პანკისის ხეობის ქალი სუფისტი მისტიკოსები

ავტორი: თაკო რობაქიძე

02.05.25

ათი ფეხშიშველა ქალი დაბალი შუქით განათებულ ოთახში ფარდაგით დაფარულ იატაკზე ზის. სიჩუმეს იცავენ, ღრმა და ყოვლისმომცველ სიჩუმეს. თავები თეთრი ფულარით აქვთ დაფარული, თვალები დაუხუჭავთ. გალობა ნელი ტემპით იწყება.

„ლა-ილაჰა-ილალაჰ” — „არა არს ღმერთი გარდა ღმერთისა.” 

თავიდან სიმღერა შეუმჩნევლად, ძლივს გასაგონად ჟღერს, მაგრამ ტემპი და ომახიანობა ნელ-ნელა იმატებს. ქალები ტაშის კვრას იწყებენ და როცა ტაში ხურდება, ქალებიც დგებიან და წრეზე ბრუნვას იწყებენ, ტემპსაც ნელ-ნელა უმატებენ და არც გალობას წყვეტენ. 

„ლა ალაჰ ილალაჰ” — „არა არს ღმერთი გარდა ღმერთისა.” 

მგალობელთა გუნდი ფეხის ცემას იწყებს, არც ტაშს წყვეტს გუნდურ სიმღერასთან ერთად და ნელ-ნელა ეს მოძრაობები წრეზე რბოლას უფრო ემსგავსება, თითქოს, ტრანსში გასულები დაღლას ვერ გრძნობენ. 

„ლა ალაჰ ილალაჰ” — „არა არს ღმერთი გარდა ღმერთისა.” 

როცა პიკს მიაღწევენ, მოძრაობები ნელდება, გალობა კი იდუმალ სიმშვიდედ გარდაისახება. რიტუალი დასასრულს უახლოვდება. 

„მარშუა კავკაზ” მშვიდობა კავკასიაში

ქალები ერთმანეთს ეხუტებიან და ეხვევიან. ასე ერთმანეთს სიმშვიდესა და წყალობას უზიარებენ. 

ზიქრი დასრულებულია.


ყოველ პარასკევს, შუადღისას, ქალი სუფი მისტიკოსები საქართველოს პანკისის ხეობიდან, ზიქრის შესასრულებლად იკრიბებიან. ზიქრი საუკუნეების წინანდელი რიტუალია, რომელსაც სუფი მუსლიმები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ასრულებენ. რიტუალი მოიცავს სიმღერას, ცეკვას, საჯარო კითხვას და საბოლოოდ ექსტაზურ, ტრანსულ მდგომარეობაში გარდაიქმნება. პირდაპირ თარგმანში ზიქრი არაბულად „დამახსოვრებას, გახსენებას” ნიშნავს. მას სხვაგვარად ეძახიან დჰიკრსაც. ტრადიციულად დახურულ გარემოში სრულდება, მონაწილეები კი ერთი სქესის წარმომადგენლები არიან. უფრო ზუსტად, ზიქრი მხოლოდ კაცების რიტუალად მიიჩნეოდა, მაგრამ მეოცე საუკუნის დასაწყისში ზიქრის შესრულება ჩეჩნეთში ქალთა ჯგუფებმაც დაიწყეს, მალე წესი იქიდან საქართველოში, პანკისის ხეობაშიც გავრცელდა. 

დიდი კავკასიონის მთათა სისტემაში შეჭრილი პანკისი ნამდვილი ალპური სამკაულია. ათ კილომეტრზეა გადაჭიმული, ჩეჩნეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს და მის ძირითად მოსახლეობას სუნიტი მუსლიმი ქისტები შეადგენენ. ესენი ჩეჩნების შთამომავალი ეთნიკური ჯგუფის შთამომავლები არიან. ქისტების დიდი ნაწილი საკუთარ თავს ჰაჯისტად მოიხსენიებს, ანუ მეცხრამეტე საუკუნეში მცხოვრები ჩეჩენი სუფი მისტიკოსისა და პაციფისტის კუნტა ჰაჯი-კუშიევის შთამომავლად. ის ძმური სიყვარულისა და არაძალადობრივი რეზისტანსის დოქტრინას ქადაგებდა და ავრცელებდა.

პანკისის ბოლოდროინდელი ისტორია ჭრელია და ავ-კარგითაა სავსე. 1990-იან წლებში, ეს მიდამოები მეორე რუსულ-ჩეჩნურ ომს გამოქცეული დევნილების თავშესაფრად იქცა, მათ შორის იყვნენ ჩეჩენი სეპარატისტი მებრძოლებიც. 2010-იანი წლების შუა პერიოდში იყო პანკისიდან სირიაში გამგზავრების შემთხვევებიც. ახალგაზრდები ისლამურ რესპუბლიკაში გასაწევრიანებლად მიდიოდნენ. ამ პერიოდში ხეობაში უფრო რადიკალური და მკაცრი სალაფის ხაზი გავრცელდა, ძირითადად, ახალგაზრდები მიიზიდა.  მათ სუფის რიტუალები უარყვეს, უფროს თაობას განუდგნენ. თუმცა, ადგილობრივები დღეს სულ უფრო მეტად ცდილობენ მოაშორონ ჯიჰადისტების სათბურის მეტსახელი პანკისის ხეობას და მსოფლიოს თავიანთი ხეობის შესახებ კულტურული ცენტრებით, ფოლკლორული წარმოდგენებით მოუყვნენ.  

და ბოლო გზავნილიც ასეთია: „მარშუა კავკაზ” კავკასიაში მშვიდობა

ხუთი მგალობელი მდელოზე, სოფელ ჯოყოლოში. მათი მწვანე კაბები სიმბოლურად სამოთხეს აღნიშნავს და ჰარმონიულად ესადაგება ხეობისთვის დამახასიათებელ გაზაფხულის ფერადოვნებას. ცენტრში შავები აცვია მგალობელთა გუნდის წამყვან მომღერალს, ლეილა აჩიშვილს, ის დანარჩენ ქალებს მიუძღვება და მელოდიის ხასიათს განსაზღვრავს. ნაზმები რელიგიური ჰიმნებია, რომელთაც ეს ქალები ასრულებენ. 

75 წლის ნადია აჩიშვილი, საგანგებო ნაზმებს ასრულებს იმ დედების სახელით, რომელთა შვილებიც საომრად მიდიან. ნადია ლეილას დედაა. ლეილა ანსამბლს უძღვება. 

ლეილა აჩიშვილი მომღერლების გუნდს უძღვება სოფელ ჯოყოლოში. ის ნაზმებს, ძირითადად,  საომარი თემატიკით ასრულებს. 

სოფელი დუისი

(მარცხნივ) 83 წლის ძარო ბაღაკაშვილი, ის ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანი ქალია, რომელიც ზიქრს ასრულებს. 

(ცენტრში) 65 წლის რაისა მარგოშვილი - უძღვება და მართავს რიტუალს, რომელსაც ქადირიის გუნდის წევრი დები ასრულებენ

(მარჯვნივ) 69 წლის სარიჟა ხანგოშვილი - ისვენებს რიტუალის დასრულების შემდეგ. 

 

რიტუალის მიმდინარეობისას რამდენჯერმე, მონაწილეები ღმერთს პატიებას და წყალობას ევედრებიან. სანამ გალობენ ლა-ილაჰა-ილალაჰ - არა არს ღმერთი გარდა ღმერთისა - 100 მძივასხმული კრიალოსანი უჭირავთ.

80 წლის სონია ქავთარაშვილი რიტუალის დაწყებამდე დუისში. საბჭოთა ხელისუფლების გაცხადებული ანტი-რელიგიური პოლიტიკისა და მეჩეთების დახურვის მიუხედავად, ზიქრი მაინც გადარჩა და ჩვენამდე მოაღწია. ამ რიტუალს ოჯახები საიდუმლოდ ასრულებდნენ და ტრადიცია ასე თაობიდან თაობას გადაეცემოდა. 

მურშიდი რაისა მარგოშვილი რიტუალს დუისში მართავს. რაისა სოფელ ჯოყოლოში მუსიკალურ ოჯახში დაიბადა. ერთხელ მას გააცნეს ალცნეი მარგოშვილი, რომელიც დუისელი მგალობელი დობილების ლიდერი გახლდათ. ალცნეი მოინუსხა რაისას ხმით და თავის მემკვიდრედ დაასახელა.

სოფელი დუისი. ოთახი, სადაც ნაქშბანდიას ორდენის წევრები პარასკევობით იკრიბებიან. ადგილობრივები არ ივიწყებენ შეიხ ისა ეფენდის, აზერბაიჯანელ ქადაგს, რომელმაც ორდენი ხეობაში მეოცე საუკუნის დასაწყისში შემოიტანა და გაავრცელა. ლოცვებს სწორედ ამ ოთახში აღავლენდა, აქვე ცხოვრობდა. სანიბატი (ცენტრში) მურშიდია - ქალი, რომელიც ზიქრის რიტუალს წარმართავს. ნაქშბანდიას ორდენის წევრები მთელი რიტუალის განმავლობაში სხედან სიბნელეში და სხვების თვალისგან მოშორებით ატარებენ ზიქრს. ეს მძაფრი ემოციების აღმძვრელი სცენაა, რომელიც მონაწილეების გრძნობებს აღვიძებს და გულში წვდება. სანიბატი ამბობს, რომ ზიქრის დროს მთელი სიცოცხლე დაბადებიდან სიკვდილამდე თვალწინ ჩაურბენს.

ნაბისატ სატიაშვილი (მარცხნიდან მეორე) სოფელ შუა ხალასტანში, ქადირიას დობილთა გუნდს უძღვება. სუფიზმში ასეთი გუნდები, ორდენებია გავრცელებული. მათ თარიქას უწოდებენ და ზოგიერთი პრაქტიკული თავისებურებით ერთმანეთისგან გამოირჩევიან.

რიტუალის დასასრულს ყველა ერთმანეთს ეხვევა და სიკეთესა და მშვიდობას ავრცელებს, უზიარებს სხვას. აქაური თქმულების მიხედვით, თუ დღის განმავლობაში ათზე მეტ ადამიანს ჩაეხუტები, დალოცვილი იქნები. 

მაყვალა მარგოშვილი, რომელსაც ყველა უფრო ბავშვობის სახელით იცნობს და ბადის ეძახის, ათწლეულების განმავლობაში ხეობის კულტურული რენესანსის მამოძრავებელი ძალა იყო. ბადი მარგოშვილი 83 წლის ასაკში, 2021 წლის გაზაფხულზე გარდაიცვალა.  

1990-იან წლებში, როცა ჩეჩნეთში ომი მძვინვარებდა, მან ფოლკლორული ანსამბლი ჩამოაყალიბა „დაიმოხკან ააზნაშ”, რაც ჩეჩნურ ენაზე „მშობლიურ ჰანგებს” ნიშნავს. ამით ბადი ხეობის შესახებ გავრცელებულ სტერეოტიპებს დაუპირისპირდა - რომ, თითქოს, პანკისი ტერორისტებისა და ბოროტმოქმედების ბუდეა. გამოჰყო გარკვეული საგალობლები ზიქრიდან და მათი შესრულება საჯაროდ დაიწყო. „მინდოდა მსოფლიოსთვის მეჩვენებინა ჩვენი კულტურის, ჩვენი რწმენისა და ჩვენებური ხალხის სილამაზე, - ამბობდა ის, - პანკისი უფრო მეტია, ჩვენც კიდევ უფრო სხვანაირები ვართ.”

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია