ბრძოლა სიტყვასთან, რომლის ფასსაც ქალები გადაიხდიან
ჟურნალისტი: მარიამ ბოგვერაძე
ზამთრის ცივ დილას თბილისი ფემიციდის მორიგმა შემთხვევამ შეძრა. 27 წლის ქალი ყოფილმა ქმარმა მძინარე, 4 თვის ჩვილის გვერდით მოკლა. გამოძიება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით იწყება, საქმეში ორი მნიშვნელოვანი სიტყვაა: ოჯახის წევრი და გენდერის ნიშანი.
მტკიცებულებების მიუხედავად, მოსამართლე გენდერის ნიშანს განაჩენის გამოტანისას არ ითვალისწინებს და მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლით პატიმრობას უსჯის.
ქალებისა და გოგოების გენდერული ნიშნით მკვლელობას ჰქვია ფემიციდი. ის ქალებზე ძალადობის უკიდურესი გამოვლინებაა. თუ განზრახ მკვლელობის საქმეში გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობა იკვეთება, ის დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა და შესაძლოა, დამნაშავისთვის სასჯელი გამკაცრდეს. ასე იყო კანონმდებლობაშიც მანამდე, სანამ პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს დაამტკიცებდა და სიტყვა „გენდერს” 16 კანონიდან ამოიღებდა.
ფემიციდის მსხვერპლის ოჯახის უფლებებს სასამართლოში ორგანიზაცია „უფლებები საქართველოსთვის” იცავდა. მოკლული ქალის ოჯახის იურისტი, საქმეში მოწმეების ჩვენებებზე დაყრდნობით, ამბობს, რომ კაცი ცოლს, მათ შორის ყოფილ ცოლსაც, როგორც საკუთრებას ისე ექცეოდა. მუდმივად უკონტროლებდა ქცევას, ჩაცმას, უკრძალავდა მეგობრებთან შეხვედრას, უნივერსიტეტში სწავლას, თანაკურსელ ბიჭებთან კომუნიკაციას, მანიპულირებდა ბავშვით, ფანჯრიდან მისი გადაგდებითაც დამუქრებია. არდამორჩილების შემთხვევაში — მაგალითად, თუ ტანსაცმელს არ გამოიცვლიდა — ცოლზე ფიზიკურადაც ძალადობდა. სწორედ ეს მახასიათებლები განსაზღვრავს გენდერული შეუწყნარებლობის ნიშანს საქმეში.
ქალი, რომელსაც 19 ჭრილობა ჰქონდა, მათგან 6 სიცოცხლისთვის შეუთავსებელი, საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა. ომბუდსმენი სააპელაციო სასამართლოსთვის წარდგენილ ამიკუსში [სასამართლო მეგობრის მოსაზრება] უთითებდა, რომ მკვლელობის საქმეში თითოეული მტკიცებულება გენდერული პერსპექტივიდან, ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის კონტექსტში შეეფასებინა. 27 წლის ქალი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლი იმიტომ გახდა, რომ მისი ქცევა შესაძლოა, არ შეესაბამებოდა პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალისთვის მინიჭებულ ტრადიციულ როლებს და ნორმებს.
ბრალდების მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სწორედ ამ საქმის განხილვის პარალელურად დაარეგისტრირა მმართველმა გუნდმა პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც კანონმდებლობიდან სიტყვა „გენდერის” სრულად ამოღებას ითვალისწინებდა. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და მკვლელობაში ბრალდებულს სასჯელი არ დაუმძიმა. სასამართლოს გადაწყვეტილებას იურისტები ხელისუფლების შეცვლილ პოლიტიკას უკავშირებენ.
საკანონმდებლო ენიდან სიტყვა გენდერის ამოღებისთანავე პარლამენტში გაუქმდა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭო. აღარც მუნიციპალიტეტები არიან ვალდებულები ქალთა თანასწორობის საკითხებზე მომუშავე საბჭოები შექმნან. სიტყვა „გენდერი” გაქრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან; ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონიდან; ასევე, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონიდან.
16-ივე კანონში სიტყვა „გენდერი” ჩაანაცვლა სიტყვებმა „კაცი” და „ქალი”, „სქესი”.
უფლებადამცველებს დღეს უჭირთ ზუსტად იმის წარმოდგენა, როგორი იქნება სასამართლო პრაქტიკა ქალების მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე ახალი კანონმდებლობის პირობებში, მაგრამ ამ ცვლილებებით ქალების უფლებრივი მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუარესებას მოელიან.
საქართველოში სიტყვა „გენდერი” 90-იანი წლების ბოლოდან მკვიდრდება. მაშინ იაზრებს სახელმწიფოც და საზოგადოებაც მის მნიშვნელობას პოლიტიკურად, კულტურულად, ისტორიულად. გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის ფარგლებში, საქართველომ არაერთხელ დახვეწა საკანონმდებლო ჩარჩო. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება შეეხო სისხლის სამართლის კოდექსს, როდესაც 2018 წელს გენდერული ნიშნით ოჯახის წევრის მკვლელობა, ასევე მკვლელობის მცდელობა, თვითმკვლელობამდე მიყვანა, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებად განისაზღვრა. უფლებადამცველი ხატია რეხვიაშვილი, რომელიც ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს” წარმოადგენს, მისი სამუშაო პრაქტიკიდან ორ შემთხვევას იხსენებს, როდესაც კაცს ოჯახის წევრი ქალის სასტიკად მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. 27 წლის მოკლული ქალის საქმე ამ ისტორიის ნაწილი ვეღარ გახდება.
გენდერული განზომილების არსებობის მნიშვნელობა ყველაზე ცხადი ფემიციდის საქმეებზე სამართლებრივი შედეგების დადგომის დროსაა, თუმცა ეს არ არის ერთადერთი სივრცე, რითაც მისი მნიშვნელობა იზომება. საკანონმდებლო ენაში სიტყვა გენდერის დამკვიდრება გარდაქმნიდა მთლიანად ძალოვან სისტემას, მათ მიდგომებს გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის გამოძიებისას; სახელმწიფო აღიარებდა იმ გარემოებებს, რის გამოც ქალზე ძალადობდნენ. ასე ეტაპობრივად ეს სიტყვა თავისი შინაარსით მკვიდრდებოდა კოლექტიურ ცნობიერებაშიც და საზოგადოების ყოველდღიურობის ნაწილი ხდებოდა.
ნატი გელოვანი შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტში 2019 წლიდან 2022 წლამდე მუშაობდა და კარგად ახსოვს, რომ ეს რეფორმა ხანგრძლივ და საკმაოდ რთულ პროცესს ეფუძნებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილი ადამიანის უფლებების დაცვის სამმართველო არა მხოლოდ ზედამხედველობდა ოჯახში ძალადობის საქმეებს, ის ასევე ამზადებდა თანამშრომლებს, რომ მათ უფრო ეფექტიანად ემუშავათ. უწყების ყოფილ ხელმძღვანელს ცალკეული პოლიციელებისგან მოუსმენია, თითქოს ქალები კანონის ჩანაწერს კაცების წინააღმდეგ იყენებდნენ; ან კიდევ ქალები გადაჭარბებულად და გაზვიადებულად აღიქვამდნენ კაცების ძალადობრივ საქციელს. პოლიციელები ზოგჯერ თავადაც განსჯიდნენ ხოლმე მსხვერპლებს:
„შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებული ადამიანების ნაწილისთვისაც ნორმალიზებული იყო, თუ ქალი საჭმლის ვერმომზადების გამო სცემეს. მათი ნაწილი მიიჩნევდა, რომ ცემა შეიძლება ზედმეტი იყო, მაგრამ ამბობდნენ, საჭმელი ხომ აუცილებლად უნდა მოემზადებინა ქალსო?!”
ნატი გელოვანი ათასამდე პოლიციელის გადამზადებაში მონაწილეობდა. მათი ტრენინგები ევროპის საბჭოს და გაეროს ქალთა ფონდის მიერ შემუშავებული ინსტრუქციით მიმდინარეობდა. პოლიციელებს გენდერულ სტერეოტიპებზე ესაუბრებოდნენ და უხსნიდნენ, რა ფაქტორები უწყობს ხელს და რაში ვლინდება გენდერული ძალადობა:
„ისინიც ჩვენი საზოგადოების წევრები არიან და სტერეოტიპებით გაჯერებულ გარემოში ცხოვრობენ. მაგალითად, ხშირად არის გაუპატიურების მსხვერპლი ქალების მიმართ ასეთი დამოკიდებულება: მთვრალმა ქალმა თვითონ გამოიწვია, ან მას არ ახსოვს, რომ სექსზე დათანხმდა”.
ამ მიდგომას შედეგიც გამოიღო. საილუსტრაციოდ ნატის 2018 წელი ახსენდება, როცა არც ერთი ქალი არ მოუკლავთ, რომლის მიმართ ძალადობაზეც მანამდე პოლიცია ინფორმირებული იყო.
გენდერული საკითხების სახელისუფლებო პროპაგანდის იარაღად ქცევა განსაკუთრებით შესამჩნევი ფილოსოფოსი თამარ ცხადაძისთვის 2024 წელს ხდება:
„შარშან დაიწყო მკვეთრი რეგრესი. როცა ხელისუფლებამ პირდაპირ გადაიბარა ის რიტორიკა, რომელსაც მანამდე ულტრამემარჯვენე, უფრო რადიკალური ჯგუფები ახმოვანებდნენ ჩვენთან. ვგულისხმობ გზავნილებს: კაცი კაცია, ქალი ქალია და კაცი ვერ გახდება ქალი; რომ გენდერი მოგონილი და ძალით თავსმოხვეული ტერმინია; უფრო მეტიც, მმართველმა პარტიამ ეს გზავნილები თავის ამომრჩეველთან საკომუნიკაციო სტრატეგიის ერთ-ერთ მთავარ აქცენტად გამოყო”.
ნატი გელოვანიც იხსენებს, რომ 2021 წლიდან შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი გამომძიებლებისთვის თითქმის აღარ ატარებს გადამზადების კურსებს; აღარ ახმოვანებენ მედიით თუკი მოძალადე კაცი ოჯახში ან გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულისთვის დააკავეს. როგორც უწყების ყოფილი თანამშრომელი მიუთითებს, ამ შემთხვევების გავრცელება პოტენციური მოძალადისთვის კარგი გზავნილი იყო, რომ ისიც დაისჯებოდა.
მიდგომების და პოლიტიკის ცვლილება სტატისტიკურ მონაცემებშიც აისახა. სახალხო დამცველის საპარალამენტო ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს 25 ქალი მოკლეს, 2023 წელს — 24 ქალი, ხოლო 2024 წელს — 25 ქალი.
სახალხო დამცველის ანგარიში პროკურატურის მონაცემებს ეყრდნობა და აჩვენებს, რომ ქალთა მკვლელობის საქმეებიის უმეტესობას ოჯახში ძალადობის კვალიფიკაცია ჰქონდა და მასში ფემიციდი ან ფემიციდის მცდელობაა გამოკვეთილი.
თამარ ცხადაძისთვის მხოლოდ კანონმდებლობაში ტერმინის ცვლილებაზე არ დაიყვანება პრობლემა. ის ამბობს, რომ ტერმინის ცვლილება, ერთი მხრივ, სახელისუფლებო პროპაგანდის მორიგი ინსტრუმენტია, მეორე მხრივ კი, ის სახელმწიფო პოლიტიკის შეცვლის სიგნალიცაა.
„მთავარი შინაარსია და არა ტერმინები. აკადემიურ და სამართლებრივ სივრცეში „გენდერის” ამ მნიშვნელობით გამოყენება დაიწყო სქესის და სექსუალობის ნიშნით არსებული სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სიმბოლური იერარქიების მოსანიშნად. უფრო კონკრეტულად, იმაზე მისათითებლად, რომ ეს უთანასწორობები ადამიანის ბიოლოგიური განსხვავებებით არ აიხსნება. ამ ტერმინის გამოყენებით აღიარებ, რომ ქალების ეკონომიკური თუ პოლიტიკური ცხოვრებიდან გარიყვა, მათზე ძალადობა, კაცებთან შედარებით მათი სიღარიბე და ა.შ. სოციალური სისტემის შედეგია და არა — ბიოლოგიის. ძირითადად ამ შინაარსს ატარებს ტერმინი „გენდერი” და ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი არ გამქრალიყო პოლიტიკის დოკუმენტებიდან”, გვიხსნის თამარ ცხადაძე.
იმას, რასაც თამარი ამბობს, ადამიანის უფლებადაცვითი ორგანიზაციები სამუშაო პრაქტიკით ადასტურებენ. ქალები ხშირად ისეთი ტრივიალური საკითხების გამო ხდებიან ძალადობის მსხვერპლები, როგორიცაა სადილის მოუმზადებლობა, სახლის დალაგება და სხვა. ამგვარი მიზეზებით გამოწვეული ძალადობის საქმეებზე მუშაობის გამოცდილება აქვს ორგანიზაციას „საფარი”, როცა ქმარმა ცოლზე იმიტომ იძალადა, რომ მან სადილი სათანადოდ ვერ მოუმზადა:
„აქ ქალის ბიოლოგიური სქესი კი არ არის მნიშვნელოვანი, საზოგადოებაში გავრცელებული წარმოდგენაა ქალის როლზე, რომელიც მას აიძულებს კონკრეტული მოლოდინები გაამართლოს”, ამბობს ორგანიზაციის დირექტორის მოადგილე ეკა მუზაშვილი და ამატებს: „უმეტესწილად ქალთა მიმართ ძალადობა სწორედ ამ ნორმებთან შეუსაბამობის საბაბით ხდება. ქალებს უკონტროლებენ სად წავლენ, რას ჩაიცვამენ. თუ დროულად პარტნიორს/ან ქმარს შეტყობინებაზე ვერ უპასუხებენ, ქალები ამის გამოც კი გამხდარან ძალადობის მსხვერპლები”.
არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”(PHR) დირექტორი, თამარ გაბოძე პრაქტიკიდან იხსენებს შემთხვევას, როცა ქმარი ცოლს აიძულებდა ფული ესესხა ვინმესგან და ის სადილი მოემზადებინა, რომელიც იმ დღეს მას უნდოდა. თუ ამას არ შეუსრულებდა, სცემდა.
„ჩვენ გვაქვს ერთი ძალიან მძიმე, გაუპატიურების მუქარის საქმე, რომლის მასალებიდანაც ირკვევა, რომ მოძალადე ახალგაზრდა გოგოს აჯერებს, რომ ეჭვიანი შეყვარებულები მხოლოდ ბო**ბს არ მოსწონთ და შენ თუ არ ხარ ბ**ი, ეს კონტროლი უნდა მიიღოო. კანონში შეტანილი ახლანდელი ცვლილებით, მსგავსი შემთხვევები ვეღარ იქნება სათანადოდ შეფასებული, რადგან გენდერული შეუწყნარებლობით ჩადენილი დანაშაული, როგორც დამამძიმებელი გარემოება, აღარ არსებობს სისხლის სამართლის კოდექსში”, განმარტავს თამარ გაბოძე.
საკანონმდებლო ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მისთვისაც იმაზე უარის თქმაა, რაც მანამდე სახელმწიფოს პრიორიტეტად ჰქონდა გაცხადებული: ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლა.
როცა გენდერის სპეციალისტები ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკის შემობრუნებაზე მიუთითებენ, ორ სხვა მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებასაც გამოყოფენ ამ კონტექსტში. 2024 წლის აპრილში პარტიებისთვის გაუქმდა საარჩევნო სიებში გენდერული კვოტების დაცვის ვალდებულება. ამავე წლის ოქტომბერში კი, ხელისუფლებამ მიიღო „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ” კანონი. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა თავიანთ საჯარო შეფასებაში საქართველოს კონსტიტუციაში ასახული უფლებრივი სტანდარტების და ღირებულებების უგულებელყოფის უმძიმეს მაგალითად მოიხსენიეს.
გენდერის მკვლევრისთვის, ლიკა ჯალაღანიასთვისაც, ეს კანონი აღმოჩნდა განსაკუთრებით საყურადღებო და ადამიანის უფლებების კუთხით დამაზიანებელი. ლიკა მას ასე განმარტავს — კანონი, რომელიც თავის თავზე იღებს განსაზღვროს, რა არის სქესი. ლიკამ კანონის განმარტებით ბარათში გაკეთებულ ჩანაწერზე მიგვაქცევინა ყურადღება, სადაც ხაზგასმულია, რომ , „გენდერი” ლიბერალური ჯგუფების მიერ „დანერგილი” ტერმინია, რომელიც საქართველოს დასავლურმა ინსტიტუტებმა მოახვიეს თავს.
„სინამდვილეში კი, ის თითქოს ანგრევს ოჯახებს” , — ამბობს ლიკა და განაგრძობს — „ამ [ოჯახური ღირებულებების შესახებ] კანონით საკანონმდებლო სივრციდან საერთოდ გაქრნენ ტრანსგენდერი და არაბინარული გენდერული იდენტობების მქონე ადამიანები. ანუ ადამიანები, რომელთა უფლებების დაცვაც ისედაც არ იყო სახელმწიფოს პრიორიტეტი. მე მგონია, რომ ყველაზე დიდი დარტყმა „გენდერის” კანონმდებლობიდან გაქრობით ტრანსგენდერებს მიადგებათ” .
2024 წლის 18 სექტემბერს ქვეყანაში ყველაზე ცნობილი ტრანსგენდერი ქალი, მოდელი და ტელეწამყვანი კესარია აბრამიძე, მოკლეს. გამოძიება 26 წლის კაცს მაშინ სწორედ გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავებოდა. ახალი სამართლებრივი მოცემულობით, კესარია შესაძლოა, ბოლო მოკლული ტრანსგენდერი ქალი იყოს, რომლის მკვლელსაც უვადო პატიმრობა გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის მიუსაჯეს.
იურისტებისთვისაც შესამჩნევია, რომ ძალადობის მსხვერპლი ქალების მიმართ მიდგომები შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე შეცვლილია. მაგალითად, პრაქტიკაში მათ უკვე ჰქონდათ რამდენიმე შემთხვევა, როცა პოლიციაში მისულ ძალადობის მსხვერპლ ქალს ელექტრო სამაჯურის მოთხოვნა გადააფიქრებინეს.
შენიშვნა: ელექტრო სამაჯურს მოძალადეს უმაგრებენ, მსხვერპლს კი მობილური ტელეფონის მსგავს მიმღებ მოწყობილობას აძლევენ, რომელიც მუდმივად თან უნდა ატაროს. როგორც კი მოძალადე მას მიუახლოვდება, აპარატი მაშინვე აფიქსირებს და 112-ში გამაფრთხილებელ სიგნალს აგზავნის.