Game changer | ახალგაზრდა თაობა საბჭოთა წარსულისგან თავისუფლდება
ბევრი წლის წინ, როცა იძულებული გავხდი ირანი დამეტოვებინა, შემთხვევით საქართველოში აღმოვჩნდი და 6 წელზე მეტი ხანი ვიცხოვრე. 8 წელი ვიმუშავე ამ პროექტზე და ჩემს ფოტოობიექტივში ქართველების ყოველდღიურობა ავსახე, უფრო სწორად ის, რაც ჩემს გამოცდილებებთანაც ახლოს იყო - საერთო ტკივილები და ბრძოლები.
პროექტი Game Changer (2021) ახალგაზრდა მეამბოხე თაობის მისწრაფებებს ააშკარავებს, რომელიც რუსეთის გავლენისგან დისტანცირებას ცდილობს და ევროკავშირის ღირებულებებს იზიარებს.
როგორც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, საქართველო დღეს გზაგასაყარზეა. ახალგაზრდებს საბჭოთა მენტალიტეტისგან გათავისუფლება უნდათ, დასავლური ცხოვრების წესით ცხოვრება. ეს არის თაობა, რომელმაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა წამოიწყო, მათ შორის, საპროტესტო მოძრაობები სოციალური და სამოქალაქო უფლებებისთვის.
ამ თაობამ ირანელი ახალგაზრდები გამახსენა, რომლის ნაწილიც მე ვარ. თაობის, რომელსაც უკეთესი მომავლისთვის ძველი სტრუქტურების და გავლენების შერყევა უნდა. ამის მაგალითია ირანში ცოტა ხნის წინ გაჩენილი ახალი მოძრაობა - ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება.
ეს ესე სიმბოლურად ასახავს ამ გამორჩეული თაობის დაბადებას საბჭოთა დროს აშენებული მასიური ნაგებობების წიაღიდან. ეს შენობები ჩემთვის საბჭოთა მენტალიტეტის მეტაფორაა, სადაც ადამიანს ფასი და მნიშვნელობა არ ჰქონდა.
გიორგი 2000 წელს დაიბადა. ის ძიუდოში წარჩინებული სპორტსმენია. მან მსოფლიოს ჩემპიონატზე და ბერლინის ევროთასზე ორი ბრინჯაოს თასი მოიგო.
,,წარსულის გათვალისწინებით, კმაყოფილი ვარ, როგორც განვვითარდით. პროგრესის გზაზე გადამწყვეტია, რომ ჩვენი ეროვნული ღირებულებები შევინარჩუთ.”
ანა 1998 წელს რუსთავში დაიბადა. ფარმაციის ფაკულტეტზე სწავლობდა. დღეს ფიტნეს ტრენერად მუშაობს.
,,ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ყველას გვაქვს კონსტიტუციით მონიჭებული უფლებები…არავის აქვს უფლება შეგვზღუდოს რაიმე ფორმით, თუკი ჩვენ სხვის თავისუფლებას არ ვზღუდავთ. საბჭოთა კავშირში ეს ასე არ იყო. ჩვენ ახლა ამ უფლების რეალიზებას უნდა ვეცადოთ ზუსტად. ადამიანმა უნდა იცოდეს, რა არღვევს მის უფლებას. საქართველოში ძალიან გვჭირდება განსხვავებულობის მიმღებლობის კულტურა, განსაკუთრებით ბოლო მოვლენების ფონზე [მასობრივი პროტესტი 2024 წლის გაზაფხულზე]. მგონია, რომ ბევრად ჩამოვრჩებით დანარჩენ მსოფლიოს განათლების სისტემით და მენტალიტეტით. ეს უნდა შეიცვალოს. თუმცა, ეს ნაკლოვანებები შესაძლებლობად უნდა ვაქციოთ."
დეკო 1997 წელს დაიბადა, ჟურნალისტიკას სწავლობდა. ახლა საოჯახო ბიზნესშია და სამხატვრო გალერეაში მუშაობს.
,,ჩვენ ჯერ კიდევ ბევრგან ვხვდებით საბჭოთა კავშირის კვალს. მათი მემკვიდრეობა ხშირად ბებია-ბაბუისგან გადმოგვეცემა. დღეს ქართველი ახალგაზრდები ხშირად ვაწყდებით სოციალურ შეზღუდვებს, ბარიერებს. მე მინდა მონაწილეობა მივიღო ისეთ მოძრაობაში, რომელიც თავისუფლად ფიქრის და აზრის გამოხატვის პირობებს შექმნის ყველასთვის ამ ქვეყანაში.”
ელენე 2003 წელს დაიბადა რუსთავში, უყვარს ცხენოსნობა.
,,საბჭოთა კავშირი დანარჩენი სამყაროსგან იზოლირებული იყო. ისეთი საზოგადოება უნდა შევქმნათ, რომელიც წარსულის შეზღუდვებისგან გათავისუფლდება. უამრავი სფეროა, სადაც საქართველო უნდა განვითარდეს. დროა, ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ.”
ანდრეი 2000 წელს დაიბადა და სოფელ შავშვებში გაიზარდა (აღმოსავლეთ საქართველო). ორ დასთან და თავის საუკეთესო მეგობარ თაკოსთან ერთად იზრდებოდა. ანდრეის ხელოვნება და კინო აინტერესებს, განსაკუთრებით უყვარს ძველი ფრანგული ფილმები.
,,საბჭოთა კავშირის კოლაფსიდან სამმა ათეულმა წელმა ახალი თაობა ძველისგან მკვეთრად გამოარჩია. ჩვენი მშობლებისგან განსხვავებით, რომლებსაც რეჟიმი ინფორმაციას მკაცრად უკონტროლებდა, ჩვენ უფრო ფართო თვალსაწიერი გვაქვს. საბჭოთა გავლენით, უფროს თაობას სხვა შეხედულებები ჩამოუყალიბდათ, რაც ზოგჯერ დასავლურ ღირებულებებთან წინააღმდეგობაშია. ეს გამოწვევაა. ჩემი თაობა აფასებს დამოუკიდებლობას, დემოკრატიული ერის მშენებლობის პროცესს, რაც გამოხატვის ყველა ფორმას მოიაზრებს. მე მჯერა, რომ შევქმნით სტერეოტიპებისგან თავისუფალ, ინკლუზიურ საზოგადოებას.”
ირაკლი 18 წლის ისტორიის სტუდენტია ქუთაისში. გამორჩეულია მძლეოსნობაში, შუბის სროლაში. ირაკლი საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის წევრია და ამ სპორტში სამი ეროვნული ჩემპიონატი აქვს მოგებული.
,,საქართველოს ბრწყინვალე მომავალი აქვს. ახალი თაობა მზად არის ეს რწმენა რეალობად აქციოს.”
თამარა 1996 წელს დაიბადა. სოციალური მედიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტია. აინტერესებს მუსიკა, მხატვრობა, ფოტოგრაფია, გადაღება. ახლა მუსიკალურ ბენდთან ,,Pitter J”-თან მუშაობს პროდუსერად.
,,საქართველო დიდი ხანი იყო ალყაში, ისტორიულად რუსეთისგან, რომელიც დღესაც აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას და 20%-ს ყოველდღიურად უმატებს საქართველოს მიწას. საბჭოთა ეპოქამ ჩაახშო ჩვენი თავისუფლება და განვითარება. დღეს ჩემი თაობა ბევრს მუშაობს ამ კვალის წაშლაზე, განვითარებული ქვეყნების სისტემებთან ჩვენი ქვეყნის დაახლოებაზე.”
მაო 1998 წელს პეტერბურგში დაიბადა. მაო ჰიპ-ჰოპის მოცეკვავე და ოფისის მენეჯერია. პარალელურად, ჩინურ ენას სწავლობს.
,,საქართველოს ბევრი ბრძოლა აქვს გადალახული, საბჭოთა კავშირს დააღწია თავი. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ შემდეგი თაობისთვის შეუძლებელი არაფერია.”
ინგა 1995 წელს დაიბადა ქუთაისში. მან ხელოვნების სკოლა დაამთავრა, იზრდებოდა თბილისსა და საბერძნეთში. ინგა განქორწინებული ოჯახიდან არის, წლები ებრძოდა დეპრესიას, რამაც მისი შემოქმედებითი განვითარება შეაფერხა.
,,ჩემს ქვეყანაში ახალგაზრდებს ძველი საბჭოთა ნარჩენები თრგუნავთ, რომელსაც შური და ძალადობა კვებავს. ათეული წლებია თავისუფლებისკენ ვისწრაფვით, მაგრამ ნამდვილი თავისუფლება თითქოს მოუხელთებელია და ილუზიაა. ის მხოლოდ ჩვენს გონებაშია. ეს ყოვლისმომცველი შიში კი ძალიან მასევდიანებს მე.”
თორნიკე 1996 წელს თბილისში დაიბადა. ბიზნესის ადმინისტრირებას და საზოგადოებასთან ურთიერთობას სწავლობდა და დღეს მოდის მარკეტერად მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ თორნიკემ მამა ძალიან პატარა ასაკში დაკარგა, ცხოვრების მიმართ მადლიერებას მაინც არ კარგავს.
,,ჩვენმა თაობამ უნდა მიაღწიოს იმას, რისთვისაც თავდაუზოგავად ვიბრძვით. მშობლების თაობისგან განსხვავებით, ჩვენ არჩევანის თავისუფლება გვაქვს და ეს უნდა დავაფასოთ. თავისუფლებაში გავიზარდეთ და უფლებების დაცვას ვითხოვთ, შეზღუდვებს ვეწინააღმდეგებით, მათ შორის, საპროტესტო გამოსვლებითაც.”
ლიზა 2001 წელს დაიბადა. ბაკალავრის ხარისხი გრაფიკულ და ვებ დიზაინში მიიღო. ამასთან ერთად, არის მომღერალი და მხატვარი. 23 წლის ლიზას ბედნიერების პოვნა უჭირს. ,,მირჩევნია ამ წუთით ვისიამოვნო, ვიდრე მომავალზე ვიდარდო,”ამბობს ლიზა.
,,ნამდვილი თავისუფლება ის არის, რომელიც სხვების თავისუფლებას არ არღვევს. სამწუხაროდ, საბჭოთა მემკვიდრეობა დღესაც ახდენს ჩვენს აზროვნებაზე გავლენას, და ზოგჯერ დანაშაულის შეგრძნებას გვიტოვებს, როცა ბედნიერები ვართ.”
საბა 2003 წელს დაიბადა. პროფესიით არქეოლოგია.
,,მე მგონია, რომ დღევანდელი თაობა გამორჩეულია - თავისუფალია, განვითარებულია, გონიერია. ეს თვისებები მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ისინი უნდა გაუძღვნენ ქვეყანას. მჯერა, რომ საქართველო საცხოვრებლად უკეთესი გახდება.”
ლიკა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი და ცნობილი მოდელია საქართველოში. ის 2000 წელს დაიბადა.
,,ძალიან ბედნიერი ვიქნები, ჩვენი ქვეყნის პროგრესს და განვითარებას თუ დავინახავ.”
თორნიკე 1994 წელს დაიბადა, ის ურბანისტიკით არის დაინტერესებული.
,,მაშინ, როცა ჩვენი თაობა ცვლილებების უშუალო მონაწილეა, ამ პროცესში ეროვნული ღირებულებები და კულტურა არ უნდა დავივიწყოთ.”
გვანცა 2001 წელს ქუთაისში დაიბადა. ფსიქოლოგიის სტუდენტია. კანის ქრონიკულ დაავადებას - ვიტილიგოს - საჩუქრად მიიჩნევს, რომელმაც საშუალება მისცა სამყაროს ბუნებრივი სილამაზე მზის ამოსვლიდან ღამით ვარსკვლავების გამოჩენამდე უფრო მეტად დაეფასებინა. თავის შემოქმედებით ხასიათს ზღაპრებში და ხატვაში გამოხატავს. თავად ცხოვრებასაც ხელოვნების ნიმუშად აღიქვამს.
,,ყველა ისტორიული ეპოქა უნიკალურია, თუმცა ცვლილებები ზრდისთვის აუცილებელია. ცხოვრება და დრო მიზნის გარეშე სტაგნაციაა და აზრს მოკლებული. სულისთვის მუდმივი ზრდა უმნიშვნელოვანესია. ყოველი ახალი დღე განახლების შესაძლებლობაა.”
გააკეთე დონაცია