეძებს, სასცენო კოსტუმით, რომელიც წარსულმა აჩუქა და მოქმედებებით, რომელსაც მომავლის პერსპექტივები კარნახობს.

პერფორმანსი, ხშირად, თხრობის ერთ-ერთი მთავარი ფორმაა არტისტისა და აქტივისტის, გიორგი ხასაიას პოლიტიკურ კომენტარებში. „ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრის“  თანადამფუძნებელს ვერასდროს  იპოვით „ჩართულს“ სოც.მედია დისკუსიებში, თუმცა მისი ნამუშევრები ხშირად ზიარდება ფეისბუქზე სტატუსებად, თუ კომენტარებში.  ერთ-ერთ ტექსტში, „მოპატიჟება ტოტალურ ინსტალაციაში,“ სადაც ის ქართული პოლიტიკისა და ხელოვნების ურთიერთობაზე წერს, ასეთ ფრაზას ვნახავთ: „ტოტალური ინსტალაცია ისეთი მხატვრული კონცეპტია, რომელშიც სივრცე არ ექვემდებარება მაყურებლის ვიზუალურ კონტროლს. მეტიც, მაყურებელი, თუ მნახველი თავად ხდება ინსტალაციის ნაწილი, ობიექტი, ინსტალაციის სხვა ობიექტებს შორის. ტოტალური ინსტალაცია არ ტოვებს „ნეიტრალურ”  სივრცეს. ამდენად, ის, ვისაც ჰგონია, რომ აკვირდება, თავადაც ობიექტია, რომელსაც სხვები აკვირდებიან და ამ დამკვირვებლებსაც სხვები აკვირდებიან და ა.შ. ხოლო, ყველა მათგანი ერთად აღებული, ტოტალური ინსტალაციის კანონის შესაბამისად, ამ ინსტალაციაში ეწერება.“

ხანდახან Web 2.0, გლობალიზაციის ეს მოუხელთებელი კულმინაცია, სწორედ იმ ტოტალურობის ხასიათს ატარებს, რაზეც გიორგი წერს. Web 2.0 შეიძლება სხვა, ბევრად დახვეწილი ვირტუალური რეალობებით ჩანაცვლდეს. შეიძლება ინტიმურ ურთიერთობებს მონატრებულმა პოსტ-პანდემიურმა სამყარომ თავისი სვლა  შეანელოს. მაგრამ, ქართული სოციალური ველი დღეს „ფეხისწვერებზე დგას“ და თითქოს მეთვალყურეობის ქვეშ, თვალუწვდენელი კომუნიკაციების  ჩრდილში, თავის პერფორმანსს ასრულებს. პერფორმანსს, რომელიც გლობალური მოდერნიზების იმიტაციასა და დრამის მიმართ თანდაყოლილ სწრაფვას შორის, ყოყმანზე გვიყვება. ჩვენი საზოგადოება, თვითაღქმას უკუკავშირის მიხედვით ძერწავს. ის მანიპულირებს საკუთარი კულტურული დინამიკით  და  საერთაშორისო მაყურებლის დამოწმებას ელოდება. როგორც ლელა ფირალიშვილმა პატარა ბიჭის კოლექტიურ არქეტიპთან მიმართებაში აღნიშნა, ის ყოველთვის პერფორმატულ რეჟიმშია. 

“აქტში კარგად ის თამაშობს, ვინც თითის წვერებზე დგება და მტკიცე საყრდენი, თუნდაც სახიერი, აღარაფრად სჭირდება...ყოფიერების ეს რეგისტრი ძალზე ძნელი მისაღწევია.” 

უცნაური და ჩემთვის მომაჯადოვებელი დამთხვევაა, რომ ციტირებული უძველესი ხალხური სიმღერის სტროფი ასეთი ღია კითხვით მთავრდება: „ამან რომ რამე იტკინოს, ნეტა ვის დაბრალდებაო.“

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია