მეცხვარე გოგო თხილიანადან

ავტორი: თეკლე ქველაძე

27.10.17

თხილიანასა და შუაფხოში, ყველა ბავშვმა და მოზარდმა იცის, რომ მთაზე ცხვრის ფარას, გოგო რომ მოყვება ხელში ყვავილებით სამედიცინო კოლეჯის სტუდენტი მარიამია.

სოფელი თხილიანა, დუშეთის მუნიციპალიტეტის, უკანაფშავის თემს ეკუთვნის. როგორც სოფელში მცხოვრები ბევრი ახალგაზრდა, 21 წლის მარიამის ცხოვრებაც სოფელსა და ქალაქს შორის იყოფა.

როცა თავის საქმიანობასა და ცხოვრებაზე საუბრობს, სულ ერთსა და იმავეს იმეორებს, რომ განსაკუთრებულს არაფერს აკეთებს. „როცა სოფელში ვარ „სოფლელი“, მწყემსი გოგო ვარ, თბილისში კი აქაურ რეჟიმს ვერგები. განსაკუთრებული არაფერი, ჩვეულებრივი გოგო ვარ”.

მარიამი, მართლაც ერთი ჩვეულებრივი გოგოა, დიდი ლურჯი თვალებითა და ბევრი საქმით. ზაფხულში, როცა მისი მეგობრები ისვნებენ და ერთობიან, მარიამი შაბათ-კვირას ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში მუშაობს, კვირის დანარჩენ დღეებში,  კი სოფელ თხილიანაში მშობლებს ეხმარება სამეურნეო საქმეებში - ძირითადად, ცხვარს მწყემსავს სოფლის შემოგარენში. 

დამღლელ სამუშაოს მთაში, უამრავი დადებითი მხარეც აქვს: ბევრი დრო გაქვს ფიქრისთვის, კითხვისთვის, საკუთარი თავისთვის. ეს პროცესი, მარიამს კომფორტს უქმნის.
ისტორიულად აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში მეცხვარეობა, მეურნეობის ერთ-ერთი წამყვანი დარგი იყო.
დღეს, „ცხვარში” ქალს იშვიათად შეხვდებით. მწყემსობით ძირითადად მამაკაცები არიან დაკავებული, თუმცა როცა ფარა პატარაა, ოჯახის ნებისმიერ წევრს შეუძლია მისი მოვლა.
ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში მარიამი სისტემას ამზადებს გადასხმისთვის.
მარიამი პაციენტების პირადი საქმეების მოწესრიგების პროცესში.
მკურნალობის დასასრულს, საავადმყოფოდან გაწერის წინ მარიამი პაციენტს მწერის ნაკბენებს სპირტით უმუშავებს.

გაივლის სამუშაო დღეები და მარიამი ისევ თხილიანაში უნდა დაბრუნდეს. თხილიანასა და შუაფხოში 99 ადამიანი  ცხოვრობს. ორივე სოფელი უკანაფშავის თემს ეკუთვნის.

ისტორიულად, აღმოსავლეთ მთიანეთში კაცი ძირითადად მებრძოლი, მონადირე და მეცხვარე იყო, საოჯახო და სამეურნეო საქმეების დანარჩენ ნაწილს, კი ქალი უძღვებოდა. დღეს კი ქალისა და კაცის საქმიანობებს შორის მკვეთრი საზღვარი დარღვეულია.  

როგორც მარიამი ამბობს, „მთაში ქალი, ქალიც უნდა იყოს და კაციც“.

დილით მარიამი ექვს საათზე დგება, რომ ცხვარი საძოვარზე გაიყვანოს, რომელიც სოფლიდან ორი ან სამი კიმოლეტრით არის დაშორებული.

ერთი შეხედვით, სოფლის შემოგარენში ცხვრის მწყემსვა არც ისე რთულია, მაგრამ ეს მაინც ძალიან მძიმე შრომაა.

მიუხედავად ყველაფრისა, მარიამი ფართოდ გახელილი თვალებით უყურებს ცხოვრებას, იღებს ისეთს როგორიც არის და ამით ბედნიერია.
მარიამს ცხოვრების დიდი ნაწილი ბარში აქვს გატარებული, მაგრამ დედ-მამასთან და ძმასთან ერთად მაინც ინაწილებს საოჯახო საქმეებს, მათ შორის ცხვრის მწყემსვას.
„ცხვარში” დრო უფრო მალე გადის, ვიდრე სახლში, ზოგჯერ წიგნის კითხვისას ცხვარიც კი დამიკარგავს”
მარიამის ოჯახს პატარა ფარა ჰყავს - სულ 100 სული. ასეთ შემთხვევაში მწყემმს ზამთრის და ზაფხულის საძოვრებზე მომთაბარეობა არ უწევს.
მეცხვარეობა, ფშავის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი დარგია, მეფუტკრეობასთან ერთად.

მთაში მზიან დღეს, ნისლები და გადაუღებელი წვიმა ცვლის, ცხვარი ნისლს ემალება და ხევებში იბუდებს. შეაგროვებ ფარას და ისევ გაგეფანტება, თვლი, თვლი და მაინც გაკლია, თან ღამდება, ტყიდან შეიძლება ნადირი გამოვარდეს.

სულ მთლად სველი მარიამი სახლში 9-10 საათისთვის ბრუნდება. საღამოობით ოჯახის წევრები შემდეგი დღის საქმეს ინაწილებენ: ვინ ცხვარში წავა, ვინ სათიბში, ვინ სახლს მიხედავს.

მშობლებს მარიამის გადაწყვეტილება არ გაუპროტესტებიათ, თუმცა როგორც თვითონ ამბობს „შეძლებისდაგვარად ეხმარებიან ერთმანეთს და მხარში უდგანან, როგორც შეუძლიათ”.

 

 

მზიან ამინდს ხშირად წვიმა და ნისლი ცვლის. ასეთ დროს ცხვრის ერთად შეგროვება რთულია. იციან ეს მარიამის მშობლებმა და ამინდი აირევა თუ არა, შორს რამდენიმე სერის იქით გამოჩნდება დედა ან მამა ქოლგით, მარიამის დასახმარებლად.
ფშავში ზამთარი 7-8 თვეს გრძელდება. ხშირია დიდთოვლობა და ზვავები, ამ დროს ნადირი სოფელში ჩამოდის და მოსაღამოვებულზე სოფელში გადაადგილება სახიფათოა.
მარიამის ყველაზე გემრიელი მოგონება, მშობლებთან და ძმასთან ერთად, თხილიანაში, ღუმელთან გატარებული ზამთრის საღამოებია: „მამა უამრავ ამბავს გვიყვებოდა, იმ დღეების სუნიც კი მახსოვს.”
სოფლების დაცლის მთავარი მიზეზი ახლაგაზრდების მიგრაციაა. მარიამის მსგავსად ბევრ მოზარდს განათლების მისაღებად ოჯახის დატოვება უწევს.

საქართველოში მეცხვარეობა კაცის საქმედ არის მიჩნეული.

ამიტომ მარიამის „ცხვარში სიარულმა” თანასოფლელების გაოცება გამოიწვია. ერთი, შუახნის კაცი, უყვებოდა მეუღლეს „ქოჩაშვილების გოგოს“ შესახებ - „კიდეც სწავლობს, კიდეც მუშაობს და ცხვარში სიარულსაც კადრულობსო”.

მარიამს ასეთი დამოკიდებულება აბრაზებს, საუბრისას ბევრჯერ გააპროტესტა სიტყვა „კადრულობს“ - „რას ჰქვია, კადრულობს?! ცხოვრებაა ეგეთი, კადრულობ არ კადრულობზე არ არის, როცა გჭირდება გააკეთებ”.

ხანგრძლივი ზამთარი, უგზოობა, ხშირ შემთხვევაში კავშირგაბმულობის არ არსებობა, თანამედროვე სამყაროსთან შეუსაბამო ცხოვრების პირობები, მთაში ცხოვრებას კიდევ უფრო ამძიმებს.

15 წლის წინ, როცა მარიამს და მის ძმას, მირიანს სკოლაში სიარული უნდა დაეწყოთ, სკოლის მდგომარეობა ძალიან მძიმე და როგორც თვითონ ამბობს, უიმედო იყო.  მშობლებმა, რომლებიც შუაფხოს სკოლის თანამშრომლები არიან, გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ბავშვების მომავლისთვის უკეთესი იქნებოდა ბებიასთან დუშეთში გადასვლა.

მე და მირიანი ძალიან ბევრს ვტიროდით, პატარები ვიყავით...“ იხსენებს მარიამი.

ფშავში, ისევე როგორც სხვა მაღალმთიან რეგიონებში, საოჯახო მეურნეობაში ქალისა და მამაკაცის საქმე მკვეთად გამიჯნული არ არის.
ნასახლარი უკანაფშავის თემში.

სოფელში თუ ოდესმე დაბრუნდება, ფიქრობს რომ აუცილებლად გახსნის კარგ ამბულატორიას, სადაც თანასოფლელებს უფასო სამედიცინო დახმარებას გაუწევს. სათამაშო მოედანი შუაფხო-თხილიანას მისადგომებთან, კავშირგაბმულობა, სასწავლო პროცესისი მოწესრიგება და სხვა პატარ-პატარა სიკეთეები მარიამს იმედს აძლევს, რომ ყველაფერი უკეთ წავა და იქნებ მართლაც დაბრუნდეს ერთ დღეს სოფელში, თუმცა როცა სოფელში დაბრუნებაზე საუბრობს, მისი სახის გამომეტყველება არც ისე დამაჯერებელია.

საკუთარი ოცნების ასასრულებლად ყოველ ზაფხულს, ხუთშაბათობით 3-4 საათს გზაში ატარებს, თხილიანადან თბილისის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფომდე. მარიამის მეგობრები მისით ამაყობენ. ერთ-ერთი მისი მეგობარი, მარიამთან ერთად ცხვარშიც კი იყო, მეგობართან ერთად დრო უფრო მალეც გადის და მუშაობაც უფრო სახალისოა.

ზოგჯერ მარიამს ფეხით ხუთი კილომეტრის გავლა უწევს იმისათვის, რომ ბარისახოს ავტობუსს თბილისამდე ან დუშეთამდე გაყვეს. „დამღლელიც არის ეს ყველაფერი, მაგრამ საჭიროება მოითხოვს და ეს არც ტრაგედიაა და არც განსაკუთრებული მოვლენა,”მარიამი ასე თვლის.

„თუ არ ისწავლე და იმუშავე ვერაფერს მიაღწევ და თუ გინდა მიაღწიო ცოტას გაიჭირვებ.”

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია