ლეხ კაჩინსკის 9 ნომერი | საფრთხის შემცველი შენობების ბედი თბილისში
ისნის მეტროსადგურთან, ლეხ კაჩინსკის 9 ნომერში, რვასართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დგას, 1972 წლის რელიკვია. ერთ დროს მტკიცეს, გამძლეს და შთამბეჭდავს, დღეს უკვე წლების სიმძიმე და კვალი ემჩნევა. Წლების განმავლობაში მან რამდენიმე მიწისძვრას გაუძლო, 2003 წლის რყევებმა საძირკველი დაუზიანა, ორი წლის წინანდელმა მიწისძვრამ კი ის ნგრევის პირას მიიყვანა.
ამ კორპუსში დღეს 76 ოჯახი ცხოვრობს. Შენობა, რომელიც უკვე კარგად იცნობს თავისი ბინადრების ყოველდღიურ რუტინას: კვებისა და ძილის ჩვევებს, სიხარულსა და მათ წუხილებს, ახლა გაურკვეველი მომავლის წინაშე დგას.
კორპუსის ქვედა სართულები ყველაზე მძიმე დღეშია. 68 წლის Ნანა ახალბედაშვილმა, რომელიც მესამე სართულზე ცხოვრობს, ეს განსაკუთრებით კარგად იცის. Ბზარები თვალსაჩინოა სამზარეულოსა და მისაღები ოთახის კედლებზე, იატაკი დახრილია და ჭერიდან თაბაშირი ცვივა. ამის მიუხედავად, ნანა მაინც ამ სახლში რჩება, მოგონებები არ ეთმობა: ,,ეს არის ჩემი სახლი, აქედან წასვლა საკუთარი თავის რაღაც ნაწილის დათმობას ჰგავს. Ჩემი შვილები გაიზარდნენ, დაოჯახდნენ და უსაფრთხო ადგილას ცხოვრობენ უკვე. Მხოლოდ მე დავრჩი აქ.”
ლეხ კაჩინსკის 9 ნომრის ბედს იზიარებს არაერთი საცხოვრებელი კორპუსი თბილისში, რომელიც ავარიულია და ინგრევა. გლდანისა და ვარკეთილის რაიონებიდან დაწყებული, დიღმისა და საბურთალოს უბნების ჩათვლით, დგას შენობები, რომლებიც ქალაქში არსებულ საბინაო კრიზისს და სწრაფი ურბანიზაციის პროცესს ზუსტად ირეკლავენ.
ამ კორპუსების ისტორია მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდს უკავშირდება, როცა საბჭოთა კავშირში საცხოვრებლის უპრეცედენტო დეფიციტი შეიქმნა. Საბჭოთა ლიდერმა ნიკიტა ხრუშჩოვმა ქარხნებს მოუწოდა ისეთი მასიური ნაწილები დაემზადებინათ, რომელიც შენობების მთლიან კონსტრუქციას სწრაფად შეკრავდა. ეს მხოლოდ სამშენებლო ხარისხისა და დიზაინის ხარჯზე მოხერხდებოდა.
ამ მიზნით აშენებული ბინები, როგორც წესი, ერთი ან ორი ოთახისგან შედგებოდა, მინიმალური საცხოვრებელი ფართით, მოუხერხებელი დაგეგმარებით და შედარებით დაბალი ჭერით. ეს კორპუსები დროებით ნაგებობებად მიიჩნეოდა და ექსპლუატაციის ვადად 60 წელი განისაზღვრა. Ზოგიერთმა ეს ციკლი უკვე ამოწურა, ზოგიერთი ისევ მყარად დგას, მაგრამ დროთა განმავლობაში მოძველებული ინფრასტრუქტურა, გარემო პირობები და ტექნიკური ზედამხედველობის ნაკლებობა მათ მნიშვნელოვნად აზიანებს.
21 წლის სალომე გიორგაძისთვის ლეხ კაჩინსკის 9 ნომერში მდებარე ეს ავარიული კორპუსი განსაკუთრებით ძვირფასია. Მისი დიდი ბაბუის, დავით გრიგოლიშვილის სახელს უკავშირდება 1972 წელს ამ საცხოვრებლის მშენებლობა. Მიუხედავად იმისა, რომ ბაბუის შესახებ ცოდნა, ძირითადად, ოჯახის წევრების მონათხრობიდან აქვს, მისთვის მისაღები ოთახის თაროზე ბაბუის გამოსახულებით წიგნი ყველაზე მრავლისმეტყველია. ფოტოზე აღბეჭდილია, როგორ გადასცემს ახალ საცხოვრებელ ბინებს ბაბუა თავის თანამშრომლებს. Სალომესთვის ეს კეთილშობილების ჟესტია. Სიხარულით ამბობს, რომ კორპუსის მე-8 და მე-9 სართულზე დღესაც ცხოვრობენ მუშების შთამომავლები.
,,ხშირად ვაბრაზებ დედას და ბებიას და ხუმრობით ვეუბნები ხოლმე, რომ ბაბუას დიდი არაფერი გაუკეთებია, მაგრამ ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ეს შენობა საბჭოთა ეპოქის ერთგვარი სიმბოლოა. ჯერ კიდევ შემორჩენილია, მაგრამ დანამდვილებით იცი, რომ საბოლოოდ დაიშლება. Ზუსტად ისე, როგორც საბჭოთა სისტემა,”ამბობს სალომე.
Სწორედ ამიტომ, ის მხარს უჭერს თბილისის მერიის ,,ძველი კორპუსების ახლით ჩანაცვლების პროგრამას.”
თბილისის განვითარების ფონდი, 2022 წლის მაისში, ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ინიციატივით გამოვიდა. Მიზანი მათი თანამედროვე შენობებით შეცვლა იყო. ,,დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს იქნება პირველი დიდი ნაბიჯი, რომელიც დედაქალაქში საფრთხისშემცველი საცხოვრებელი კორპუსების უმწვავეს პრობლემას ღირსეულად გადაჭრის,”განმარტავს თბილისის განვითარების ფონდის ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ხელმძღვანელი, ქვარა ჩართოლანი.
ქალაქის საკრებულოს მიერ 2022 წლის მაისში მიღებული და 2023 წლის იანვარში შესწორებული რეგულაცია ვრცელდება ყველა იმ კორპუსზე თბილისში, რომელსაც ,,საცხოვრებლად არაუსაფრთხო” კატეგორია აქვს მინიჭებული. ამ ინიციატივის ფარგლებში, მოსახლეობას სთავაზობენ ან ახლადაშენებულ კორპუსში გადასვლას იმავე უბანში, ან ალტერნატიულ მიწის ნაკვეთზე. ახალ კორპუსში ბინის მესაკუთრე ზუსტად იგივე ფართს იღებს რაც ჰქონდა, ოღონდ, სხვენის, სარდაფისა და ავტოფარეხის გამოკლებით.
დანგრევის პირას მისული ,,მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა'' ქალაქის უმწვავეს პრობლემას ეხმიანება, თუმცა მისი მასშტაბი ყველას ვერ სწვდება. Მაგალითად, ლეხ კაჩინსკის 9 ნომერი ამ სიაში ვერ მოხვდა. კორპუსის თავმჯდომარე მაია ციციშვილი ვეღარც ითვლის უკვე რამდენჯერ ითხოვეს დახმარება. თავიდან მათ ისნის რაიონის გამგეობას, შემდეგ პირდაპირ თბილისის მერიას მიმართეს. ყურადღება მხოლოდ შარშან ზაფხულში მიიქციეს, როცა ტელევიზიამ მათი პროტესტი გააშუქა.
დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ერთადერთი ნაბიჯი რაც გადაიდგა, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული კვლევა იყო. დასკვნაში წერია, რომ შენობის არასტაბილური მდგომარეობა არასწორი საძირკველის შედეგია. Მაია ციციშვილმა ეს დასკვნა 11 მარტს მიიღო, რომელსაც თან ახლდა ქალაქის მერიის კომენტარიც. Წერილში განმარტავდნენ, რომ ჩანაცვლების პროგრამაში მოსახვედრად შენობას დამატებითი გამოკვლევა/შემოწმება სჭირდებოდა. ამის საპასუხოდ, მოსახლეობამ უფრო დეტალური კვლევა მოითხოვა, თუმცა თბილისის მერიას მათთვის დღემდე არ უპასუხია.
Პროგრამის მიმართ სხვა კითხვებიც არსებობს. Მაგალითად, 2023 წლის 7 იანვარს პროგრამის ჩანაწერში მნიშვნელოვანი ცვილებები აისახა. ამავე წლის 9 თებერვალს, მშენებლობით დაზარალებულთა გაერთიანებამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ამ დებულების კონსტიტუციურობა დააყენა ეჭვქვეშ. დებულებაში წერია: ქალაქის ხელისუფლებას უფლება აქვს განიხილოს ავარიული ბინის სხვა მიწის ნაკვეთზე ჩანაცვლების საკითხი დაინტერესებული მხარეებისგან სრული თანხმობის მოპოვების გარეშე.
,,შენობის გულდასმით შესწავლა ვერ ხერხდება. გაურკვეველია ასევე საზოგადოების რომელ სეგმენტს შეეხება ქონების იძულებით ჩამორთმევა და გაცვლის ასეთი უსამართლო, დამამცირებელი პირობები. ,,სხვა მიწის ნაკვეთის” შეთავაზება კიდევ უფრო ბუნდოვანს და გაურკვეველს ხდის ამ ჩანაწერს,”ვკითხულობთ მშენებლობით დაზარალებულთა გაერთიანების განცხადებაში.
Მიუხედავად სასამრთლო სარჩელისა, პროგრამა განაგრძობს მუშაობას იმავე ფორმით, როგორიც 2023 წელს იყო. თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილის, ჩართოლანის განმარტებით, ამ პროგრამის ფარგლებში ახლა თბილისში ოთხ მისამართზე მიმდინარეობს ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, რომელშიც გარემონტებულ ბინას 120 ოჯახი მიიღებს. გარდა ამისა, ჩანაცვლების პროგრამისთვის უკვე შერჩეულ 24 მისამართზე ასაშენებელი კორპუსებისთვის მზადდება კონცეპტუალური დიზაინის პროექტები თავისი დეტალური საინჟინრო დოკუმენტაციით. Საბოლოო მიზანი, დაახლოებით, 900-მდე ოჯახისთვის ახალი საცხოვრებელი ბინის შეთავაზებაა.
ურბანისტი ზურა ბაქრაძე ამ პროცესში ერთ გარემოებაზე ამახვილებს განსაკუთრებულ ყურადღებას და ამბობს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის სურვილის შემთხვევაში, ქალაქის ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს ამ ადამიანების თავისსავე უბნებში განსახლება. ,,ეს ფაქტობრივად მოსახლეობის დეპორტაციაა სამშობლოდან. ვისაც დარჩენა უნდა, ეს სურვილი აუცილებლად უნდა იყოს დაგეგმარებაში გათვალისწინებული. Სწორედ ეს უნდა იყოს ფუნდამენტური პრინციპი. Ჩვენ სტალინიზმში აღარ ვცხოვრობთ…”
სტატია მომზადებულია Chai Khana-ს Fellowship-ის პროგრამის ფარგლებში. გაზაფხული, 2024
სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES) სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული ყველა მოსაზრება ეკუთვნის ავტორს და არ გამოხატავს ფრიდრიხ ებერტის ფონდის პოზიციას.
გააკეთე დონაცია