რატომ უპირისპირდება განათლების რეფორმა საქართველოს თანამედროვე ისტორიას?
ჟურნალისტი: ელენე ხაჭაპურიძე
როგორც ადამიანის ცხოვრება არ არის სენსაციებით სავსე და მეტწილად დღეები ბანალურად გადის, ასეა ისტორიაც და რეალური ისტორია არის საკმაოდ ბანალური, მოსაწყენი, მაგრამ ამ ბანალურის და მოსაწყენის წერაც შეიძლება საინტერესოდო, გვეუბნება ბექა კობახიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი.
„ქართული ოცნების” მიერ გამოცხადებულმა განათლების რეფორმამ, რომელიც ილიაუნის პრაქტიკულად გაუქმებას ისახავს მიზნად, ეს პროგრამაც დაიქვემდებარა. ახალი აკადემიური წლისთვის ვერც თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამა ვეღარ შეძლებს სტუდენტების მიღებას. არადა, 6 წლის ისტორიის მქონე სამაგისტრო პროგრამა კრიზისულ პერიოდში, პანდემიის დროს, როცა მსოფლიო განათლების მიღების ონლაინ რეჟიმზე ადაპტირდებოდა, ისტორიოგრაფიის მოდერნიზაციის განაცხადით შეიქმნა.
პროფესიული ისტორიოგრაფია, რომელიც საქართველოში საბჭოთა დროს ყალიბდება და დასავლური სამყაროსგან იზოლირებულად ვითარდება, როგორც ბექა კობახიძე ამბობს საბჭოთა იდეოლოგიურ ჩარჩოში მოქცეული კეთილისა და ბოროტის დაპირისპირებაა, სადაც კეთილს მუშა, გლეხი და პარტია განასახიერებს, ხოლო ბოროტს ბურჟუაზია, თავადაზნაურობა და დასავლური ცივილიზაცია. ისტორიის კეთილსა და ბოროტს შორის დაპირისპირების ეს ხედვა პოსტსაბჭოთა ისტორიოგრაფიამაც გააგრძელა, იმ განსხვავებით, რომ საბჭოთა იდეოლოგიური ჩარჩო ნაციონალიზმმა ჩაანაცვლა. ასეთი ისტორიოგრაფია არ წერს მათზე, ვინც ქართულ ნაციონალიზმში არ ეწერება. ამის გამო, ისტორიის მიღმა აღმოჩნდნენ კონკრეტული დროების ადამიანები, ვისი ისტორიაც დამარცხდა და უგულებელყოფილი დარჩა.
XXI საუკუნეში ისტორიის კეთილსინდისიერი კვლევა და სწავლება ვეღარ დაეფუძნება ამგვარ მოდელს. თანამედროვე ისტორიოგრაფიის ამოცანაა, ის რეალობა აღწეროს, რომელშიც ეს ისტორია რეალურად ვითარდებოდა. სწორედ ამ ფუნდამენტური პრობლემის გრძელვადიანი მოგვარების მისიით შეიქმნა თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამა.
ისტორიის სწავლებისა და კვლევის მოდერნიზაციის მცდელობამ, თავის მხრივ, თანამედროვე ისტორიკოსისთვის ახალი სტანდარტი ჩამოაყალიბა, რომლის თანახმადაც, ისტორიკოსს მშობლიური ენის გარდა, სხვა დასავლურ ენაზეც უნდა შეეძლოს კვლევა და მუშაობა და სულ მცირე, ორი სფეროს შესახებ კომპლექსურ და ფუნდამენტურ ცოდნას უნდა ფლობდეს. პროგრამა, რომელსაც ერთი აკადემიური წლის განმავლობაში დაახლოებით 5 კურსდამთავრებული ჰყავს, სწორედ ასეთი პროფესიონალების ჩამოყალიბების ამბიციით ხელმძღვანელობდა:
„10-15 წლის შემდეგ გვეყოლება დაახლოებით 30 თანამედროვე პროფესორი. ეს ადამიანები დაწერენ წიგნებს, მონოგრაფიებს, სტატიებს, ეყოლებათ მოწაფეები, ამგვარად შეიქმნება ცოდნა, რომელიც სასკოლო სახელმძღვანელოებში ჩაიღვრება. საბოლოო ჯამში, კოლექტიურ მეხსიერებას გააჯანსაღებს ეს ყველაფერი”, გვეუბნება ბექა კობახიძე.
ქეთი სართანია ახალი თაობის ისტორიკოსებს შორის ერთ-ერთია. ამჟამად ის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის დოქტორანტია, მანამდე კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტი იყო — ეს პროგრამა რომ დავამთავრე, მივხვდი, რომ ისტორიაა ის, რაც მაინტერესებს და სხვა არაფრის კეთება აღარ მინდა ცხოვრებაშიო — დღეს ასე აჯამებს ქეთი ამ პროგრამაზე სწავლის გამოცდილებას.
არადა, ბაკალავრით სოციოლოგი, წმინდად პრაგმატული მიზეზებით, არც ქეთი განიხილავდა ისტორიას მომავალ პროფესიად, ერთადერთი საბჭოთა პროტესტის ისტორია აინტერესებდა და ამ ინტერესზე პასუხის გაცემა მისი გარდაუვალი გეგმა იყო.
ბავშვობაში ყველაზე ხშირად სიტყვა მიტინგი ესმოდა, მისთვის სიცოცხლე მიტინგებზე ჩქეფდა. იმდენად უნდოდა, ამ თავშეყრის ნაწილად ეგრძნო თავი, ქეთი მშობლებს ხშირად სთხოვდა, მიტინგზე წაეყვანათ.
ბევრი ხალხის ერთად დგომის დანახვით ისეთი აღფრთოვანებული ვიყავი, ვერ ვხვდებოდი სახლში რატომ უნდა წავსულიყავითო — დღეს ასე იხსენებს 2003 წლის „ვარდების რევოლუციის” დროს ქუჩაში დგომის გამოცდილებას. ერთ დღესაც სკოლიდან დაბრუნებული მამამ მიტინგზე წაიყვანა, თან ფირის ძველი ფოტოკამერაც წაიყოლა, რომელიც ბოლომდე არ იხურებოდა და წებოლენტით ჰქონდა დამაგრებული. ამ დღისგან რამდენიმე ბლარი ფოტო დღემდე შემორჩა. „ვარდების რევოლუციის” შემდეგ პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, ერთგვარ ორგანიზებულ მიტინგზეც აღმოჩნდა — ჯარით და მთავარსარდლით. ინაუგურაციის დღის მოგონებას ქეთის ბავშვობის დღიურიც ინახავს, სადაც ასეთი რამ ჩაწერა — ქუჩაში ხალხი გამოვიდა, ხალხს მოუსმინეს და ამიერიდან სხვანაირი ქვეყანა იქნება, როდესაც ტელევიზორში მხოლოდ კარგ ამბებს გავიგებთ.
ბავშვობის აკვიატებული ინტერესი ჯერ უფრო სერიოზულ, მოგვიანებით კი აკადემიურ ინტერესად აქცია. ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მცირე გრანტის პროგრამის ფარგლებში, 2019 წელს 9 აპრილის თემაზე იმუშავა. მარტივი შეკითხვით დაიწყო — რა მოხდა 9 აპრილს და რატომ არის მნიშვნელოვანი ეს თარიღი? ამ კითხვაზე პასუხის ძიებამ, დამატებითი კითხვები გაუჩინა, სხვა პროტესტებითაც დაინტერესდა, 9 აპრილამდე რა ხდებოდა. თანამედროვე საქართველოს ისტორიის პროგრამაზეც ერთადერთი მისიით აღმოჩნდა, ამ შეკითხვებზე პასუხი ეპოვა და ეს პასუხები სამაგისტრო ნაშრომად ექცია.
ქეთის სამაგისტრო ნაშრომი წიგნად გამოიცა. გამორჩეული ნაშრომის წიგნად ქცევის შესაძლებლობასაც პროგრამა ითვალისწინებდა. „ქუჩის ანტისაბჭოთა წინააღმდეგობა საქართველოში“ გამომცემლობა „არტანუჯის“ მხარდაჭერით, საჯაროდ უკვე ხელმისაწვდომია.
ხშირად ისტორიოგრაფიაში ან ზეპირსიტყვიერ საუბრებში საბჭოთა ოკუპაციიდან — 1921 წლიდან 9 აპრილის მოვლენებამდე — არსებული წინააღმდეგობა ერთიან მოვლენადაა წარმოჩენილი. ამ წიგნში ოთხი ძირითადი საპროტესტო მომენტია და შედარების გზით, ავტორი ცდილობს, დაინახოს, მეოცე საუკუნის პროტესტის ისტორია საქართველოში ერთი განგრძობადი ამბავია 9 აპრილის კულმინაციით, თუ სხვადასხვა ამბისა და ადამიანის ისტორიების ერთობლიობა?
„ეს თემა გულის სიღრმეში სულ არსებობდა, უბრალოდ, ამ პროგრამამ კალაპოტი და მიმართულება მისცა. ყველაზე მეტად რაშიც დამეხმარა ეს პროგრამა, არის თავდაჯერება. შეიძლება წიგნის დაწერა ისე ჟღერს, წარმოიდგენ, რომ ადამიანი დაჯდა და წიგნი დაწერა, მით უმეტეს უახლეს ისტორიაზე და საბჭოთა პერიოდის პროტესტზე, მაგრამ სინამდვილეში ამას გამბედაობა და ცოტა სითავხედეც სჭირდება”, ამბობს ქეთი.
სწავლის პროცესსაც თავგადასავალივით იხსენებს. იმ სასკოლო გამოცდილებიდან, სადაც საქართველოს ისტორია იზოლირებულად ისწავლებოდა, ახალ რეალობაში ყველაზე დიდი გამოწვევა მეცხრამეტე და მეოცე საუკუნის საქართველოს ისტორიის კონტექსტუალიზაცია, მისი ევროპის და მსოფლიოს ისტორიის განვითარების კვალდაკვალ გააზრება აღმოჩნდა. ამას გარდა, ყოველდღიურად, რამდენიმესაათიან რეჟიმში, უწევდა ქართულენოვან, ინგლისურენოვან და რუსულენოვან წყაროებთან მუშაობა. ეტაპობრივად ხედავდა, როგორ იცვლებოდა ფიქრის პროცესი, როგორ ითავისებდა ისტორიკოსის აზროვნებას. კიდევ ერთი უნიკალური შესაძლებლობა, რაც პროგრამამ ქეთის და ყველა სხვა სტუდენტს მისცა, არქივში მუშაობის გამოცდილება იყო.
ქეთი ამბობს, რომ დღეს თუ ვინმეს საბჭოთა საქართველოს ან მეცხრამეტე საქართველოს ისტორიის სწავლა უნდა, არათუ საზღვარგარეთ უნდა წავიდეს, არამედ საქართველოში უნდა ჩამოვიდეს და ეს პროგრამა დაამთავროს. ერთ-ერთი მიზეზი იმ პროფესორთა ჩამონათვალიც არის, ვინც ამ პროგრამაზე ასწავლის — სტივენ ჯონსი, რონალდ სუნი, ტიმოთი ბლაუველტი, ბექა კობახიძე, მალხაზ თორია, დავით დარჩიაშვილი, ოლივერ რაისნერი, ადრიან ბრისკუ — საქართველოს ისტორიაზე უახლესი წიგნები სწორედ მათ ეკუთვნით.
სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ, ქეთიმ დოქტორანტურაზე სწავლა ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში გააგრძელა. სადოქტოროს ფარგლებში, ერთი აკადემიური კურსი კოლეგასთან ერთად თავადაც ასწავლა — ეროვნული დისიდენტები და გვიანი სოციალიზმის ინტელექტუალური ისტორია, 1953–1991. პარალელურად არაერთი საკვლევი სტიპენდია მიიღო, ახლაც ბლინკენის არქივის სტიპენდიის ფარგლებში, ორი თვით ბუდაპეშტშია და არქივში მუშაობს.
ქეთი სართანია საბჭოთა საქართველოს კვლევას აგრძელებს და საბჭოთა პერიოდში სამართლიანობისა და კანონიერების (Justice and legality) საკითხებს სწავლობს. ეს თემა წარადგინა ამერიკის შეერთებულ შტატებში სლავური, აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის კვლევების ასოციაციის (ASEEES) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე. ქეთი საბჭოთა ისტორიაზე ბერლინის ლაიბნიცის კვლევის ცენტრში მუშაობს და აქაც მისი ფოკუსი მეოცე საუკუნის საქართველოა.
„ამ პროგრამამ ისტორიკოსების ახალი თაობა შექმნა, ჯგუფი, ვისაც დიდი ვნება ამოძრავებს, იმუშაოს უახლეს ისტორიაზე, მიუხედავად იმ მწირი რესურსებისა, რაც დღეს საქართველოში ისტორიის საკვლევად არსებობს. რომ არა ეს პროგრამა, მე არასდროს არ ვისწავლიდი ისტორიას, ან თუ ვისწავლიდი, ალბათ, ვერაფერს შევძლებდი და სულ ვფიქრობ ამაზე”.
როგორ აღმოჩნდა პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
რადგან ისტორია უნივერსიტეტისთვის, ერთი შეხედვით, არ არის შემოსავლის მომტანი დარგი, კერძო უნივერსიტეტის დაინტერესება ახალი პროგრამის დანერგვით რეალისტურად არ გამოიყურებოდა, მით უფრო, ბექა კობახიძეს ის სოციალური კაპიტალი, ცნობადობა და ნდობა, რაც დღეს აქვს, მაშინ არ ჰქონდა. სახელმწიფო უნივერსიტეტიც, რომელიც პროგრამით შეიძლება დაინტერესებულიყო, იოლად გაიფილტრა — ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო ის სივრცე, რომელიც ახალი ცოდნის შექმნა-გავრცელებისთვის იყო მზადო — 2018 წელს, როდესაც ბექა კობახიძე ოქსფორდის უნივერსიტეტში პოსტსადოქტორო კვლევაზე იმყოფებოდა, ეს შანსი მიეცა. უნივერსიტეტში დაგეგმილ კონფერენციაზე, რომელზეც ბექა მოხსენებით გამოდიოდა, ილიაუნის მაშინდელი რექტორი, გიგა ზედანიაც, ესწრებოდა.
საქართველოს შემსწავლელი მეცნიერების კონფერენცია განსაკუთრებული ხალხმრავლობით გამოირჩეოდა ოქსფორდში. ბექა კობახიძე იხსენებს, რომ ვრცელი, 25 წუთიანი, გამოსვლა ჰქონდა, რომლისთვისაც განსაკუთრებულად მოემზადა. მისთვის ავტორიტეტული მეცნიერებით სავსე დარბაზში მხოლოდ გიგა ზედანია და მისი ყურადღების მიპყრობა აინტერესებდა:
„ამ უცნობმა ბიჭმა უნდა დაარწმუნოს გიგა, რომ ეს საქმე გასაკეთებელია და ეს არის ჩემი ერთადერთი შანსი, რადგან ილიაუნის გარდა ალტერნატივა ამ საქმეს არ აქვს. არ დამავიწყდება, დარბაზში სულ გიგას ვუყურებ, რომელსაც თავი აქვს ჩახრილი და ტელეფონში იყურება, მეთქი, დავიღუპე, მაგრამ, თურმე, მისმენს ზედმიწევნით. ამ ღონისძიების შემდეგ პაბში წავედით ლუდის დასალევად და იმ პაბში ვუთხარი, რომ სულ ორ ფურცელზე დაგიწერ პატარა კურიკულუმს, ჩამოვწერ საგნებს, სახელებს, ვინ ასწავლის და ვითხოვ შანსს”.
აქედან 2 წლის თავზე, 2020 წელს, პროგრამამ პირველი ნაკადი მიიღო.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის რამდენიმე პროგრამა არსებობს, რომლებიც ბაკალავრის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურებზე ისწავლება. 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდების შესახებ გამოქვეყნებულ ცნობარში ვკითხულობთ, რომ ილიაუნის ისტორიის საბაკალავრო პროგრამა ახალ აკადემიურ წელს 20 სტუდენტს მიიღებს. ბექა კობახიძის ცნობით, ილიას უნივერსიტეტში ასევე რჩება შუა საუკუნეების კვლევების სამაგისტრო და ისტორიის სადოქტორო პროგრამა. „ქართული ოცნების” მიერ განათლების რეფორმის გამოცხადების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ერთადერთი სრულად დახურული პროგრამა — თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამაა.
რატომ უნდა დახურო პროგრამა, რომელმაც მოკლე დროის მონაკვეთში ძალიან კარგ შედეგებს მიაღწია? განსაკუთრებით იმ მოცემულობაში, როცა მეცხრამეტე და მეოცე საუკუნის საქართველოს ისტორია დიდწილად საბჭოთა იმპერიული პერსპექტივიდან, რუსული განათლების გავლენით დაიწერა, ეს პროგრამა კი უნიკალურ შესაძლებლობას ქმნიდა, თანამედროვე საქართველოს ისტორია ქართული წყაროებით, ქართული პერსპექტივიდან ეკვლიათ. ამ შეკითხვით განათლების სამინისტროსაც მივმართეთ, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ.
განათლების სამინისტროსგან განსხვავებით, შეკითხვაზე პასუხი აქვს ბექა კობახიძეს, რომელიც ამბობს, რომ ახლა ამოცანა ქართული ისტორიოგრაფიის საბჭოთა ისტორიოგრაფიულ ნარატივთან ხელახალი დაახლოებაა, როცა ისტორია ეპოსურად, გმირული დაპირისპირებების კონტექსტში იწერებოდა, ან მოგვიანებით, როცა საქართველოს ისტორიის ფოლკლორული გაგება გაჩნდა, მხოლოდ ენაზე, ტრადიციაზე აქცენტით, საიდანაც პოლიტიკური აზროვნება განდევნილია.
„ქართულმა ოცნებამ” ისტორიული გმირების, მოვლენების და სიმბოლოების გამოხმობა უკრაინაში ომის დაწყების პერიოდში, საქართველოს ომში ჩათრევის ნარატივის გააქტიურებისა და დასავლეთისგან დისტანცირების პარალელურად დაიწყო. პოლიტიკური აქცენტების ცვლილება რუსეთის, როგორც დამპყრობელი ქვეყნისგან დიდ მეზობლად სახელდებას გულისხმობს. ამ პროცესის ავანგარდში მეფე ერეკლე მეორეა. ახალი ხედვა ასევე ამბობს, რომ გიორგი ანწუხელიძე პიარს შეწირული ფიგურაა, ხოლო მარო მაყაშვილი რუსეთის ნაცვლად, საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ მოკლა.
„თუ თავად არ იცი, ვინ ხარ, თუ არ იკვლევ და არ ეძიები, კრიტიკულად არ აფასებ მუდმივად წარსულს, ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვინც გეტყვის, რომ აი, ასეთი იყო შენი წარსული, ეს იყავი და ეს ხარ დღეს, რაც შეიძლება საერთოდ არ შეესაბამებოდეს სინამდვილეს და ეს დიდი რისკია, განსაკუთრებით, პატარა ქვეყნისთვის”, ამბობს ქეთი სართანია და ამატებს, რომ ისტორია წარსულზე მეტად მომავალს სწავლობს და გეხმარება საკუთარი თავი მომავალში წარმოიდგინო. როგორი სახელმწიფო გექნება და როგორ საზოგადოებად შედგები, ამას სწორედ საკუთარი ისტორიის ცოდნა განაპირობებს.
დაბრკოლებებს, რომლებსაც ამ პროგრამას უქმნიან, ბექა კობახიძე თავის თანამოაზრეებთან ერთად აპირებს ისე გამოიყენოს, როგორც ტალღები შეიძლება გამოიყენოს სერფერმა. მეცხრამეტე საუკუნეში თუ იყო შესაძლებელი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, გაზეთების „დროება” და „ივერია” დაარსება, ტექნოლოგიურ ეპოქაში ასეთი შესაძლებლობები კიდევ უფრო მრავალფეროვანია:
„ივერიის” გამომწერთა რაოდენობა რომ ვნახოთ მე-19 საუკუნეში, რომელიც მთავარი ეროვნული გაზეთია —ასეულებია. ჩვენ რამდენიმე ასეული კი არ ვართ, არამედ ასიათასები. ტექნოლოგიურადაც იმაზე ბევრად მეტი საშუალება გვაქვს, ვიდრე ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ. როგორ შეიძლება, ამის არ მჯეროდეს?! [პროგრამის დახურვა] გაჯიუტების გარდა, სხვას არაფერს გამოიწვევს. სულ რომ ყველაფერი დახურონ, ციფრულ სამყაროში ყოველთვის ვიპოვით ცოდნის გავრცელების სივრცეს და ამ საქმეს აუცილებლად გავაგრძელებთ”.