სწავლის მოტივაციას ვკარგავ | სკოლის მოსწავლეები განათლების რეფორმაზე

სწავლის მოტივაციას ვკარგავ | სკოლის მოსწავლეები განათლების რეფორმაზე სწავლის მოტივაციას ვკარგავ | სკოლის მოსწავლეები განათლების რეფორმაზე

ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპზე დაფუძნებული „ქართული ოცნების” განათლების რეფორმა კანონად იქცა. რეფორმის ფარგლებში, ზოგადი და უმაღლესი განათლების არსებული მოდელი სრულიად გარდაიქმნა: ზოგადი განათლება სკოლებში 12 კლასის ნაცვლად 11 კლასამდე შემცირდა, მე-12 კლასი კი ნებაყოფლობითი გახდა. შეიცვალა გრანტების გაცემის წესიც — დაფინანსებას მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტები მიიღებენ, კერძო უნივერსიტეტებში სწავლის მსურველებმა კი განათლების მიღებისთვის აუცილებელი ხარჯი თავად უნდა გაიღონ. 

რეფორმამ მნიშვნელოვნად შეამცირა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს სასწავლო პროგრამები — არსებული 36 პროგრამიდან უნივერსიტეტს მხოლოდ 16 დარჩა. მომდევნო წლიდან უქმდება: ფილოსოფია, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ლიტერატურათმცოდნეობა, არქიტექტურა, კინომცოდნეობა, ხელოვნებათმცოდნეობა…

განათლების მკვლევრებმა, აკადემიურმა წრეებმა, სტუდენტებმა განათლების რეფორმა მკაცრად გააკრიტიკეს. ისინი ამ რეფორმით იმ აკადემიური ტრადიციის მოსპობას მოელიან, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქართულ აკადემიურ სივრცეში დამკვიდრდა. 

სტუდენტების აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.
8 თებერვალი, 2026

სტუდენტები ილიას უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ და აქციით საქართველოს პარლამენტთან წამოვიდნენ.
14 თებერვალი, 2026

სისტემური ცვლილების პარალელურად, დამამთავრებელი სკოლის მოსწავლეები ცხოვრებაში, ალბათ, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას იღებენ: პროფესიას და უნივერსიტეტს ირჩევენ. ეს არჩევანი არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული. აღმოჩნდა, რომ ბევრ შეკითხვაზე პასუხებს ჯერ ისევ ეძებენ, შფოთავენ, ნერვიულობენ, ფიქრობენ, აფასებენ.

Chai Khana რამდენიმე მოსწავლის მოსაზრებებს გიზიარებთ.


რატი გიგაური, 17 წლის, მე-12 კლასი, ილია ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე საჯარო სკოლა

რეფორმაზე მეგობრების ჩატში დაწერეს და შოკში ჩავვარდი. ვიფიქრე, რაღაც ეშლებათ-მეთქი. მეც მოვიძიე და სამწუხაროდ, არ ეშლებოდათ.

ჩემთვის რადიკალურად შეიცვალა ყველაფერი. ილიას უნივერსიტეტში მინდოდა ჩაბარება, ასევე განვიხილავდი თავისუფალ უნივერსიტეტსაც. ახლანდელი გრანტების სისტემით, მანდ ჩაბარებას ვეღარ შევძლებ. ილიას უნივერსიტეტიც გამომერიცხა. დამრჩა მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტი. კიდევ კარგი მაგას აღარ აერთებენ გეპეისთან, თორე ეგ გეგმაც მეშლებოდა.

ძალიან დავიბენი. ყველა გეგმა რაც მქონდა: გეგმა B, გეგმა C, ყველამ აზრი დაკარგა. ახლა ასე ვარ: სადაც შევძლებ, იქ ჩავაბარებ. სადაც გამოვა, მოკლედ.

ფიზიკას ვისწავლი. ინჟინერიაზე ვფიქრობდი სხვა უნივერსიტეტში, მაგრამ რადგან არ გამომდის, თსუ-ში ავირჩევ ფიზიკას. ფიზიკა და მათემატიკა ძალიან კარგად გამომდის, ამიტომ თავი ქუდში მაქვს. კარგად დავწერ, სადაც ჩავაბარებ.

ამ მოცემულობით უცხოეთში სწავლის გაგრძელების პერსპექტივაც ძალიან მცირდება. არადა, დიდი იმედი მქონდა, რომ საბოლოოდ გაცვლითი პროგრამით უცხოეთში გავაგრძელებდი სწავლას. რატომღაც მგონია, რომ აღარ გამომივა.

ჩვენთან პატარა ქალაქებში რომ აეშენებინათ სტუდენტური საცხოვრებლები კიდე შეიძლება, სტუდენტები დაინტერესებულიყვნენ და მოტივაცია გასჩენოდათ, ეხლა იძულებით თუ წავლენ. მოკლედ, ეს ცვლილებები ხელს უფრო გვიშლის, ვიდრე გვეხმარება.


ნია ქისიშვილი, 18 წლის, მე-12 კლასი, თბილისის 35-ე საჯარო სკოლა

ჩემი მეგობრები ილიას უნივერსიტეტში სწავლობენ და ბოლო დღეებია, მეც მათთან ერთად ვაპროტესტებ ამ ცვლილებებს. 4 თვე დამრჩა ეროვნული გამოცდების ტესტის დაწერამდე და გამოდის, რომ უნივერსიტეტი უნდა შევცვალო. საერთოდ არ მქონდა ეს გეგმაში. კიდევ რა შემიშლის ხელს ერთ-ორ თვეში, არ ვიცი, სწავლის მოტივაციას ვკარგავ. გაბრაზებული და გაღიზიანებული ვარ. ამ კანონებმა თავდაყირა დააყენა ყველაფერი. ბევრი რამ ჩემზე აღარ არის დამოკიდებული.

ნია ,,მოძრაობის თეატრის" დასის წევრია.

ჩემი კლასელები ლაპარაკობდნენ ახალ რეფორმაზე, თავიდან მეგონა, ხუმრობდნენ. მერე დავსერჩე და მართალი ყოფილა. რაღაც ნაწილს ვეთანხმები. მაგალითად, იმას, რომ შეგიძლია მე-12 კლასში არჩევითი საგნები ისწავლო მხოლოდ, რასაც ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარებ. ისედაც აღარ დადიან ბავშვები მე-12 კლასში და მისაღები გამოცდებისთვის ცალკე ემზადებიან. დამატებით ფულს იხდიან. თუ კარგი მასწავლებლები გვასწავლიან იმ საგნებს, რასაც ეროვნულ გამოცდებზე ვაბარებთ, კარგი იქნება.

ნია თეატრის საგრიმიოროში.

ნია თეატრის ფოიეში.

დიდი ხანია, ილიას უნივერსიტეტში მინდა ჩავაბარო, მე-10 კლასიდან დავიწყე ამისთვის მომზადება. ასეთი გეგმა მქონდა: სამივე საგანში კარგად მოვემზადებოდი და იქნებ 100%-იანი გრანტი ამეღო. ფინანსურად უნივერსიტეტის გადასახადს ვერ გავწვდებოდი. ეხლა ისე შეიცვალა უნივერსიტეტებზე ყველაფერი, რომ ისიც კი არ ვიცი, საერთოდ ჩავაბარებ, თუ ვერა.

ვერც ალტერნატივა მოვიფიქრე. ისევ ილიაუნისკენ მაქვს გული. დანარჩენი არ ვიცი. იქნებ რამე შეიცვალოს.

ფსიქოლოგობა მინდა. თბილისში ვცხოვრობ, ბათუმში რომ მომიწიოს წასვლა მაგალითად, ვერ შევძლებ. მხოლოდ სწავლის ფული ხომ არ არის. სახლის ქირაობა დამჭირდება, ცალკე ცხოვრების ხარჯები. მდიდარი ოჯახიდან თუ არ ხარ, მარტივი ვისთვის იქნება ეს ამბავი?! ამ ახალი კანონებით მგონი უნდათ, რომ სულელები ვიყოთ.

არადა, მჯერა, რომ რაც მეტს ვისწავლი, უფრო მეტად გამომადგება ცხოვრებაში.


ელისაბედ ანა ფერბენქსი, 16 წლის, მე-11 კლასი, თანამედროვე განათლების აკადემია

ტელევიზიით გამოდიოდა კობახიძე და მაშინ გავიგე, რომ ყველაფერი იცვლებოდა. ჩემმა მეგობარმაც მომწერა, რას ლაპარაკობსო. მეორე დღეს სკოლაში ყველა პანიკაში დამხვდა: მე-11 კლასს გვეხება? არ გვეხება? როდის ვამთავრებთ? არც მასწავლებლებმა იცოდნენ პასუხები. თუ ვინმეს კითხავდი, აბა, რა ხდება ჩემს უახლოეს მომავალში, ვერავინ გპასუხობდა დაზუსტებით.

პირველი სამი დღე ძაან ვინერვიულეთ, მოკლედ, მერე მივხვდით, რომ ჩვენ არ გვეხებოდა და ცოტა დავმშვიდდით.

ელისაბედი მამასთან ერთად.

მაინც გაბრაზებული ვარ, ოღონდ. ჩემი კერძო სკოლაა და 12 კლასს დავამთავრებთ, თან ჩვენი კლასიდან რამდენიმე საზღვარგარეთ მივდივართ, მაგრამ ჩემმა ქვეყანამ თითქოს ამ კანონით აქედან გამაგდო. უნდა წავიდე აუცილებლად.

ამ რეფორმამდე ჩემთვის ბევრჯერ უთქვამთ, რა გინდა აქ, წადი ამერიკაში, ორმაგი მოქალაქეობა მაქვს. ჩემი ყველაზე დიდი შიშიც ეგ არის: წავალ და აღარ დავბრუნდები საქართველოში. რომ გავიზრდები, არ ვიცი, როგორი ქვეყანა იქნება საქართველო. მგონია, რომ აღარ იქნება ისეთი, როგორიც მიყვარს.

ჩემს კლასშიც ასე არიან: ვისაც შესაძლებლობა აქვს, ყველას საზღვარგარეთ უნდა წასვლა.

კურდღელი სახელად ჯორჯი, რომელიც ოჯახმა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, იყიდა. სახელიც საქართველოს საპატივსაცემოდ დაარქვეს.

ჩემს ტყუპისცალ ძმას, მაგალითად, საქართველოში უნდოდა დარჩენა. პროგრამაც არჩეული ჰქონდა ილიას უნივერსიტეტში. ისტორიის სწავლა უნდოდა ძალიან. სამწუხაროდ, აღარ გამოუვა.

მამაჩემი ილიას უნივერსიტეტში ასწავლის - Liberal Arts [თავისუფალ მეცნიერებათა ბაკალავრი] პროგრამაზე. ხანდახან ილიას უნივერსიტეტში ლექციებს ვესწრებოდი და მაშინ მივხვდი, რომ მეც ეს მაინტერესებდა. თავისუფალ უნივერსიტეტსაც აქვს ეს მიმართულება. იმასაც ვფიქრობდი, ჯერ აქ ხომ არ ჩავაბარო, ვნახო, რა გამომდის-მეთქი. მაგრამ ამ სიტუაციაში ჩემს მომავალს ვერ გავრისკავ. აქ ჯერ ყველაფერი ბუნდოვანია. კარგია, როცა სხვადასხვა უნივერსიტეტია, სხვადასხვა ფაკულტეტი, სხვადასხვანაირად ასწავლიან და შენ შეგიძლია, აირჩიო. გამოდის, მაგას ვეღარ შევძლებ ახლა.


ნიკოლოზ წიკლაური, 16 წლის, მე-11 კლასი, პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა

დილით ბებო მაღვიძებს ხოლმე. იმ დღესაც გამაღვიძა თუ არა, ეგრევე ეგ მითხრა: მე-11 კლასამდე სწავლობ, ბოლო კლასია შენთვის, ხოდა, კარგად ისწავლეო. ახალგაღვიძებულზე გამოვშტერდი.

მერე სკოლაში გავარკვიე, რომ თურმე მე არ მეხება. მე-12 კლასი არჩევითი იქნება. ერთი ან ორი კვირის შემდეგ უნივერსიტეტებზე წამოგვეწია ახალი ამბავი. ჩემი მეგობარი, მაგალითად, ილიას უნივერსიტეტში აბარებდა და ვეღარ ჩააბარებს.

ნიკოლოზი მეგობრებთან ერთად სკოლის შემდეგ.

მე ზუსტად ჯერ არ ვიცი, რაზე გავაგრძელებ სწავლას. არქიტექტურა მაინტერესებს. გეპეიში მინდოდა, მაგრამ მერე გადავიფიქრე. გერმანიაშიც მინდა წასვლა, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს.

სახელმწიფო გრანტი დიდ გავლენას მოახდენს აბიტურიენტების არჩევანზე. რა სპეციალობაც მინდა რომ ვისწავლო, შეიძლება სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთოდ არ ისწავლებოდეს და ამან ხელი რატომ უნდა შემიშალოს. მე-5 კლასიდან მოყოლებული სულ 10 ქულა მაქვს ყველაფერში, დიდი ალბათობით, მედალზე დავამთავრებ სკოლას. იმედი მქონდა, რომ უნივერსიტეტშიც გამიმართლებდა. ახლა უკან ვიხევ. ამდენი კანონის შეცვლა ძალიან მაბნევს, გონებას მირევს. მომავალ წელს კიდე რას შეცვლიან, ისიც არ ვიცი. არადა, ჩემს მომავალზეა ხომ ლაპარაკი? ვიღაცას შეიძლება ჰგონია, რომ მთავარია, სადმე ჩააბაროს და მერე რაღაცას იზამს, ჩემთვის ეგრე საერთოდ არ არის. ახლა ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას ვიღებ, უმნიშვნელოვანესია ეს დრო.

ნიკოლოზი სკეიტბორდით ვარჯიშობს ფილარმონიასთან.

იმის გამო, რომ გრანტს მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტში იღებ, შეიძლება იმ პროგრამაზე მომიწიოს სწავლა, რომელიც საინტერესო სულაც არ იყოს ჩემთვის და ეს დიდი უსამართლობა მგონია. ძალიან შევეცდები, რომ საზღვარგარეთ წავიდე გრანტით. აქ ისეთი არეულია ყველაფერი, ამდენ სტრესში არ შემიძლია. წყნარად და მშვიდად მინდა ვისწავლო, პროფესია კარგად ავითვისო, სტრესი ენერგიას მაცლის. ამიტომ ვიაქტიურებ, გავაგზავნი ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში ჩემს საბუთებს და რომელიც მიმიღებს დაფინანსებით, იქ წავალ.