„ოცნება“ თავშესაფარზე და დამარცხება „პაბედაში” | უსახლკარობის ირონიული ტოპონიმიკა
ჟურნალისტი: მაგდა გუგულაშვილი
„ოცნების ქალაქი”, „ტიტანიკი”, „პაბედა”, „დამპალო” — დასახლებების და კორპუსების ეს სახელები საქართველოში უსახლკაროების, ეკომიგრანტების, დევნილების, სოციალურად დაუცველების, მრავალშვილიანი მარტოხელა დედების თავშესაფარია. ის საზოგადოების სიჭრელის გამომხატველია, პერიფერიაში ფესვგადგმული და შემალული სიღარიბის, უიმედობის სიმბოლოებია.
თავიდან ამ ტრაგიკომიკური ტოპონიმების გაგონებაზე ვფიქრობდი, იუმორით ცდილობს ხალხი გაუსაძლისი ყოფის შემსუბუქებას, მეთქი. დასახლებებში მისულს იუმორი და თვითირონია აღარც გამხსენებია, სხვა რეალობა დამხვდა — სიცოცხლისთვის საშიში გარემო, აუტანელი პირობები, ხალხში ჩაბუდებული შიში. დასახლებების სახელები იქ მცხოვრებლებისთვის რეალობის მარკერებია, ამ ტოპონიმების გაგონებაზე ადგილზე არავის ეღიმება. მათთვის „პაბედა” დამარცხებაა, „ტიტანიკი” საფრთხე, „ოცნება” კი უსახლკაროების ერთადერთი შემფარებელი.
ტიტანიკი - ავჭალაში, 119-ე საჯარო სკოლის წინ, დგას ავარიული კორპუსი, რომელშიც 50-მდე ოჯახი სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში ცხოვრობს.
ვარკეთილის ბოლოს, „ისთ-ფოინთისკენ“, სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიას, „დამპალოს“ ეძახიან.
„პაბედა“ უშიშროების ტერიტორიას წარმოადგენდა. ამ ადგილას რადიოცენტრი ყოფილა, სადაც საიდუმლო სიხშირეებს იჭერდნენ, უსმენდნენ და ინფორმაციას ამუშავებდნენ
2012 წელს მაღალმთიანი აჭარიდან საცხოვრებლის პრობლემის მქონე ოჯახები ბათუმში ჩამოვიდნენ და რუსეთის ყოფილი სამხედრო ბაზის ბატალიონების ტერიტორიაზე მუყაოს ქოხები აიშენეს. დასახლებას ხალხმა „ოცნების ქალაქი“ შეარქვა.
პაბედა — სამხედრო დასახლება მისამართის გარეშე
სამხედრო დასახლება „პაბედას“ რუკით მივაგენი. რუსთავიდან 10-12 კილომეტრში, რუსთავი-ჯანდარას გზატკეცილზე, გზები იყოფა და მინიშნება დგას, რომელიც მიგითითებს, რომ მარჯვნივ გარდაბანია, პირდაპირ — ლემშვენიერა და ჯანდარაა, მარცხნივ არანაირი მინიშნება არ არის, მაგრამ სიმწვანეში ჩაფლული ნაგებობები გზიდანვე ჩანს და რუკას მივყვები. გზაჯვარედინიდან დანგრეულ გრუნტიან გზაზეა გადასასვლელი, უსწორმასწორო, დიდი ორმოებითა და აქა-იქ აყრილი ძველი ასფალტით. ორიოდე კილომეტრში კი უკვე სამხედრო დასახლებაა, ბეტონის ღობე აქვს შემორტყმული, ალაგ-ალაგ წაქცეული და მიწაზე გაწოლილი.
მთავარ შესასვლელში დიდი ჩამონგრეული თაღებია. ტერიტორიაზე რამდენიმე სახლი და 20-ზე მეტი კორპუსის ტიპის მრავალბინიანი შენობაა. ზოგი ორი, ზოგიც ოთხსართულიანი. შენობები გაუთიბავ სარეველა ბალახშია ჩაფლული და მათი ჩამსხვრეული ფანჯრებიდან ჩამოხეული შპალერი მოჩანს. 15-20 წუთი ისე ვიარე, სიცოცხლის ნიშანწყალი არსად ჩანდა, სანამ ერთ-ერთი შენობის წინ, ხეებს შორის გაბმულ თოკზე, გასაშრობად გამოფენილი სარეცხი არ შევნიშნე.
დავიძახე, არავინ გამომხედა და გზა გავაგრძელე. კორპუსის შესასვლელში ათზე მეტი ძაღლი იწვა. იქვე შემოღობილი ეზოც დავინახე ხის მაგიდა-სკამებით, გამოფენილი სარეცხით, ბავშვის პლასტმასის მანქანით, რამაც დამარწმუნა, რომ იქ ხალხი ნამდვილად ცხოვრობს. ერთ-ერთი დანგრეული კორპუსის მესამე სართულის უმოაჯირო აივნიდან კაცმა გამომხედა. აქ რამ მოგიყვანაო, ჩამომძახა, მაგრამ თავად ლაპარაკი არ მოინდომა. მიმანიშნა, სხვები საით ცხოვრობდნენ.
ასე მივადექი 70 წლამდე ქალს — ზოია ზახაროვას — მობრძანდით ჩვენს გამოქვაბულშიო — დამინახა თუ არა, სახლში შემიპატიჟა. ზოია ლატვიიდანაა, თავისი მომავალი მეუღლე სოხუმში მუშაობისას გაიცნო. აფხაზეთის ომის შემდეგ 10 წელი საერთოდ არაფერი იცოდნენ ერთმანეთის შესახებ. 2003 წელს ქართველი ნაცნობის დახმარებით, ზოიამ ქმარი იპოვა და ბელარუსიდან მასთან „პაბედაში“ ჩამოვიდა საცხოვრებლად. ზოიას ქმარი, ჯემალ კოპალიანი, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თანამშრომელი იყო, ვინაიდან „პაბედა“ უშიშროების ტერიტორიას წარმოადგენდა, აფხაზეთიდან გადმოსული ჯემალი პირდაპირ „პაბედაში“ დაასახლეს. ამ ადგილას რადიოცენტრი ყოფილა, სადაც საიდუმლო სიხშირეებს იჭერდნენ, უსმენდნენ და ინფორმაციას ამუშავებდნენ. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ უშიშროების სამსახური გაუქმდა, „პაბედას“ მცხოვრებლებიც უმუშევარი დარჩნენ, ვისაც წასასვლელი არსად ჰქონდა, იქვე დარჩა.
ოდესღაც პროფესიული ნიშნით განაწილებული საცხოვრისი დღეს უმისამართოდაა. როდესაც სახელმწიფო უწყებებს „პაბედაში“ მცხოვრებლების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეკითხვებით მივმართეთ, ეს უწყებები პასუხებისთვის ერთმანეთთან გვამისამართებდნენ. გარდაბნის მერიაში გვიპასუხეს, რომ „პაბედა“ მუნიციპალიტეტის ბალანსზე არ არის, თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაშია. თავდაცვის სამინისტროში გვითხრეს, რომ „პაბედა“ არასდროს ყოფილა მათ ბალანსზე. ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის რჩევით სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მივმართეთ. ამ უწყებაში დაგვიდასტურეს, რომ „პაბედა“ სახელმწიფოს ბალანსზეა და იქ მცხოვრებლებმა ნებისმიერი მოთხოვნით ქონების ეროვნულ სააგენტოს უნდა მიმართონ სამართალმემკვიდრე უწყების შუამდგომლობით. ამ უწყებათაშორისი ლაბირინთის შესახებ ჯემალ კოპალიანმა არაფერი იცის.
„გარდაბნის მერიაში ვიყავი რამდენჯერმე, ვუთხარი, ნაგვის ურნები მაინც დადგით-მეთქი. მიწაში ჩაბეტონებული ძველი აუზებია ამ ტერიტორიაზე და ხალხი პირდაპირ იქ ყრის ნაგავს. ჩვენ არ გვეკუთვნის ეგ ტერიტორია და ვერ მოგხედავთო“- ასე უპასუხიათ ჯემალ კოპალიანისთვის.
ირკვევა, რომ „პაბედას“ მცხოვრებლები ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს არიან მოკლებული, როგორიც არჩევნებში მონაწილეობა ან ჯანდაცვის სერვისებზე შეუფერხებელი წვდომაა, რაც, როგორც წესი, უმისამართოების და სახელით გამოწვეული გაუგებრობის შედეგია. მაგალითად, როცა ჯემალი სასწრაფოში რეკავს, „პაბედას“ ნაცვლად სასწრაფოს ეკიპაჟი ახლომდებარე სოფელ გამარჯვებაში მიდის, მსგავსი რამ ხდება საარჩევნო უბნებზეც:
„ბოლოს უბანზე რომ მივედით, სადაც დავდიოდით ხოლმე, გვითხრეს, სიაში აქ არ ხართ, შეცდომით მოხვედით, გამარჯვებაში წადითო. პაბედა რომ წაიკითხეს, ალბათ სოფელი გამარჯვება ეგონათ“, - ამბობს ჯემალი.
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში (ცესკოში) „პაბედას“ მცხოვრებლების პირადი მონაცემების გარეშე მოქმედ საარჩევნო უბანზე ინფორმაცია ვერ დავაზუსტეთ, თუმცა, გვითხრეს, რომ ყველა არჩევნების დროს ახლიდან ხდება უბნების დამისამართება, შესაბამისად, საარჩევნო უბნები და რიგის ნომრებიც შესაძლოა, შეიცვალოს. ამიტომ აუცილებელია, რომ არჩევნების წინ ყველა მოქალაქემ ამომრჩეველთა ერთიან სიაში გადაამოწმოს საკუთარი საარჩევნო უბანი.
„პაბედაში“ გაზი არ აქვთ, დასალევი წყალი გარდაბნიდან მოაქვთ. კორპუსის ჭერი დამპალია. წვიმის დროს წყალი სახლებში ჩამოსდით. „პაბედას“ ტერიტორიაზე განლაგებულ შენობებში დღეს 22 ოჯახი ცხოვრობს. მათგან უმრავლესობა გარდაბანში დადის და სათბურებში მუშაობს. ზოგიერთს საქონელი ჰყავს.
ზოიამ და ჯუმბერმა დევნილთა სამინისტროში ბინის მოთხოვნის წერილი არაერთხელ დაწერეს, თუმცა შეთავაზებას ამ დრომდე ელიან.
ოცნების ქალაქი — კიდევ ერთი უმისამართო დასახლება
სიცოცხლისთვის საშიშ შენობებში ცხოვრება საზოგადოებას ყველაზე მწვავედ ტრაგედიების დროს ახსენებს თავს. უკვე დამდგარი შედეგის შემდეგ ხელისუფლება მომხდარს უბედურ შემთხვევად აფასებს. გამოძიება იწყება, თუმცა მის დასასრულზე ინფორმაცია ისეთივე მასშტაბით აღარ ვრცელდება. ბოლო გახმაურებული შემთხვევა თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოხდა. 14 ივლისს ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ფასადი ჩამოიშალა და ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. როგორც თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ კახეთელიძემ, მაშინ თქვა, ქალაქში ასეულობით ასეთი შენობაა.
ამ მოვლენამდე რამდენიმე თვით ადრე ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე, წყლით სავსე თხრილში ჩავარდნილი 5 და 7 წლის ბავშვების სიკვდილმა შეძრა მთელი ქვეყანა და უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე ხელახლა აალაპარაკა.
„ოცნების ქალაქს“ ბათუმში, ხელვაჩაურის გზაზე, ზუსტი მისამართი არ აქვს. დღეს იქ მძიმე პირობებში 2000-ზე მეტი უსახლკარო ოჯახი ცხოვრობს. 2012 წელს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მაღალმთიანი აჭარიდან საცხოვრებლის პრობლემის მქონე ოჯახები ბათუმში ჩამოვიდნენ და რუსეთის ყოფილი სამხედრო ბაზის ბატალიონების ტერიტორიაზე მუყაოს ქოხები აიშენეს. როგორც თავად ამბობენ, „საცხოვრებელზე ოცნებით“ და ღირსეული პირობების იმედით. დასახლებას თავდაპირველად „მუყაოს ქალაქს“ ეძახდნენ, მოგვიანებით კი ხალხმა „ოცნების ქალაქი“ შეარქვა.
„ოცნების ქალაქი“ ტრაგედიებით სავსე დასახლებაა. თავდაპირველად ჩამოსახლებული ოჯახების უმრავლესობა მეწყერსა და ზვავს გამოქცეული ეკომიგრანტი იყო, წლების განმავლობაში მათ ასობით ადამიანი შეემატათ და ბოლოს, არაოფიციალური მონაცემებით, იქ 3000-მდე ოჯახს ჰქონდა ადგილი მონიშნული. მათგან 600-მდე ოჯახი გასულ წელს იქვე, სულ რამდენიმე მეტრში, აშენებულ სამ თორმეტსართულიან კორპუსში შეასახლეს. კორპუსებს და დასახლებას ესაზღვრება ახალი სამშენებლო ტერიტორიაც, რომელსაც ღობე აქვს შემოვლებული, გადაღმა კი ამწეები ჩანს და დიდი მანქანები დღესაც მოძრაობენ.
თებერვალში დატრიალებულ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობის მოსპობის მუხლით დაიწყო. ბათუმის მერიამ იმ ღამესვე გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ ქალაქ ბათუმში, ფრ. ხალვაშის გამზირის მიმდებარედ, უბედური შემთხვევა მოხდა.
ბარაკული ტიპის დანომრილ საცხოვრებლებს შორის დემონტაჟის კვალი ახლაც შესამჩნევია. ყველგან ყრია სამშენებლო მასალა, ბეტონის ნარჩენები, ხის და რკინის კონსტრუქციები, საბურავები და სხვა სამშენებლო ნაგავი. ადგილობრივების თქმით, ბინებით უკვე დაკმაყოფილებულ ოჯახებს დასახლების დატოვებისთანავე დაუნგრიეს დროებითი თავშესაფარი. თუმცა, ტერიტორია გაწმენდილი არ არის და ბავშვები ახლაც თავისუფლად დარბიან ამ ნარჩენებს შორის. „ოცნების ქალაქში“ სახელდახელოდ აშენებული თითქმის ყველა სახლიდან ბავშვის ხმა ისმის. ქალების უმრავლესობასაც ხელში ჩვილი ან პატარა ბავშვი უჭირავს. ძირითადად ბავშვებს იმიზეზებენ ქალები და თავიანთი ამბის გაზიარებას ერიდებიან. ჟურნალისტის ხსენებაზე დასახლებაში უმეტესობა იშმუშნება, საქმეს იჩენს, ამბობს, რომ სალაპარაკოდ არ სცალია.
53 წლის გივი ბერიძე ოცნების ქალაქში გავიცანი. ის 2012 წელს ზემო აჭარიდან, სხალთის თემის სოფელი კვატიადან, წამოვიდა. გივის სოფელი გეოლოგებმა წითელ ზონად შეაფასეს, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ ცხოვრებას ვეღარ გააგრძელებდა. ჩამოვიდა და „ოცნების ქალაქში“ პატარა ქოხი ჩადგა. 2 წელში ეს ქოხი დაულპა, ამიტომ გივიმ ბანკის სესხით ქვისგან 55 კვადრატი სახლი ააშენა ცოლ-შვილისთვის. გაზი დღემდე არ აქვთ. თვითონ თურქეთში სეზონურ სამუშაოზე მუშაობდა, ერთი შვილი მშენებლობაზეა დასაქმებული, მეორეს ცერებრული დამბლა აქვს და ვერ მუშაობს.
„2016-17 წელს მთავრობამ 25 000 ლარი მოგვცა როგორც ზვავსაშიშროებაში მცხოვრებ ოჯახს. ამ ფულით ბინა არ მომივიდა, ვიფიქრე, რადგან ფული გამოჩნდა, წავიყვან ბიჭს თურქეთში და ვუმკურნალებ, მეთქი. სტამბოლში ჩაყვანა-ჩამოყვანაში და ექიმებში დაგვეხარჯა ეგ ფული“, - მიყვება გივი.
მთავრობისგან აღებული ეს კომპენსაცია გახდა მისთვის ახლადაშენებულ თორმეტსართულიან კორპუსში ბინის გადაცემაზე უარის თქმის მიზეზი. გასულ წელს ამ კორპუსში სწორედ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ომის ვეტერანები, სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანი დედები პრიორიტეტულად შეასახლეს.
გივი მზად იყო, ბანკისგან სესხი კიდევ ერთხელ აეღო და 25 000 ლარი მთავრობისთვის უკან დაებრუნებინა, თუკი ბინას მისცემდნენ. ბათუმის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ის კაბინეტიდან კატეგორიული უარით გამოისტუმრა. გივი ბერიძე კორპუსების მშენებლობის მეორე ეტაპს მაინც ელოდება.
ტიტანიკი — გთხოვთ, სასწრაფოდ დატოვოთ ტერიტორია!
ტიტანიკი — ამ სახელმაც დამაინტერესა. ავჭალაში, 119-ე საჯარო სკოლის წინ, დგას ავარიული კორპუსი, რომელშიც 50-მდე ოჯახი სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში ცხოვრობს.
„ტიტანიკთან“ რომ მივედი, შუადღე იყო, ცხელოდა, ქუჩაში არავინ დამინახავს. მესამე სადარბაზოსთან გამაფრთხილებელი წარწერა დამხვდა: გთხოვთ, სასწრაფოდ დატოვოთ ტერიტორია! მალევე ამ სადარბაზოდან ორი საშუალო სიმაღლის ბიჭი გამოვიდა მხარზე მოგდებული ზურგჩანთით, 20 და 23 წლისები არიან. გამოველაპარაკე, კორპუსზე ვკითხე. თავიდან ეჭვის თვალით შემომხედეს, ამ კორპუსში არ ვცხოვრობთო. მეგობრულად მირჩიეს, ამ უბანში ფრთხილად იყავი, ახალგაზრდებს მაინცდამაინც ნუ დაელაპარაკები, ყველა „კაპეზეზეა“ ნამყოფიო. გამომიტყდნენ, რომ თვითონაც ბავშვობის წლები ციხეში ჰქონდათ გატარებული.
ვუთხარი, კრიმინალებს არ ჰგავხართ-მეთქი. უმცროსმა მიპასუხა, შემიძლია, ისე ამოგაცალო ჩანთიდან ყველაფერი, ვერაფერი გაიგოო. პირველად რომ დაიჭირეს ძარცვისთვის, 14 წლის იყო. მოურიდებლად მითხრა ორივემ, რომ ახლაც იპარავენ. სხვა საქმე არ იციან.
ორივე ბიჭის ოჯახი აფხაზეთიდან დევნილია. უმცროსს მშობლები არ ჰყავს, ბავშვთა თავშესაფარში გაიზარდა. უფროსი „ტიტანიკის“ ქვემოთ, ქუჩის გადაღმა, მდგარ კორპუსში ცხოვრობს დედასთან ერთად.
უფროსი მეუბნება, ამ ადგილს ავჭალა კი არა, „ავი ჭალები“ უნდა ერქვას, ისეა ხალხი გაავებულიო.
ცხრასართულიანი საცხოვრებელი ავჭალაში, ფოლად-თუჯსასხმელ ქარხნაში, „ცენტროლიტი“, დასაქმებულებისთვის 1980-იან წლებში აშენდა. თავიდან კორპუსში ხუთი სადარბაზო იყო, თუმცა 1997 წელს ჩამოწოლილი მეწყრის გამო, პირველი სადარბაზო ჩამოინგრა და მოხსნეს.
როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ამ პერიოდიდან შეარქვეს მეზობელი კორპუსის მცხოვრებლებმა მას „ტიტანიკი“. სარდაფი დატბორილი ყოფილა და ეგონათ, კორპუსი გრუნტის წყლებში იძირებოდა, მაგრამ ამ შენობის მთავარი საფრთხე გრუნტის წყლების ნაცვლად, მიმდებარე გორიდან ჩამოწოლილი მეწყერია. დაძრული მიწა კორპუსს აწვება, ამიტომ მეორე სადარბაზოც გაუქმებულია. ერთი მხრიდან შესასვლელი მიწითაა ამოქოლილი, მეორე მხარე კი ფიცრებით აჭედილია. ხალხი დღემდე სწორედ დარჩენილი სამი სადარბაზოს ბინებში ცხოვრობს. აქ მცხოვრებლებს წვიმის ეშინიათ, მუდმივად ამინდს შეჰყურებენ.
მესამე სადარბაზოსთან, საიდანაც ბიჭები გამოვიდნენ, გამაფრთხილებელი ბანერი გლდანის გამგეობამ კორპუსზე 2025 წლის აპრილში მიაჭედა. მას შემდეგ, რაც 13 წლის ბიჭი ლიფტის ღია შახტში ჩავარდა და დაიღუპა. ადგილობრივები მეუბნებიან, რომ მანამდე სადარბაზოში შესვლა ნებისმიერს თავისუფლად შეეძლო და არც ლიფტის შახტი ყოფილა რომელიმე სართულზე დახურული.
აპრილში თბილისის მერიის განცხადება იძებნება, სადაც ნათქვამია, რომ გლდანის რაიონის გამგეობამ მოსახლეობას არაერთხელ შესთავაზა ქირით უზრუნველყოფა და შენობიდან გასვლა დაუყოვნებლივ მოსთხოვა, მაგრამ მოსახლეობის ნაწილი შეთავაზებას არ დათანხმდა. „ტიტანიკში“ მცხოვრებლებს ღია ცის ქვეშ დარჩენის ეშინიათ. გარდა ამისა, ამბობენ, რომ წლების განმავლობაში ნაგროვები ავეჯის, ტექნიკის, თუ სხვა ნივთების ნაქირავებ ბინაში გადატანის შესაძლებლობაც არ აქვთ.
„2019 წლიდან ჩვენ მათ ვთავაზობთ ქირით გაყვანას, ქირისთვის ყოველთვიურად 1000 ლარამდე თანხის გადახდას, რაზეც მხოლოდ ერთი ოჯახი დაგვთანხმდა. გარდა ამისა, 2017 წელს ინვესტორის მიერ აშენებულ კორპუსში ბინების მიღების შესაძლებლობაც ჰქონდათ, თუმცა ამ შეთავაზებაზეც ყველა ოჯახი თანახმა არ იყო“,- მოგვწერა პრესცენტრმა გლდანის რაიონის გამგეობიდან.
Chai Khana-ს კითხვაზე, რა ბერკეტი აქვს ქალაქის თვითმმართველობას იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში ცხოვრობენ და უარს ამბობენ საცხოვრებლის დატოვებაზე, გვიპასუხეს:
„მითითებული კორპუსი [„ტიტანიკი“] არის კერძო საკუთრება, შესაბამისად, გამგეობა იძულების წესით ვერ გამოასახლებს მობინადრეებს. გამგეობას შეუძლია, ჩანაცვლების პროგრამით ბინების მიღებამდე, ისინი ქირით უზრუნველყოს“.
ამ კორპუსს ამხანაგობის თავმჯდომარე ჰყავს — მზია სვანიძე. მას მერიაში დაჰპირდნენ, რომ 2028 წლისთვის ღრმაღელის მეტროსთან ახალაშენებულ კორპუსში შეასახლებენ. თბილისის განვითარების ფონდში ადასტურებენ, რომ „ტიტანიკის“ მოსახლეობისთვის ახალ საცხოვრებელ კორპუსს ჩარგლის ქუჩაზე ააშენებენ. ტენდერი სამშენებლო სამუშაოზე ჯერ გამოცხადებული არ არის და მის თარიღს ვერც ფონდში აკონკრეტებენ. თუმცა დაზუსტებით იმის თქმა შეუძლიათ, რომ ჩანაცვლების პროგრამით ბინას მხოლოდ 33 ოჯახი მიიღებს, რომელსაც მანამდე სახელმწიფოსგან კომპენსაცია აღებული არ აქვს. მათ გარდა, „ტიტანიკში“ კიდევ 16 ოჯახი ცხოვრობს, რომლებსაც კომპენსაციის სახით 8-9 ათასამდე დოლარი აქვთ აღებული 20-25 წლის წინ, თუმცა ბინების ყიდვა ვერ შეძლეს და ისევ „ტიტანიკში“ დარჩნენ ან დაბრუნდნენ. ასეთია 55 წლის მამუკა იაშვილი.
„გარემონტებული ხუთოთახიანი ბინა გვქონდა. 13 სული ვიყავით ოჯახში — დედაჩემი, ჩემი ძმები და შვილები. ამ ბინისთვის მამაჩემმა 19 წელი იმუშავა ქარხანაში. ერთი სადარბაზო რომ ჩამოინგრა, შემეშინდა. პირველმა მე დავცალე ბინა. ჩემი ხელით ავყარე პარკეტი, ფანჯრებიც კი მოვხსენი. 9000$ გამოგვიყვეს ხუთოთახიან ბინაზე, იქიდან 400$ დაგვიქვითეს და სალაროში 8600$ ავიღეთ. მოგვცეს ეს თანხა და გვითხრეს, გაერიდეთ, რამე არ დაგემართოთო. სამივე ძმას ცოლ-შვილით როგორ უნდა გვეყიდა სახლი ამ ფასში?“- კითხულობს მამუკა.
მან ბანკის ვალი აიღო და მუხიანში სარემონტო ბინა იყიდა. ვალი ვერ გადაიხადა და სახლის გაყიდვა მოუწია. პერიოდულად ოჯახი ქირითაც ცხოვრობდა. ამასობაში მამუკას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. სამჯერ ინფარქტი გადაიტანა, 7 სტენტი აქვს გულში. ბოლოს მაინც „ტიტანიკში“ მობრუნდა, 2007 წელს. მას მერე ისევ აქ ცხოვრობს ცოლ-შვილთან ერთად. შვილიშვილსაც ამ ბინაში ზრდიან.
32 წლის ვანო პატაშურიც „ტიტანიკში“ დაიბადა და გაიზარდა. თავის ორ ბიჭსაც ამ კორპუსში ზრდის. ვანოს პაპა „ცენტროლიტის“ ქარხანაში მუშაობდა და ბინა განაწილებით მიიღო. ბევრი სამუშაო გამოიცვალა ვანომ, ნაყინის დისტრიბუციაშიც იყო, ბენზინგასამართ სადგურზეც უმუშავია, სტომატოლოგიურ კლინიკაშიც, მშენებლობაზეც.
„ბოლოს მუყაოს ყუთების ცეხი გავაკეთე გარაჟში და ხაჭაპურისა და ნამცხვრების ყუთებს ვაკეთებთ. სტომატოლოგიას ვსწავლობდი, მაგრამ მივატოვე, როგორც სხვა დანარჩენი. ერთადერთი, ტიტანიკი ვერ მივატოვე ჯერ“, - მეუბნება ვანო პატაშური.
ლიფტის შახტში დაღუპული ბავშვის ამბავს დღემდე ვერ ივიწყებს. არც თვითონ გრძნობს თავს უსაფრთხოდ ამ კორპუსში და მუდმივად შიშშია.
დამპალო — სასაკლაო, სასაფლაო, სკვერი
ვარკეთილის ბოლოს, „ისთ-ფოინთისკენ“, სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიას, „დამპალოს“ ეძახიან. საბჭოთა პერიოდის წყაროებში [ძველთბილისური დასახელებანი] წერია, რომ ამ ადგილას პირუტყვის სასაკლაოები იყო და სახელი „დამპალოც“ იქ გამეფებულ ანტისანიტარიას უკავშირდება. როგორც ადგილობრივები ამბობენ, შუაში ხევი ჩამოდიოდა, მაგრამ წყალი დამშრალა და 60-იან წლებში მეტროს გვირაბები რომ გათხარეს, მიწა აქ მოუტანიათ და დაუყრიათ.
დამპალოს ტერიტორიაზე ახლა სასაფლაოებია. გახოკიძის ქუჩის მხარეს დევნილებით დასახლებული კორპუსი დგას, მიშენებებით, კერძო ბინებით და გარაჟებით. აბაშვილის ქუჩის გაყოლებაზე კი „დამპალოს პარკია“, რომელიც ქალაქის მერიამ 2023 წელს გახსნა.
დამპალოს პარკში, გზის პირას, ფატი ჯალაღონია გავიცანი. სასაფლაოდან ბრუნდებოდა. სანამ დამელაპარაკებოდა, ჭირისუფალს პროდუქტებით სავსე პარკი გამოართვა და სახლში დასაბინავებლად შვილიშვილს გაატანა. ფატი სასაფლაოებს ალაგებს.
ფატიც აფხაზეთიდან დევნილია, გალი სულ ბოლოს დაუტოვებია ბავშვებთან ერთად. ბევრგან უცხოვრია მომთაბარედ — ქმრის დეიდაშვილთან ჭიათურაში, თავის დასთან თბილისში, ქირითაც გადასულა ოჯახი, მაგრამ გადახდა რომ ვეღარ შეძლეს, „დამპალოსთან“ მანქანების ავტოსადგომზე გაჩერებული ერთ-ერთი ვაგონი წამოუღიათ და შესახლებულან. ქმარმა რადგან ხელობა იცოდა, ვაგონი შეულამაზებიათ, გაუსუფთავებიათ და ცხოვრება დაუწყიათ. თავიდან არც შუქი ჰქონდათ და არც გაზი. ფატიმ სამ შვილთან ერთად 23 წელი გაატარა ამ ვაგონში. 2021 წელს მის ოჯახს ეს ნაკვეთი გადაუფორმეს.
„პატარა სახლის მშენებლობა დავიწყეთ, ხალხი დამეხმარა, ზოგმა ბლოკი მომცა, ზოგმა ფანჯრები, აშენებაში ჩემი დისშვილები შემომეშველნენ. სანამ პარკს გააკეთებდნენ, სულ გატყიურებული იყო ეს ადგილი. ეს კაკლები ჩემი დარგულია, ლეღვი, ალუბალი, კომში, ვაშლი, თხილიც მქონდა, მაგრამ პარკი რომ გააშენეს, გაჩეხეს ყველაფერი. არ ვდარდობ, რადგან ახლა სუფთაა და გალამაზდა აქაურობა“, - მეუბნება ფატი ჯალაღონია.
საქართველო ერთადერთი ადგილი ნამდვილად არაა, სადაც უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრები მოსახლეობა დასახლებებს იმედისმომცემ ან ირონიულ სახელებს არქმევს. მაგალითად, ფაველების, ბრაზილიის ქალაქების ყველაზე ღარიბი რაიონებისა და უბნების სახელწოდებებში ისეთ სიტყვებს შეხვდებით, როგორიცაა - სამოთხე, იმედი, ან მინიშნებებს ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობაზე.
ანთროპოლოგი თამთა ხალვაში გვიხსნის, რომ ეს ტოპონიმები ერთდროულად სიმწრის იუმორის, კოლექტიური დაუცველობის და ჩუმი სოციალური პროტესტის გამოხატულებაა, როცა ჩაგრული ჯგუფები, რომლებსაც უკეთესი ცხოვრების პირობების მოპოვებისა და წინააღმდეგობის სივრცე შეზღუდული აქვთ, საკუთარ უკმაყოფილებას სიმბოლურ, ირონიულ ენაში გამოხატავენ. ეს ყოფილა ერთგვარი კონტრ-ნარატივი ძალაუფლების ირიბად კრიტიკისთვის.
„ასეთი ადგილები კოლექტიური სირცხვილის და გაჭირვების სივრცეებია, თუმცა ამავე დროს, მათი სახელები სოლიდარობის, გადარჩენის და სიმწრის იუმორის ენაცაა. ეს სახელდებები ქმნიან უხილავ გეოგრაფიას, რომელიც ასახავს სოციალურ რეალობას და მოსახლეობის დამოკიდებულებას. ასეთ სახელებში ვხედავ არა მხოლოდ პროტესტის, ასევე სოციალურ ტრაგიზმთან გამკლავების ფორმას. ისინი გვიყვებიან, როგორ იქმნება პოსტსაბჭოთა სივრცეებში ხალხური გეოგრაფია, რომელიც ოფიციალური რუკებიდან გამქრალია, მაგრამ ყოველდღიურობაში მძაფრად იგრძნობა”.