მე-20 საუკუნის ცნობილ და გავლენიან კინორეჟისორს სერგო ფარაჯანოვს საბჭოთა ხელისუფლებამ განაჩენი გამოუტანა და მისი სექსუალური ორიენტაციის გამო, დააპატიმრა. იმ პერიოდში ფარაჯანოვს უკვე კარგად იცნობდნენ. მისი დაბადებიდან თითქმის საუკუნეა გასული და ფარაჯანოვის იდენტობა ქვიარ ადამიანებმა საქართველოში თითქოს ხელახლა გაიაზრეს.
ათწლეულების მანძილზე, საბჭოთა ეპოქაში, ჰომოსექსუალობის გამო საბრალდებო განაჩენი განსაკუთრებული/ექსტრაორდინალური ფარაჯანოვის ბიოგრაფიაში პოლიტიკურად მოტივირებულ ჩანაწერად აღიქმებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ ქორწინებაში მყოფი ფარაჯანოვი ღიად არასოდეს ლაპარაკობდა თავის სექსუალურ ორიენტაციაზე, საზოგადოებაში კარგად იცოდნენ და საჯაროდაც განიხილავდნენ მის ჰომოსექსუალობას (ან ბისექსუალობას). ფარაჯანოვი უკვე საკმაოდ პოპულარული იყო, როცა საბჭოთა ხელისუფლებამ ის თანამდებობის პირის გაუპატიურებაში დაადანაშაულა. 1973 წელს დამნაშავედ სცნეს და ოთხი წელი მან სამ სხვადასხვა უკრაინულ შრომით ბანაკში გაატარა. სომხეთსა და საქართველოში სამი თაობა ამტკიცებს, რომ ის მათი ერის შვილია; სჯერათ, რომ ფარაჯანოვის ბრალდება და პატიმრობა პოლიტიკურად მოტივირებული იყო.
ეთნიკურად სომეხი მშობლების ოჯახში 1924 წელს დაბადებულმა ფარაჯანოვმა, ავანგარდული კინორეჟისორების, არტისტებისა და მსახიობების ყურადღება მთელ მსოფლიოში თავისი ფილმებით მიიპყრო, სადაც პერსონაჟები ჩაცმის სტილით და მოძრაობებით საპირისპირო სქესს განასახიერებენ. მისმა ნამუშევრებმა 1960-იან წლებში თანამედროვე კინო ხელახლა განსაზღვრა და ზოგიერთმა ფილმმა არტისა და ფილმის სამყაროში უდიდესი აღიარებაც დაიმსახურა, განსაკუთრებით, “ბროწეულის ფერმა.” მისმა ფილმებმა და დისიდენტებთან ახლო მეგობრობამ საბჭოთა ხელისუფლება გააბრაზა, თუმცა ციმბირის ბანაკიდან, ხუთი წლის ნაცვლად, ოთხ წელში გაათავისუფლეს.
ჟან-ლუკ გოდარი, მიქელანჯელო ანტონიანი და ანდრეი ტარკოვსკი იმ რეჟისორებს შორის იყვნენ, რომლებსაც ფარაჯანოვის ნამუშევრები შთააგონებდათ, განსაკუთრებით, “ბროწეულის ფერი.”
“ფილმის ტაძარში არის გამოსახულება, სინათლე და რეალობა. ფარაჯანოვი ამ ტაძრის ოსტატი იყო,” ამბობდა გოდარი. ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა პოპვარსკვლავმა ლედი გაგამ თავის მუსიკალურ ვიდეოში 911 მას პატივი მიაგო. ჩიკაგოს უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის პროფესორი ლეა ფელდმანი ამბობს, რომ ათწლეულების განმავლობაში, ფარაჯანოვი ძალიან გავლენიანი გახდა ხელოვანთა ფართო ჯგუფში, მათ შორის, ქვიარ არტისტებში.
“მან ნამდვილად იქონია გავლენა რამდენიმე ხელოვნების ნიმუშზე და რა თქმა უნდა, იმ არტისტებზე, რომლებიც პერფორმანსს ქმნიან,” ამბობს ლეა ფელდმანი.
ფედელმანი აღნიშნავს, რომ ფარაჯანოვის შემოქმედებიდან ქვიარების განსაკუთრებული ყურადღება თბილისელმა კინტოებმა მიიქციეს. კინტოები ვაჭრები ან უმუშევარი ხალხი იყვნენ მე-19 საუკუნისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის საქართველოში. მათი ძირითადი საქმე რესტორნებში სტუმრების გართობა/გამხიარულება იყო. კინტოს საფუძველზე, მამაკაცის ცეკვის განსხვავებული სტილი ჩამოყალიბდა.
“ისინი მოცეკვავეები იყვნენ და როგორც ხალხი ამბობდა, გეებიც. სწორია ეს პერსპექტივა, თუ არა, შეიძლება საკამათოა, მაგრამ მათი ცეკვის მოძრაობები ნამდვილად აღიქმებოდა, როგორც ფემინური,” ამბობს ლეა ფელდმანი.
“თბილისი პრაიდმა” კინტო მოცეკვავეები თავისი თემის სიმბოლოდ აქცია. 2022 წლის თბილისის პრაიდის ფესტივალზე, მათ ფარაჯანოვიც გაიხსენეს, ნაწილობრივ როგორც სიმბოლო, რომელიც თავისი ჰომოსექსუალობის გამო დაისაჯა.
სექსუალური იდენტობის მიუხედავად, ფარაჯანოვის ბრძოლა გამოხატვის თავისუფლებისთვის შთამბეჭდავი და მისაბაძი აღმოჩნდა ქვიარ ადამიანებისთვის საქართველოში. თავიანთი უფლებებისთვის ისინი უამრავ გამოწვევას უმკლავდებიან. თემის წევრებს ხშირად თავს ესხმიან. ქვეყნის მმართველი პარტიისგან და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მხირდან მათ სამოქალაქო უფლებებს არაერთხელ დამუქრებია საფრთხე.
,,ამ ფონზე, მოძრაობა თბილისი პრაიდი აქტიურად ცდილობს მისაბაძი მაგალითები იპოვოს და ახალგაზრდები გააძლიეროს”, ამბობს აქტივისტი თამარა კაპანაძე.
,,მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოში გაცილებით მეტი უსაფრთხო სივრცეა ქვიარებისთვის, როცა ხილვადობაზეა ლაპარაკი, ჯერ კიდევ უამრავი პრობლემაა.”
ფარაჯანოვი არა მხოლოდ მისაბაძია ქვიარ თემისთვის, არამედ ინსპირაციის დიდი წყაროც.
,,ფარაჯანოვს უყვარდა ეს ეკლექტიკური მრავალფეროვნება, იმიტომ რომ შემოქმედების მთავარი ინსპირაცია სილამაზის შექმნაა - ფერადი, დეკორატიული სილამაზე. მისი ფილმები და კოლაჟები - ხელოვნების ფორმა, რომელიც მან ციხეში ყოფნისას განავითარა - ამბის თხრობისთვის დეკონსტრუქციასა და დესტაბილიზაციას იყენებს.”
“იმისათვის, რომ მთლიანი ამბავი გადმოსცეს, ის, ფაქტობრივად, ყოველდღიურ ხმარებაში გამოყენებულ ნივთებს კრებს. მან შექმნა რიტუალები და ტრადიციები, რომლებიც ყოველთვის დესტაბილიზაციაზეა,” ხსნის კინომცოდნე თეო ხატიაშვილი.
მას ფარაჯანოვზე წიგნი აქვს დაწერილი და ამბობს, რომ საკუთარი სექსუალობისადმი ფარაჯანოვის ღიაობა მის ესთეტიკაში გამოიხატება. კინორეჟისორის ნამუშევრების ძირითადი მახასიათებელი მეტამორფოზა/გარდაქმნაა. თავის ფილმებში ის ხშირად თამაშობს გენდერული ნიშნების მონაცვლეობით. მაგალითად, მსახიობი ქალი ერთდროულად თამაშობს ქალისა და მამაკაცის როლებს. ინტერვიუში ფარაჯანოვს ნათქვამი აქვს, რომ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა შეყვარებული წყვილის სპარსულმა ნახატმა, სადაც ისინი გვერდიგვერდ სხედან და ერთი სახე აქვთ. ეს სტილიზებული გამოსახულება, ზოგადად, დამახასიათებელია სპარსული მინიატურისთვის, რომელმაც ფარაჯანოვზე გავლენა იქონია და ფილმის ,,ბროწეულის ფერის’’ შთაგონება გახდა.
პროფესორი ფელდმანი ამბობს, რომ ფარაჯანოვი კავკასიის რეგიონს იმ სამყაროს ნაწილად აღიქვამდა, რომელიც ჯერ არ იყო ნაციონალიზებული; რომელიც კვეთდა საზღვრებს. ის აღნიშნავს, რომ გენდერის ამ არამყარ/ცვალებად პორტრეტს, რომელიც ასევე მერყევ კუთვნილების გრძნობას აერთიანებდა, სიურეალისტური განზომილება ჰქონდა.
ამ შეფასებას იზიარებს ერევანში ფარაჯანოვის მუზეუმის დირექტორი ანაჰიტ მიქაელიანი. ,,ის კავკასიის ცენტრიდან იყო, თბილისიდან ჩამოვიდა, სადაც რეგიონის თითქმის ყველა კულტურას გაეცნო. მას თავად შექმნის პროცესი უყვარდა. შეიძლება ითქვას, რომ თამაში უყვარდა. თამაშობდა სცენებით, ნივთებით, თამაშობდა მსახიობებთან. ეს ყველაფერი მან გააცოცხლა. როცა მის ფილმს უყურებ, ხედავ, რომ ეს მხოლოდ ფილმი არ არის, ეს ხელოვნებაა, რომელიც ცოცხალია.”
ფარაჯანოვი 1990 წელს გარდაიცვალა ერევანში. მუზეუმისა და ქანდაკების გარდა, მის მშობლიურ ქალაქში, თბილისში, ცოტა რამ მიგანიშნებთ იმ ფაქტზე, რომ ფარაჯანოვი საქართველოდან იყო.
კინოკრიტიკოსი თეო ხატიაშვილი ამბობს, რომ ქართული და სომხური კულტურა ჯერ კიდევ კონსერვატიული და ჰომოფობიურია. ,,ვერ ვიტყვი, რომ ფარაჯანოვის სექსუალობა ახლა აღმოაჩინეს, მისი ჰომოსექსუალობა ცნობილი ფაქტი იყო. სხვა საქმეა, რომ ისეთ ტრადიციულ კულტურებსა და საზოგადოებებში, როგორებიც საქართველოსა და სომხეთშია, ჰომოფობია და ტრადიციული ხედვა, ადამიანებს ხელს უშლით თავისუფლად იფიქრონ. რომ აღარაფერი ვთქვათ აგრესიაზე, რომელიც ლგბტქ(ი) ადამიანების მიმართ აქვთ.”
ერევანში ფარაჯანოვის მუზეუმის დირექტორი ვერ ხედავს აუცილებლობას ქვიარ საზოგადოებაში ფარაჯანოვის, როგორც მისაბაძი მაგალითის, ხელახლა გაცოცხლებისა. მისთვის კინორეჟისორის ორიენტაციას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა და დარწმუნებულია, რომ დღეს სომხეთში ქვიარ არტისტებსა და რეჟისორებს მეტი თავისუფლება აქვთ. “დღეს განათლებული საზოგადოება გვყავს. სექსუალობა აღარ არის მნიშვნელოვანი/განმსაზღვრელი არც სომხეთში, არც საქართველოში და არც სხვა ქვეყნებში. დღეს გახსნილი, განათლებული ახალი თაობა გვყავს,”ამბობს მიქაელიანი.
მაგრამ თამარ კაპანაძე აღნიშნავს, რომ დღეს მისი თაობიდან ცოტამ თუ იცის ფარაჯანოვის შესახებ. არც სომხეთსა და არც საქართველოში ბევრი არაფერი გაუკეთებიათ მისი მემკვიდრეობის პატივსაცემად; არც საზოგადოების ინფორმირებისთვის ფარაჯანოვის წვლილზე კინოში და ზოგადად, ხელოვნებაში.
“1960-იანი წლები საბჭოთა კავშირში ძალიან საინტერესო პერიოდი იყო. ფარაჯანოვი სულ ხალხში ტრიალებდა. ჩვენ მასზე სკოლებში არ ვასწავლით, არც უნივერსიტეტებში. თუ კინოს ან ხელოვნების რომელიმე სფეროს არ სწავლობ…შეგიძლიათ ხალხს ქუჩაში ჰკითხოთ მასზე და ვერაფერს გეტყვიან,”ამბობს თამარი.
“როცა ქვიარ არტისტებზე ვლაპარაკობთ, თითქოს ისინი წარსულში საერთოდ არ არსებობდნენ საქართველოში…ამიტომ არის მნიშვნელოვანი ფარაჯანოვზე, როგორც ქვიარ თემის წევრზეც ვისაუბროთ.”
სტატია მხარდაჭერილია ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს Deutsche Gesellschaft e. V.
გააკეთე დონაცია