ხალხის ბედს ხალხი წყვეტს | საზმაუს მარშის ხმები

$item->name

სერია II

საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშმა რუსთაველის გამზირზე ყოველდღიურად მიმდინარე აქციის სათქმელი და საპროტესტო დინამიკა უფრო მრავალფეროვანი გახადა. მე-7 თვეა წინააღმდეგობაში ჩართული ეს მცირე ჯგუფი ყოველ დღე კოსტავას ქუჩიდან საქართველოს პარლამენტის შენობამდე ჯიუტად და ერთგულად აწყობს მსვლელობას. მარშის მონაწილეებისთვის, ისევე როგორც მათი დამხვედრებისთვის, ამ მსვლელობას განსაკუთრებული მუხტი ჰქონდა და აქვს. სოციალურ ქსელებში არაერთს დაუწერია, თუ ამ ბრძოლაში უიმედობამ შეგიპყროთ, დასევდიანდით, ან დანებება გადაწყვიტეთ, საზმაუს მარშს გამოჰყევით და მაშინვე ძალას იგრძნობთო. 

გოტა ჭანტურიას ამ მარშში გამოარჩევ. თეთრი რუპორით ხელში მას ქარში, წვიმაში, მამასთან ერთად ყოველ საღამოს დაინახავ. მამა-შვილისთვის წინააღმდეგობის კერა ამ შენობიდან იწყება და მოგვიანებით საერთო პროტესტს უერთდება. 

საზმაუს მარშის წევრების და მონაწილეების უმრავლესობამ ერთამენთი პირველი არხის ეზოში,  შენობის კიბეებთან, იპოვა. როლებიც სპონტანურად, სიტუაციის მიხედვით გაინაწილეს და დღესაც ამ პრინციპით ეხიდებიან ერთმანეთს.
ამ ექვს თვეში ჯგუფს გულშემატკივრები და აქტიური მონაწილეები აკლდებიან და ემატებიან კიდეც. სონა კალანდაძე, მარშის ერთ-ერთი პირველი ხმა, ცდილობს კრიტიკულად შეხედოს პროცესს და ეს წინააღმდეგობა უფრო ხელშესახებ ცვლილებად აქციოს.

___

გოტა ჭანტურია, 35 წლის, განათლების მკვლევარი, მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის წევრი, ჰყავს ორი შვილი და მალე მესამე შვილის მამა გახდება.

სანამ წინააღმდეგობა ასეთი მასშტაბური გახდებოდა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სამოქალაქო სექტორში ვიყავი. ასეთი ორგანიზაციაა განათლების კოალიცია, რომელიც განათლების პოლიტიკაზე, უფრო კონკრეტულად, სასკოლო განათლებაზე მუშაობს. ვიკვლევდით მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას, როგორ შეიძლებოდა მათი შრომის პირობები გაუმჯობესებულიყო, უფასო სასკოლო კვება ყოფილიყო საჯარო სკოლებში. ამ სამუშაოს პარალელურად, ბოლო ორი წელი სადოქტორო ნაშრომს ვწერდი, წელს უნდა დამესრულებინა, მაგრამ ვეღარ შევძელი. 

როგორც განათლების სპეციალისტი, მოძრაობის განათლება საფრთხეშიაწევრი ვარ და ვგეგმავდით საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქციას. ორგანიზების პროცესი ცოტა გაიწელა, ამასობაში, ფეისბუქზე შექმნილ წინაპრების ჯგუფში 30 ნოემბრის აქციის ანონსი ვნახეთ და ვთქვით, მოდი, შევუერთდეთ. მერე დამირეკეს და რუპორი მთხოვეს. პატარა რუპორი მქონდა და ამით მივედი მაუწყებელთან. ხალხმრავალი აქცია დამხვდა. ია ფარულოვა რომ შენობაში შევიდა, ის დღე იყო. მას შემდეგ ყოველ დღე იქ ვარ. 

პირველი მარში დეკემბერში მოვაწყეთ. ზუსტ თარიღს ვერ ვიხსენებ, მაგრამ შეძახილებით ნამდვილად არ მივდიოდით. ბანერი გვქონდა გაშლილი, რუპორი მიმქონდა, სოციალური შინაარსის საკითხებსაც ვაჟღერებდით, მაგრამ მოსაწყენი იყო. რიტმი აკლდა, უფრო პრეზენტაციას ჰგავდა ჩვენი ლაპარაკი. ამაზე გვიხმურია კიდეც, კვლევის ძირითადი მიგნებების წარდგენასავით გამომდიოდა. პროცესში გამოვიწვრთეთ. იანვრიდან რაღაცები შევცვალეთ. ჯერ მე ვლაპარაკობდი რუპორში, მერე ალექს ჩიღვინაძე. ჩვენ უკან ხუჭუჭთმიანი გოგო შევამჩნიე, რომელიც ჩვენს ყველა შეძახილზე ძალიან ომახიანად იქნევდა ხელს. თან სულ გვაგულიანებდა. ერთხელ რაღაცაზე თქვა: არ არის საინტერესოო. მე ვუთხარი, მოდი, შენ სცადე-მეთქი. 

ეს ხუჭუჭა გოგო თაკო ხელაძე იყო. მეორე დღესაც ვთხოვეთ და უკვე წინასწარ მოფიქრებული შეძახილებით მოვიდა. თან აზრს გვეკითხებოდა, როგორ მოგწონთო. მაშინ მივხვდი, რომ რაღაც ახალი იწყებოდა ამ პროტესტში. ნელ-ნელა ხალხიც აჰყვა. შეძახილები მალევე აითვისეს.

ახალ ფრაზებზე ჯგუფში ფიქრობდნენ. ხმებიც ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. მარშის დროს დრამზეც უკრავდნენ. ზოგჯერ სიტუაციის მიხედვით, სპონტანურადაც ამატებდნენ ახალ შეძახილებს. მაგალითად, სოლიდარობა ქალებს. იმ დღეს ელენე ხოშტარია დააკავეს და გავიგეთ, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში სრულად გააშიშვლეს. სხვათა შორის, უცხო ხალხიც მოდიოდა და ახალ ფრაზებს გვთავაზობდა. უთქვამთ, შეზღუდული შესაძლებლობის პირებზეც დაამატეთ შეძახილიო. 

ზამთარში თითები რომ გეყინება, მთელი გზა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან პარლამენტამდე ბანერის ჭერა მარტივი არ არის. არც რუპორის. რუპორს ვუცვლიდით ხოლმე ერთმანეთს. ბანერებით ხელში გოგოები მოდიოდნენ ხოლმე და ყოველ დღე დაუღალავად ატარებდნენ. შეძახილებით მარშს თავიდან თაკო მოუძღოდა, მერე ელენე, მერე ნუცა, სონა. ბუნებრივად გადანაწილდა როლები. მაუწყებლის შენობასთან ახლოს ვცხოვრობ და რუპორი, პარალონი, დინამიკები მე გადმომქონდა ხოლმე. გარე ეთერს, მაგალითად, სულ მარიამ სამუშია იღებს. ვისაც რისი გაკეთება შეეძლო და რისი სურვილიც ჰქონდა, ისე განაწილდა საქმეც. 

საორგანიზაციო ჯგუფში ვინც ვართ ახლა, აქედან მხოლოდ მამაჩემს და მარიამ დალაქიშვილს ვიცნობდი, დანარჩენს არავის. გადაჯგუფებაც გვქონდა. ვინც აქტიურები იყვნენ დასაწყისში და პასიურები გახდნენ, სხვები გააქტიურდნენ და ისინი ჩაანაცვლეს. ონლაინ ჯგუფი შევქმენით და იქ ვცვლიდით აზრებს. პირველი თვე ყველაზე დამღლელი იყო. ის პერიოდი, როცა საგანგებო ეთერი მოვიპოვეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტისგან. პროდუსერების ფუნქციაც შევითავსეთ. ყოველ დღე ვრეკავდით საინფორმაციო გამოშვების პროდუსერთან და ვეუბნებოდით, ვინ იქნებოდნენ იმ ღამის ეთერის სტუმრები. დღეში 10 ადამიანს მაინც ველაპარაკებოდით, რომ საღამოს ეთერისთვის 2 სტუმარი აგვერჩია და შეგვეთანხმებინა. საეთერო ქრონომეტრაჟზე სულ ბრძოლა გვიწევდა. დღეს 40 წუთი გვაქვს, ხვალ იქნებ 45 წუთი დაგვითმოთ, სულ ამ წუთებზე ვეჭიდავებოდით. 

საერთოდ წინააღმდეგობაში შეიძლება ბევრი კარგი იდეა გაჩნდეს, მრავალფეროვანიც იყოს და შემოქმედებითიც, მაგრამ, რაც მას აკლია ხოლმე ხშირად, თანმიმდევრულობაა, ერთგვარი რუტინა. საზოგადოებრივი მაუწყებლის პროტესტის შემთხვევაში ზუსტად ეს გაჩნდა ორგანიზებული ჯგუფი, რომელმაც რუტინად აქცია წინააღმდეგობა. მერე მთელმა ქვეყანამ გაიგო ამ მარშის არსებობა. 

გავწევრიანდი ახლადშექმნილ მოძრაობაში სოციალური დემოკრატიისთვის. პრაქტიკულად მთელ ჩემს დროს და რესურსს ვუთმობ, ერთი მხრივ, ამ მოძრაობის განვითარებას და გაძლიერებას, მეორე მხრივ, მთლიანად წინააღმდეგობის გაძლიერებას. ვცდილობ, პრაქტიკულად ყველა ჯგუფთან აქტიური კომუნიკაცია და ურთიერთობა მქონდეს, როგორც რეჟიმის ტყვეების ოჯახის წევრებთან, ისე სტუდენტებთან, პარტიებთანაც კი, რომ პროცესში რაც ხდება, არაფერი გამომეპაროს.

2 შვილი მყავს, უფროსი 9 წლის არის, უმცროსი 2-ის. მესამეს ველოდებით. 

სკოლაში დილას მე დამყავს. აქტიური მშობელი ვიყავი, პირველ შვილზე დეკრეტული შვებულება ავიღე. ბაღში იქნებოდა, თუ სკოლაში, ვცდილობდი, მე მეტარებინა. უფროს შვილთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს. რა თქმა უნდა, ახლა ორივე შვილთან უფრო ნაკლებ დროს ვატარებ. ჩემგან ყურადღებაც მოაკლდათ, სკოლაში ვეღარ ვაკითხავ. უფროსი შვილი ამას თვითონაც ძალიან განიცდის. სადღაც 11- 12 საათზე ვბრუნდები ღამე სახლში, უკვე ჩაძინებული მხვდება ხოლმე. რა თქმა უნდა, დასანანია. ამ დროს უკან ვეღარ დააბრუნებ. 

2 წლამდე ბავშვისთვის ძალიან კრიტიკული პერიოდია. რასაც ამ ასაკში მიიღებს, ის მერე ფაქტობრივად მნიშვნელოვნად გადაწყვეტს მის ცხოვრებას. ამ დროს თუ მშობლის ყურადღების დანაკლისი აქვს, ამის შევსება მოგვიანებით 10-ჯერ უფრო ძნელია, ვიდრე თავის დროზე რომ გეზრუნა და მისთვის დრო დაგეთმო. ამ ქაოტურ რეჟიმში ოჯახური რუტინა დავკარგეთ, მაგალითად, ერთად სადილი, ან ვახშამი. ცხადია, ეს ბავშვებზეც აისახება.

ჩემი შვილიც კი ამბობს ხოლმე სახლში ამ ფრაზებს: ყველგან პოლიცია, არსად სამართალი. არ გაპატიებთ ტერორს, ამასაც. ზეპირად იცის და ძალიან არ მომწონს. 

9 მაისს პოლიციასთან ჩვენს დაპირისპირებასაც შეესწრო. ყველა ჯერზე სახლიდან რომ გადიხარ, არ იცი, დაგიჭერენ, არ დაგიჭერენ. ზურა ჯაფარიძის დაჭერის ამბავი ამიტომ განსაკუთრებულად განვიცადე. 7 წლის შვილი ჰყავს. რომ ვფიქრობ, ახლა ეს ბავშვი მამას სახლში ელოდება, ის კი არ მივა. მაშინვე საკუთარი თავი წარმოვიდგინე. ჩემი შვილი სახლში ზის, მელოდება, მე კი ციხეში გამიშვეს არაფრის გამო.

ჩვენთვის შეუმჩნეველი ხდება, როგორ აისახება ეს ყველაფერი ბავშვებზე. სინამდვილეში კი, ძალიან მძიმედ. ამის შედეგი ყველას გვიან წამოგვეწევა. მარტო ჩვენი შვილების კი არა, სხვისი შვილებისაც. მათი შვილებისაც. დანაკარგი უკვე დიდია და ამაზე ძალიან ვწუხვარ.

ახლა არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეწყვიტო ბრძოლა. ძალიან დიდი უსამართლობაა, რამდენი სინდისის პატიმარი გვყავს. ამაზე თუ გაჩუმდი, გამოდის, რომ ეს მისაღებია.

ორი წლის წინ ჯუმბერ ლეჟავას ავტობიოგრაფიულ წიგნზე ვმუშაობდი. ხელნაწერი წიგნია, მოგზაურობის დროს თვითონ ჩანაწერებს აკეთებდა. ჯუმბერ ლეჟავა ბაბუა იყო ჩემი, ბებიაჩემის ძმა. გარდაცვალებამდე მისი იდეა იყო, რომ წიგნი გამოეცა. ბევრი ვიმუშავეთ და გამოვეცით, საკმაოდ სქელტანიანი წიგნია. ჩემთვის ეს წიგნიც მოტივაციაა. ამ კაცმა თავისი სიჯიუტით ამხელა რამეს მიაღწია. წარმოიდგინეთ 1993 წლიდან 2002 წლამდე მთელ მსოფლიოს ველოსიპედით წრე შემოარტყა. ხომ სიგიჟეა, არა?! მოთმინებით, სიჯიუტით, შეუპოვრობით, ორგანიზებულობით, მუდმივი შრომით შეძლო! წინააღმდეგობაში რომ გადმოვიტანოთ ეს, ჩვენც იგივე სიჯიუტე და მოთმინება გვჭირდება.

გია ჭანტურია, მათემატიკის და ბიზნეს-ადმინისტრირების სპეციალისტი. იკვლევს შემოსავლების უთანასწორობას. ჰყავს სამი შვილი და ოთხი შვილიშვილი.

მათემატიკის მასწავლებლად ვმუშაობდი, თსუ-შიც ვასწავლდი, 90-იანი წლები დაიწყო და ამ პროფესიით თავის გადარჩენა შეუძლებელი იყო. ამიტომ ახალი პროფესია შევიძინე და ბიზნესის სფეროზე გადავერთე. 5 ბანკისგან შემდგარ ცენტრს ვხელმძღვანელობდი. საკრედიტო ბარათები, ინტერნეტ-ბანკი, მობაილ-ბანკი ჩვენ დავნერგეთ საქართველოში.

მოგვიანებით ისევ აკადემიას დავუბრუნდი, როცა მივხვდი, რომ ამის შესაძლებლობა გაჩნდა. 2019 წლის ბოლოდან უკვე ალტერბრიჯის უნივერსიტეტში ვარ. საერთაშორისო მიმართულებას ვხელმძღვანელობ და პარალელურად ლექტორი ვარ მათემატიკის და ბიზნეს-ადმინისტრირების რამდენიმე საგნის: პროექტების მართვა, ფინანსები. 

პირველად დედაენის დაცვის დღეს მოვხვდი პროტესტზე. მაშინ მე-7 კლასში ვიყავი. მას მერე სულ კრიტიკული ვარ მთავრობის მიმართ. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც გავედი რუსთაველზე, ბევრნი არ ვიყავით. ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, 30 ნოემბერი იყო, მე და გოტა ერთად მივედით საზოგადოებრივ მაუწყებელთან და აღარც შემიწყვეტია იქ სიარული.

ჩავთვალე, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც პროტესტის ახალი კერა უნდა გაჩენილიყო. პროპაგანდა, ყალბი ინფორმაცია ძალიან დიდ როლს თამაშობს იმ კრიზისში, რაშიც დღეს ვართ. ყველა ადამიანი არის სიმართლის ღირსი, უნდა ვიცოდეთ, რა ხდება ჩვენს თავს. 

საზოაგდოებრივი მაუწყებლის ძველ შენობასთან ვინც ვიკრიბებით, ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ უკვე, ერთმანეთის იქ დანახვა იმედია. 

ჩვენი ჯგუფის პროტესტი დიდი პროტესტის ნაწილია, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს. ჩემთვის რუსთაველზე შეკრებილი ხალხი საერთო წინააღმდეგობის სიმბოლოა. საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გაჩენილ პროტესტსა და იმ პროტესტს შორის კავშირი აუცილებლად უნდა ყოფილიყო, ამიტომ მივდივართ მარშით რუსთაველისკენ, ისინიც უნდა გავაძლიეროთ. მდუმარე სვლა არასოდეს ყოფილა, ცოცხალი მარში იყო, მაგრამ ასეთი ჟღერადობა ნამდვილად არ ჰქონია დასაწყისში. პროცესში გახდა უფრო გამომსახველობითიც და ხმოვანიც.

საინიციატივო ჯგუფის წევრებმაც, გულშემატკივრებმაც და პროტესტის გამზიარებლებმაც იქ გაიცნეს ერთმანეთი. ჯგუფად იქვე შეიკრა. თაკომ სცადა პირველად შეძახილები და გაამართლა. მსვლელობას სხვა დინამიკა შესძინა. უცხო ხალხისთვისაც ადვილი გასაგები გახდა შინაარსი. სოციალური პრობლემების ასე გახმოვანება ახალი იყო. ეს პრობლემები ხომ ყველასთვის ნაცნობია და ყველას გვაწუხებს.

მუდმივად იქ უნდა ვმდგარიყავით, არ ჰქონდა მნიშვნელობა ბევრნი ვიქნებოდით, თუ ცოტანი. რუტინად უნდა გვექცია. თავიდანვე ნათქვამი იყო, ვისაც ამ ერთობის ნაწილად ყოფნა უნდა, მხოლოდ კი არ მოვიდეს და წავიდეს, რამე ფუნქციაც შეითავსოს. თავისი როლი დაინახოს ამ პროცესში. ვთქვით, მოდი, მოვუსმინოთ ერთმანეთის იდეებს და რაღაცები მოვიფიქროთ. დასაწყისში ბევრმა ადამიანმა გამოხატა ინტერესი. მაგრამ მერე ნელ-ნელა გვაკლდებოდა ხალხი, ყოველდღიურ რეჟიმს ვერ გაუძლო, რუტინა რთულია. მე საინიციატივო ჯგუფის წევრი არ ვარ. ყოველ დღე იქ ვარ, ვეხმარები რაშიც შემიძლია, მაგრამ წევრი არ ვარ. 

ეს მართლაც თავისუფლებისთვის შექმნილი პროტესტია. თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი მონაწილეობს. ამის უკან სხვა არაფერი ინტერესი არ დგას. ამიტომ გაჩნდა ნდობაც. ეს ჯგუფი საერთო ფასეულობებმა გააერთიანა და დააკავშირა.

სულ რომ არ ეთანხმებოდნენ, ერთმანეთის აზრს რომ პატივს სცემენ, უსმენენ და გადაკვეთის წერტილებს ეძებენ ასეთი ადამიანების ერთობაა საზმაუს ჯგუფი. ზუსტად ამან შექმნა სტაბილურობაც. როლებიც ბუნებრივად გადანაწილდა ჯგუფში, კომპეტენციის მიხედვით. მარიამ სამუშია მაგალითად დოკუმენტალისტია, სახალხო ეთერის გადაღება, ეთერში გასვლა მან აიღო საკუთარ თავზე. პროტესტში ჩართული სხვა ჯგუფების გაცნობა, მათთან შეხვედრები და კოორდინაცია გოტას, თათია დვალისა და მარიამ დალაქიშილის პასუხისმგებლობაა. ნუცა, ელენე, თაკო მარშის ხმები არიან. მოტივაციას გვმატებენ, მუხტს ზრდიან. 

ცეცხლი ოლიგარქიას ამ ფრაზით უშველებელი ბანერი პირველად ნარიყალაზე გოგოებმა გადმოფინეს. ძალიან პოპულარული გახდა ეს შეძახილი.

ახლაც მეუბნებიან, რომ მარშით ვინც მოდის რუსთაველამდე, განსაკუთრებულ ემოციას და ძალას გრძნობს.

იმ რეალობაში, სადაც ხელისუფლება ყველაფერ თავისუფალს ახშობს და კლავს, ამ მარშის დროს გრძნობ, რომ ცოცხალი ხარ, წინააღმდეგობის ძალა შეგრჩა. მდუმარე შემგუებლად არ გადაიქეცი. 

მახსოვს რამდენჯერმე რუსთაველის გამზირი ვერ გადაიკეტა და მარშის მისვლამ შეცვალა დინამიკა. ამან გამოაჩინა, რომ ერთად დგომა და ბრძოლა გაცილებით მეტი ძალაა წინააღმდეგობაში. ყოველთვის ანთებული ტელეფონებით ვუერთდებით რუსთაველზე ხალხს, ესეც ალბათ სიმბოლოა ერთიანობის, სისხლის მოძრაობის, გულის ფეთქვის.

მთავარი ჩემთვისაც და იმ ადამიანებისთვისაც, ვინც მაუწყებლის შენობასთან ყოველ დღე დადის, ის არის, რომ სხვანაირად უბრალოდ არ შეგვიძლია. ვერ ეგუები იმას, რაც ხდება. როგორც არ უნდა დასრულდეს ეს ბრძოლა, ადამიანად უნდა მიგაჩნდეს თავი. ამისთვის დგახარ გარეთ. უიმედობამ არ უნდა გაჯობოს. პროცესი სულ ცოცხალი უნდა იყოს. ჩვენ რომ არ ვნებდებით, მგონია, რომ საერთაშორისო საზოგადოებაც აქცევს ყურადღებას. მოკლედ, როგორც მოქალაქე, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც გრძნობ პასუხისმგებლობას. ეს არ გაჩერებს.

რთულია ამ რეჟიმში ცხოვრება. დილას სამსახურში, საღამოს უკვე აქცია და მარში. შვილიშვილებთან ძალიან ცოტა დროს ვატარებ, მათთან ურთიერთობას ძალიან მოვაკელი. თუმცა, იმასაც ვიაზრებ, რომ ეს ბრძოლა მათთვის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლაც არის. 

შვილთან ერთად რომ იბრძვი, ეს კიდევ ძალიან ემოციურია. საერთოდ, საზმაუს პროტესტის ჯგუფის ყველა წევრის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. თუ პოლიციასთან იძაბება კომუნიკაცია, ან რაღაც უსიამოვნო ხდება, ყველას მიმართ ერთნაირი მზრუნველობის და პასუხისმგებლობის განცდა მიჩნდება. ჩვენ ყველა ერთმანეთს ძალიან ვენდობით. ეს დიდი ძალაა. ერთმანეთის უპირობო მხარდამჭერები ვართ.

მგონია, რომ ახლა მართლა ყოფნა-არყოფნის ზღვარზე ვართ. ჩემთვის დაახლოებით ის მდგომარეობაა გასაბჭოებისას რომ იყო. ამ მძიმე პერიოდში ბევრი იმედისმომცემი ადამიანი გავიცანი. ახლობელ ადამიანებშიც კი ახალი თვისებები აღმოვაჩინე. ზუსტად ეს გაძლებინებს იმედი, რომ გვერდზე მდგომი შენთვის არის და შენ მისთვის.

მამა-შვილს ჯამში 30 საჯარიმო ქვითარი აქვთ გამოწერილი.

მალე 60 წლის გავხდები, სხვადასხვა პერიოდში მომიწია ცხოვრება, საბჭოთა კავშირში, პოსტსაბჭოთა საქართველოში, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი წლები კიდე განსხვავებული იყო, მერე 90-იანი წლები, სხვადასხვა ფორმაცია გამოვიარე, და ახლა კიდევ რთულ, მაგრამ საინტერესო დროში ვცხოვრობ.

___

სონა კალანდაძე, 35 წლის. ხელოვანი, ორი შვილის დედა. სონა 18 იანვარს თემქის პოლიციასთან აქციაზე ნიღბის ტარებისთვის ადმინისტრაციული წესით დააკავეს. პოლიციამ ის 24 საათის შემდეგ გაათავისუფლა.

9 აპრილს დედა ჩემზე ორსულად იყო და აქციაზე დადიოდა. პირველად ჯერ კიდევ ჩანასახში მყოფი აღმოვჩნდი რუსთაველის გამზირზე. განცდის დონეზე რაც მახსოვს, ტელეკომპანია იმედის დარბევა იყო. მამამ მოგვკიდა ხელი და სახლიდან ფეხით წამოვედით, რომ ეს უსამართლობა გაგვეპროტესტებინა. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში ბევრი საათი მაქვს ქუჩაში გატარებული. უკვე ზრდასრული, მშობლების გარეშე, აქციაზე მიშას მმართველობის პერიოდში ვარ ნამყოფი. 2012 წლამდე იყო ეგ, ციხის კადრებს სანამ გვაჩვენებდნენ, მანამდე. ყველაზე აქტიურად, მთელი ჩემი რესურსით, ფიზიკურად, ემოციურად რიონის ხეობის გადარჩენისთვის მოძრაობაში ჩავები.

ნოემბრის ბოლოს ირაკლი კობახიძის განცხადებამ გამოიყვანა ხალხი ქუჩაში. ევროკავშირის დროშით ხელში აქციაზე არასოდეს მირბენია. არც მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ვმდგარვარ გარეთ. მაგრამ, ცხადია, იმ დღეს მეც გარეთ გავედი. იმდენი ხალხი იყო, თითქოს შეგვეძლო, რაღაც შეგვეცვალა. 28 ნოემბრიდან ორ დღეში დაიწყო საზოგადოებრივ მაუწყებელთან პროტესტი. 30-ში არ ვყოფილვარ, მაგრამ მას მერე რუსთაველიდან იქ გადავინაცვლე. 

30 ნოემბერს რუსთაველზე ჭყლეტაში მოვყევი. ძლივს გადავრჩი. მაშინ განგაშის ზარი მქონდა შემოკრული მთელს სხეულსა და გონებაში, ბოლომდე ბრძოლისთვის ვიყავი მზად და მჯეროდა, რომ ის მომენტი ხელიდან არ უნდა გაგვეშვა, თორემ მერე ათწლეულები აღარ გვეშველებოდა. 

პირველად საზმაუს შენობასთან რომ მივედი, იქ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთხოვნა მოვისმინე: ეთერი ხალხს. ის ეთერი, რაც მოვიპოვეთ, ძალიან ფასეული იყო, იმიტომაც გააუქმეს. ამ პირდაპირმა ეთერებმა მიმდინარე მოვლენებზე რეფლექსია იმ ხალხშიც კი გააჩინა, ვინც პროტესტს არ უერთდებოდა.

ხალხი თავისი გულისტკივილით რომ მიდიოდა ეთერში და გულწრფელად ლაპარაკობდა, ამას ჰქონდა გავლენა. ადამიანებმა ის მოთხოვნები მოისმინეს ეთერიდან, რაც თავადაც აწუხებთ. გაჭირვება ყველას გვაერთიანებს და ამაში  წვლილი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს და კახი კალაძეს არ მიუძღვით, ცხადია, ამაში მონაწილეობენ დღეს ოპოზიციურ პარტიებში მყოფი პოლიტიკოსებიც.

მაუწყებელი უნდა დაუბრუნდეს ხალხს იქ შეკრებილი ხალხი ამ იდეამ გაგვაერთიანა. ჩვენ სრული უფლება გვაქვს მაუწყებლისგან ამბების სრულფასოვნად და ობიექტურად გაშუქება მოვითხოვოთ. როგორც ჩვენ გვინდა ისე კი არა, როგორც სტანდარტი ავალდებულებს. კერძო ტელევიზიებისგან ნაკლებად მოითხოვ რამეს. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში უნდა ისმოდეს არა მხოლოდ პოლიტიკოსების, სულერთია ხელისუფლების წარმომადგნელი იქნება, თუ ოპოზიციის, არამედ ჩვეულებრივი ხალხის ხმა: მეშახტეების, მაღაროელების, სტუდენტების, დევნილების, მასწავლებლების. ვინც არ უნდა უყუროს ეთერს, თავის თავს უნდა ხედავდეს. თავის წუხილს იქ ვიღაც უნდა ახმოვანებდეს. არც ერთი ტელევიზია დღეს ამას არ აკეთებს. საზმაუსთან შეკრებილი ხალხი ამანაც გაგვაერთიანა, არც-ერთი ტელევიზია ჩვენ არ გამოგვხატავდა. როცა ბრძოლაში ხარ, სწორედ გამაერთიანებლები უნდა ეძებო და არა ის, რაც გყოფს. სამწუხაროდ, ბოლოს, რაც გვაერთიანებდა იმაზე კონცენტრირება ვეღარ მოვახერხეთ. პროტესტის მიზანი ხალხისთვის ეთერის მოპოვება იყო, დღეს კი იმ ადგილას ტელევიზიაც კი აღარ არის, ახალ შენობაში გადავიდა სხვა მისამართზე. იქ პროტესტის გაგრძელება ახლა სიმბოლურია. 

მე და ჩემი მეგობრები მარშით გარეუბნებში გავდიოდით ხოლმე. გლდანის მარშიდან რომ წამოვედით მაშინ მახსოვს ჩემი პირველი შეძახილები. ხმაურიანი მსვლელობა გამოვიდა. 11 იანვარი იყო.

ჩემი მიზანი ქუჩაში დგომის ის კი არ არის, რომ ვიღაც კონკრეტულ ადამიანს ვებრძოლო, ჩემი მიზანი იყო, რომ რადგან ქუჩაში 200 000 თუ 300 000 ადამიანი გავედით, იქნებ კიდევ უფრო ბევრი ადამიანისთვის მიგვეწვდინა ჩვენი წუხილი. ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს გარეთ, არა მაინცდამაინც რუსთაველის გამზირზე, არამედ ყველგან. ყველა სოფელში, ყველა პატარა ქალაქში, ყველა უბანში. სადაც ხარ, იქ უნდა ჩაერთო წინააღმდეგობაში. 

საზმაუს ჯგუფის პროტესტი ჩემთვის იყო ადგილი, სადაც ნამდვილი ბრძოლა იყო ნამდვილი რაღაცებისთვის. ბევრმა სოციალურმა პრობლემამ გაიჟღერა და დღის წესრიგში მუდმივად აყენებდნენ სხვადასხვა ჯგუფის სატკივარს. ამიტომ, საღამოს სახლიდან იქ გასვლა რუტინად ვაქციე: ჯერ საზმაუს შენობა, მერე რუსთაველი და მერე სახლი. 

თავიდან საზმაუს მარში მდუმარე იყო. ჩუმად მივდიოდით. ვთქვი, მოდი დავაანონსოთ რომ ხვალაც ვიკრიბებით. რუსთაველზე შეკრებილ ხალხს რომ შევუერთდით, გოტას რუპორი გამოვართვი და ვთქვი: ხვალ, 7 საათზე, ისევ ვიკრიბებით საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან-მეთქი. ვითხოვთ, დაგვითმონ დღის ეთერი. შემოგვიერთდით, მნიშვნელოვანია ბევრნი ვიყოთ. ანონსივით გავაკეთე სულ პირველად. 

ჩვენ სულ ვცდილობდით თავშეყრის ადგილებში გავჩერებულიყავით და პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ გველაპარაკა. ბაზართან, ქალაქის გარეუბნებში. თუ არ ვჩერდებოდით, მაშინ შეძახილებს ვამბობდით. სოლიდარობა ჭიათურას, მაგალითად. მარიამ პაიჭაძეს და მე გვქონდა რუპორი და ვცვლიდით ერთმანეთს. უსამართლო სასამართლო ეს ფრაზაც ამ მსვლელობებისას დაიბადა. 

გლდანის მარშიდან ცოტა ხანს შესვენებას ვაპირებდით, მაგრამ გზაში გავიგეთ, რომ სინდისის პატიმრების (საბას და ომარის) სასამართლო პროცესზე ცოტა ხალხი იყო, ამიტომ ჩვენივე ბანერებით პირდაპირ იქ მივედით. სასამართლოს ეზოში გაჩნდა ეს ფრაზა: უსამართლო სასამართლო, ხალხის ძალის გეშინოდეს. ასევე, მოქრის ხალხის ქარიშხალი.  სასამართლოდან საზმაუში წავედით. ალბათ 5 საათს ვყვიროდით. საზმაუსთან უკვე გაცეცხლებულები მივედით. ამავე საღამოს ახალი ფრაზა მოვიფიქრეთ კონკრეტულად საზმაუსთვის: დროზე გახსენით ხალხის ეთერი, სანამ დაგატყდათ ბრაზის მეწყერი. ესეც თამარ ჩუმაშვილმა მოიფიქრა. მაგრამ ისე არ აიტაცა ხალხმა. თუ მე ვიყავი რუპორთან, არ ვტოვებდი ხოლმე. ცეცხლი ოლიგარქიას მაინც ყველაზე მეტად შეიყვარა ხალხმა, სად აღარ მოისმენდი.

ნიღბის ტარების გამო დამიჭირეს. იზოლატორში ბევრი ფიქრის დრო გაქვს. პატარაა, ტუალეტიც იქვეა, სამზარეულოც, რა უნდა გააკეთო?! მარტო ხარ. იქ მივხვდი, რომ ბაფები [ამ შემთხვევაში ბაფი გამოიყენება სახის დასაფარ საშუალებად] უნდა გამეკეთებინა. რის გამოც დამიჭირეს, ზუსტად ის. ეს ბაფები მარშის ფრაზებით და საპროტესტო სლოგანებით გავაფორმე. 

ორი შვილი მყავს, პასუხისმგებლობები და ვალდებულებები მაქვს. შემოსავალი მჭირდება. რაღაც ისეთი უნდა მომეფიქრებინა, რომ ჩემს საქმიანობას დავბრუნებოდი, მაგრამ თან წინააღმდეგობაში დავრჩენილიყავი. თავიდან სხვა არაფრისთვის დრო აღარ მრჩებოდა. ჩემს შვილებსაც მოაკლდათ ჩემი ყურადღება. მთლიანად ბრძოლაში ვიყავი. ჩემი საქმეც პროტესტს უკავშირდებოდა, ბანერებს ვქმნიდი. სახლში დასაძინებლად მოვდიოდი მარტო.
ახლა წინააღმდეგობისთვის მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ჯანსაღი ფსიქიკა და ფიზიკურადაც გადავრჩეთ. ბრძოლის ახალი გზები ვეძებოთ და საქმე ვაკეთოთ. შემოქმედებით პროცესს დავუბრუნდი. ვკერავ, ვხატავ. ამ ნახატებისთვის ფორმებს ან რეზინაზე ვჭრი, ან ხეზე და ტექსტილზე გადამაქვს.

როცა ძალიან კონკრეტული მიზანი მაქვს, ძალიან დიდი ენერგია მაქვს და ყველაფრის გაკეთება შემიძლია ამ მიზნისთვის. არ ვიღლები ასეთ დროს. ცოტა ძილიც მყოფნის და ცოტა ჭამაც. მალე ვიღდგენ ენერგიასაც. მაგრამ როგორც კი რაღაცაში ეჭვი შემაქვს, რაღაც ჩემთვის არაჯანსაღს ვამჩნევ, მაშინვე ვდისტანცირდები. სურვილი მეკარგება ჩართულობის. ამას ხმამაღლაც ვამბობ, პირდაპირობა არ მიჭირს.

ერთხელ შეხვედრაზე მივდიოდი, ავტობუსში ვიჯექი, ზუსტად იმ დროს გავიარეთ ვარაზის ხევთან, როცა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მარში ამოდიოდა. თავსხმა წვიმა იყო, ბნელოდა. ზამთარია. გარეთ ძალიან ციოდა და ცოტანი იყვნენ. რუპორით მოდიოდნენ. ეს რომ დავინახე, ავცქმუტდი ავტობუსში. ვცდილობდი იმათაც დავენახე, ავტობუსიდან ვამხნევებდი. ამ მსვლელობას გარე თვალით პირველად შევხედე. უცებ მოვაცილე მათ თვალი და ავტობუსში მიმოვიხედე. ნეტა, რა რეაქცია აქვთ-მეთქი, დამაინტერესა. უკლებლივ ყველა მგზავრმა, ვინც კი ავტობუსში იჯდა, მარშის საპირისპირო მხარეს გაიხედა. უბრალო ცნობისმოყვარეობის გამოც კი არ შეუხედავთ. ჩემ უკან წყვილი იჯდა და მათი კომენტარიც ჩამესმა: ამათ შეხედე, რა… არ მავიწყდება.

ძალიან მძიმე მოსასმენი იყო, მაგრამ, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი, რომ ამ რეალობას შევეჯახე. ძალიან დამაფიქრა. გამოდის, ამ ხალხს ხმა საერთოდ ვერ გავაგონეთ. ეგ კი არა, ჩვენი დანახვა არ შეეძლოთ. მწარედ მახსსოვს. თუ ამას არ აღიარებ და ამის მიმართ ღია არ იქნები, პროცესი მკვდარია უკვე. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. ცვლილებები რომ სწრაფად მოხდებოდა ეს თავიდანვე არ დამიჯერებია, მაგრამ თუ მეგონა, რომ 4-5 წელში მაინც უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვრებდით, დღეს მაგისიც აღარ მჯერა.

რას ვარქმევთ მოგებას? რა უნდა მოხდეს, რომ ვთქვათ მოვიგეთ. ვინ დამარცხდა? ვისთან ბრძოლაში მოიგე? მე მგონია, რომ ცხადი მიზანი უმრავლესობას არ აქვს. ვერ გაიგო და ვერ გაიაზრა, ვინ არის რეალური მტერი და ამ ქაოტურ გარემოში ერთმანეთს ემტერება. ასე ვერ გავიმარჯვებთ.  

მთელი ჩემი ცხოვრება ქუჩაში უსამართლობის წინააღმდეგ პროტესტში გავიდა. გამუდმებით მშვიდ გარემოს ველოდები. ხელის შეწყობას კი არა, ხელი მაინც რომ არ შეგვიშალონ, ისეთს. ახლა არანაირი შეგრძნება არ მაქვს, რომ ამ ჩაკეტილი წრიდან გამოსავალი არის. 

რუსთაველზე ახლა რაც ხდება, მგონია, რომ ქართული ოცნების დღის წესრიგია. გზის გადაკეტვაში ხელს არ გვიშლიან. ეს რომ გავიაზრე, უკვე ვეღარ შევძელი გარეთ გასვლა. ახლა მგონია, რომ ქართული ოცნებისდღის წესრიგიდან უნდა გავიდეთ. დავფიქრდეთ, რა ხდება სინამდვილეში და კიდევ უფრო მეტად სოლიდარულები გავხდეთ. ერთმანეთის მოსმენაც უნდა შევძლოთ. ერთმანეთის ტკივილის, გაჭირვების გაზიარება. ეს მგონია ხსნა.