loading

ანწუხელიძის საპატიო ყარაულები

ანწუხელიძის საპატიო ყარაულები

ახლახანს ბათუმის ბულვარში წაშალეს წარწერა ანწუხელიძე უკვდავია. 

ანწუხელიძე უკვდავია მანამდე ჩემი საცხოვრებელი ბინის ლიფტში სარკიდან წაშალეს. 

წარწერა რომ აღმოვაჩინე, ვიფიქრე, ამის წაშლას ვინ გაბედავს-მეთქი. 

ამ წლის მარტსა და აპრილში  საქართველოს სხვადასხვა ქალაქმა თითქოს ერთბაშად ამოიძახა გიორგი ანწუხელიძის სახელი და მისი გმირობის ამბავი ფასადებსა და მათ მიღმაც ამოიტვიფრა. 

საჯარო სივრცეები აჭრელდა ანწუხელიძის გამოსახულებებით: ქუჩაში წარწერებით, ციფრულ სივრცეში ჰეშთეგებით, მეც შემხვდა, ჩემთანაც გამოჩნდა ანწუხელიძე გმირია, ის უკვდავია და  მისმა საჯარო სივრცეში თუ ცნობიერებაში დაბრუნებამ სულზე მიუსწრო პროტესტსა და წინააღმდეგობაში გადაღლილ საზოგადოებას. 

გიორგი მაისურაძე, ფილოსოფოსი და ისტორიკოსი, ამბობს, რომ სწორედ კრიზისი ბადებს გმირს, როგორც საიდენტიფიკაციო ფიგურის მოთხოვნილებას. გმირი მისაბაძია. გმირიც და წმინდანიც საიდენტიფიკაციო ფიგურები არიან, კოლექტიური იდენტობის განმსაზღვრელი ერისთვის.

„გმირი შუალედური ფიგურაა ღმერთსა და ადამიანს შორის. ადამიანი მოკვდავია, ღმერთი უკვდავია. გმირი არის მოცემულობა, როცა მოკვდავ ადამიანს აქვს შანსი, გახდეს უკვდავი”, გვეუბნება გიორგი.

სწორედ ამას ამბობდნენ კედლები, ქუჩები, გაჩერებები, მიწისქვეშა გადასასვლელები თბილისშიც, რომ ანწუხელიძე, როგორც გმირი, უკვდავია.

სწორედ ამას ამბობდნენ კედლები, ქუჩები, გაჩერებები, მიწისქვეშა გადასასვლელები თბილისშიც, რომ ანწუხელიძე, როგორც გმირი, უკვდავია.

სწორედ ამას ამბობდნენ კედლები, ქუჩები, გაჩერებები, მიწისქვეშა გადასასვლელები თბილისშიც, რომ ანწუხელიძე, როგორც გმირი, უკვდავია.

სწორედ ამას ამბობდნენ კედლები, ქუჩები, გაჩერებები, მიწისქვეშა გადასასვლელები თბილისშიც, რომ ანწუხელიძე, როგორც გმირი, უკვდავია.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს 23 წლის უმცროსი სერჟანტი ანწუხელიძე ტყვედ ჩაუვარდა მტერს. ოსმა სეპარატისტებმა ის წამებით მოკლეს ცხინვალში, მე-5 სკოლასთან. არც ვიცი ამ ამბავს გავიგებდით თუ არა, და თუ გავიგებდით, ასე ცხადად და მტანჯველად დავინახავდით თუ არა ყოველთვის, როცა ანწუხელიძის სახელს ახსენებენ. 

ციფრულ სივრცეში ჯარისკაცული თავგანწირვის მაგალითები ჩვენ თვალწინ ხდება. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვუყურებდით აზოვსტალის მეტალურგიული ქარხნის ტყვეობას მარიუპოლში, ქალაქის დასაცავად მებრძოლები საკუთარ სიცოცხლეზე ამბობდნენ უარს.  

რა გვეცოდინებოდა გიორგი ანწუხელიძის ბიოგრაფიაზე, მის ჩუმ, გაუხმაურებელ გმირობაზე, მის მდუმარე დაუმორჩილებლობაზე ეს კადრები რომ არ გვენახა? 

კადრები, სადაც ჩანს ახალგაზრდა კაცი, რომელიც მარტოა მტერთან, საეჭვოა სცოდნოდა, რომ უღებდნენ; რომ მის მოწამეობრივ სიკვდილს ერთ წელიწადში ეყოლებოდა ამხელა პუბლიკა; რომ მისი სიმტკიცე მაგალითი გახდებოდა სხვისთვის. ვერ ეცოდინებოდა, რომ მოგვიანებით ის, ვისაც ძალაუფლება აქვს, მის მიერ გაღებულ მსხვერპლს უაზროდ გაწირულად დაინახავდა

ეს სცენარი ანწუხელიძის მსხვერპლს და იმ სიმტკიცეს, რომელიც მან გამოიჩინა ვერ დააკნინებს, რადგან ანწუხელიძე მორალურად გაუტეხელი გმირია,  ერთ-ერთი ომის გმირების იმ ტიპთა შორის, ვისაც ლიტერატურის კრიტიკოსი ლუიზ მანსელ ფილდსი აღწერს თავის აკადემიურ ტექსტში ომი აწარმოებს გმირს”. 

2009 წელს ღია წყაროებზე გავრცელდა შემზარავი ვიდეო, სადაც წელს ზემოთ შიშველი და უკვე ნაწამები ქართველი სამხედროს  ზურგზე ფეხი აქვს შემოდგმული ერთ-ერთ ოს სეპარატისტს. ჯარისკაცს აიძულებენ გატყდეს და დაკნინდეს. ანწუხელიძის სახელის ხსენებასთან ერთად, ხილვასავით ცოცხლდება ეს გამოსახულება მიწაზე მჯდომი  უკან ხელებშეკრული ჯარისკაცის, რომელიც დუმს და არ ემორჩილება. 

თავდაცვის სამინისტროს ვერბგვერდზე ვკითხულობთ, რომ ანწუხელიძის წამების ეს კადრები მტრის ტელეფონიდან ომიდან ერთ წელში, 2009 წელს, გავრცელდა. ბევრად გვიან მოიკრიბა ძალა ანწუხელიძის მეგობარმა, თავადაც სამხედრომ, თორნიკე თვარაძემ და თავისი სამოყვარულო კამერით გადაღებული გიორგის კადრები დღის სინათლეზე გამოიტანა. 

ასე დაიწყო მედიით, მოკლე და გრძელი ფილმებითა თუ სიუჟეტებით თანამედროვე საქართველოს ეროვნული გმირის სახის კონსტრუირება. 

სანამ გიორგის სახელი თბილისის ქუჩებს, კედლებს, მოედნებს მოედებოდა და ურბანულ სივრცეებში შეაღწევდა, მას კარგ მეგობრად და მხიარულ ბიჭად იცნობდნენ. თორნიკე თვარაძე გიორგის 2004 წელს შეხვდა. თავდაცვის რიგებში, ჯარში ერთად მოხვდნენ. ორსართულიანი საწოლის პირველი სართულიდან დილას თორნიკეს გაღიმებული ბიჭი მიესალმა. რადგან სულ ღიღინებდა და ხუმრობდა, ბიჭებმა გიორგის მალევე ჰარი ჰარალე შეარქვეს.  

თორნიკეს და გიორგის მეგობრობა ჯარში ყოფნის ერთ ჩვეულებრივ დღეს ერთი ამბით დაიწყო. წვრთნის დროს გიორგის დას მისთვის ტკბილეული მიუტანია. ბაზაზე დაბრუნებული თორნიკესთვის გიორგის ორი ჯემიანი ნამცვხარი გაუწვდია და უთქვამს: ერთი შენ, მეორე მე, არც მე მიჭამიაო:

ჩემი გიორგიდან საზოგადოებრივ გმირამდე რაღაც გზა გავიარე. კომპლექსი მქონდა, გიორგის სახელით რამე ხომ არ უნდა გავაკეთო-მეთქი?! პლაკატებით ხომ არ უნდა ვირბინო? მანქანაზე ხომ არ უნდა დავიწერო, გიორგი ანწუხელიძე გმირია. დავიბენი, არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. რომ მკითხავდნენ, როგორი იყო გიორგი, რა უნდა მეპასუხა: სინამდვილეში როგორიც იყო, თუ უფრო აღმატებულად უნდა მომეყოლა?! მოკლედ, დავიბენი, გვიყვება თორნიკე თვარაძე.

გიორგი და თორნიკე ერაყშიც ერთად მსახურობდნენ.

გიორგი ანწუხელიძის ხსოვნის უკვდავყოფა, მისი ღირსების დაცვა თბილისში ბევრმა მოქალაქემ თავის პასუხისმგებლობად არაერთხელ მიიჩნია. სოციალურ ქსელებში ჰეშთეგიც გამოჩნდა:  #ანწუხელიძეუკვდავია #ანწუხელიძეგმირია. 28 მარტს თბილისში, პარლამენტის გვერდით, ტროტუარზე პლაკატით [ანწუხელიძე უკვდავია] მდგარი აქტივისტი თამარ კურატაშვილი პოლიციამ კიდევ ერთ აქტივისტ ქალთან ერთად დააკავა. მეორე დღეს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ფეისბუქის გვერდზე ანწუხელიძის შვილების ფოტო გამოაქვეყნა და ამ ამბავს ასე გამოეხმაურა: ,,ანწუხელიძე ცოცხალია, უკვდავი გმირია, სინდისი გადაგვირჩინა და შვილებს ანდერძად დაუტოვა ღირსება!" 12 აპრილს ამ ნათქვამით ანწუხელიძე უკვდავია პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართა.

საპროტესტო ვნებათაღელვა ქართული ოცნების პარლამენტის ვიცე-სპიკერის თეა წულუკიანის განცხადებამ გამოიწვია. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში მან თქვა, რომ 2008 წლის ომში დაღუპული გიორგი ანწუხელიძე მიხეილ სააკაშვილის პიარისთვის უაზროდ გაიწირა. აი, რა თქვა თეა წულუკიანმა:

მარტივ ენაზე რომ ვთქვა, რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე მაქვს ჩემს თანამებრძოლებთან ერთად უფლება დავსვა ეს კითხვა. ვინ ამიკრძალავს ამ კითხვის დასმას, ვერავინ. ამ კითხვას ვსვამთ – ყველა ბავშვს სჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის. ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობთ.

ლიტერატურის კრიტიკოსი, ამერიკელი ლუიზ მანსელ ფილდი, თავის აკადემიურ სტატიაში ასევე მიუთითებს, რომ ომი აყალიბებს საზოგადოების წარმოდგენებს გმირობაზე და გმირებსაც ბადებს კულტურული, ინსტიტუციური და ნარატიული კონტექსტის მეშვეობით. 

ჰეროიკული იდენტობები იქმნება ომის ვითარებაში, ის შემთხვევით არ აღმოცენდება. საბრძოლო ველი, ინსტიტუციები, მედია ერთობლივად ქმნიან ეროვნულ გმირებს, რომლებსაც მოგვიანებით ომისშემდგომი კულტურა აღიარებს, ამბობს ფილდი. 

საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება სწორედ სიტყვა პიარის ირგვლივ კონსოლიდირდა. ომის შემდგომმა კულტურამ და გავლენის ჯგუფებმა, რომლებმაც ერთმანეთი ჩაანაცვლეს, ჩვენი თვალით ნანახი გმირობის გააზრების ორი საპირისპირო პარადიგმა შემოგვთავაზეს. ჩვენ ვნახეთ აღიარება და ვნახეთ დამცრობაც. ორივეს ავტორი ძალაუფლების მქონეა და ამ პროცესში, მისი მთავარი მოკავშირე ეროვნული მედიაა. 

ანწუხელიძის გაუტეხლობა მართლაც იქცა საზოაგდოებისთვის მთავარ ხელჩასაჭიდად და ორიენტირად მარცხთან გასამკლავებლად. გიორგი მაისურაძე ასე აღწერს ამ ფენომენს უბრალოდ კი არ დავმარცხდით, გმირული მარცხი იყო. შესაბამისად, გმირის ახალი სახეები ჩნდება. ანწუხელიძე და სხვებიც.

გმირობის პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცევა ხომ არ ცვლის თავად გმირობის ფაქტს, რომელიც გადახდენილია და აღბეჭდილია. შესაძლებელია კი საერთოდ გმირობის აქტის მიზანშეწონილობის კუთხით შეფასება? თუ ფილდს დავესესხებით, ომის შემდგომ კულტურას ახასიათებს ესეც, გმირობის ახალ მიზნებთან მისადაგება. ახალი მიზანი კი გაცხადებულია — ქართული ოცნების პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, აგვისტოს ომიდან 17 წლის თავზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ  2008 წლის ომი მიხეილ სააკაშვილმა გარე ძალების, დიფ-სთეითის”, დაკვევით დაიწყო.

რამდენადაც ანწუხელიძე რუსეთთან დაპირისპირებას, ომს, ოკუპაციას ნიშნავს, ყველაფერ ამაზე წარმოდგენების შეცვლის მცდელობაა, რომლის სიმბოლოც ანწუხელიძეა. ომი დაიწყო საქართველომ, თვითონ არის დამნაშავე, ყველაფერი ბრალდება წინა ხელისუფლებას. ეს არის მათი ნარატივი. თუმცა გიორგი ანწუხელიძე ყოველთვის ეპოქის შექმნილ გმირად დარჩება. და სანამ რუსეთის პრობლემა იარსებებს, სანამ საფრთხე იარსებებს, აქტუალური იქნება, გვეუბნება გიორგი.

თეა წულუკიანმა თქვა, რომ ბავშვებს სჭირდებათ მამა, რაც უდავოა. დაბადებულ შვილთან და ორსულ ცოლთან  სამუდამოდ განშორებაც იყო ფასი, რომელიც ანწუხელიძემ გადაიხადა და ეს ფასი მისი გმირობის შემადგენელია. 

ღამეები ვფიქრობდი ხოლმე, როგორ იყო, რა გაიარა, რას განიცდიდა, როგორ გადააბიჯა შიშს. ფილმის გადაღება რომ დავიწყე, გმირის გადაღება კი არ მინდოდა, მაინტერესებდა, ვეძებდი, ვინ იყო გიორგი ანწუხელიძე. მოგვიანებით დაიხატა ჩემთვის მისი პორტრეტი: თუში ბიჭი, ჯიუტი, დაუდგრომელი”, - გვეუბნება შალვა შენგელი. 

გიორგი ანწუხელიძეზე ფილმის გადაღება  საზოგადოებრივი მაუწყებლის რეჟისორს შალვა შენგელს 2017 წელს თავად საზმაუს მენეჯმენტმა შესთავაზა და ფილმის პოპულარიზაციასა და გავრცელებაში სრული მხარდაჭერა აღუთქვა. ამ დროს მიხეილ სააკაშვილი და მისი პოლიტიკური გუნდი წლებია ხელისუფლებაში აღარ არიან.

ემოციური ფილმი გამოვიდა, ბევრმა იტირა”, გვეუბნება შალვა შენგელი. 

ღია ჩვენება ტელევიზიის უკან მოეწყო. მოიწვიეს თავდაცვის მინისტრი, მისი მოადგილე, გენშტაბის უფროსი და მისი მოადგილე, სარდლობა.

მე ამას ასე ვუყურებდი მაშინაც და ახლაც: ერთმა ქართველმა ჯარისკაცმა გიორგი ანწუხელიძემ იმ ადგილას, იმ მომენტში მოიგო თავისი ბრძოლა. მან თავისი ომი მოიგო!

შალვა შენგელის ფილმში გიორგი ანწუხელიძე სულ უფრო ნაცნობი და ახლობელი ხდება. ის ბევრს ხუმრობს, არასერიოზულია! საზოგადოების მეხსიერებაში ანწუხელიძესთან დაკავშირებული სხვა გამოსახულებაც იმკვიდრებს ადგილს, კადრები ბაღდადიდან, კადრები ბავშვებთან ერთად, კადრები ჯარში…  

ისიც არ ვიცი, კამერა რატომ ვიყიდე, ან ერაყში რატომ წავიღე, - გვეუბნება თორნიკე. 

ამ კადრებში ჩანს ყველაფერი, რასაც თორნიკე მეგობარ ანწუხელიძეზე იხსენებს. 

მანამდე მეც გაუთავებლად ვუყურებდი გიორგის წამების კადრებს, რომ არ გაევლო ბრაზს. ვინ შეძლებს იმას, რაც გიორგიმ შეძლო, გაიმეორებს თუ არა თორნიკე თვარაძე ანწუხელიძის საქციელს, ეგ არ ვიცი. შეიძლება ვერ გაიმეოროს. მე მინდა, რომ გიორგისნაირად მოვიქცე, მაგრამ იქ რომ აღმოვჩნდები, როგორ მოვიქცევი, არ ვიცი”.

ჯარისკაცებისგან გმირულ სიკვდილს არავინ ითხოვს. ეს თითოეული მათგანის მხოლოდ ინდივიდუალური გადაწყვეტილება შეიძლება იყოს.

ჩვენ წვრთნის დროს არ გვასწავლიან და არც მე მისწავლებია არავისთვის, რომ ტყვედ რომ ჩავარდები, გმირულად უნდა მოკვდე, არ უნდა დანებდე. იქ გასწავლიან, რომ  ტყვედ თუ ჩავარდები, გაქვს ინფორმაცია, რომელიც შეგიძლია მიაწოდო მტერს და გაქვს ინფორმაცია, რომელიც არასდროს არ უნდა გათქვა, რომც მოგკლან. იმიტომ, რომ შენ ერთი ხარ და შენს უკან ათასია, გვიხნის თორნიკე თვარაძე, რომელმაც 17 წელი იმსახურა ჯარში.

საზოგადოებრივი მაუწყებელი რეგულარულად  იმეორებდა ანწუხელიძეზე ფილმს, 26 მაისს, 8 აგვისტოს, 9 აგვისტოს… 

აპრილსა და მაისში, როდესაც ხელისუფლებამ ანწუხელიძის თავგანწირვასთან სიტყვა პიარი ახსენა, ხალხი მაუწყებლისგან ფილმის ეთერში გაშვებას ითხოვდა. პირველ არხს ფილმი არ უჩვენებია. გიორგი მაისურაძის აზრით, ეს სულაც არ არის შემთხვევითი, რადგან ახლა კრიტიკულ ეტაპს გავდივართ. 

წულუკიანის ეს გამოსვლა არის მცდელობა, პარადიგმა შეიცვალოს, - ამბობს მაისურაძე. 

ნიშნავს თუ არა პარადიგმის შეცვლა იმასაც, რომ ჩვენ ძველი გმირების ნაცვლად, ახალს შემოგვთავაზებენ? მაისურაძის თქმით, ის, ვინც ახლა ძალაუფლებაშია ახალ სახე-ხატს ვერ ქმნის არ გამოსდის, არავინ ჰყავს. რაც არ უნდა გომელაურს [შინაგან საქმეთა მინისტრი] ღირსების ორდენი ჩამოკიდო, ამას სხვა ნიადაგი სჭირდება, რომ მისგან გმირი შექმნა.

ამასობაში, საზოგადოების ნაწილი თავისი ნებით იქცა ქალაქების კედლებზე გამოსახული ანწუხელიძის საპატიო ყარაულად. პირდაპირ ეთერში მოსმენილი განცხადების შემდეგაც,  გვიან ღამით, თეა წულუკიანის სახლთან აქტივისტები პროტესტის გამოსახატად სპონტანურად შეიკრიბნენ და ბანერი წარწერით ანწუხელიძე უკვდავია დატოვეს. 

მაგრამ არსებობს სხვა განცდა და ეს გმირის მეგობრის განცდაა. 

ჩემს ქუჩაზეც არის, დელისის ქუჩაზე. ყველგან გიორგის სახელი წერია. ახლა ფასადს აკეთებენ და, სავარაუდოდ, წაშლიან. მაგრამ ამით ჩემთვის არაფერი იცვლება. არაფერს ნიშნავს. თუ ვინმეს არ სიამოვნებს და გადაღებავს, არც მაგას მივიჩნევ ძალიან დრამატულად. თეა წულუკიანსაც კარგი ნამდვილად არ უთქვამს, თუმცა, მეწყინა და მივიჩნიე, რომ გიორგი დასაცავია-მეთქი, მოგატყუებთ. თითის დაქნევაც არ მომინდა, მოკლედ. გიორგის სახელს ხომ არაფერი დაკლებია! მისი სახელი არ იშლება. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში.


გარეკანის ფოტო: თაკო რობაქიძე

სტატიაში გამოყენებული სხვა ფოტოები რედაქციას მოქალაქეებმა მიაწოდეს.