აუტანელი სიჩუმე | ომის მეხსიერება ახალგაზრდებში

ავტორი: სალომე ბერძენიშვილი, , ილუსტრატორი: ელენე ქავთარაძე
25.09.23

ყველა იმ ხმიდან, რომელმაც ჩემი ბავშვობა განსაზღვრა, სამხედრო ვერტმფრენების გადაფრენის ხმა გამორჩეულია. 2008 წელს, აგვისტოში, ცაში ვიყურებოდი და ვფიქრობდი, ნეტა რუსები არ იყვნენ-მეთქი. არადა, იყვნენ. რუსულ წარწერებს ვხედავდი. წარმოდგენა არ მქონდა, რა იყო ნამდვილი შიში, სანამ ცაში ალუმინის მფრინავი დანადგარი არ დავინახე. 

2008 წლის ომზე 24 წლის მარიამის ყველაზე მძაფრი მოგონება აუტანელი სიჩუმეა.

,,მაშინ 9 წლის ვიყავი. არც ისეთი პატარა, რომ ვერ მეგრძნო, როგორი საშიში შეიძლება იყოს სიჩუმე. მხოლოდ მდინარის ხმები მესმოდა, რომელიც ჩემი სახლის გვერდით მიედინება და ვუყურებდი დედას, სიბნელეში ერთ წერტილს დიდხანს რომ მისჩერებოდა. აი ამის ძალიან შემეშინდა, მეგონა დედა ერთ ადგილზე გაქვავდებოდა და ვეღარასოდეს გაინძრეოდა. ასეთი სიჩუმისთვის ჩემს ცხოვრებაში არ მომისმენია.”

ომიდან 15 წლის მერეც, მარიამი სულ ცდილობს სიჩუმეს გაექცეს, დაარღვიოს.

სიჩუმე 24 წლის ანკას ომის მოგონებებშიც ირეკლება.

,,ომიდან სიჩუმის ხმა მახსოვს. იმ დილას პირველი სწორედ ეს გავიგე. მანამდე ყოველთვის სხვა ბავშვების ჟრიამული მესმოდა. ომის პირველი დღე სიჩუმით დაიწყო. მოგვიანებით კი უფრო და უფრო გამძაფრდა. უკანა ეზოდან 40-მდე ბავშვის თამაშის ხმას ვეღარ გაიგონებდი, მაგრამ სოფლის ქუჩაზე,  ფეხაკრეფით მიმავალი ოთხი ადამიანის ხმა შემოგესმებოდა. ჩვენ ვიყავით."

ფსიქოლოგი მაია ცირამუა განმარტავს, რომ ბავშვები ომის ჭეშმარიტ ბუნებას ან ტრავმას ვერ იგებენ, ამიტომ მათი სხეული ამ გამოცდილებებს სხვადასხვანაირად იმახსოვრებს.

,,ომი პირველი ბრუტალური შემოჭრაა ბავშვობაში. მაშინ როცა რწმენის სისტემა ჯერ კიდევ სათანადოდ განვითარებული არ არის და ბავშვს არ ესმის, რას ნიშნავს უბედურება. შესაძლოა, დედამ არაფერი თქვას, მაგრამ თუკი მისი სხეული შიშისგან და გაურკვევლობისგან გაშეშებულია, გაქვავებულია, მაშინ მისი სხეული თავად ჰყვება უკვე ამბავს. ზუსტად ეს ითარგმნება სიჩუმეში. ამიტომაც, ბავშვს შეუძლია სხეულის ენიდან ისწავლოს შიში. ტრავმა თაობიდან თაობას შეიძლება არავერბალური სახით გადაეცეს. ომი ბავშვებს დუმილით გადაეცათ.”

რუსეთ-საქართველოს ომი, რომელსაც რუსული არმია “ოპერაციას საქართველოს მშვიდობისთვის” ეძახის, 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო, როცა საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ როკის გვირაბის გავლით, საქართველოს ტერიტორიაზე 150 რუსული არმიის მანქანა შემოვიდა. 

იმ დროს ანკა ოჯახთან ერთად, ერთ პატარა ქალაქში, ფასანაურში ისვენებდა, რუსეთის საზღვრიდან 100 მილის (165 კმ) დაშორებით. ერთმა სატელეფონო ზარმა მიახვედრა, რომ საფრთხეში იყვნენ: ,,მაშინ გავაცნობიერე, რომ ჩემი ზაფხულის არდადეგები განუსაზღვრელი ვადით შეწყდა. სათამაშო მოედანი, საიდანაც მუდმივად ჟრიამული გვესმოდა, უცებ გაირინდა. დედას ლაპარაკი მოვისმინე, ტელეფონზე მამას ჩუმად ეუბნებოდა, ომი დაიწყოო. იმ დღიდან გაურკვეველი მომავლის შიში არ გაგვნელებია.”  ანკას ამ ყველაფრის გახსენება მხოლოდ ფრაგმენტულად შეუძლია. მაგრამ ძალიან ცხადად ახსოვს, რომ იმ დღის მერე, მისი ცხოვრების რიტმი შეიცვალა. კარის ზღურბლზე იდგა. მხოლოდ იმას ნატრობდა, რომ როგორც კი გადააბიჯებდა, ძველი დრო დაბრუნებულიყო. მაგრამ პანიკა უფრო მატულობდა.

მაია ცირამუა ამბობს, რომ ბავშვებს არ შეუძლიათ ომის მასშტაბების გააზრება. ,,ტრავმა ადამიანზე სხვადასხვაგვარად ზემოქმედებს.”

ანკასთვის ომი ჰაერში შვეულმფრენების, აფეთქებების, რადიოდან და ტელევიზორიდან წამოსულ ხმებს შეერწყა. გადმოსცემდნენ, როგორ იბომბებოდა რეგიონი; ახალგაზრდა კაცის საზარელი ფოტო ვრცელდებოდა, რომელსაც მკვდარი შვილი უჭირავს ხელში და შველას ითხოვს. რაღაც მომენტში, მისი ცხოვრება მთლიანად უიმედობამ და სასოწარკვეთამ მოიცვა. უიმედო იყო ის თამაშებიც, რომლითაც მეზობელ ბავშვებთან ერთად, თავის შექცევას ცდილობდა. 

24 წლის თინანოსაც მსგავსი შეგრძნებები ახსოვს ომიდან, მაშინ ოჯახი წაღვერში ისვენებდა.

,,შეგრძნებების დონეზე, ვერ ვაცნობიერებდი რომ ომში ვიყავი. არ არსებობდა არც ერთი ფაქტორი, რასაც ჩემი ზაფხულის არდადეგების ჩაშლა შეეძლო. საბოლოოდ ყველაფერი მაინც თამაშის ნაწილი ხდებოდა. ბევრი ვერტმფრენი მახსოვს და ის აღტაცება, ყველა ჯერზე გარეთ რომ გავრბოდი ცაში მათ დასანახად. მერე ერთმა თქვა, მათი მემგონი უნდა გვეშინოდესო, მაგრამ შიშის გრძნობა მაინც არ გამოუწვევია.”

გოჩაც 24 წლის არის. უცნაური აღელვება ახსოვს, როცა ვერტმფრენები პირველად დაინახა. ,,სკოლაში რომ დავბრუნდით, მე და ჩემი კლასელები ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, ვის რამდენი ვერტმფრენი გვყავდა ნანახი. მაგრამ ამასთან ერთად, საშინელი სიბრაზეც მახსოვს,” ამბობს გოჩა. მამამისის ნათქვამიც არ ავიწყდება, როცა თბილისში ხალხით გადავსებული რესტორნები დაუნახავს. მაშინ როცა, ხალხი გარბოდა და თავშესაფარს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ეძებდა.

24 წლის ლაშაც 9 წლის იყო, როცა ომი ოჯახთან ერთად საკუთარ თავზე გამოსცადა. სენაკში ბებოსთან და 1 წლის ძმასთან ერთად ისვენებდა. ახლომდებარე სამხედრო ბაზის გამო, ის რუსეთის სამიზნე გახდა.

,,გამაყრუებელი ხმა მახსოვს, თითქოს ბომბდამშენმა სახურავზე გადაიარა. მთელი სახლი შეანჯღრია. ფანჯრები ჩაილეწა. ვტიროდი და ვყვიროდი. მშობლები მეუბნებიან, რომ საათები გონზე ვერ მოვყავდი. ამ სასწარკვეთამ მთელი ღამე გასტანა." დაბომბვის შემდეგ, ზოგიერთი მეზობელი ბებიის სახლში გადავიდა, რომელსაც უფრო მყარი პირველი სართული ჰქონდა. ლაშას ბებოს, მაგალითად, სიცოცხლეში არაერთი ომი აქვს გამოვლილი.

,,საწოლები პირველ სართულზე გადავათრიეთ… როცა დედა მეორე სართულზე ჩვენთვის საჭმლის გასაკეთებლად ადიოდა, სულ მეშინოდა ასე რომ მშორდებოდა, მეგონა საფრთხეში იგდებდა თავს…”ამბობს ლაშა.

ვითარება სწრაფად დაიძაბა, რეგიონს ყველა მხრიდან უტევდნენ. ამიტომ ოჯახმა თბილისში გაქცევა გადაწყვიტა; გზატკეცილზე ჯარი გადაადგილდებოდა, ამიტომ ხაშურში ჩარჩნენ. ამასობაში, რუსეთმა ხაშურიც დაიკავა. ოჯახს ისევ თავშესაფრის ძებნა მოუწია.

,,კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ უსაფრთხოდ არ ვიყავით. მამა რამდენჯერაც გარეთ გავიდა, სახლში დაბრუნებული უცნაურ ამბებს ყვებოდა,” ამბობს ლაშა და იმასაც ამატებს, რომ მისი ოჯახი საათებს ატარებდა იმაზე ფიქრში, როგორ დასჯიდნენ რუსეთის მაშინდელ პრემიერ მინისტრს ვლადიმერ პუტინს ამ ომისთვის. 

ფსიქოლოგი მაია ცირამუა განმარტავს, რომ ბავშვებში ტრავმული გამოცდილება სხვადასხვა სიმპტომით ვლინდება. ზოგიერთს ეს სიმპტომები უგრძელდება და პოსტ-ტრავმულ სტრესულ აშლილობამდეც მიდის. ეს იმ მოგონებებით და ამბებით არის განპირობებული, რომლებიც ომში მათმა მეხსიერებამ შემოინახა. 

,,მაგალითად, ტრავმირებული ადამიანის შემთხვევაში, წარსული აწმყოში იჭრება, აქ არის. სხვადასხვა ,შემახსენებლით’ ადამიანს პირვანდელ მდგომარეობას უცოცხლებს: კადრებით, ხმებით და მთელი სიმძაფრით განაცდევინებს წარსულს,”ამბობს მაია.

,,როცა საიუბილეო თარიღი ახლოვდება, ადამიანმა შეიძლება კრიზისის ზღვარზე იგრძნოს თავი. აგვისტოს თარიღმა ადამიანების ემოციურ მდგომარეობაზე შეიძლება გავლენა იქონიოს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანს კრიზისული პერიოდი გადალახული აქვს, ეს დღეები სიმბოლურ მნიშვნელობას მაინც არ კარგავენ. ამიტომ ცდილობენ ადამიანები რიტუალების ნაწილი იყვნენ.  ეს მათ რთული პერიოდის დაძლევაში ეხმარებათ.”

ანკას და მის მეგობრებს წელიწადში, სულ მცირე, ერთხელ შეკრების ტრადიცია აქვთ.

,,აგვისტოს ომის მოგონებებს ვაცოცხლებთ. ალბათ, იმიტომ რომ ტრავმისგან ჯერ კიდევ ვერ გავთავისუფლდით. 2008 წელი ჩემთვის ისევ ღია ჭრილობაა, რომელიც არ განიკურნა.”

თინანოსთვის აგვისტოს თვე მთლიანად 2008 წლის ომის ტერორის სიმბოლოდ იქცა.

,,მე მგონია, რომ ჩვენი თაობისთვის უნივერსალური კოლექტიური გამოცდილებაა ომში განცდილი ამბების მოსმენა. ყველა ჩვენგანს ეს რაღაცნაირად შეგვეხო. ამიტომაც არ მიყვარს აგვისტო. არადა, აგვისტო არდადეგების თვეა, თუმცა ის უკვე გადაეჯაჭვა ჩვენი კოლექტიური ტრავმის საიუბილეო თარიღს.

უკრაინაში დაწყებულმა ომმა თინანოსაც საერთო ტკივილი განუახლა.

,,როცა ომი დაიწყო უკრაინაში, მაშინვე ვიფიქრე ბავშვზე, რომელიც ახლა 9 წლისაა, მეგობრები ჰყავს და თამაში უნდა, ზუსტად ისე, როგორც მე მინდოდა,” ამბობს თინანო. ,,ისინი ვერ ხვდებიან რა ხდება მათ თავს და ეს ჩემთვის ყველაზე მტკივნეულია.”

რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველ დღეებში უმწეობისა და სასოწარკვეთის საშინელი შეგრძნება ახსოვს ლაშას.

,,მეგონა, ზუსტად იმავეს გავდიოდით. ძველი ტრავმები გაცოცხლდა. სასოწარკვეთა, უსუსურობის შეგრძნება დამიბრუნდა. ახლა, უბრალოდ, უფრო რაციონალური გონებით ვუყურებდით. თითქოს ვცდილობდით, ხელახლა გაგვეაზრებინა.”

გოჩა ამბობს, რომ ბავშვობაში ვერ ხვდებოდნენ, რა ხდებოდა ქვეყანაში, ან რა მოვლენებმა გამოიწვია ომი.

,,ჩვენ მხოლოდ ემოციური ბმა გვაქვს აგვისტოს ომთან. ამ გამოცდილებას ვერბალურად ვერ ვხსნიდით, შესადარებელიც არაფერი გვქონდა. ახლა კი, ყველა კოლექტიურად ვხედავთ რას განიცდის უკრაინელი ხალხი. ომის სიმძიმე ჩვენს ყოველდღიურობას ფონად მაინც სულ გასდევს, არ აქვს მნიშვნელობა, ცხოვრებაში სხვა რა სიხარულიც გვხვდება. ჩვენ არავინ დაგვხმარებია წარსულის ამ ეპიზოდის გადააზრებაში.  თითქოს ეს პერიოდი დროში გაიყინა და რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისას დნობა დაიწყო.”


სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული ყველა მოსაზრება ეკუთვნის ავტორს და არ გამოხატავს ფრიდრიხ ებერტის ფონდის პოზიციას.

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია