ორი სახლი

ფოტოგრაფი: მარიკა ქოჩიაშვილი
05.05.23
თემა: LGBTQI+

Პროექტი განვითარების ეტაპზეა. Chai Khana მხოლოდ რამდენიმე ისტორიას აქვეყნებს 


ახალგაზრდობის ადრეულ წლებში, ოჯახისა და სოციალური წნეხის გამო, ჩემი ნამდვილი იდენტობა უარვყავი და ნორმატიულ, ფემინურ როლს მოვერგე. ამან საგრძნობლად იმოქმედა საკუთარი თავის აღქმასა და სივრცის პოვნაზე. Როცა ლონდონში გადმოვედი საცხოვრებლად და ეს ვაღიარე, ის სივრცეც უკან დავიბრუნე, რომელიც წამართვეს. ვფიქრობდი, რომ ეს მეტამორფოზა, მხოლოდ გარკვეული თვალსაზრისით პრივილეგირებულმა ქვიარ ადამიანებმა დაიმსახურეს. Მათ, ვინც გაქცევა მოახერხეს.

Ჩემს წინა ნამუშევარში შევძელი იმ ქვიარების აღბეჭდვა, რომლებიც ჩემნაირად გაიქცნენ. თუმცა, როგორც კი ჩემს მშობლიურ ქალაქში ქვიარ საზოგადოებასთან კავშირი აღვადგინე, მაშინვე ვიგრძენი, რომ ჩვენ შორის კედელი უნდა დამენგრია. ამ პროექტში ვიღებ ქვიარ ადამიანებს იმ სახლში, სადაც დაიბადნენ, და იმ სახლში, რომელიც თავად შექმნეს.

თითოეულ ადამიანს ვიღებ იმ სივრცეში, რომელიც ტრადიციულად აღიარებულია - ქართველი ოჯახის წევრებთან ერთად და მოგვიანებით, ისეთ სივრცეში, სადაც ისინი თავს დაცულად და კომფორტულად გრძნობენ - თავიანთ არჩეულ ქვიარ ოჯახთან ერთად.  

ამ კადრების შეპირისპირება ვიზუალურად ცხადჰყოფს, როგორ ისწავლეს ქართველმა ქვიარებმა თავიანთი იდენტობის არსებულ დიქოტომიაში ნავიგაცია. ეს პროექტი ეძღვნება მათ, ვინც არ წავიდა და დარჩა; ვინც ვერ წავიდა. იმედია, რომ ეს იქნება ჩვენი მშობლიური სახლების უკან დაბრუნების აქტიც. 

ნიკიტა მამარდაშვილი, 22 წლის, არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე ადამიანი, მუსიკოსი და მისი პარტნიორი ჰაკუ კუხიანიძე, 21 წლის, 2D არტისტი.

დედა - ელენე პაჭკორია, 47 წლის. ძლიერი, დამოუკიდებლი, მარტოხელა დედა (ქმარს დაშორებულია, მაგრამ ამ სახლში სადღაც მაინც იკვეთებიან) და მათი 4 კატა.

ორი წელია, რაც ერთად ვცხოვრობთ. მეგობართან შევხვდით, მოგვეწონა ერთმანეთი. სექსი გინდა? სექსი მინდა? თავიდან ეგ იყო, nothing more. მერე დაიწყო კოვიდი, კარანტინი. შემთხვევით თანაცხოვრება. ჯერ თანაცხოვრებით დავიწყეთ და მერე გადავიდა რაღაც სხვაში. თავიდან იმდენად ადვილი იყო ერთმანეთთან ცხოვრება, რომ ამან უფრო ჯანსაღი ურთიერთობა ჩამოაყალიბა. ბევრ ადამიანთან მქონია ეს თანაცხოვრების პატარ-პატარა, თუნდაც ერთთვიანი პერიოდები და გაუსაძლისი იყო ხოლმე. მით უმეტეს მამრებთან, ჰეტერონორმატიულ მასკულინურ კულტურაში. გაუსაძლისი… 

და ეს იყო ძალიან მარტივი. იზოლაციის პერიოდში ან აქ ვიყავით, ან ბინას ვქირაობდით ვაშლიჯვარში და იქ გადავდიოდით. სულ ერთად ვიყავით და ნელ-ნელა რაღაცები გაიხსნა, ცუდიც გამოვცადეთ, კარგიც. Წლისთავის აღნიშვნის თარიღიც არ გვაქვს. ძალიან ბუნებრივად მოხდა ყველაფერი და ზუსტად ეს მომწონს ჩვენს ურთიერთობაში. ეს იყო ძალიან ადამიანურად, გულწრფელად, და არა  რომანტიზუბულად. 

ამ სახლში გავიზარდე. მე და ჰაკუ რაც ერთად ვართ, მას მერე ვიგრძენი, რომ მეორე ოჯახიც არსებობს, ანუ ოჯახი, რომელსაც მართლა შენ ირჩევ. ისე, როგორც დედაჩემმა და მამაჩემმა აირჩიეს თავის დროზე. Ზუსტად ამ დროს მივხვდი, რომ რაღაცნაირად ჩემს ოჯახს ჩამოვშორდი.  ადრეც მყოლია პარტნიორები, მაგრამ ახლა თითქოს წერტილი დაისვა. Ჩვენ ოჯახი ავირჩიეთ: ჩვენ და კატები. ქვიარულად. 

ამ სახლში ბებიაჩემთან, ბაბუაჩემთან, მამაჩემთან და დედაჩემთან ერთად ვცხოვრობდი. ბაბუაჩემი ცოცხალია, სამწუხაროდ. ზემოთ წევს თუ ზის, არ ვიცი. მამაჩემი წელიწადია უკვე ბათუმში მივლინებაშია სამსახურიდან, რაც ჩემთვის ძალიან კომფორტულია, არ მაქვს კომუნიკაცია. ბოლოს რომ შევხვდით, მაგრად ვიჩხუბეთ. ურთიერთობა მხოლოდ დედაჩემთან და ჩემს დედმამიშვილებთან მაქვს. ისინიც ქვიარები არიან.  ოჯახს ჩვენ ვერ ვირჩევთ. შეიძლება, ჩვენი სული ირჩევს, სანამ ამ ქვეყანას მოვევლინებით, არ ვიცი… 

დედაჩემისგან სრული თავისუფლება მაქვს, მაგრამ აქ მაინც კომფორტულად არ ვარ.  უკვე ჩემი ოჯახი მაქვს და ახალი სივრცე გვჭირდება. Საერთოც და ცალ-ცალკეც.  ჰაკუს მაგალითად, არ შეუძლია ცალკე დაჯდეს და იმუშაოს, ამ დროს მე მუსიკა დავწერო. განა ვუშლით ხელს ერთმანეთს, ერთმანეთის გარეშე ვერც ვძლებთ. Მაგრამ პირადი სივრცე მაინც გვჭირდება.

აქ გაჩერება დიდხანს არ გვინდა. ამ სახლში მარტო მე და ჰაკუ რომ დავრჩეთ, შეიძლება საკმარისი იყოს, ცხოველების მოყვანა გვინდა. თხა და კატები გვეყოლებოდა. ფინანსურად მაგის შესაძლებლობა რომ გვექნება, შვილის ნაცვლად, მაგათ ვიყოლიებთ. ცხოველებს მოვუვლით და იმედგაცრუებებიც ნაკლებად იქნება.

ბარტი,  49 წლის. ნიკოლო ღვინიაშვილი, ტრანსგენდერი კაცი. შვილი - თიკო, 30 წლის.

ცირკთან პორტრეტი - ეთო და ვერონიკა

,,ნოუთბუქების ხელოსანი ვარ, იურიდიული განათლებაც მაქვს  და ასევე ვმუშაობ თანასწორობის მოძრაობაში, რომელიც 2011 წელს დავაარსეთ მე და ჩემმა მეგობრებმა. ოთხი წელი ოფისი არ გვქონდა. დღეს კი, როგორც ამბობენ, ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლგბტ ორგანიზაცია ვართ.

ამ სახლში გავიზარდე. აქ ვცხოვრობდით დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი ძმა და მე. ეს ოთახი ჩემი და ჩემი ძმის საძინებელი იყო. 

,,ქამინგ აუთი'' რასაც ჰქვია, არასდროს გამიკეთებია. ასეთი ვიყავი ბავშვობიდან. ექიმებში დამარბენინებდნენ, ფსიქიატრთან, სექსოპათოლოგთანაც. როცა ფინანსურად დამოუკიდებელი ხდები, ისე ვეღარ გიტევენ ჩემი დაკვირვებით. მშობელიც ვარ, შვილიც ვარ და გარკვეული თვალსაზრისით,  ეგ მეც გამომიცდია.  ძალიან გამიჭირდა ჩემი შვილის გაშვება, რადგან აზიატი ვარ მაინც ბუნებით და რთული იყო. 

თიკო, ჩემი შვილი, 14-15 წლის იქნებოდა მაშინ  და ერთი მეგობარი მეუბნებოდა,  ალბათ, ხვდება რაღაცებსო. მე ვფიქრობდი, რომ ჯერ ბავშვი იყო. ამ მეგობარმა მირჩია, ჯობია უთხრა, შენ მიმართ ნდობა გაუჩნდებაო.

ხოდა წავიყვანე ინკლუზივში (პირველი ლგბტ ორგანიზაცია საქართველოში) ერთი-ორჯერ და მერე ვუთხარი ვინც ვიყავი. რაღაცას ვხვდებოდიო, მითხრა, მაგრამ ისეთი მიყვარხარ, როგორიც ხარო... თითქოს მეორედ დავიბადე. დამალვა რომ არ გიწევს შენს საყვარელ ადამიანთან, სრულიად თავისუფლდები. 

2011 წელს სახელი შევიცვალე და 2012-ში არჩევნები რომ იყო, ბიულეტენი მივიდა მამაჩემთან. დამირეკა, მე ასეთი სახელით შვილი არ მყავსო. ერთი ნახევარი საათი  ვუხსნიდი, რომ მე ისევ მისი შვილი ვიყავი, არაფერი ჩემში არ შეცვლილა, უბრალოდ,  ასე უფრო კომფორტული იყო ჩემთვის.  ვუხსნიდი, რომ როგორც ეგზოტიკურ ცხოველს ისე აღარ შემომხედავდნენ ბანკებში და სხვა დაწესებულებებში, რიგში ხალხი არ მომაჩერდებოდა პირდაღებული.. 

დიდხანს ველაპარაკე, ავუხსენი, ჭიქა რომ აიღო და ტაშტი დაუძახო, ფუნქცია ხომ არ შეეცვლება-მეთქი?! ფორმაც და შინაარსიც იგივე დარჩება-მეთქი. ეს იყო სექტემბერში, ან ოქტომბერში.  დეკემბერში დამირეკა და ნიკოლოზობა მომილოცა. ძაან მაგარი დღე იყო ეგ ჩემთვის. 

Სინამდვილეში, სახელი მაგიტომ შევიცვალე: სახელმწიფოსთან ურთიერთობების გამო, თორე ყველა ისედაც ბარტს მეძახდა. ძველი სახელი არც არავინ იცის."

ცირკი
,,ცირკის გოგოები ჩემი მეორე ოჯახია. ცირკთან არის პლეშკა -  სექსმუშაკების სამუშაო ადგილი. სარჩოს აქ მოიპოვებენ. Სხვა შემთხვევაში, შიმშილი და ქუჩაში ცხოვრება ემუქრებათ. 

3-4 წლის წინ, თითქმის ყოველ ღამე მანდ ვიყავი. სულ რაღაც ხდებოდა, სულ ჩხუბი იყო. 15-20 გოგო მაინც იდგა მაშინ. დაბადების დღეებს იქ ვიხდიდით და რეალურად ჩვენი თავშეყრის, ურთიერთობის სივრცე მანდ იყო. Სახლში, ძირითადად, სძინავთ ხოლმე. ჩემს გოგოებს ვეძახი და ისინიც ზოგჯერ მამიკოს, ზოგჯერ ქმარს დამიძახებენ ხოლმე…

ორგანიზაციიდან არ მევალება იქ სიარული, არც შეშის მიზიდვა, არც ყავის და არც ჩაის მიტანა. თავს რომ დაესხმებოდნენ, გავრბოდი და ხან საავადმყოფოში ვათენებდი და ხან პოლიციაში. უმცირესობის უმცირესობა ვართ ტრანსი ადამიანები და ამიტომ მე, როგორც ტრანსგენდერი აქტივისტი, თითქმის სულ იქ ვიყავი.  

გოგოების უმეტესობა წავიდა ქვეყნიდან. ახლები ვინც არიან, ძირითადად, სახლში მუშაობენ. თითქმის აღარავინ დარჩა ცირკთან. ბევრი ბელგიაში, ან გერმანიაშია. ეთო და ვერონიკა ძველები არიან.  საქართველოში ტრანსგენდერი ქალები, ძირითადად, სექსმუშაკები არიან. თითქოს ახლა იცვლება ეს ტენდენცია. თემიდა  ტრანს-ორგანიზაციაა და მათ დასაქმებაში ​​ეხმარება. დღეს განათლების მიღების შესაძლებლობაც გაჩნდა. ადრე, მშობლები სახლიდან რომ აგდებდნენ, ზოგს სამი კლასის განათლება ჰქონდა მხოლოდ და შესაბამისად, სამსახურს ვერც იპოვიდნენ. ოჯახის მხარდაჭერა  თუ არ გაქვს, ძალიან რთულია. თან სწავლას და თან მუშაობას ვერ შეძლებ. ეს ჩვენს თემში დიდი პრობლემაა."

მარიკა ქოჩიაშვილი, 36 წლის, ფოტოგრაფი/არტისტი, დედამისი ლიკა და მარიკას უფროსი და ნინო

მარიკა და მისი შეყვარებული მეი

ამ სახლში გავიზარდეთ მე და ჩემი დები. ერთ საძინებელში მშობლებს ეძინათ და მეორეში, ჩვენ, სამივეს. 12 წელია აქ აღარ ვყოფილვარ. ახლა გადმოვიდნენ ჩემები და ზუსტად ჩემს ჩამოსვლას დაემთხვა. რამდენი რამ მახსენდება. დახატულიც მაქვს ეს სახლი. არქიტექტურული ნახაზივითაა ის ნახატი. ყველა ოთახი და კუთხე-კუნჭული მახსოვს და თითოეულთან ასოციაციები მაკავშირებს. სიყვარულობანა და ჩემი თინეიჯერული ვნებები - ყველაფერი აქ დაიწყო. Მათ შორის, ჩემი ქვიარ ცხოვრებაც.  ისე, რომ არავის გაეგო, არავის შეემჩნია. დღეს წარმოუდგენლად მეჩევენება მაშინ რასაც ვბდედავდი, ერთ ჭერქვეშ. რა სექსი, რის სექსი, როცა გვერდით დედაშენს სძინავს?!

ამ სახლში პირადი სივრცე არასდროს მქონია. ტუალეტის კარიც კი არ იკეტებოდა. ყველას შეეძლო ნებისმიერ დროს შემოეღო და შემოსულიყო. ამასთან ერთად, სამ დას ერთ ოთახში გვეძინა. Ჩემი სიყვარულობანა და მესიჯობანა საბნის ქვეშ ხდებოდა, საიდუმლოდ, არავის არაფერი უნდა გაეგო. 

ქვიარ ნათლობა ამ სახლს იმაზე ადრე ჰქონდა, ვიდრე მე გავაცნობიერებდი ჩემს სექსუალობას; იმაზე ადრე, ვიდრე ქვიარობა ქულ იქნებოდა, ჰაჰა. ჩემი გეი მეგობრების სამოთხე იყო ეს სახლი... რაც აქ ქვიარ ცრემლია დაღვრილი?! რაც აქ ქვიარ ორგაზმია განცდილი.. ჩემებმა რომ იცოდნენ… რაც აქ ქვიარ საიდუმლოა გაზიარებული. სად იყო მაშინ გეი ბარები, ერთი საქსესი იყო, მგონი. მოკლედ, ამ სახლს დიდი ქვიარ ისტორია აქვს და ამიტომაც მიყვარს ძალიან. საიდუმლო ქვიარ ისტორიებით სავსე სახლია. ოღონდ, მხოლოდ მაშინ, როცა ყველას ეძინა, ან სახლში არავინ იყო. ყველაფერი იცვლება, როცა უფროსები სახლში არიან. 

რაც მე და მეის გვაკავშირებს, იმისთვის სივრცეს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, გეოგრაფიულად იქ ვიყოთ, სადაც ჩვენი ლესბოსელობისთვის არ ჩაგვქოლავენ. წელს, სხვათა შორის, პირველად მქონდა განცდა ლონდონში დაბრუნებისას, რომ სახლში მოვდიოდი. და ეს მეტწილად იმიტომ, რომ ვიცოდი, მეისთან ჩამოვდიოდი. ამიტომ, აქ, ლონდონში, სახლი, როგორც ფიზიკური სივრცე ნაკლებად მაღელვებს. აქ სხვა რამ მაქვს. აქ საბანში დამალვა არ მჭირდება სიყვარულობანასთვის. მარტო იმიტომ კი არა, რომ თინეიჯერი აღარ ვარ და დასამალი არაფერი მაქვს. აქ აჩრდილები არ მადგას თავზე: იესოსი, დედაჩემის, მამაჩემის და ბებიაჩემი ნათელასი. და ეს არის ის ოჯახი, რომელსაც მე ვირჩევ, ჩემი ბავშვობის სახლიდან ძალიან, ძალიან შორს.


ფოტოპროექტი მომზადებულია Kulbroan-ისა და Chai Khana-ს თანამშრომლობის ფარგლებში, "ახალი დემოკრატიის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით.

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია