მუსლიმი ეკომიგრანტები: ცხოვრება თავიდან

ავტორი: გიორგი დუნდუა

06.08.18

სტიქიური უბედურებით დაზარალებული ქართველი მუსლიმები, რომლებიც იძულებულები გახდნენ აჭარაში საკუთარი სახლები მიეტოვებინათ, დღესდღეობით თავიანთი იდენტობის შესანარჩუნებლად იბრძვიან. 

ცხოვრების მძიმე პირობებსა და მუდმივად შრომაში ჩაფლულ ადამიანებს 1989 წელს მეწყერი დაატყდათ თავს, რომელმაც მუსლიმი აჭარლებით დასახლებული რამდენიმე სოფელი გააუკაცრიელა. მათ ცხოვრებაში ისტორიის ახალი ფურცელი გაჩნდა. ეკომიგრაციის შედეგად, დაახლოებით 9 000 ოჯახმა და 37 000 ადამიანმა დატოვა საკუთარი საცხოვრებელი და დასავლეთ საქართველოს სოფლებში: თეთრწყაროში, მარნეულსა და სხვა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ზონებში გადავიდა საცხოვრებლად. საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო 2017 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მასშტაბით 5 000 ეკომიგრანტი ოჯახია დარეგისტრირებული.

ახალი ცხოვრების დაწყება ადვილი არ აღმოჩნდა. მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები მუსლიმი ეკომიგრანტები ხშირად აღნიშნავენ, რომ ისინი რელიგიურ შევიწროებას განიცდიან ადგილობრივი ქრისტიანი მოსახლეობისგან. უფრო მეტიც, მათ  ხშირად მიმართავენ სიძულვილის ენით. ერთ-ერთი რესპონდენტი ყვება, რომ საკუთარი რელიგიური იდენტობის გამო იგი სამსახურში დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა.

მუსლიმი ეკომიგრანტების ცხოვრების ხელახლა დაწყებაში ეკონომიკურ და სოციალურ ფონთან ერთად, რომელიც სრულიად უკაცრიელ მიწაზე დაფუძნებას უკავშირდებოდა, თავი იჩინა კიდევ ერთმა პრობლემამ, რომელიც სოციო-კულტურულ განზომილებას, კერძოდ კი მათ რწმენას უკავშირდებოდა. ტრადიციების, კულტურისა და რელიგიური რიტუალების შენარჩუნება, თავისთავად დაკავშირებული იყო მატერიალურ რესურსებთან. ეკომიგრანტთა ჩამოსახლების დროს სოფელ მარადისში არ არსებობდა სამლოცველო და მიცვალებულთა დასაკრძალი სივრცე, რაც ართულებდა წესის აგების პროცედურას. სასაფლაოს აშენებას წლები დასჭირდა, მაშინ როცა მუსლიმური ტრადიციის შესაბამისად, ჭირისუფალი ვალდებულია საფლავზე საკვები მიიტანოს, რომელიც იქ მისულმა ყველა ადამიანმა უნდა მიირთვას და ყურანი წაიკითხოს. 

68 წლის შურა ძირკვაძე სოფელ ახალ დიოკნისში. „ აქ აზერბაიჯანელებიც ცხოვრობენ, ისინიც მუსლიმები არიან, მაგრამ არ ვიცი, როგორი მუსლიმები არიან, მთავარია, რომ ერთმანეთთან კარგად ვართ, მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს.”
შურა ძირკვაძე საკუთარი სახლის წინ. „ ჩვენ წარმოშობით ვართ ქრისტიანები, მაგრამ ჩვენმა ბედმა მოიტანა ეს, თურქმა გადმოგვახვია ეს სამასი წლის წინ. ჩვენ ძალიან დიდი წვალებით გვაქვს შენარჩუნებული ქართული და ქართველობა. არაუშავს, ვიყოთ მუსლიმანები, სისხლით ქართველები ვართ.”
სოფელი მარადისის სასაფლაო. აჭარიდან ეკომიგრანტების ჩამოსახლების შემდეგ, ამ ადგილას არ არსებობდა არც სამლოცველო და არც მიცვალებულთა დასაკრძალი სივრცე.
მარნეულის ცენტრში არსებული წმინდა გიორგის ეკლესია.
ტრადიციულად ისეთ დღესასწაულებს, როგორიცაა შუამთობა, ბაირამი და სხვა, მთელი სოფელი აღნიშნავს, ეს აჭარელი ეკომიგრანტების ცხოვრებაში ტრადიციის სახითაა შენარჩუნებული.
როგორ ყველა მუსლიმი, მუსლიმი მიგრანტები აჭარიდან მსხვერლპშეწირვის დღესასწაულს, იგივე იიდ-ალ ადჰას (თურქულად ყურბან-ბაირამი) აღნიშნავენ. ამ დღეს მუსლიმები ალლაჰს ცხოველს მსხვერპლად სწირავენ და წინასწარმეტყველი იბრაჰიმისა და მისი უფროსი შვილის ისმაილის მსხვერლპლად შეწირვას იხსენებენ.

მუსლიმთა ადაპტაცია მარნეულში, სადაც ეთნიკური აზერბაიჯანელები დიდი რაოდენობით ცხოვრობენ უფრო მარტივი აღმოჩნდა. 1998 წელს მარნეულის იმამ ალის მეჩეთი რესტავრირდა, ხოლო 2016 წელს ახალი მეჩეთი გაიხსნა. აჭარელი მუსლიმები ეთნიკურ აზერბაიჯანელებთან ერთად მუშაობენ, სწავლობენ და ბაზრობაზე საქონელს ჰყიდიან.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, მარნეულში მცხოვრებმა რამდენიმე აჭარელმა ახალგაზრდამ სარწმუნოება შეიცვალა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ადგილობრივებს სარწმუნოების შეცვლის სანაცვლოდ, უკეთეს საცხოვრებელ პირობებს სთავაზობენ. თუმცა 26 წლის ხატია ამას  უარყოფს. „არავის მოუცია ჩემთვის ანაზღაურება იმის გამო, რომ სარწმუნოება შევიცვალე” - ამბობს იგი.თავიდანვე  გააზრებული მქონდა, რომ საქართველოში უნდა მეცხოვრა ქრისტეს სიყვარულით.რელიგიური მრწამსის შეცვლა ახალი არ არის, მე არც პირველი ვარ და არც ბოლო.”

თაობათა შორის არსებული განსხვავებები ხულოელ ეკომიგრანტ მუსლიმებს შორის თავისთავად შეიმჩნევა. ახალი თაობა განსხვავებული ორიენტაციებისა და შეხედულებებისაა. 17 წლის თენგო შაინიძე, ასაკის მიუხედავად, აქტიურადაა ჩართული ადგილობრივ არასამთავრობო სექტორში. ქალების ცხოვრებაში საგრძნობლად შეიმჩნევა განათლებისადმი ინტერესი.22 წლის ირმა ბოლქვაძე, რომელიც 2013 წელს საუკეთესო ქულებით ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამბობს, რომ აჭარაში  ეს შეუძლებელი იქნებოდა, რადგან იქ არც თუ ისე ბევრი უნივერსიტეტია. ირმა 2013 წლიდანვე უნივერსიტეტის სტიპენდიანტია და მუშაობს ისეთ სამეცნიერო საკითხებზე, როგორიცაა: ქალთა და უმცირესობათა უფლებები.

მიუხედავად იმისა, რომ მთიელი ქალის ცხოვრებას მარნეულში მეტი გასაქანი მიეცა, შრომა და ოჯახური მძიმე ტვირთი კვლავ მის კისერზეა. აქაური ქალები საოჯახო საქმესთან ერთად, მძიმე ფიზიკურ სამუშაოსაც ასრულებენ მეცხოველეობისა და მემცენარეობის კულტურებზე მუშაობისას. 

მასობრივი კომუნიკაციის საშუალებების ზრდა-განვითარებამ, ადგილობრივ ეკომიგრანტებს მთიან აჭარასთან მუდმივი კონტაქტის შენარჩუნების საშუალება მისცა. თუმცა ყოველდღიური ცხოვრების ფერხულში ჩაბმულ ადამიანებს უჭირთ აჭარის მონახულება. ამბობენ, რომ აჭარიდან უფრო ხშირად ახერხებ მათ მოსანახულებლად ჩამოსვლას. აჭარულ მეხსიერებას ძირითადად ადგილობრივთა ტრადიციულ სამზარეულოსთან, საყოფაცხოვრებო ნივთებთან და მათ ტემპერამენტთან აკავშირებენ. ახალ ცხოვრებასთან ერთად, გარკვეული წეს-ჩვეულებები იკარგება.

საინტერესოა ხულოელების სურვილი, რომელიც შექმნილ სიტუაციაში გამოიკვეთა - დარჩენილიყვნენ აჭარაში. სამეზობლო წრესთან დაშორებით გამოწვეული წუხილის გარდა, აჭარლებს მათი ტრადიციებისა და რელიგიური მრწამსის დაკარგვისაც ეშინიათ.

ისინი ვინც აჭარა დატოვა ამბობს, რომ ცვლილება არც ისე მარტივია.

„არავის მოუცია ჩემთვის ანაზღაურება იმის გამო, რომ შევიცვალე სარწმუნოება. არც ვთვლი, რომ ეკლესიური ცხოვრებით ვცხოვრობ. რელიგიას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია იცხოვრო ღმერთის შიშით”- ამბობს ხატია.
აიათოლა შაჰრისტანის ფინანსური მხარდაჭერით აშენებული მეჩეთი 2016 წელს გაიხსნა. ადგილობრივი მუსლიმებისთვის მეჩეთში ყურანისა და ისლამის გაკვეთილებიც ტარდება.
მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთი 1739 წელს აშენდა და საბჭოთა მმართველობის პერიოდში სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებოდა, საბოლოოდ კი ფაქტობრივად ამორტიზირებული იყო, სანამ 1998 წელს ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივითა და დაფინანსებით საკულტო ნაგებობის აღდგენა არ განხორციელდა. იმამ ალის მეჩეთში რელიგიური საქმიანობა 2000 წელს განახლდა.
სოფელი მარადისი. ადგილობრივი მოსახლეობა მემცენარეობას - კარტოფილისა და კომბოსტოს მოყვანასა და მეცხოველეობას მისდევს. ტრადიციულად ამ სფეროებში ქალები არიან თვითდასაქმებულნი.
კაცები მარნეულის საკვირაო საქონლის ბაზრობაზე იკრიბებიან. ამ ადგილას საქონლით ვაჭრობა 1996 წელს დაიწყო და დროთა განმავლობაში იგი საქართველოს ერთერთი ყველაზე დიდი ბაზრობა გახდა.
მანქანაზე გამსოახულია ქალი ჰიჯაბით.
თენგო შაინიძე, 17 წლის. მიუხედავად მისი ასაკისა, თენგო აქტიურადაა ჩართული ადგილობრივ არასამთავრობო სექტორში., იგი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ეკოლოგიურ პრობლემებს, აგრეთვე ჩართულია გენდერული პრობლემების აღმოფხვრისკენ მიმართულ ღონისძიებებში.
ირმა ბოლქვაძე, 22 წლის. 2013 წელს ირმა საუკეთესო ქულებით ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამბობს, რომ აჭარაში ალბათ ეს შესაძლებლობა არ ექნებოდა.

აგვისტო, 2018 რელიგიური მრავალფეროვნება

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია