როდესაც თებერვალში რუსეთმა უკრაინაში ომი წამოიწყო, ბორჯომის მცხოვრებლები ვერ წარმოიდგინდნენ, რომ ეს მათზე პირდაპირ აისახებოდა. ომმა და სანქციებმა საფრთხე შეუქმნა საკურორტო ქალაქის ყველაზე მსხვილ დამსაქმებელს, კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს.
უკრაინაში შეჭრამდე კომპანია ქალაქისთვის და მთლიანად ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის ნაყოფიერად მუშაობდა. ქარხანაში 650 ადგილობრივი იყო დასაქმებული და რეგიონში ეს კარგ სამუშაოდ ითვლებოდა. ყოველთვიური ანაზღაურება, საშუალოდ, 2000 ლარი იყო. თუმცა, ზოგიერთ თანამშრომელს, 850 ლარიც ჰქონდა ხელფასი. ამ ბიზნესს სოლიდური გადასახადი შეჰქონდა ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში.
ომის დაწყების შემდეგ, ამ სამუშაო ადგილებს საფრთხე დაემუქრა. რუსი მილიარდელი მიხეილ ფრიდმანი, რომელიც IDS ბორჯომი საქართველოს 60%-ს თავისი კომპანია “ალფა-ჯგუფის” გავლით ფლობდა, საერთაშორისო სანქციების სიაში მოხვდა. კომპანიამ მუშაობა შეაჩერა და თანამშრომლებს ხელფასები გაუნახევრა. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე თანამშრომელი ამ ცვლილებას არ დათანხმდებოდა, მენეჯმენტი სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებოდა.
21-დღიანი უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ, ქარხნის ორი ბლოკის თანამშრომლები 31 მაისს, დილის 6 საათზე გაიფიცნენ. კრიზისის დასაძლევად, კომპანიამ თანამშრომლებს ხელშეკრულებაში პირობების შეცვლა შესთავაზათ. ახალ წინადადებას დასაქმებულების უმრავლესობა დათანხმდა იმ პირობით, რომ კომპანიის სრულფასოვნად ამუშავების შემდეგ, ისევ ძველ კონტრაქტებსა და სამუშაო პირობებს დაუბრუნდებოდნენ. თუმცა, ამის გარანტიას კომპანია ვერ იძლეოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა თანამშრომელმა ახალ კონტრაქტს ხელი მოაწერა, დასაქმებულებსა და მენეჯმენტს შორის ურთიერთობა მაინც დაიძაბა მას შემდეგ რაც, კომპანიამ 50 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც ახალ კონტრაქტზე ხელი მოწერილი ჰქონდათ. საყოველთაო გაფიცვას 200 თანამშრომელი შეუერთდა.
კრიზისის დასაძლევად, მედიაციის პროცესში საქართველოს მთავრობა ჩაერთო. ის კომპანიის 7.73% წილის აღებას დათანხმდა, რამაც კომპანიას მუშაობის განახლების შესაძლებლობა მისცა.
დღეს გაფიცული მუშების თითქმის ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია; 50 გათავისუფლებული თანამშრომელიც სამსახურში აღადგინეს.
ანდრო ბაბლიაძე, 54
“როცა ომი დაიწყო, კომპანიამ გამოგვიცხადა, რომ ხელფასზე დანამატს ვეღარ მივიღებდით. მიმდინარე მოვლენების გამო, ეს ჩვენთვის სრულიად გასაგები იყო. შემდეგ, ტრანსპორტირება შეწყვიტეს. არც ამაზე ამოგვიღია ხმა. აღარც დაბადების დღეებზე გვაძლევდნენ ბონუსს. ისევ ჩუმად ვიყავით. მოგვიანებით, ახალი კონტრაქტი გადმოგვცეს, სადაც ჩვენი ხელფასები განახევრებული იყო. ყველას ფინანსური ვალდებულებები გვაქვს, თითქმის ყველა ბანკის ვალს ვიხდით ყოველთვიურად. ნახევარი ხელფასი მხოლოდ ამაში არ გვეყოფოდა. არ ვიცი, ამ პირობებში როგორ უნდა გადავრჩენილიყავით. ყველა ცვლილება ჩვენთვის გასაგები იყო; ხელფასების შემცირებაზეც თანახმა ვიყავით იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ეს კრიზისი 6 თვე გაგრძელდებოდა, ოღონდ იმ პირობით, რომ იგივე ანაზღაურებას დავუბრუნდებოდით, როგორც კი კომპანია მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებდა. ამის გარანტიას კიდე ვერ გვაძლევდნენ,” გვეუბნება 54 წლის ანდრო ბაბლიძე.
ამის შემდეგ უფრო გაუარესდა მდგომარეობა. 25 წლიანი სამუშაო სტაჟის მიუხედავად, ანდრო სამსახურიდან გაათავისუფლეს.
“რაც აქ ვმუშაობ, რამდენჯერმე შევიცვალე პოზიცია. ბოლოს მტვირთავად ვმუშაობდი. ახალი სამუშაო კონტრაქტი რომ გაგვაცნეს, შემატყობინეს, რომ სამსახურიდან გათავისუფლებული ვიყავი. მიზეზი ძალიან უსამართლო და სასაცილო მომეჩვენა. მითხრეს, რომ ჩემს პოზიციაზე დასაქმებული აღარ სჭირდებოდათ, ზედმეტი ხარჯი იყო. ალტერნატივადაც არაფერი შემოუთავაზებიათ. როცა მედიაციის პროცესში მთავრობა ჩაერთო და კომპანიასთან შეთანხმებას მიაღწიეს, მე მაინც გადავწყვიტე, რომ სამსახურიდან წამოვსულიყავი. რაც მოხდა და რაც საკუთარ თავზე გამოვცადე, აღარ მინდოდა იქ დაბრუნება. ძალიან დავიღალე. კომპენსაცია ავიღე. სანამ ახალ სამსახურს ვიპოვი, მე და ჩემს ოჯახს ცოტა ხანს გაგვაძლებინებს.”
გივი გოგალაძე, 65
“არ გავუფრთხილებივარ არავის. გათავისუფლების ოფიციალური წერილი გამომიგზავნეს. ახალ შეთანხმებას 200-ზე მეტმა ადამიანმა არ მოაწერა ხელი, მაგრამ მხოლოდ 50 თანამშრომელი გაათავისუფლეს უკანონოდ. გათავისუფლების მიზეზად ცუდად მუშაობა და დაგვიანება ჩამიწერეს, რაც ძალიან უსამართლოა და რაც მთავარია, მოგონილი. 43 წელი ვიმუშავე ქარხანაში. ამ ამბებამდე, კარგი მუშაობისთვის პრიზითაც კი დამაჯილდოვეს,” ამბობს 65 წლის გივი გოგალაძე, რომელიც მტვირთავად მუშაობს.
გივი ფიქრობს, რომ ის და კიდევ 49 თანამშრომელი 2021 წლის გაფიცვის გამო გაათავისუფლეს.
“ერთი წლის წინ, ხელფასების გაზრდის მოთხოვნით გავიფიცეთ და გავიმარჯვეთ. ახლა ზუსტად ისინი გაგვათავისუფლეს, ვინც მაშინ ვაქტიურობდით. 21 ივნისს ჩემს პოზიციაზე აღმადგინეს და ახლა მუშაობას ვაგრძელებ. კონტრაქტში შესული ცვლილებები ძალიან ცუდი არ არის, მაგრამ არც კარგია ჩვენთვის. ახლა კომპანიის მოგებაზე ვართ დამოკიდებულები, რომელიც ომის გამო ძალიან არასტაბილური და ცვალებადია. ჩვენ ვითხოვდით, რომ მენეჯმენტიდანაც გაეთავისუფლებინათ თანამშრომლები. ჯერ არ შეუსრულებიათ, მაგრამ დაგვპირდნენ, რომ ამ საკითხს განიხილავდნენ. თუ ზოგიერთ თანამშრომელს არ გაათავისუფლებენ, ამას გავლენა ექნება თვითონ კომპანიაზე. მე, მაგალითად, ზუსტად ვიცი, რომ აქ დიდხანს აღარ ვიმუშავებ. საპენსიო ასაკში ვარ და ნებისმიერ დროს შემიძლია წამოვიდე სამსახურიდან. აღარც ენერგია მაქვს.”
მარინა დვალიშვილი
“850 ლარი მაქვს თვეში ხელფასი და მთხოვდნენ ხელი მომეწერა კონტრაქტზე, სადაც ეწერა, რომ ამ ხელფასს მინახევრებდნენ. თან არავინ მპირდებოდა, რომ ეს ანაზღაურება მომავალში მაინც შეიცვლებოდა. დირექტორმა ისიც კი მითხრა, რომ კომპანია “რეორგანიზაციას” გააგრძელებდა, თუკი ამ პირობას არ დავთანხმდებოდი და კონტრაქტს ხელს არ მოვაწერდი. დანებებას არ ვაპირებდი,”გვეუბნება მარინა დვალიშვილი, რომელიც 10 წელია უკვე ქარხანაში დამლაგებლად მუშაობს.
“ეს კრიზისი ძალიან ცუდად მოქმედებს არა მხოლოდ ჩვენზე, აქ დასაქმებულებზე და ჩვენს ოჯახებზე, არამედ ბორჯომის მთელ მოსახლეობაზე. ის, რომ ამ დრომდე ქარხანა კარგად მუშაობდა, ჩვენი თავგანწირული მუშაობის დამსახურებაა. კომპანიას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტშიც დიდი თანხა შეაქვს, რაც ხელმისაწვდომ ტრანსპორტში და კარგ სამედიცინო მომსახურებაში აისახება. ეს ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც მოსახლეობას ასეთი კარგი პირობები აქვს. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო ნახევარ ხელფასზე მუშაობა, თან იმის გათვალსიწინებით, რამდენი საქმეც მაქვს.”
მარინამ მაინც გადაწყვიტა დათანხმდეს ახალ შემოთავაზებას, რადგან თანამშრომლებს დაპირდნენ, რომ მოგვიანებით, ძველ ხელფასებს დაუბრუნებენ.
“ჯერჯერობით საათობრივი ანაზღაურება გვაქვს და ომის გამო არც ვიცით, რა შემოსავალი ექნება წელს კომპანიას. შეთანხმება, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, დროებითია. ნოემბერში ახალ ხელშეკრულებას გაგვაცნობენ. თუ უკეთესი პირობები არ შემოგვთავაზეს, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ 2021 წლის გაფიცვის შემდეგ მიღწეულ კონტრაქტს, რომელიც ფიქსირებულ ხელფასს გულისხმობდა. ახლა კმაყოფილები ვართ, მაგრამ აქ არ სრულდება ყველაფერი. ვაგრძელებთ მუშაობას.”
გააკეთე დონაცია