არ უნდა მეთქვა, რომ დედა ოსი იყო | ქართულ-ოსური ურთიერთობები 30 წლის შემდეგ

ჟურნალისტი: ლანა კოკაია
16.08.23

,,ძალიან პატარა ვიყავი, როცა სახლში გამაფრთხილეს, რომ თუ ვინმე შემეკითხებოდა დედაზე, მის გვარზე, ან საიდან იყო წარმოშობით…არ უნდა მეთქვა, რომ ოსი იყო,” იხსენებს ქეთი კობიაშვილი.

ქეთი 32 წლის არის, 1990 წელს დაიბადა, ერთი წლით ადრე, სანამ ეთნიკურ ოსებსა და ეთნიკურ ქართველებს შორის დაპირისპირება შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზრდებოდა. 

პირველი ქართულ-ოსური კონფლიქტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო, 80-იანი წლების ბოლოს, როცა სამხრეთ ოსეთმა დამოუკიდებლობის სურვილი გამოაცხადა. ამის საპასუხოდ, საქართველოს მთავრობამ 1990 წლის 11 დეკემბერს სამხრეთ ოსეთს ავტონომიური ოლქის სტატუსი გაუუქმა. პირველი შეიარაღებული დაპირისპირება 1989 წლის ნოემბერ-დეკემბერში იყო, 1991-1992 წლებში ბრძოლები კიდევ უფრო გამწვავდა. ასობით ადამიანი დაიღუპა და ათასობით ოჯახი - როგორც ქართველები, ასევე ოსები - იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა.

ქეთის მშობლებმა დარჩენა გადაწყვიტეს. თუმცა, ამ დარჩენას თავისი ფასი ჰქონდა. ,,დედა განათლებული, თავმდაბალი ადამიანია. იმის გამო, რომ ყოველთვის დამალვა უწევდა, თავისი პოტენციალი ვერ გამოიყენა, ვერ რეალიზდა. როგორც ჩანს, 90-იანი წლების მოვლენებს თავისი გავლენა ჰქონდა ადამიანის პიროვნულ განვითარებაზე,” ამბობს ქეთი.

ქეთის მშობლები - ნინო ვალიევი და მერაბ კობიაშვილი. ქალაქი პიატიგორსკი, 1985 წელი

მიუხედავად იმისა, რომ ქართველები და ოსები თაობების განმავლობაში მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ, 90-იან წლებში ეს ურთიერთობები ისე გაფუჭდა, რომ ოსები იძულებულები გახდნენ, ქართველებით დასახლებული ადგილებიდან აყრილიყვნენ. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ იმ პერიოდში ეთნიკურმა ოსებმა დაკარგეს სამსახური, სახლები, განიცდიდნენ დისკრიმინაციას.

,,ოსები იძულებულები იყვნენ თავიანთი სახლები კაპიკებში გაეყიდათ… ოჯახები იძულებით ვლადიკავკაზში მიდიოდნენ. ასობით ასეთი შემთხვევაა. საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს არის, ალბათ, ყველაზე სამარცხვინო ფურცელი, რომლის შესახებაც ჩვენ ვდუმვართ,”ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

ცხინვალის რეგიონი, 1991
© შახ აივაზოვი/AP

დიმიტრი სანაკოევი, რომელიც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო თბილისში 2012 წლიდან 2020 წლამდე, იმ დროს სრული ქაოსის პერიოდად მოიხსენიებს და ამბობს, რომ მაშინ არავინ, არც ეთნიკური ოსი და არც ეთნიკური ქართველი, თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდა. 

,,მთელ ქვეყანაში არეულობა იყო და ოსები მაშინ თავს დაცულად არ გრძნობდნენ. ქართველებზეც იგივეს თქმა შეიძლება. იყო შემთხვევები, როცა ოსებს ართმევდნენ ფულს, ქონებას, ავიწროებდნენ, აშინებდნენ. ქართველებსაც შეუძლიათ იგივე გაიხსენონ,”ამბობს სანაკოევი. 

კონფილქტოლოგი ნინო კალანდარიშვილი მიიჩნევს, რომ 90-იან წლებში ეთნიკური ოსების მიმართ ჩადენილი დანაშაულები ნაციონალიზმის აგრესიული ტალღის აგორებით იყო გამოწვეული, რომელმაც მთელი ქვეყანა საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის შემდეგ მოიცვა.

ნინო კალანდარიშვილი ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარეა. ის აღნიშნავს, რომ მაშინ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობა ცალკე ჯგუფად აღიქმებოდა, რომელიც თითქოს არ ეთანხმებოდა ქართულ ეროვნულ პროექტს და შესაბამისად, მათ საქართველოს დამოუკიდებლობის მტრებად მოიაზრებდნენ. 

,,ჩვენს განსხვავებულობაში მტრის დანახვამ ამ შედეგამდე მიგვიყვანა. ჩვენ არც კი დაგვაინტერესა, რატომ თვლიდნენ ოსები, რომ მათთვის საშიშები ვიყავით; რატომ არ უნდოდათ დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრება, რა საფრთხეებს ხედავდნენ…სულ ცოტა განსხვავებული აზრიც კი არ შეესაბამებოდა იმდროინდელ აგრესიულ ქართულ ნაციონალიზმს,” ამბობს ნინო კალანდარიშვილი. “დღეს, სამწუხაროდ, აღარც გვახსოვს, რომ ასეთი ამბები ხდებოდა. ახალმაც და ძველმა თაობამაც უნდა იცოდეს, რა მოხდა მაშინ და რატომ მოხდა.”

ცხინვალის რეგიონი, 1991
© შახ აივაზოვი/AP

27 წლის მაგდა ხოხობაშვილის ცხოვრება სწორედ ამ მოვლენებმა განსაზღვრა. მისი დედა, ლელა, ეთნიკური ოსია, რომელიც იძულებული გახდა რუსეთში გაქცეულიყო, როცა მაგდაზე ორსულად იყო. 

,,თვეების ვიყავი, როცა დედა თბილისში დაბრუნდა. ფიქრობდა, იქნებ აქ ეცხოვრა, მაგრამ სიტუაცია იმდენად შეცვლილი დახვდა, ვერ გაჩერდა,” ამბობს მაგდა.

მაგდა სტავროპოლში, სამხრეთ-დასავლეთ რუსეთში დაიბადა და გაიზარდა. სკოლაც იქ დაამთავრა. რუსეთის სავიზო მოთხოვნების გამო, მამა ოჯახს ხშირად ვერ სტუმრობდა. ამიტომ, ზაფხულობით მაგდა ჩამოდიოდა ხოლმე თბილისში. დღეს ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრის საფეხურზე სწავლობს პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით. მისი სამაგისტრო ნაშრომი არაღიარებულ სამხრეთ ოსეთში საშინაო პოლიტიკას შეეხება.

,,საქართველო ბავშვობიდან მიყვარდა. ალბათ, მამის სიყვარულის გამო შევიყვარე ასე ძალიან. დედა მეტყოდა ხოლმე: ქართველი რომ არ მყვარებოდა, ქართველზე ვერ გავთხოვდებოდიო,”იხსენებს მაგდა.

მაგდა მამასთან, გალაქტიონ ხოხობაშვილთან ერთად. კახეთი, სოფელი მატანი, ყეინობის დღესასწაული, 2000 წელი

მაგდა დედასთან, ლეილა ქოჩიევა-ქოჩიშვილთან ერთად. სტავროპოლი, 2004 წელი

დედისგან განსხვავებით, მაგდას დისკრიმინაცია საკუთარ თავზე არასოდეს გამოუცდია. როცა მისი თანაკლასელები მაგდას წარმომავლობაზე იგებდნენ, ოჯახის ისტორია უფრო აინტერესებდათ. მტრული განწყობა მათგან არასოდეს უგრძვნია. 

ქეთისაც სჯერა, რომ დამოკიდებულებები მნიშვნელოვნად შეცვლილია დღეს, თუმცა იმასაც ამჩნევს, რომ როგორც კი ვითარება იძაბება, მაგალითად, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს, ანტი-ოსური რიტორიკა ინტერნეტში მაშინვე მძაფრდება.

როცა ოს დედაზე დავიწყე ლაპარაკი, არასოდეს მიგრძვნია ის, რაც დედამ და ჩემმა ოჯახმა საკუთარ თავზე გამოსცადა და გადაიტანა,” ამბობს ქეთი.

თუმცა, მისი ოჯახის ზოგიერთი წევრისთვის განცდა, რომ არასასურველი ხარ, არსად წასულა.

როცა ბებოს ვუთხარი, რომ გორიდან ოსი კურსელი გოგო მყავდა, ძალიან გაუკვირდა. მკითხა: “როგორ, უნივერსიტეტში ოსური გვარით მიიღეს?” ძალიან გაუჭირდა ამ ამბის დაჯერება.


სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული ყველა მოსაზრება ეკუთვნის ავტორს და არ გამოხატავს ფრიდრიხ ებერტის ფონდის პოზიციას.

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია