სხეულისა და სულის საზრდო | უძველესი სიბრძნე ქართულ ხორბალზე

ფოტოგრაფი: ნიკ ვოით

06.09.23

პური და ღვინო ქართული სუფრის განუყოფელი ნაწილია. არ აქვს მნიშვნელობა მდიდარი ოჯახია, თუ ღარიბი. ხორბალი და ყურძენი ქართულ მიწაზე ათასობით წელია იზრდება და ის ცოდნა და სიბრძნე, რომელიც თაობებს გადაეცემა, ქართული კულტურის საფუძველია. შეიძლება ითქვას, რომ ქართული იდენტობა გადაჯაჭვულია ღვინოსთნ და პურთან. მაშინ როცა ქართველებს ღვინისთვის საჭირო ყურძენი თავად მოჰყავთ, ხორბლისა და ხორბლის ფქვილის 80% რუსეთიდან შემოდის. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო მარცვლეულით  მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებულები. ეს მარცვლეული კი არსებობისთვის მთავარი პროდუქტის - პურის დასამზადებლად სჭირდება.

“ჩვენი წინაპრების მიერ ძველი ქართული ხორბლის კულტივაციასა და რჩეული მოსავლის აღებას 5000 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს,”გვიხსნის აგრონომი ირაკლი რეხვიაშვილი. “ეს ჩვენი საჩუქარია და მისი მოფრთხილება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ჩვენი იდენტობის ნაწილია, არამედ იმიტომაც რომ ის უფრო ჯანსაღი, მდგრადი და ეკონომიკურია.”

სანამ საბჭოთა რუსეთის წითელი არმია საქართველოს 1921 წელს დაიპყრობდა, მას ხორბლისა და ყურძნის მოყვანის დიდი ტრადიცია ჰქონდა. სწორ/თანაბარ მიწაზე იზრდებოდა ხორბალი, ხოლო კავკასიონის მთისწინეთის ფერდობებზე ყურძენი. საბჭოთა კავშირი საქართველოში ხორბლის წარმოებით არ იყო დაინტერესებული, რადგან მისი მასობრივი წარმოება რუსეთსა და უკრაინაში შეეძლო. სამაგიეროდ, საქართველო ღვინისა და ციტრუსის მწარმოებელ ქვეყნად განისაზღვრა. აღმოსავლეთ საქართველოს, კახეთის ნაყოფიერი ხორბლის მინდვრები ვენახებად გადაიქცა. რეგიონს საბჭოთა კავშირი ღვინით უნდა მოემარაგებინა. ამ გადაწყვეტილებამ ქართული ხორბლის კულტივაცია დაასამარა. 

ერთი საუკუნის დაგვიანებით, ქართული ხორბლის კულტურის აღდგენა დაიწყეს. პროცესი ნელია, მაგრამ სტაბილური. ოთხი ადამიანი, მათ შორის სამი ქართველი და ერთი ფრანგი, აღდგენის საქმეში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ: მცხობელი ჟან-ჟაკ ჟაკობი საფრანგეთის მოქალაქეა, რომელიც საქართველოში 2005 წლიდან ცხოვრობს. 74 წლის აგრონომი ირაკლი რეხვიაშვილი, რომელმაც ცხოვრების 30 წელი ქართული ხორბლის შეგროვებასა და გაშენებას მიუძღვნა; და ორი ახალგაზრდა ფერმერი, 27 წლის ნიკა სულაკაური და გოჩა აფციაური, რომლებიც უძველეს ტექნიკას იყენებენ ქართული ხორბლის ენდემური სახეობების მოსაყვანად და საქართველოში გასავრცელებლად.

პროექტის მომზადება იმის აღმოჩენის სურვილმა გადამაწყვეტინა, თუ როგორ დაიკარგა 5000 წლოვანი ტრადიცია საქართველოში.  იმ ადამიანებმაც დამაინტერესა, რომლებმაც ამ ტრადიციის აღდგენა დაისახეს მიზნად.

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მსოფლიოში ცნობილი ხორბლის 20 სახეობიდან 15 გხვდება.

თუმცა, დღეს საქართველო ადგილობრივი მოთხოვნის 80%-ის შესავსებად, რუსეთიდან ხორბლისა და ხორბლის ფქვილის  იმპროტზეა დამოკიდებული.

ჟან-ჟაკმა ქართული ხორბლისგან დამზადებული პური პირველად 18 წლის წინ აღმოაჩინა. მაშინ ტურისტი იყო. როცა ორგანულ ფერმაში ნიმუში ნახა, მიხვდა, რომ საყვარელი საქმე იპოვა. დღეს კახეთში, შვიდ ჰექტარ მიწაზე გაშენებულ ფერმაში ქართულ ხორბალს ამუშავებს და ცნობილი საცხობის "Au Blé d 'or" მეპატრონეა თბილისში.

,,გლუტენის აუტანლობა მაქვს და ალერგია ყოველ ჯერზე, როცა პურს ვჭამ. საქართველოში 18 წლის წინ ჩამოვედი, როცა ორგანულ ფერმაში პური გავსინჯე, ალერგია არ მოუცია,” იხსენებს ჟან-ჟაკი.   

,,ის ძველი ქართული ხორბლისგან იყო დამზადებული (ადგილობრივი ტრადიციული სახეობისგან). ამ წუთმა ჩემი ცხოვრება შეცვალა. რაღაცნაირად დავიჯერე, რომ ბედი იყო და ცხოვრების სიბრძნეს უნდა გავყოლოდი.”  

,,პურის გარეშე ცხოვრება არ არსებობს.''  

,,პური თავისუფლებაა, დამოუკიდებლობაა. პური სხეულისა და სულის საზრდოა.''

,,ქარხნებს შეუძლიათ შერეული/ჰიბრიდული ხორბლის ფქვილისგან  პურის გამოცხობა, უფრო ელასტიურია ცომი. ამას ბევრი უარყოფითი მხარე აქვს. პური ნაკლებად ნოყიერია და ადამიანებს საჭმლის მონელების პრობლემებს უქმნის. ისმის კითხვა: ღირს, თუ არა? ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ალბათ, ჯობდა ხელახლა აღმოეჩინა მივიწყებული სიბრძნე და რუსეთის იმპორტისგან დამოუკიდებელი გამხდარიყო. ეს ისეთი რამეა, შეიძლება მთავრობისგან არ მოდიოდეს, ინიციატივა ქვემოდან წამოვიდეს: ფერმებისგან და მცხობელებისგან. მე აქ იმიტომ ვარ, რომ ხალხს ვაჩვენო, რომ სხვა გზაც არსებობს; რომ ხორბალში ძველი სიბრძნეა, რომლის სწავლაც დღეს შეგვიძლია.”

საქმის დასაწყებად ჟან-ჟაკი ირაკლი რეხვიაშვილს დაუკავშირდა. 74 წლის ირაკლიმ ცხოვრების თითქმის ნახევარი ხორბლის ტრადიციული ჯიშების ქართულ მეურნეობებში დაბრუნებას დაუთმო.

ის ასურეთში, ერთ პატარა მეურნეობაში მუშაობს, თბილისიდან ერთი საათის გზაზე. ქართულ ხორბალს ისიც ბედისწერამ დააკავშირა. ,,აგრონომი ვარ პროფესიით, 1990 წელს ასურეთში ერთ ორგანიზაციაში მუშაობა შემომთავაზეს, ხორბლის ჯიშები უნდა მეკვლია და დამემუშავებინა. ერთ დღესაც დირექტორმა თქვა, რომ ორგანიზაცია იხურებოდა და 30 სახეობის ხორბლის კოლექცია გამიზიარა. მაშინ აღმოვაჩინე, რომ ამ 30 სახეობიდან, 15 ქართული იყო და 5 საქართველოსთვის ენდემური. მაშინ გამიჩნდა განსაკუთრებული ინტერესი ქართული ხორბლის მიმართ და მათი შეგროვება დავიწყე. ახლა 90 სხვადასხვა სახეობის ქართული ხორბალი მაქვს.”

,,ჩემი მიზანია, რომ ქართული ხორბალი ჩვენს მიწაზე თავისუფლად მოჰყავდეთ. ჩემი პასუხისმგებლობა მგონია.”

,,წელს 80 სახეობის გავრცელება შევძელი. სულ 90 მაქვს. მინდა, რომ 150 შევაგროვო და ყველა გავავრცელო. ჩემი ოცნებაა მთელ საქართველოში იყოს. ასე მგონია, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გავაკეთე ცხოვრებაში.”

,,ჰიბრიდული ხორბალი უფრო მეტ მოსავალს იძლევა, მაგრამ უარყოფითი მხარეც აქვს.  დიდი რაოდენობით პესტიციდები სჭირდება. 5 კომპონენტია საჭირო ხორბლის გასაზრდელად: სითბო, სინათლე, წყალი, ჰაერი და საკვები ნივთიერებები. თუ რომელიმე დააკლდა, მაშინ მთელი მოსავალი ფუჭდება. თუმცა, ქართული ენდემური ხორბალი ბუნებრივად შეიძლება გაიზარდოს. არ სჭირდება პესტიციდები და აქაურ კლიმატთანაც ადაპტირებულია. ის ბევრად გამძლეა და გადარჩენის მეტი შანსიც აქვს თუ რომელიმე კომპონენტი დააკლდა,’’ ამბობს ირაკლი რეხვიაშვილი. 

ირაკლი მხოლოდ ხორბალს არ ამუშავებს, სიმინდის ყანაც აქვს. სამ სახეობას ამუშავებს და იმედი აქვს, რომ საბოლოოდ მათგან ერთი შესანიშნავად მოერგება საქართველოს კლიმატს და ბევრი წყალიც არ დასჭირდება.

,,ქართული ხორბლის მოსავლით მომავალ წელს ისევ შეგიძლიათ დათესოთ ხორბალი, მაგრამ ჰიბრიდული სახეობის შემთხვევაში, ყოველწლიურად ახალი თესლი უნდა იყიდოთ.’’

თუმცა, ირაკლისთვის კითხვა იმის შესახებ, თუ ხორბლის რომელ სახეობებს ზრდიან ქართველი ფერმერები და რა როლი აქვთ მათ ქვეყნის სავაჭრო პოლიტიკაში, მდგრადობის საკითხს სცდება.

,,საკვები ყველაზე ადამიანური იარაღია. რა სჭირდება კაცობრიობას? ჰაერი, წყალი და პური. როცა სამივე გაქვს, დამოუკიდებელი ხარ. პური საზრდოზე მეტია, რადგან ხორბალს სამკურნალო თვისებებიც აქვს,”ამბობს ირაკლი.

საბჭოთა კავშირი სხვადასხვა ერის გაერთიანებას ცდილობდა, თავისი უნიკალური იდენტობით და კულტურით, ისინი ერთიანი რუსული კულტურისა და იდენტობის ქვეშ უნდა მოექცია. ამას აღწევდა ამ უნიკალური კულტურებისა და იდენტობების დათრგუნვით, გახლეჩვით და წაშლით. ერთ-ერთი ტაქტიკა იყო ენების განდევნა, ყველას იძულება, რომ რუსულ ენაზე ელაპარაკათ. თუმცა ქართველებმა ეს 1978 წელს გააპროტესტეს. იდენტობა ენის გარდა, სხვაგანაც ფესვგადგმულია, მაგალითად, რელიგიაში, კულტურაში და სოფლის მეურნეობაში. ქართული ხორბლის კულტურა უძველესია, ის თაობებს კვებავს.

გამომცხვარი პურის პირველი ნაჭერი, ტრადიციულად, დღის ბოლომდე ინახება სტუმრისთვის. ქართულ ენაში სიტყვა პური კეთილშობილებისა და სტუმართმოყვარეობის აღმნიშვნელად გამოიყენება. თითქმის ყველა ქუჩის კუთხეში იპოვით თბილისში თონეს. 

იმ მარცვლეულზე დამოკიდებულება, რომელსაც შენს ქვეყანაში არ აწარმოებ, სხვა ქვეყანაზე დამოკიდებულებას ზრდის და ამავე დროს, იდენტობისა და თავისუფლების მნიშვნელოვან წილსაც თმობ. 

საბჭოთა ოკუპაციის 70 წლის განმავლობაში, ქართული ტრადიციული ხორბლის მარცვლები, რომლებსაც უნიკალური თვისებები აქვთ დაავადებებთან ბრძოლაში, დაიკარგა. ირაკლიმ მიზნად დაისახა მათი ხელახლა შეგროვება და თავის პატარა მინდორში გამრავლება.

ბოლო 14 წლის მანძილზე, ჟან-ჟაკმა დაინახა, რომ ქართველების ინტერესი ტრადიციული ხორბლის მარცვლეულის მიმართ გაიზარდა. ამას ამჩნევს პურის გაყიდვებით, რომელსაც ის თავის მეურნეობაში მოყვანილი მარცვლეულით აცხობს.

,,ქალაქში პური კვირაში ერთხელ მოგვქონდა, მერე კვირაში ორჯერ, მოგვიანებით დავინახეთ, რომ ხალხი პურს ყოველდღე ითხოვდა. ისიც გავიაზრე, რომ სოფელში ხორბალი უჩემოდაც გაიზრდებოდა. ქალაქში ვნახე ფართი, სადაც საცხობს გავაკეთებდი. ახლა უკვე  ამ საცხობსაც შეუძლია ჩემ გარეშე რამდენიმე დღე იმუშაოს. მე კი ცოტა დრო საკუთარ თავს დავუთმო, რომლის ფუფუნებაც ბევრი წელია არ მქონია. ეს საშუალებას მაძლევს, რომ პურის ფესტივალს დავესწრო წელს ავსტრიაში; წარვადგინო ჩვენი პური შვეიცარიაში ეთიკის მსოფლიო ფორუმზე.”

სოფელში ჟან-ჟაკი ადგილობრივ ფერმერებთან თანამშრომლობს. ისინი უვლიან ხორბალს, რომელსაც ქალაქში საცხობად იყენებს.

ჟან-ჟანკს სოფელში ადგილობრივებისთვის პური ჩამოაქვს და ქალაქში გასაყიდად მათგან კვერცხი მიაქვს.

სოფელში მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობა მოხუცია და სახლშია. ჟან-ჟაკი მათ სხვადასხვა საქმეში ეხმარება და მათთვის მაღაზიიდან პროდუქტებიც მოაქვს.

,,არ მეგონა, რომ ამ საქმეს მოვკიდებდი ხელს. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ადამიანები შეცდომას ვუშვებთ, რაღაცას არასწორად ვაკეთებთ. მსოფლიოში მშვიდობა არ არის."

,,ყოველთვის ვიცოდი, რომ საზოგადოებას მოგება ატრიალებს და არა ადამიანის კეთილდღეობა. მაგრამ ყოველთვის მეფიქრებოდა, რა გვიშლის ხელს ახალი საზოგადოება ავაშენოთ, სადაც მთავარი ადამიანის კეთილდღეობა იქნება.’’

ორი ახალგაზრდა ფერმერი, 27 წლის ნიკა სულაკაური და გოჩა აფციაურიც ამჩნევენ გაზრდილ ინტერესს ქართულ ხორბალზე. მათ ხორბალი საქართველოს საზღვართან, სომხეთთან ახლოს, 20 ჰექტარ მიწაზე მოჰყავთ.

ნიკა ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლობდა, საქართველოში მდგრადი სოფლის მეურნეობის გასავითარებლად დაბრუნდა.

გოჩა ფაქტობრივად ფერმაში გაიზარდა, ინდუიზმის მიმდევარია, რომელმაც შთააგონა რაღაცები სხვანაირად გაეკეთებინა.

სოფელ მარაბდასთან მათი მინდორი ივლისის კაშკაშა მზეზე ოქროსფრად ანათებს.

,,მიწის დამუშავება და ნიადაგის გაუმჯობესება მინდა. საბოლოოდ, ეკოსოფელი მინდა გავაშენო და სურსათის ტყე. პესტიციდები, რომლებსაც ვიყენებთ ნიადაგს კლავს და მოსავლის მოყვანას ძალიან ართულებს. ქართული ხორბლის გაშენებით ჩვენ ნიადაგსაც ვაუმჯობესებთ.’’

ნიკა და გოჩა 9 თვე უვლიან და აკვირდებიან ხორბლის  გაზრდას: მისი საბოლოო წარმატება ამინდზეა დამოკიდებული.

ორმა ადამიანმა საათები მოანდომა დანგრეული ბეღელის შეკეთებას. გამთენიისას იწყებდნენ და გვიან ღამემდე მუშაობდნენ.

2023 წლის ზაფხული განსაკუთრებით ნოტიო იყო. გადაბმულად სამი დღე წვიმის გარეშე არ ყოფილა, ამიტომ მოსავლის ასაღებად კომბაინის დაჯავშნა და რამდენჯერმე გაუქმება მოუწიათ.

კარგი მოსავალი ადვილი შესამჩნევი იყო.

გოჩა და ნიკა მოსავალს ონლაინ ყიდიან.     

არიან ადამიანები, რომლებიც ამას იყიდიან. შარშან Facebook-ზე პოსტი დავწერე და ნამცხვარივით სწრაფად გაიყიდა.

ნიკა და გოჩა იმედოვნებენ, რომ მეურნეობის გაფართოებას შეძლებენ. სხვადასხვა ხილი, თხილის ხეები, ბუჩქები და სამკურნალო მცენარეებიც უნდათ, რომ გაამრავლონ. საბოლოოდ, მათი მიზანი  თვითკმარი ეკოსისტემის შექმნაა.

მოსავალს რომ ვუყურებ, არ მშორდება ფიქრი, რომ ჩემ თვალწინ აქ მშვიდი რევოლუცია ეწყობა. ირაკლი, რომელიც ხორბლის უძველეს ჯიშებს აგროვებს, რომ მომავალ თაობას გადასცეს; გოჩა და ნიკა, რომლებიც ხორბალს არა მხოლოდ იდეოლოგიური, არამედ პრაქტიკული დანიშნულებით - სარგებლის მიღების მიზნით ამრავლებენ; ჟან-ჟაკი, რომლის მისია ქალაქში ხალხის გამოკვება და პურის მეშვეობით დედამიწის უძველეს სიბრძნესთან მათი დაკავშირებაა.


ეს ფოტო-ისტორია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული ყველა მოსაზრება ეკუთვნის ავტორს და არ გამოხატავს ფრიდრიხ ებერტის ფონდის პოზიციას.

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია