მოძრავი წიგნები

ავტორი: თომა სუხაშვილი

17.10.16

არსებობს თუ არა მოძრავი წიგნები? რატომაც არა?! მეტიც, ისინი ავტობუსით გადაადგილდებიან. უკვე 3 წელია, რაც მოძრავი ბიბლიოთეკა გამოჩნდა საქართველოში, კერძოდ კი დევნილთა დასახლებაში, რათა მიეცა ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის საინტერესო გამოცდილება. ბუქმობილი არა მხოლოდ სკოლის ავტობუსი და ბიბლიოთეკა, ის მოძრავი საგანმანათლებლო ცეტრია.

როცა მკითხველი ვერ მიდის ბიბლიოთეკაში, ბიბლიოთეკა ბორბლებზე დგება და თავად მიდის მკითხველებთან. სკოლის ავტობუსი მობილურ სამკითხველოდ გადაკეთდა და წეროვანს, წილკანს, პრეზეთსა და გალავანს შორის დადის - იმ დასახლებებში, სადაც 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ სამხრეთ ოსეთიდან დევნილი ბევრი ადამიანი ცხოვრობს.

 

პროექტი, რომელიც ამერიკის საელჩოს მიერ 2013 წლიდან ხორციელდება, მიზნად ისახავს დევნილებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს ინგლისური წიგნები და ამით გაზარდოს ბავშვების საგანმანათლებლო ჰორიზონტი. ბუქმობილი არამხოლოდ ბიბლიოთეკა, არამედ მოძრავი საგანმანათლებლო ცენტრიცაა, რომელიც ბავშვებს სხვადასხვა კურსებსა და აქტივობებს სთავაზობს.

წიგნების უმეტესობა ინგლისურ ენაზეა და ამერიკულ თემებს ეხება - ამერიკული ლიტერატურა, მმართველობის სისტემა, ისტორია და კულტურა. ამ მოძრავ ბიბლიოთეკაში უფასო ინტერნეტია, ხელმისაწვდომია  აუდიო და ვიდეო მასალები. ბუქმობილში ფილმის ჩვენებებსა და სხვადასხვა თემების ირგვლივ დისკუსიებსაც ატარებენ. აქვე იკრიბებიან ვიდეო და ფოტოგრაფიის კურსებისა და კლუბებისათვის.

 

ბუქმობილი ხშირად ატარებს სხვადასხვა სახის ღონიძიებებს, უერთდება სხვადასხვა საერთაშორისო კამპანიებს და აღნიშნავს საერთაშორისო დღეებს.

ბუქმობილი ყოველწლიურად აღნიშნავს მშვიდობის საერთაშორისო დღეს. წელს წეროვნის დევნილთა დასახლებაში მოხალისე მხატვრებმა დევნილ ბავშვებთან ერთად მოხატეს დასახლებაში შესასვლელი ხიდი.

 

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია