გარდამტეხი 1990 წელი
ავტორი: გაბრიელ ჩუბინიძე
„ბოიკოტი, თუ არჩევნებში მონაწილეობა?“ - ეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური კითხვა აღმოჩნდა ბოლო, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს. თავის მხრივ, ეს კითხვა კიდევ ერთი, 2024 საპარლამენტო არჩევნების და მისი შედეგების ინერციაცაა, როდესაც სრულმა ოპოზიციურმა სპექტრმა არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა და მიღებულ მანდატებზე უარი თქვა. ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება ბოიკოტის ავკარგიანობაზე მსჯელობისას და საკუთარი არგუმენტების გასამყარებლად ხშირად უახლეს ისტორიასაც მოიხმობდა. ამ დროს სიმბოლურად ყველას 1990 წლის მარტის ბოიკოტი ახსენდებოდა.
დისკუსიებზე დაკვირვებისას ჩემთვის აშკარა გახდა, რომ არათუ საზოგადოების რიგით წევრებს, არამედ პოლიტიკოსებსაც არ ჰქონდათ მომხდარზე რეალური წარმოდგენა. მაგალითად, ცხადად მახსოვს ბოიკოტის მომხრე ერთ-ერთი მაღალრეიტინგული ოპოზიციური პარტიის ლიდერის განცხადება პირდაპირ ეთერში, როდესაც მან „მრგვალი მაგიდის“ (პოლიტიკური ალიანსი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, ზვიად გამსახურდიას გარშემო გაერთიანებული პოლიტიკური პარტიების ბლოკი) გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ბოიკოტის გამარჯვებად მიიჩნია. სავარაუდოდ, მან არ იცოდა, რომ სინამდვილეში პირიქით იყო, „მრგვალმა მაგიდამ“ ბოიკოტი დაარღვია და ამ გადაწყვეტილებით მაშინ ფაქტობრივად აღიარა საბჭოთა არჩევნებისა და, შესაბამისად, საბჭოთა ხელისუფლების ლეგიტიმურობა.
თავის მხრივ, არჩევნებში მონაწილეობის მომხრეებიც ცდებოდნენ. არ შეიძლება „ქართული ოცნების“ აღმავალი ავტოკრატია შევადაროთ საქართველოს „კომუნისტური პარტიის“ პოლიტიკურად ატროფირებულ მდგომარეობას და ამით არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გავამართლოთ.
1990 წლის უზენაესი საბჭოს არჩევნების გარშემო მიმდინარე პროცესები, რომელიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის, გაცილებით ფართო თემაა და მას ზედაპირული მსჯელობით და ლოგიკით ვერ ავხსნით. ამ სტატიაზე მუშაობა, მართალია, გასულ წელს დავიწყე, თუმცა მას აქტუალობა არც ახლა დაუკარგავს. 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებმა ისე ჩაიარა, რომ ვერც ერთმა მხარემ: ვერც ბოიკოტის მომხრეებმა და ვერც მისმა მოწინააღმდეგეებმა, მოკლევადიან პერსპექტივაში არსებითი ცვლილების მოტანა ვერ შეძლეს. ახლა, ამ კონტექსტში ეს სტატია განსაკუთრებით საინტერესოა და პოლიტიკური პროცესების კომპლექსურობაზე მიანიშნებს, რომლის საპირწონედაც ჩვენს საზოგადოებაში ყოველდღიურად ცრუ მოლოდინები იქმნება და ისტორიული გამოცდილებიდან ზედაპირული დასკვნები კეთდება.
მაშინ, ისევე როგორც დღეს, საქართველო კიდევ ერთხელ გადის ბეწვის ხიდზე. მაგრამ არის ერთი დიდი განსხვავებაც: 1990 წელს, რეჟიმის ძალაუფლება დაღმავალი იყო, ხოლო მოსახლეობას სჯეროდა ნათელი და ბედნიერი მომავლის. დღეს მდგომარეობა განსახვავებულია - რეჟიმი ძალაუფლების სრულმასშტაბიანი კონსოლიდაციის გზას ადგას და მისი გამარჯვების შემთხვევაში, მომავალი უიმედო და ბუნდოვანია.
გარდამტეხი 1990 წელი
1990 წლის მარტში, საბჭოთა საქართველოში, უზენაესი საბჭოს არჩევნები პოლიტიკური ჯგუფების მნიშვნელოვანი ნაწილის ბოიკოტის გამო გადაიდო. ბოიკოტის მიზეზი და ძირითადი მოთხოვნა არჩევნებზე პოლიტიკური ჯგუფებისთვის პარტიებად დარეგისტრირების უფლების მინიჭება იყო. „კომუნისტურმა პარტიამ“ გივი გუმბარიძის ხელმძღვანელობით ერთი შეხედვით უკან დაიხია, არჩევნები გადადო და ბოლოს სულაც დააკმაყოფილა მოთხოვნები.
1990 წელს ბოიკოტის ნაწილობრივი გამარჯვებისა და „კომუნისტური პარტიის“ უკანდახევის მიუხედავად, ოპოზიციური ჯგუფების უდიდესი ნაწილი, „მრგვალი მაგიდის“ გამოკლებით, 1990 წლის ზაფხულ-შემოდგომაზეც აგრძელებდა არჩევნების საკითხის შესახებ ბოიკოტს. „მრგვალმა მაგიდამ“ არჩევნების გადადება და პარტიების დაშვება ხელისუფლებისგან საკმარის კომპრომისად მიიჩნია და ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას დათანხმდა.
უზენაესი საბჭოს არჩევნებში „მრგვალმა მაგიდამ“ 53.99% მიიღო და მთელი 24.39%-ით აჯობა „კომუნისტურ პარტიას“. გამარჯვება გამარჯვებად დარჩა, მოვლენები საქართველოსთვის ყველაზე უარესი სცენარით განვითარდა. ეროვნულ მოძრაობაში არსებული კონფლიქტი უფრო გაღრმავდა — გაერთიანების ნაცვლად, წევრები ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაემტერნენ, რამაც ქვეყანა სამოქალაქო ომამდე მიიყვანა.
მაინც, რატომ დაუშვა კომპრომისი საქართველოს „კომუნისტურმა პარტიამ“? არგუმენტი რომ საქართველოში კომპარტიას მცირე რეიტინგი ჰქონდა და ვერ გარისკავდნენ, არ არის დამაჯერებელი. არც ლიტვა, ლატვიასა თუ ესტონეთში არ სარგებლობდნენ მხარდაჭერით კომუნისტები, მაგრამ არჩევნების ჩაშლა არ უცდიათ. ბოლოს და ბოლოს, რევოლუციურ შემთხვევაში, პარტია საბჭოთა ჯარის დახმარებით ყოველთვის აღიდგენდა კონტროლს რესპუბლიკაზე — როგორც ეს, მაგალითად, ბაქოში მოხდა, ან როგორც იმავეს შეეცადნენ ვილნიუსში 1991 წელს.
ძნელი დასაჯერებელია ისიც, რომ გივი გუმბარიძემ გადაწყვეტილება დემოკრატიის რწმენით მიიღო, მაგრამ შეგვიძლია, დავსვათ დამატებით შეკითხვა: ნამდვილად კომპრომისი იყო თუ არა არჩევნების გადადება? იქნებ ეს „კომუნისტური პარტიის“ ინტერესებშიც შედიოდა? ამავე არჩევნებში კომპარტია ხომ თითქმის ყველა რესპუბლიკაში დამარცხდა, სადაც ეროვნული სენტიმენტები ჭარბობდა?
ამ სტატიის ამოცანა არ არის იმის გამორკვევა, თუ რა მიზანი ამოძრავებდა გუმბარიძეს (ამისთვის გაცილებით ღრმა და მრავალწლიანი კვლევაა საჭირო). დღესაც მკვლევრებსა და ზოგადად, მოქალაქეებში 1990 წლის მარტის არჩევნების კომპრომისისადმი ძალიან ზოგადი დამოკიდებულება არსებობს, რომელიც ვერ სცდება ზედაპირულ ლოგიკას, ანალიზს და ვერ ხსნის რიგ მოვლენებს. სტატიის მიზანი იმ მრავალშრიანობის წარმოჩენაა, განსაკუთრებით ცენტრი-პერიფერიის ურთიერთდამოკიდებულების, რომელიც პირდაპირ აისახებოდა საქართველოში 1990 წლის გაზაფხულზე მიმდინარე პროცესებზე.
პერესტროიკის ცივი ნიავი
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამ სრულად შეცვალა ქართული საზოგადოება. რთული სათქმელია, რისი მიღწევა სურდა მოსკოვს, ან საერთოდ ჰქონდა კი გრძელვადიანი ხედვა? როგორც არ უნდა იყოს, 9 აპრილს მოსკოვმა საქართველო დაკარგა — უკან დაიტოვა ათობით დაღუპული და ასობით დაშავებული ადამიანი და ამისთვის პოლიტიკური ფასი გადაიხადა: ჯერ პირადად პირველმა მდივანმა, ჯუმბერ პატიაშვილმა, ხოლო შემდეგ, სრულად საქართველოს „კომუნისტურმა პარტიამ“. თავის მხრივ, პასუხისგებისკენ ირიბად მოუწოდა მიხეილ გორბაჩოვმაც, რომელმაც დაგმო მშვიდობიანი აქციის დარბევა და მისი გამოძიება მოითხოვა.
„საქართველოს კომუნისტური პარტია“, რომელიც 9 აპრილამდე სრულად მიჰყვებოდა პროპაგანდისტულ ნარატივს, უეცრად სულელურ სიტუაციაში აღმოჩნდა. იმპერიის ცენტრმა დანაშაული ნაწილობრივ აღიარა, რაც საქართველოს კომუნისტებისათვის იმას ნიშნავდა, რომ თბილისს ადრინდელი რიტორიკა უნდა შეეცვალა და თვითკრიტიკა დაეწყო. ასეც მოხდა, ქართველმა კომუნისტებმა და მთელმა პროპაგანდისტულმა მანქანამ საქმის გამოძიება მოითხოვეს, მანამდე დაჭერილი „ეროვნული მოძრაობის“ ლიდერები კი ერთი-მეორეს მიყოლებით გაათავისუფლა.
საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად გივი გუმბარიძე დანიშნეს. ის ამ პოსტზე ფაქტობრივად არსაიდან მოვიდა. მისი სწრაფი კარიერული ზრდა 1985 წლიდან დაიწყო, 1989 წელს უკვე უშიშროების სახელმწიფო კომიტეტს ხელმძღვანელობდა, სწორედ უშიშროებიდან გადასვეს ცეკას მდივნად. ერთი შეხედვით მშვიდ, გაწონასწორებულ და უინიციატივო გუმბარიძეს საზოგადოებამ მეტსახელი „მამადუ“ შეარქვა — საბავშვო ძილისპირული გადაცემის ერთ-ერთი გმირის პატივსაცემად. უმაღლესი პოსტის დაკავება მას ცალსახად უმძიმეს დროს მოუწია. 9 აპრილის შემდეგ, საქართველოში ინიციატივა სრულად „ეროვნული მოძრაობის“ ხელში გადავიდა, ხოლო მოსკოვში სულ უფრო და უფრო ცხადი ხდებოდა ძალაუფლების კრიზისი.
მიხეილ გორბაჩოვის დაწყებულმა „პერესტროიკამ“ ბაზისური თავისუფლებები ნამდვილად მოიტანა, მაგრამ საზოგადოებისთვის „პერესტროიკა“ ყველაზე ხელშესახებად სამომხმარებლო პროდუქტებისთვის დაუსრულებელ რიგში დგომით გამოიხატა. რეაქციული და კონსერვატიული პოლიტიკური ელიტისთვის კი „პერესტროიკა“ საერთაშორისო არენაზე დასავლეთთან პოლიტიკური კაპიტულაციას, ხოლო საბჭოთა რესპუბლიკებს შიგნით იმპერიის ცენტრის გავლენის შესუსტებას გულისხმობდა.
დროის გასვლასთან ერთად, გორბაჩოვის მხარდამჭერთა რაოდენობა სულ უფრო და უფრო მცირდებოდა. ამან „კომუნისტური პარტიის“ ეტაპობრივ შესუსტებას შეუწყო ხელი: ჩამოაშორა იგი მმართველ რგოლს და დაიწყო დემოკრატიული პროცესები, თუმცა ეს ყველაფერი, საბოლოოდ, ერთი ადამიანის (მიხეილ გორბაჩოვის) ხელში ძალაუფლების ცენტრალიზაციითა და სუპერსაპრეზიდენტო მმართველობის დამყარების მცდელობით დასრულდა.
სახელმწიფო სტრუქტურის მოწყობის მოდელის ცვლილება, პირველ რიგში, სახალხო დეპუტატთა ყრილობის შექმნით გამოიხატა, რომელიც საქმიანობით პარლამენტის ეკვივალენტი იყო. მასში სხვადასხვა პოლიტიკური ძალა შედიოდა, ეროვნული ფრონტების ჩათვლით. პირველი ყრილობა 1989 წლის 25 მაისს მოსკოვში გაიმართა და იგი მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. როგორც ამბობენ, ამ ტრანსლირებამ საბჭოთა სატელევიზიო ეთერის ხილვადობის რეკორდი მოხსნა. ყრილობა რამდენიმე დღე გაგრძელდა, სიტყვით ყველა რესპუბლიკის წარმომადგენელი გამოვიდა. ქართველებიდან გამორჩეული გამოსვლა ჰქონდა აკადემიკოსს თამაზ გამყრელიძეს, რომელმაც მთელს საბჭოთა კავშირს ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვისა და შელამაზების გარეშე ამცნო 9 აპრილს მომხდარი დანაშაულის შესახებ.
გორბაჩოვის მეორე უმნიშვნელოვანესი რეფორმა სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე მუშაობა გახდა. ეროვნული ფრონტების გაჩენისა და რესპუბლიკების დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის საპასუხოდ, გორბაჩოვმა საბჭოთა კავშირის კონფედერაციულ მოდელზე გადასვლა განიზრახა. 1989-1990 წლებში ამ იდეას აქტიურად განიხილავდნენ და ძნელი მისახვედრი არ იყო, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები.
ამავე პერიოდში საბჭოთა „კომუნისტური პარტია“ უკვე ღრმა კრიზისში იყო. მოსკოვში კომუნისტებს სულაც არ მოსწონდათ ძალაუფლების მონოპოლიის დაკარგვა, მით უმეტეს მაშინ, როცა სახალხო დეპუტატთა არჩევნების შედეგად საბჭოში მოხვდნენ ანდრეი სახაროვი, ბორის ელცინი, დისიდენტები და ყველა ის ადამიანი, ვინც მათ პირდაპირ ებრძოდა. პარტია ვერ ახერხებდა ადეკვატურ რეაგირებას, ის ჩამოიშალა და შიდა ფრაქციებად დაიყო. ერთმა ნაწილმა გორბაჩოვს დაუჭირა მხარი, მეორე ნაწილი დინებას მიჰყვა, მესამე ნაწილი კი კონსერვატიულ პოზიციას მიემხრო და არ ეგუებოდა ძალაუფლების დაკარგვას.
მიხეილ გორბაჩოვს საბჭოთა კავშირის დანგრევა არ უნდოდა. მას ქვეყნის მოდერნიზაცია სურდა, მაგრამ როგორც შემდგომში გაირკვა, იმპერიის დემოკრატიზაცია, ეკონომიკური ექსპერიმენტები და ცენტრალური ხელისუფლების შესუსტება მზარდი ნაციონალიზმის პარალელურად შეუთავსებელია. ამერიკელი ისტორიკოსი, სტივენ კოტკინი, ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევა არა მხოლოდ ეკონომიკურმა კოლაფსმა გამოიწვია, არამედ ინსტიტუციურმაც — საბჭოთა სისტემას არ შეეძლო რეფორმირება, ის ზედმეტად დეგრადირებული იყო, განსაკუთრებით კი მისი სახელმწიფო ინსტიტუტები.¹
1988-1989 წლებში აშკარად გამოიკვეთა, რომ გორბაჩოვს „კომუნისტური პარტიის“ დასუსტება და მისი ძალაუფლების ვერტიკალიდან ჩამოცილება სურდა. ასეთ ვითარებაში მოკავშირე რესპუბლიკებში არსებული კომპარტიები თამაშგარე აღმოჩნდნენ. ერთი მხრივ, მათ ანგარიში უნდა გაეწიათ რესპუბლიკაში არსებული ეროვნული მოძრაობებისთვის, ხოლო მეორე მხრივ, მოსკოვის სურვილები უნდა გამოეცნოთ. ასევე ისიც, თუ რამდენად შორს წავიდოდა გორბაჩოვი, რომელიც „კომუნისტურ პარტიას“ ძირს უთხრიდა — და თუ ძირს უთხრიდა, საქართველოში ადგილობრივი კომპარტია რა გზას უნდა დამდგარიყო?
კრიზისული 1989 წელი
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიით საქართველოში პოლიტიკური პროცესები არ მინელებულა. მართალია, ეს იყო ერთგვარი კულმინაცია, მაგრამ კულმინაცია არა დასასრულის, არამედ ყველაფერი ახლის დასაწყისის. სახელმწიფოსა და საზოგადოებაში რადიკალური ცვლილებები დაიწყო. პერესტროიკისა თუ ზომიერი პოლიტიკური პოზიციების მომხრე ქართველები გაქრნენ, უფრო სწორად, ისინიც რადიკალურ ფრთაზე გადავიდნენ. უკვე მთელი ქართული საზოგადოება ითხოვდა დამოუკიდებლობას. პოლიტიკური პროცესების ავანგარდში „ეროვნული მოძრაობა” აღმოჩნდა, ხოლო მმართველ „კომუნისტურ პარტიას“ სულის მოთქმა სჭირდებოდა — ახალი პოლიტიკის შექმნა, ისე რომ ანგარიში გაეწია როგორც ადგილობრივი, ისე მოსკოვის მოთხოვნებისთვის.
პერესტროიკის ფარგლებში, მოსკოვი ახალისებს წითელ ტერორზე, „საჯარიმო ბატალიონებზე“ (штрафнои баталион), გულაგებზე და საბჭოთა ხელისუფლებების მიერ ჩადენილ სხვა დანაშაულებზე საუბარს. იყო კი სტალინი ლენინიზმის იდეის ჭეშმარიტი გამგრძელებელი? ახალი პოლიტიკური დაკვეთა ამ კითხვაზე პასუხად „არას“ კარნახობდა. ამ იდეას უაპელაციოდ იზიარებენ რესპუბლიკის მმართველები, რითაც, ფაქტობრივად, საკუთარ თავს იდეოლოგიურ ბაზისს აცლიდნენ. გამოდიოდა, რომ თავადაც დამნაშავეების შთამომავლები იყვნენ, რადგან „კომუნისტური პარტიის“ სახელს ამაყად ატარებდნენ.
მსგავსი პროცესი მიმდინარეობდა საქართველოშიც. ქართულმა „კომუნისტურმა პარტიამაც“ დაიწყო საკუთარი წარსულის დაგმობა იმ იმედით, რომ ხალხი დაიჯერებდა მათ გარდაქმნას. ამას ემატება ეროვნული ნარატივის გამოკვეთაც — გორბაჩოვის პოლიტიკით, სსრკ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა კავშირად უნდა გარდაქმნილიყო, აქედან გამომდინარე, „ეროვნული თვითგამორკვევის“ საკითხი წახალისებულიც იყო, ოღონდ, „პერესტროიკის“ წესებით.
1989 წელი სხვა მხრივაც დაძაბული აღმოჩნდა. ქართულმა „ეროვნულმა მოძრაობამ“ საკუთარი ჩრდილის ქვეშ მოაქცია „კომუნისტური პარტია“. აფხაზეთში სიტუაცია უკიდურესად გამწვავდა. ქართველებსა და აფხაზებს შორის პირველი კონფლიქტი უამრავი დაშავებულით და მსხვერპლით დასრულდა, მაგრამ სამხედრო მოქმედებებში არ გადაზრდილა. სამხრეთ ოსეთში ძლიერდებოდა ოსური პოლიტიკური მოძრაობა „ადამონ ნიხასი“. მეზობელ რესპუბლიკებში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ომი ნელ-ნელა სამხედრო დაპირისპირებისკენ მიდიოდა. თავის მხრივ, ყარაბაღის გარშემო დაწყებული დაძაბულობა ინერციით გადმოედო ქვემო ქართლის რეგიონს, სადაც ქართველი ეკო-მიგრანტების კომპაქტური ჩასახლებების გამო, ისედაც დაძაბულობა შეიმჩნეოდა. გამოიკვეთა „თურქი-მესხების“ პრობლემაც. უფრო სწორად, სტალინის დროს გადასახლებული ხალხის სამშობლოში დაბრუნების სურვილი, რომელსაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ეროვნული ძალები. ამ ყველაფერს თან ერთოდა საერთო ეკონომიკური რეცესია, დეფიციტური პროდუქტების ზრდა, შრომის ეფექტიანობის დაცემა, გაზრდილი კორუფცია, კრიმინალი და ყველაფერი ის, რაც საზოგადოების უკმაყოფილებას ზრდიდა.
1990 წელიც მძიმედ დაიწყო. პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, რესპუბლიკებს შორის სრულმასშტაბიანმა სამხედრო დაპირისპირებამ იფეთქა. ყარაბაღში ომის პარალელურად თბილისში ჩამოვიდნენ სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ქართველები და საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი თბილისისგან მეტ ყურადღებას და მომძლავრებული „ადამონ ნიხასის“² წინააღმდეგ უსაფრთხოების ზომების მიღებას ითხოვდნენ. მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები, გაფიცვა და შიმშილობა, ქვეყნის ყოველდღიურობად იყო ქცეული.
გადამწყვეტი არჩევნები
1990 წლის მარტში საბჭოთა კავშირის მასშტაბით უზენაესი საბჭოს არჩევნები დაინიშნა. სწორედ ამ არჩევნებს უნდა გადაეწყვიტა, ვინ გახდებოდა რესპუბლიკის მმართველი ძალა. გორბაჩოვისთვის მრავალხმიანობა შეიძლება მისაღები იყო, მაგრამ ის მრავალპარტიულობას ეწინააღმდეგებოდა. ეს ისევ იკრძალებოდა. სამაგიეროდ, დაშვებული იყო მოძრაობის არჩევნებში მონაწილეობა, მათ შორის, სახალხო ფრონტების, რომლებიც მთელი სსრკ-ს მასშტაბით არსებობდნენ და არც საქართველო იყო გამონაკლისი. 1990 წლის გაზაფხულს უზენაესი საბჭოს არჩევნების წინ, საქართველოში სამი ძირითადი პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრი იყო. მმართველი „კომუნისტური პარტია”, ოპოზიციური „სახალხო ფრონტი”, რომელიც მონაწილეობდა საბჭოთა არჩევნებში და ბოიკოტის მომხრეები, ანუ თითქმის სრული ოპოზიციური სპექტრი.
„სახალხო ფრონტი”, რომელიც მეტწილად ნოდარ ნათაძის სახელს უკავშირდება, მონაწილეობას იღებდა 1990 წლის მარტის არჩევნებში. „ეროვნული მოძრაობის” ყველა სხვა მსხვილმა ჯგუფმა ბოიკოტი გამოაცხადა. მათი არგუმენტი ეფუძნებოდა აზრს, რომ საბჭოთა ხელისუფლება ოკუპანტია, შესაბამისად, მათ მიერ ჩატარებული არჩევნები ავტომატურად არალეგიტიმურად გამოცხადდებოდა, ხოლო არჩევნებში მონაწილეობით მათ ლეგიტიმაციას მიანიჭებდა.
თავის მხრივ, ბოიკოტის მომხრეების იდეური ერთობაც უკიდურესად მოწყვლადი აღმოჩნდა და ერთ თვეში დასრულდა. „მრგვალი მაგიდა“ ბოიკოტს უცხადებდა მარტის არჩევნებს, მაგრამ არჩევნებს, რომელიც საერთაშორისო ნორმების დაცვით და სხვა პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით გაიმართებოდა, მიესალმებოდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ „ეროვნული მოძრაობა“ არასდროს ყოფილა მონოლითური ერთობა, შიგნით ყოველთვის მწვავედ დაპირისპირებული ჯგუფები იყვნენ, რომლებიც საბოლოოდ ერთმანეთს ისე გადაემტერნენ, რომ ერთობაში შემავალი სამივე ჯგუფი ერთმანეთს ბრალს „სუკის“ აგენტობაში სდებდა.
„საქართველოს კომუნისტური პარტია“ სუსტდებოდა. კომკავშირი დაიშალა. „ეროვნული მოძრაობაც“ შეეცადა გარდაქმნას, მაგრამ ვერ მოახერხა და ერთ დღესაც უბრალოდ გაუქმდა. გაზეთი „ახალგაზრდა კომუნისტი“ „ახალგაზრდა ივერიელად“ გადაკეთდა. ცვლილებები დაიწყო პროფკავშირებშიც. უნდა ითქვას, რომ „საქართველოს კომუნისტურმა პარტიამ“ არა მხოლოდ გაითავისა ეროვნული რიტორიკა, არამედ გაცილებით შორსაც წავიდა და 1921 წლის საბჭოთა ჯარების შემოჭრა ოფიციალურად გამოაცხადა ოკუპაციად. მან საინტერესო იდეოლოგიური მანევრიც დაიწყო — გუმბარიძემ ფაქტობრივად უარყო საბჭოთა წარსული და ისტორიიდან გააცოცხლა ქართველი ნაციონალ-უკლონისტები, როგორც მისაბაძი მაგალითი.³
ნაციონალ-უკლონისტები პირველი თაობის ქართველი ბოლშევიკები იყვნენ, რომლებიც მოსკოვსა და სტალინს დაუპირისპირდნენ — ლენინური გზიდან გადახვევა დააბრალეს და რეალური ეროვნული ავტონომია მოითხოვეს. 1990 წელს, საქართველოს კომპარტიაც ფაქტობრივად იმავეს ითხოვდა, ეს მათ რიტორიკაში აშკარად ჩანდა. მეტიც, მათ მიიღეს დეკრეტი საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის შესახებ. გამუდმებით იმეორებდნენ, რომ ქართველ ხალხს ეროვნული თვითგამორკვევა და დამოუკიდებლობა სურდა.
მაგრამ იყო კი გუმბარიძე ბუდუ მდივანი? პასუხი ერთმნიშვნელოვნად უარყოფითია. ბუდუ მდივანი გულწრფელად, პრინციპულად ეწინააღმდეგებოდა მოსკოვის ცენტრალიზების პოლიტიკას, მაშინ როცა გუმბარიძე უბრალოდ იმეორებდა გორბაჩოვის მოკავშირე რესპუბლიკების იდეას და საქართველოს მხოლოდ მოკავშირე რესპუბლიკის პრიზმაში ხედავდა. საკუთარ გამოსვლებში ის არაერთხელ აღიარებდა ამ ფაქტს, ისევე როგორც მისი გუნდის სხვა წევრები, მაგალითად, ვალერიან ადვაძე სსრ-ს სახალხო დეპუტატთა საბჭოში გამოსვლისას ამბობდა: „ჩვენ უნდა შევქმნათ სუვერენულ სახელმწიფოთა კავშირი. დაგვაგვიანდა: ლიტვა უკვე წავიდა, წავლენ სხვებიც. ამიტომაც ისე უნდა დავსვათ საკითხი, რომ ეს პროცესი შევაჩეროთ, შევქმნათ ნამდვილი კავშირი. [...] მე მგონია, შევძლებთ თანამედროვე ცივილიზაციის დონეზე ერთა ისეთი თანამეგობრობის შექმნას, რომელშიც ლიტვაც დაბრუნდება. მოდით, ამაზე ვიფიქროთ. ჯერ კიდევ შესაძლებელია შველა“.
ამასობაში მოსკოვში დიდი ცვლილებებია. მიხეილ გორბაჩოვმა მარტში საბჭოთა კავშირის საპრეზიდენტო მოდელზე გადასვლა დაიწყო, მას სურდა აღმასრულებელი ხელისუფლებიდან სრულად ჩამოეცილებინა „კომუნისტური პარტია“. საინტერესოა, რომ გუმბარიძე აღარ მალავს კრიტიკულ განწყობას და ეწინააღმდეგება საბჭოთა კავშირის საპრეზიდენტო მმართველობაზე გადასვლის იდეას. მას არ მოსწონს ძალაუფლების ერთი ადამიანის ხელში თავმოყრა და ამბობს, რომ ეს საფრთხეს შეუქმნის საბჭოეთის დემოკრატიულ გარდაქმნას.⁴
ამ მოვლენების ფონზე, გივი გუმბარიძემ 23 მარტს სატელევიზიო ეთერით რესპუბლიკის მოქალაქეებს არჩევნების გადადების შესახებ ამცნო. საკუთარი პოზიცია მან საზოგადოებაში დაძაბულობის შემცირებით და დემოკრატიის გამყარებით ახსნა. 1990 წლის 14 მაისს გუმბარიძემ პარტიის ყრილობაზე განაცხადა, რომ „კომუნისტური პარტია“ მხარს უჭერდა პოლიტიკურ პლურალიზმსა და უარს ამბობდა ძალაუფლების მონოპოლიაზე.⁵ მოგვიანებით, პარტიამ საარჩევნო დებულებაში არსებული პრობლემები გაასწორა და 28 ოქტომბრისთვის მრავალპარტიული არჩევნები დაუშვა.
„ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ“ და სხვა პოლიტიკურმა თანამოაზრეებმა ეროვნული კონგრესის არჩევნები დააანონსეს, ხოლო 30 სექტემბერს, 1-2 და 14 ოქტომბერს პარალელური არჩევნებიც ჩაატარეს. გაუგებარია, რატომ შეიქმნეს მოლოდინი, რომ ვინმე საქართველოს შიგნით, ან საერთაშორისო დონეზე ე.წ. ეროვნული კონგრესის არჩევნების ლეგიტიმურობას აღიარებდა. ასეც მოხდა. ოპოზიციის ნაწილი პოლიტიკის წარმოების ინსტიტუციური სივრცეების მიღმა, ქუჩაში აღმოჩნდა.
1990 წლის ოქტომბრის საბჭოთა საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნებში „მრგვალმა მაგიდამ” მონაწილეობა მიიღო და „კომუნისტური პარტია“ დაამარცხა. „მრგვალი მაგიდა” ხელისუფლებაში მოვიდა, ხოლო ეროვნულ კონგრესში შემავალი პარტიები ქუჩაში აღმოჩნდნენ.
რას გვიჩვენებს წარსული
1990 წლის იანვარში საქართველოში ე.წ. ინტერნაციონალური ფრონტი აქტიურდება. ინტერფრონტი არ იყო ექსკლუზიურად ქართული მოვლენა, ის პირველად ბალტიის ქვეყნებში შეიქმნა, შემდგომ უკრაინაშიც. ეს იყო ეთნიკური უმცირესობების ერთობა, რომელიც ადგილობრივ ეროვნულ ფრონტებს ებრძოდა. რთული მისახვედრი არ არის, რომ ინტერფრონტის უკან მოსკოვი იდგა.
პროექტი საქართველოშიც გამოიცადა, მაგრამ წარუმატებლად. ჯერ კიდევ აპრილში ინტერფრონტმა პროკლამაციების გავრცელება დაიწყო. ქართველებს ბრალს სდებდნენ, 9 მაისს კი გენერალური აქცია დააანონსეს. გაურკვეველი მიზეზებით აქცია არ შედგა, ან შეიძლება მასზე ინფორმაცია არქივებსა და ბიბლიოთეკებში არ იძებნება. მეორე მხრივ, მოსკოვს ხელში გაცილებით ძლიერი ბერკეტი ჰქონდა, რაც საქართველოში არსებულ ავტონომიებში გამოიხატებოდა, მათი გააქტიურებით შეეძლოთ დაებალანსებინათ „ეროვნული მოძრაობა”. ზუსტად ამას ამბობდა რუსეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი კოზირევიც (1992-1996). საინტერესო ფაქტია, რომ საქართველოს „კომუნისტური პარტია” „ეროვნულ მოძრაობასთან” კოორდინაციაში მოქმედებდა მოსკოვის მიერ შეგულიანებული სეპარატისტების წინააღმდეგ.
1990 წელი საინტერესო და გარდამავალი წელი იყო. მოსკოვში პოლიტიკური პროცესები ერთი-ორად აჩქარდა. გორბაჩოვი ერთი ხელით ანადგურებდა „კომუნისტური პარტიას”, პარალელურად, ძალაუფლების ერთ ხელში კონსოლიდაციით იყო დაკავებული. ამ კონტექსტში მოკავშირე რესპუბლიკებში დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა დაჩქარდა.
ბოიკოტი, რის გამოც საქართველოში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ბალტიის ქვეყნებში ეფექტიანი იარაღი აღმოჩნდა: ადგილობრივმა „ეროვნულებმა“ არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს და გაიმარჯვეს. თავდაპირველად, მათი მოთხოვნები (მაგალითად, მეტი ავტონომია და ფედერაციული მოწყობა სსრკ-ის ფარგლებში 1988-89 წლებში) რეალისტური ჩანდა. თუმცა, მთავარ მიზანს, სრულ დამოუკიდებლობას, ისინი ფედერაციული რეფორმებით ნიღბავდნენ. ეს ნიღაბი მხოლოდ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჩამოიხსნეს და დამოუკიდებლობის გზას ღიად დაადგნენ. ქართულმა „ეროვნულმა მოძრაობამ“ არა მხოლოდ უარყო „ბალტიის გზა“, არამედ ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაემტერნენ, რომელიც საბოლოოდ, სამხედრო გადატრიალებასა და სამოქალაქო ომში გადაიზარდა.
სამწუხაროდ, კვლევის პროცესში უდიდესი დანაკლისი იყო „კომუნისტური პარტიის“ არქივში მუშაობის შეუძლებლობა. არქივი წლებია, გაურკვეველი მიზეზებით დაკეტილია. ჩემთვის ხელმისაწვდომ პერიოდულ გამოცემებში, მემუარებსა თუ სამეცნიერო ლიტერატურაში გამოკვეთილი არ არის, რა მიზანი ამოძრავებდა გივი გუმბარიძის ხელისუფლებას. ფაქტია, რომ თავდაპირველად ისინი მიჰყვებოდნენ გორბაჩოვის გზას, მაგრამ მოგვიანებით, ბზარები შეინიშნება. საინტერესოა, რომ ამ პერიოდში საქართველოსთან მიმართებით მხოლოდ ზეპირ ისტორიებში იკვეთება ედუარდ შევარდნაძის ფაქტორი.
გუმბარიძის მსგავსად, 1990 წელს გორბაჩოვს საპრეზიდენტო მოდელზე გადასვლისთვის შევარდნაძეც აკრიტიკებდა. მისი თქმით, პრეზიდენტი არჩევნების გზით უნდა არჩეულიყო, სხვა შემთხვევაში ძალაუფლების უხეშ კონსოლიდაციასთან გვქონდა საქმე. 1990 წელს თანამდებობიდან მისი გადადგომის მიზეზიც ეს იყო. გორბაჩოვი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, ძალაუფლების ცენტრალიზების გზას დაადგა, რაც კონსერვატიულ ძალებთან გაერთიანებასაც გულისხმობდა.
1990 წელი იმაზე გაცილებით მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორიისთვის, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ეს სწორედ ის გარდამავალი წელია, როდესაც ხელისუფლების გადაბარება მოხდა. „კომუნისტურმა პარტიამ“ მარტში არჩევნების გადადებით, ერთი მხრივ, დაამშვიდა საზოგადოება, დაარწმუნა ხალხი, რომ მათ რეალურად დემოკრატია სურდათ, მეორე მხრივ, მოიგო დრო: აკვირდებოდა მოსკოვში მიმდინარე პროცესებს და ელოდებოდა, რა გზას აირჩევდა, ან როგორ გარდაიქმნებოდა საბჭოთა კავშირი.
მარტიდან-ოქტომბრამდე პერიოდში კომუნისტები ძალიან აქტიურობდნენ. ეთნიკურად დაპირისპირებულ რეგიონებში კონფლიქტის კერების ჩასახშობად „ეროვნულ მოძრაობასთან“ თანამშრომლობდნენ. ტექნიკურად მოსკოვი ებრძოდა არა მხოლოდ „ეროვნულ მოძრაობას“, არამედ პარტიასაც. რა მოხდებოდა, თუ არჩევნებში პარტია გაიმარჯვებდა? ძნელი წარმოსადგენია, რომ შევარდნაძე უსამსახუროდ დარჩებოდა და მას ძალაუფლებაში უსახო გუმბარიძე შეეცილებოდა. სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა მინისტრობიდან გადამდგარი ედუარდ შევარდნაძე მალევე ჩამოვიდოდა საქართველოში, პრეზიდენტობაზე კენჭს იყრიდა და ზვიად გამსახურდიას ნაცვლად საქართველოს დამოუკიდებლობას მოგვიანებით ის გამოაცხადებდა. არჩევნების წაგების შემდეგ, საქართველოს კომპარტიაში დეზორგანიზაცია დაიწყო და ბოლოს, სასოწარკვეთილებმა 1991 წლის მოსკოვის ე.წ ГКЧП პუტჩს დაუჭირეს მხარი. ლოგიკურია, რომ მარცხის შემდეგ შევარდნაძე პოლიტიკურად გაღატაკებულ „კომუნისტურ პარტიაზე“ ფსონს ვერ დადებდა, მას ახალი დასაყრდენი უნდა ეპოვა. ეს დასაყრდენი საქართველოში კი „მრგვალი მაგიდის“ პოლიტიკური ოპოზიცია იყო.
¹ Stephen Kotkin, Armageddon Averted (2001), გვ.168
² ახალგაზრდა კომუნისტი, 11.01.1990
³ გაზეთი კომუნისტი, 16.05.1990
⁴ გაზეთი კომუნისტი, 19.03.1990
⁵ გაზეთი კომუნისტი, 14.05.1990
გარეკანის ფოტოს ავტორია თემურ გვასალია, 1989 წლის აპრილის აქციები.
ფოტოები ეკუთვნის „ფრაგმენტების“ ციფრულ არქივს.
ავტორის შესახებ
გაბრიელ ჩუბინიძე ისტორიის მკვლევარია, ილიას უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის პროგრამის მაგისტრი. მისი სამეცნიერო კვლევის ძირითად საგანს გასული საუკუნის 80-90-იანი წლების საქართველო წარმოადგენს, მათ შორის, აფხაზეთის ომი.