ორი უნივერსიტეტი, განათლების ერთი რეფორმა
ჟურნალისტი: მარიამ ბოგვერაძე
„ქართული ოცნებას” ხელისუფლებაში ყოფნის 13 წელი დასჭირდა განათლების რეფორმის დასაანონსებლად. დაგვიანების მიუხედავად, „ოცნების” მმართველობა მაინც იტევს განათლების სისტემასთან დაკავშირებულ ქარტეხილებს, როცა, მაგალითად, ახლად არჩეულმა ხელისუფლებამ სახელმწიფო უნივერსიტეტების ავტონომიურობაში ჩარევა მოინდომა და რექტორის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, სურდა, პრემიერ-მინისტრისთვის მიენიჭებინა რექტორის დანიშვნის დისკრეცია, რაზეც საბოლოოდ უარის თქმა მოუწია. განათლების სისტემასთან დაკავშირებული ამ და სხვა ფრაგმენტული ინიციატივების თუ მცდელობების ფონზე, 2012 წელს მოსულმა ხელისუფლებამ „განათლების მასშტაბური რეფორმა“ მხოლოდ 2025 წელს დააანონსა.
კონცეფცია, რომელსაც უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმა უნდა დაეფუძნოს სულ 4 გვერდს მოიცავს და ამჟამად მოქმედ როგორც აკადემიურ-იერარქიულ, ასევე სასწავლო მოდელს რადიკალურ ცვლილებას უქადის. ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, ალბათ, რეფორმის ფარგლებში გაცხადებული ყველაზე ხისტი ჩარევაა იმ აკადემიურ ტრადიციაში, რომელიც წლების მანძილზე საქართველოში ჩამოყალიბდა. მწირი ინფორმაციის მიუხედავად, უშუალოდ განათლების მინისტრისგან ვიცით, რომ ქვეყნის მასშტაბით ყველა ფაკულტეტი სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი ორ ქალაქში, თბილისსა და ქუთაისში, იქნება.
თბილისსა და ქუთაისშია ასევე ორი სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლებმაც შესაძლოა, განათლების დაანონსებული რეფორმა საუკეთესოდ აირეკლონ — ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა, „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, დააფუძნა. განათლების ექსპერტების შეფასებები მიუთითებს, რომ რეფორმამ შეიძლება ორივე უნივერსიტეტის მომავალი განსაზღვროს, იმ განსხვავებით, რომ ერთისთვის სასიკეთოდ, მეორისთვის კი არასასურველი შედეგით დასრულდეს.
კონკრეტული უნივერსიტეტები რეფორმის მიზანში?
ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის კონცეფციაზე საუბრისას თავის პრეზენტაციაში პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, საბჭოთა პერიოდის განათლების სისტემის მოწყობა მოიშველია:
„ეს პრინციპი იყო დაცული საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული. არსებითად მრავალფუნქციური იყო თსუ, ტექნიკურ დარგებს მოიცავდა ტექნიკური უნივერსიტეტი, სამედიცინო უნივერსიტეტი, ამას ემატებოდა პედაგოგიური, სულხან-საბას ინსტიტუტი ერქვა. ეს პრინციპი იყო დაცული და ოპტიმალურად იყო გამოყენებული საკადრო და ინფრასტრუქტურული რესურსი”, - ამბობდა კობახიძე.
უნივერსიტეტების პროფილირების მოდელი, რომელიც კობახიძეს მაგალითად მოჰყავს, პირველ რიგში, ალბათ, სწორედ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე (KIU) უნდა გავრცელებულიყო, რომელიც ტექნოლოგიურ სასწავლებლად იყო ჩაფიქრებული. უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ 21-ე საუკუნე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ელვის სისწრაფით განვითარების ხანა იქნება და საქართველოს წინაშე მდგარი უმთავრესი ამოცანაა, ფეხი აუწყოს და არ ჩამორჩეს მსოფლიოში მიმდინარე სამეცნიერო-ტექნოლოგიურ პროცესებს:
„ჩვენ გვყავს ნიჭიერი ახალგაზრდები, რომელთაც სჭირდებათ სათანადო პირობები და ადგილი, სადაც ეს ნიჭი და შესაძლებლობები რეალიზდება. სწორედ ეს არის მთავარი მიზანი, რის გამოც ვაარსებთ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით და ინფრასტრუქტურით აღჭურვილ საუნივერსიტეტო ქალაქს ქუთაისში, საგანმანათლებლო კომპლექსს, რომელიც იქნება ჩვენი ქვეყნის გზამკვლევი ტექნოლოგიური აფეთქების ეპოქაში”.
ჩანაფიქრის მიუხედავად, პროფილირების ეს მოდელი ივანიშვილის დაფუძნებული უნივერსიტეტისთვისაც არ აღმოჩნდა საკმარისი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2026 წლის ცნობარით თუ ვიხელმძღვანელებთ, KIU მრავალპროფილურ სასწავლებლად ყალიბდება და ამჟამად აბიტურიენტებს 6 მიმართულებას სთავაზობს. კომპიუტერული მეცნიერების, მენეჯმენტის, მათემატიკისა და გამოყენებების: ხელოვნური ინტელექტის, სამეცნიერო გამოთვლების, ფინანსური მათემატიკის საფუძვლებთან ერთად, 2025-2026 აკადემიურ წლიდან აქ სტუდენტებს ფსიქოლოგიის, სამართალმცოდნეობის, მედიცინისა და დიზაინის შესწავლაც შეუძლიათ. მეტიც, განათლების მასშტაბური რეფორმის დაანონსებამდე რამდენიმე დღით ადრე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა თავისსავე ვებგვერდზე გამოაქვეყნა ვაკანსია, რომლის თანახმადაც, უნივერსიტეტი ეძებს აკადემიურ პერსონალს ისტორიის, კულტურის კვლევების, კლასიკური და ინგლისური ფილოლოგიის, ფილოსოფიის, თეოლოგიის, ციფრული ჰუმანიტარიისა და ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით.
KIU-ს გაფართოების პარალელურად, ქუთაისში უკვე არსებობს სახელმწიფო მრავალპროფილური უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახით, სადაც ის მიმართულებები, რაც KIU-მ ტექნოლოგიური ფაკულტეტების პარალელურად დაიმატა, წლებია, ხელმისაწვდომია.
მაშინ როცა განათლების რეფორმის ახალი კონცეფცია გამორიცხავს ერთ ქალაქში არსებულ სახელმწიფო უნივერსიტეტებს ჰქონდეთ იდენტური ფაკულტეტები, სწორედ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს მივმართეთ შეკითხვით, როგორია უნივერსიტეტის პოზიცია ამ ორ უნივერსიტეტს შორის ფაკულტეტების განაწილებასთან დაკავშირებით, როცა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, მათ მსგავსად, სტუდენტებს სთავაზობს სამართლის, მათემატიკის, დიზაინის, მენეჯმენტის, ფსიქოლოგიისა და კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებებს. უნივერსიტეტმა გვიპასუხა, რომ გამოინახება კონსენსუსი, რომელიც ორივე უმაღლესი სასწავლებლისთვის მისაღები იქნება. რეფორმასთან დაკავშირებული შეკითხვის პასუხად ასევე მოგვწერეს:
„ვინაიდან ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა, შეფასება მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ჩვენი ქალაქის გადასახედიდან ვერ ვხედავთ პრობლემას, რომ ერთ უნივერსიტეტში იყოს ერთი პროგრამა”.
შეკითხვებით ასევე მივმართეთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, მათგანაც გვაინტერესებდა, როგორ ხედავენ ქუთაისში არსებულ სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის ფაკულტეტების განაწილების საკითხს. დაანონსებული რეფორმის და ახალი ვაკანსიების გამოცხადების ფონზე, უნივერსიტეტს ვკითხეთ, კვლავ განიხილება დამატებითი მიმართულებების დანერგვა უნივერსიტეტში, თუ ეს საკითხი ამ დროისთვის შეჩერებულია? უნივერსიტეტისგან ასევე გვაინტერესებდა, აქვთ თუ არა რაიმე გარანტია, რომ რესურსი, რომელიც ახალი ფაკულტეტების დამატებასა და აკადემიური პერსონალის მოზიდვისთვის დაიხარჯება, ფუჭი არ აღმოჩნდება? თუმცა ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემა ამ უნივერსიტეტში არ ისურვეს.
რა პრინციპს დაეფუძნება უნივერსიტეტებს შორის ფაკულტეტების გადანაწილება და ვინ გადაწყვეტს, რომელმა უნივერსიტეტმა რა ფაკულტეტები უნდა შესთავაზოს სტუდენტს, ამ შეკითხვაზე პასუხი განათლების რეფორმის 4 გვერდიან კონცეფციაში ვერ ამოვიკითხეთ. ვერც განათლების სამინისტროში მოიძებნა ადამიანი, რომელიც ამ და განათლების რეფორმასთან დაკავშირებულ სხვა შეკითხვებზე Chai Khana-ს უპასუხებდა.
ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ ფაკულტეტების განაწილების საკითხი, შესაძლოა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასარგებლოდ გადაწყდეს, რამდენადაც ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული სასწავლებელი ისედაც პრივილეგირებულია სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებთან შედარებით:
„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი რაღაც ანომალიური მოვლენაა, არა მაინცდამაინც იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა შექმნა, არამედ იმიტომ, რომ პრივილეგირებულ მდგომარეობაშია ისედაც” - ამბობს განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია და უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონზე მიგვითითებს.
კანონში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციონირებას აწესრიგებს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის მთელი რიგი გამონაკლისებია დაშვებული. მაგალითად, კანონში წერია, რომ — ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე არ ვრცელდება ამ კანონის IV და V თავების მოქმედება. ეს უკანასკნელი კი, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიურ, სამეცნიერო და ადმინისტრაციული პერსონალის დანიშვნის წესს ეხება:
„მაგალითად, არ აქვს შეზღუდვები კონტრაქტების ხანგრძლივობაზე, აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცედურები არ არის მკაცრად განსაზღვრული, ჰყავთ სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც საერთაშორისოა და არა მაინცდამაინც იმ უნივერსიტეტის პროფესურით დაკომპლექტებული. რეალურად უნივერსიტეტის შიგნით, მართვის მოდელია განსხვავებული, მაშინ როცა ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტს ევალება, რომ ერთნაირად იმართებოდნენ. დამატებით, KIU დაფინანსებას იღებს „ქართუ ფონდიდან” და ეს პრივილეგიაც აქვს”,- განმარტავს სიმონ ჯანაშია.
თუ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრივილეგირებული მდგომარეობის ლოგიკას მივყვებით, დაშვება, რომ რეფორმის ფარგლებში, ქუთაისში მრავალპროფილურ სასწავლებლად სწორედ ეს უნივერსიტეტი იქცეს, რეალობას მოკლებული არაა. ამ შემთხვევაში, რა როლი დარჩება აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს? ირაკლი კობახიძის პრეზენტაციით თუ ვიხელმძღვანელებთ, ფაკულტეტები უნივერსიტეტებს ისტორიული ფუნქციებიდან გამომდინარე უნდა გაუნაწილდეს.
აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიაღში ჩამოყალიბდა,1933 წლიდან ალექსანდრე წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სტატუსით ფუნქციონირებდა, სანამ 1990 წელს აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტად გარდაიქმნებოდა. თუ რეფორმამ ამ უნივერსიტეტს ისტორიული ფუნქცია უნდა დაუბრუნოს, ეს ისტორიული ფუნქცია პედაგოგიურ მიმართულებაზე დაიყვანება.
კიდევ ერთი საკითხი, სადაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი შეიძლება მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდეს, სამედიცინო პროფილს უკავშირდება. საქართველოში უმაღლესი სასწავლებლებისთვის ფინანსურად განსაკუთრებით ხელსაყრელია უცხოელი სტუდენტების კონტინგენტის მიღება, რომლებიც უმეტესად სამედიცინო პროგრამებს ირჩევენ.
საინვესტიციო ბანკის „გალტ & თაგარტის” მიერ ჩატარებული კვლევა 2023 წელს გამოქვეყნდა და საქართველოში ზოგადი და უმაღლესი განათლების ტენდენციებს აანალიზებს. კვლევა აჩვენებს, რომ ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულება განსაკუთრებით პოპულარულია სამაგისტრო საფეხურზე მყოფ უცხოელ სტუდენტებში. მაგალითისთვის, 2022/23 წლებში საქართველოში ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაზე სულ 25,069 უცხოელი სტუდენტი ირიცხებოდა, აქედან 20,452 სტუდენტი (81%) მაგისტრატურის საფეხურზე ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებაზე მოდიოდა.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგალითითაც თუ ვიმსჯელებთ, უცხოელი სტუდენტებისგან მიღებულ შემოსავალს მათ ბიუჯეტშიც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.
ჩვენი კითხვის პასუხად, წერეთლის სახელობის უნივერსიტეტიდან მოგვწერეს, რომ ამჟამად, მათ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე 900 უცხოელი სტუდენტი სწავლობს და მაშინ, როცა ქართულენოვან პროგრამებზე სწავლის გადასახადი 2250 ლარია, ინგლისურენოვან სამედიცინო პროგრამაზე უცხოელი სტუდენტები წელიწადში 4000 აშშ დოლარს იხდიან, ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე კი 2250 აშშ დოლარს.
განათლების რეფორმის თანახმად, უცხოელ სტუდენტებს სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან კერძო უნივერსიტეტებში გადაამისამართებენ. როგორც ირაკლი კობახიძემ თქვა, ამის გამო, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 80 მილიონს დაკარგავს.
„პირველ რიგში, ეს არის სამედიცინო უნივერსიტეტის გამოწვევა, იღებენ ჭარბად უცხოელ სტუდენტებს. ბიზნესი უნდა აკეთოს კერძო სექტორმა და სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო ამოცანების შესრულება. სამედიცინო უნივერსიტეტი უნდა იყოს დაკავებული ქართველი სტუდენტების და მომავალი ექიმების მომზადებით ჩვენი სამედიცინო სისტემისთვის”,- თქვა კობახიძემ.
თუმცა განათლების რეფორმის ახალი კონცეფცია სრულად არ გამორიცხავს სახელმწიფო უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტების მიღებას. ოთხ გვერდიან დოკუმენტში ასეთ ჩანაწერს ვაწყდებით — სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უცხოელი სტუდენტები უნდა მიიღონ მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში. რახან კანონმდებლობა ამდენ გამონაკლისს უკვე უშვებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის, განათლების მკვლევრებს უჩნდებათ ეჭვი, რომ შესაძლოა, უცხოელი სტუდენტების ძირითადი ნაკადი სწორედ ამ უნივერსიტეტში აღმოჩნდეს. გასათვალისწინებელია ის მოცემულობაც, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა 2025 წელს ერთსაფეხურიანი სამედიცინო ინგლისურენოვანი პროგრამა დაიწყო ნეაპოლის ფედერიკო II-ის სახელობის უნივერსიტეტთან პარტნიორობით.
„თუ სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებს აღარ ექნებათ უცხოელი სტუდენტების მიღების შესაძლებლობა, ჩნდება კითხვა, ხომ არ იგეგმება, რომ უცხოელი სტუდენტების ეს ნაკადი გადაქაჩონ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში?! რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მაღალშემოსავლიანი სეგმენტი უმაღლეს განათლებაში”,- ამბობს არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი, ქეთი ცოტნიაშვილი.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მსგავსად, ამ რეფორმის ფოკუსში კიდევ ერთი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, შეიძლება, აღმოჩნდეს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ამ უკანასკნელისთვის რეფორმა სასიკეთო შედეგს არ მოიტანს.
თუ რეფორმის იმ მოცემულობას დავუბრუნდებით, რომლის თანახმადაც, კონცეფცია გამორიცხავს, ერთ ქალაქში არსებულ სახელმწიფო უნივერსიტეტებს ჰქონდეთ იდენტური ფაკულტეტები, როგორც მრავალპროფილური სასწავლებლები, ვერც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიას უნივერსიტეტი შეძლებს თანაარსებობას ქვეყნის დედაქალაქში. დიდი ალბათობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც საუკუნოვანი ისტორიის და განათლების ტრადიციის შემქმნელი, მრავალპროფილური უმაღლესი სასწავლებლის სტატუსს სწორედ ის შეინარჩუნებს. ამას ემატება პრემიერ-მინისტრის ინტერვიუც, სადაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსება კობახიძემ ერთი ადამიანის ინტერესებზე დაიყვანა და თქვა, რომ ილიაუნი 2006 წელს იმის გამო შექმნეს, რომ მისი პირველი რექტორი [გულისხმობს გიგი თევზაძეს] თსუ-ს რექტორი ვერ გახდა.
„ილიას უნივერსიტეტის შექმნის ისტორია რომ გავიხსენოთ, იყო ერთი კონკრეტული ადამიანი, რომელსაც უნდოდა თსუ-ს რექტორობა, სხვანაირად გადაწყდა პოლიტიკურად და ამ ერთ კაცს შეუქმნეს ილიას უნივერსიტეტი სულხან-საბას საფუძველზე და შემდეგ გააფართოვეს. ასეთი სუბიექტური ინტერესები არსებობდა“. - ამბობდა კობახიძე.
„ქართულ ოცნებასა“ და ილიას უნივერსიტეტს შორის ვითარება განსაკუთრებით 2023 წლის მარტში გამწვავდა, ე.წ. „რუსული კანონის“ პირველი ინიცირებისას, როცა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი, „ქართული ოცნების” ლიდერების ნაცვლად, ილიაუნის სტუდენტებს შეხვდა. ამას მოჰყვა ილიაუნის რექტორზე კამპანიური ხასიათის თავდასხმა, შემდეგ კი, „რუსული კანონის” მეორედ ინიცირება, როცა დაანონსებულ სტუდენტურ გაფიცვას ილიას უნივერსიტეტი, სხვა რამდენიმე უნივერსიტეტთან ერთად არ გამიჯვნია.
მალევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაციის პრობლემებიც შეექმნა. 2024 წლის სექტემბერში, მიუხედავად ექსპერტთა ჯგუფის მიერ უმაღლესი შეფასებისა, უნივერსიტეტს 6 წლიანი ავტორიზაცია დათქმით, ერთი წლის თავზე ხელახალი მონიტორინგის პირობით მიენიჭა.
„ამ ეტაპზე არ არის ადვილი სრული შეფასების გაკეთება, მაგრამ, რაც ვიცით, მასზე დაყრდნობით, რამდენიმე მიზანი შეგვიძლია, ვივარაუდოთ. პირველი, ალბათ, არის სწორედ არასასურველი პროფესორებისგან, თანამშრომლებისგან, უნივერსიტეტის გაწმენდა. რასაკვირველია, ეს პირველ რიგში შეეხება არასასურველ და აქტიურ პროფესორებს, მაგრამ არა მარტო მათ. ერთ ქალაქში ერთი ფაკულტეტი აუცილებლად გულისხმობს დიდ შემცირებას სახელმწიფო უნივერსიტეტებში”, - ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი გიგა ზედანია.
აკადემიაში შესაძლო წმენდაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრულ პროფესორზე, მარინე ჩიტაშვილზე, ბოლოდროინდელი თავდასხმებიც მიანიშნებს, რომელსაც ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ მიცემული ინტერვიუს გამო, „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ „რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტი” უწოდა, მოგვიანებით იგივე გაიმეორა ირაკლი კობახიძემაც და ასეთი შეკითხვა დასვა — როგორ შეიძლება ასეთი ადამიანები ასწავლიდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში?! ამ რიტორიკის პარალელურად, კობახიძე „ცარიელ სპეკულაციად“ ახასიათებს აკადემიური პერსონალის შემცირების მოლოდინს და აქვე ქუთაისის უნივერსიტეტის დამატებითი რესურსებით უზრუნველყოფის საჭიროებას უსვამს ხაზს.
მიმართულებების შეზღუდვა უნივერსიტეტებისთვის დაფინანსების შეზღუდვასაც გულისხმობს. კობახიძემ პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ რეფორმის შედეგად, უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული ხარჯები 25%-ით დაიზოგება. განათლების სფეროს პროფესიონალები კი მიიჩნევენ, რომ, თუ აბიტურიენტებსა და პოტენციურ სტუდენტებში პოპულარული მიმართულებები სასწავლებლებს აღარ ექნებათ, მათ თავის გადარჩენა გაუჭირდებათ:
„იმისთვის, რომ მაგალითად ფილოსოფიის პროგრამამ იარსებოს, ბიზნესის მიმართულებიდან მიღებული შემოსავალი უნივერსიტეტმა უნდა გამოიყენოს ფილოსოფიის და არქეოლოგიის, ანთროპოლოგიის, სოციოლოგიის პროგრამებისთვის. თუ ამ მიმართულებას ართმევ, რომც დაგიტოვონ შედარებით არაპოპულარული დარგები, რომელიც სხვაგან არ არის, ასეთიც ცოტაა, მაინც შეიძლება, ვერ დააფინანსოს და ვერ შეინარჩუნოს ეს პროგრამები უნივერსიტეტმა”, - აღნიშნავს განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია.
რეფორმის ერთ-ერთი ასპექტი ახალი საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის ფინანსების მოძიებას უკვე არსებული საუნივერსიტეტო კამპუსების რეალიზაციით მოიაზრებს. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელი უნივერსიტეტის კამპუსების გაყიდვას გეგმავენ რეფორმის შემოქმედები, თუმცა კვლავ კობახიძის განცხადებებით თუ ვიხელმძღვანელებთ, ხელშეუხებელი მხოლოდ სამედიცინო უნივერსიტეტი, თსუ-ის პირველი და მეორე კორპუსი, თეატრალური და სამხატვრო აკადემიები და კონსერვატორია იქნება. შენობების რეალიზაციით მიღებული შემოსავლით კობახიძის თქმით, ახალი საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა არა თბილისში, არამედ რუსთავში უნდა აშენდეს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს თბილისში 11 სასწავლო კორპუსი აქვს. მათი დიდი ნაწილი (A,B,C,D,E,F,G,H,S,T) ვაკეში, ჭავჭავიძის გამზირსა და თამარაშვილის ქუჩაზეა განთავსებული. არსებული ინფრასტრუქტურის რეალიზაციის შედეგად, ალტერნატიული კამპუსების აშენების დაპირება განათლების ექსპერტებს სპორტის უნივერსიტეტის ისტორიას ახსენებს, რომელსაც 2025 წელს ფუნქციონირება იმავე ადგილზე, ჭავჭავაძის 49 ნომერში, ახალ შენობაში, უნდა გაეგრძელებინა, თუმცა წელი ისე მთავრდება, სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტები სწავლას კვლავ სოხუმის უნივერსიტეტსა და ახალგაზრდობის სააგენტოს მეორე სართულზე აგრძელებენ. როგორც გამოცემა EDU.ARIS.GE წლის დასაწყისში უნივერსიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერდა, სპორტის მინისტრთან, შალვა გოგოლაძესთან შეხვედრისას ითქვა, რომ სასწავლებლისთვის ახალი შენობა დიღომში უნდა აშენდეს, რასაც კიდევ სამი წელი დასჭირდება.
რა დარჩება რეფორმის შემდეგ?
„ქართული ოცნების” განათლების რეფორმის ის კონტურები, რაც ამჟამად ხილულია, ექსპერტების აზრით, ქვეყანაში საუნივერსიტეტო ლანდშაფტს მთლიანად შეცვლის, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ახალგაზრდებისთვის უმაღლესი განათლების მიღება ნაკლებად ხელმისაწვდომი გახდება:
„აბიტურიენტების რაოდენობა ორმაგდება, ადგილები კი მცირდება, რაც სერიოზული პრობლემა იქნება. ვინც წინა წელს ვერ ჩააბარა, ის აბიტურიენტები მომდევნო წელს კვლავ დაემატებიან ნაკადს და ასე გაგრძელდება, სანამ ეს პრობლემა თავისით არ ამოიწურება. ალბათ, იქამდე, სანამ ნაწილს ჯარში არ გაიწვევენ, ნაწილი კი განათლებაზე ხელს არ ჩაიქნევს, ან უცხოეთში არ წავა”, - აღნიშნავს ჯანაშია.
საბოლოო ჯამში კი, რეფორმის განხორციელების შემთხვევაში, სფეროს მკვლევრები იმ სუსტი აკადემიური ტრადიციის მოსპობას მოელიან, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქართულ აკადემიურ სივრცეში დამკვიდრდა:
„ეს რეფორმა მთლიანად არღვევს უნივერსიტეტის სტრუქტურას და ქსოვილს. რადგან სახელმწიფო უნივერსიტეტს უსაზღვრავს ყველაფერს, დაწყებული საკადრო პოლიტიკიდან, სასწავლო პროგრამებით დამთავრებული. ჩემთვის ეს რეფორმა ნიშნავს იმ სუსტი აკადემიური ტრადიციის მოსპობასაც კი, რაც ქვეყანაში დაგროვდა”, - ამბობს ქეთი ცოტნიაშვილი.