უკეთესი მოსავლისთვის ქართველი ფერმერები ტრადიციას უბრუნდებიან

ავტორი: ლელა ჯობავა

05.07.23
თემა: გარემო

თბილისიდან დაახლოებით 50 კილომეტრში, ფერმერების ჯგუფი ‘’მშვიდ რევოლუციას’’ აწყობს. 

რასაც ჩვენ აქ ვაკეთებთ, უფრო ჯანსაღი მომავლის იმედს მაძლევს. ნიადაგი უფრო ჯანმრთელი იქნება და შესაბამისად, საკვებიც, რომელსაც ვჭამთ,”ამბობს რატი კობერიძე.

რატი ფერმერია და უდაბნო ჯგუფის კომპანია “ჯუნიპერუსში” მუშაობს, რომელიც რეგენერაციული/აღდგენითი მეურნეობის პირველი მასშტაბური მცდელობაა საქართველოში. ეს ქოლგა ტერმინია, რომელსაც მდგრადი, ეკოლოგიურად სუფთა მეურნეობის პრაქტიკის აღსაწერად იყენებენ. აქ იგულისხმება მოსავლის მონაცვლეობა, პესტიციდებზე უარის თქმა, დეგრადირებული ნიადაგის აღდგენა და კომპოსტის მომზადება. ამ ყველაფრის მიზანი ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნების აღდგენა, ნიადაგის გამოცოცხლება, კულტურების ხარისხის გაუმჯობესებაა. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნებში ეს მოძრაობა ათეული წელია პოპულარულია, საქართველოში ის პირველად მათემატიკოსმა და აგრონომმა გია რაზმაძემ რამდენიმე წლის წინ დანერგა. 

2019 წელს მან ორ მეგობართან ერთად: მწერალ ირაკლი ლომოურთან და მხატვარ ვატო წერეთელთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია “რეგენერაციული სოფლის მეურნეობის ცენტრი” შექმნა. ისინი ამ მეთოდის დასანერგად ფერმერებთან  2022 წლიდან მუშაობენ. 

“უდაბნო” აჭარა ჯგუფის ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა. კახეთში მათ დაქვემდებარებაში არსებული სასტუმროები მოსავლით მათი ფერმიდან მარაგდებიან. 20 000 ჰექტრამდე მიწაზე გაშენებულია ნუშის, ფსტასა და ზეთისხილის ბაღები, ქართული ენდემური ვაზის ვენახები, ხეხილის ნარგავები, ბუნებრივ პირობებში გაზრდილი საქონლისა და ფრინველის ფერმები.
რეგენერაცია არა მხოლოდ ნიადაგის სიჯანსაღეს უწყობს ხელს, არამედ 10-ჯერ უფრო მდიდარ და ჯანმრთელ მოსავალს გაძლევს. თან ნაკლები ფიზიკური შრომა გჭირდება, ქიმიური და ტექნიკური ჩარევების გარეშე,”ამბობს გია რაზმაძე, რომელიც უდაბნო ჯგუფის კომპანია “ჯუნიპერუსის” სტრატეგიული დაგეგმვისა და განვითარების დირექტორია.

ამ მეთოდის სხვა მხარდამჭერებიც ფიქრობენ, რომ საქართველოში რეგენერაციულ მეურნეობას პოტენციალი აქვს და მას სოფლის მეურნეობის სექტორის გაძლიერება და გაჯანსაღება შეუძლია, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც მოსახლეობა მიწათმოქმედებაზეა დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ მრავალფეროვანი კლიმატის, საკმარისი წყლის რესურსებისა და კარგი ნიადაგის წყალობით, სოფლის მეურნეობა, ტრადიციულად, მნიშვნელოვანი რგოლი იყო ქვეყნის ეკონომიკაში, 1991 წლიდან (ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდი) ის ბევრი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა.

“საქართველო ახლა არის ზღვარზე, სწორი გზა უნდა აირჩიოთ - მხარი დაუჭიროთ და გააძლიეროთ ყველა ფერმერი, ამას გრძელვადიანი შედეგი ექნება. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს საექსპორტო პოტენციალი აქვს,” ამბობს ფელიქს ჰუბნერი, რომელიც ბიოდინამიური ფედერაციის Demeter International-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრია. 

ჰუბნერს სჯერა, რომ რადგან კლიმატის ცვლილება გავლენას ახდენს ტრადიციულ ევროპულ მეურნეობებზე, მაგალითად, საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში, საქართველოს აქვს უნიკალური შანსი ბაზარზე ეს სიცარიელე ამოავსოს. 

“საქართველოში ჯერ კიდევ ბევრი მიწაა ხელუხლებელი. ფერმერების მწირი ცოდნა ამ მიმართულებით ნამდვილად სამწუხარო და შემაშფოთებელია.”

რეგენერაციული აგროკულტურის ცენტრი მდგომარეობის გაუმჯობესებას საგანმანათლებლო პროგრამებით ცდილობს. პროექტი უდაბნოს წარმატებაც ამის მაგალითი იქნება. 

ფერმერმა ილია კომახიძემ ახალი მეთოდის გავლენა უკვე შეამჩნია ნიადაგზე: “რეგენერაციულ/აღდგენით მეურნეობაში მუშაობამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ნელ-ნელა დიდი ცვლილები იქნება.”

თენგო ანდღულაძე გორში აღდგენის მეთოდით ამუშავებს 30-ზე მეტ მცენარეს,  მოჰყავს ხილი და ამდიდრებს ნიადაგს. ის არ იყენებს ქიმიურ სასუქებს და კულტივირების სხვა ხელოვნურ საშუალებებს. “არ ვცნობ ხილის მოყვანის ხელოვნურ გზებს. მიწის მხოლოდ ზედაპირზე ვმუშაობ. ჩემთვის ძირითადი სასუქი ბალახი, წყალი, ნიადაგი, მზე, ნაკელი, და საკვების ნარჩენებია,” ამბობს თენგო.

თენგო მცენარეებს მთვარის ფაზების მიხედვით თესავს, ისე, როგორც ამას მისი წინაპრები აკეთებდნენ. სჯერა, რომ ამ მეთოდით წყალი მცენარემდე უკეთესად აღწევს და მის ზრდას აჩქარებს. “მთელი წლის განმავლობაში უგემრიელესი ხილი და ბოსტნეული გვაქვს.”

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის უვნებლობის საკონსულტაციო ცენტრის, მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ ჩუბინიშვილი მდგრადი მეურნეობის პოტენციალს ხედავს.

თუმცა, იმასაც აღნიშნავს, რომ დიდი ზომის ფერმერული მეურნეობა თანამედროვე მეთოდებსაც მოითხოვს.
“ქართულმა მიწამ ნაყოფიერება იმიტომ შეინარჩუნა, რომ სოფლის მეურნეობა კარგად განვითარებული არ არის. მაგალითად, თიანეთის მუნიციპალიტეტს მწვანე ზონის სტატუსი აქვს, რადგან იქ  პესტიციდები და ქიმიკატები არასოდეს გამოუყენებიათ,”ამბობს მარიამი. მისი თქმით, ბევრი ფერმერი დღესაც იყენებს ტრადიციულ მეთოდებს, მაგრამ ამავდროულად, მოსავლის დიდი დანაკარგიც აქვთ ხოლმე, როცა რეგიონს მავნე მწერები შემოესევიან.

“ჩვენ გავცემთ რეკომენდაციებს პესტიციდებზე, ქიმიკატებზე, ჰერბიციდებზე, დოზირებაზე და მათი გამოყენების პირობებზე, მაგრამ ფართომასშტაბიანი წარმოება თუ გაქვს და ბაზარზე გაგაქვს პროდუქტი, პესტიციდების გარეშე ძალიან რთულია. გაიდლაინების დაცვა მნიშვნელოვანია,”ამბობს მარიამ ჩუბინიშვილი

გია რაზმაძე აღიარებს, რომ კომერციული მეურნეობის შემთხვევაში, რეგენერაციული სოფლის მეურნეობის უპირატესობაში ადამიანების დარწმუნება გამოწვევაა. ეს მეთოდი ცალკეულ შემთხვევაში, სწორი გადაწყვეტილების პოვნას მოითხოვს. 

“ფერმერებს ცვლილებების ეშინიათ. რეგენერაციული სოფლის მეურნეობა პრობლემის უნივერსალური გადაწყვეტა ნამდვილად არ არის. განსხვავებული პრაქტიკა მუშაობს ცალკეულ რეგიონში, თითოეული მეურნეობის პირობებიც გასათვალისწინებელია, თუმცა, ის გარკვეულ პრინციპებს მაინც ეფუძნება. ადრე თუ გვიან, ახალგაზრდა ფერმერები მაინც მიხვდებიან, რომ ინდუსტრიული სოფლის მეურნეობა თავისი არსით, დესტრუქციულია, ხოლო რეგენერაციული მეურნეობა ავითარებს ეკოსისტემას. მდგრად სოფლის მეურნეობას კი შეუძლია ადამიანების საჭიროებების, გარემოსა და მიწის ჰარმონიზაცია.


სტატია მომზადებულია Chai Khana-ს Fellowship-ის პროგრამის ფარგლებში. გაზაფხული, 2023


სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული ყველა მოსაზრება ეკუთვნის ავტორს და არ გამოხატავს ფრიდრიხ ებერტის ფონდის პოზიციას.

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია