ქუჩის მხატვრობა რელიგიის შესახებ

ავტორი: მაია შალაშვილი
24.08.18

ალბათ გინახავთ „პულვერიზატორით” შესრულებული წარწერა „თავისუფლება მამა გიორგის” ან მღვდლის სტენსილი სამშენებლო ბარიკადებზე. ქვეყანაში, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია როგორც რელიგიური ინსტიტუტი გარკვეული ჯგუფისთვის ავტორიტეტია, ვიღაცისთვის კი კრიტიკის სამიზნე, ბუნებრივია ქუჩის ხელოვანების ყურადღებასაც იქცევს.

ქუჩის მხატვრები ძირითადად ანონიმურებად რჩებიან. საქართველოში გრაფიტს ანუ ქუჩის მხატვრობას უმეტესწილად თბილისში ვხვდებით, ქვეყნის ყველაზე ხალხმრავალ ქალაქში, სადაც ნებისმიერი თემა ხმამაღალი დებატების საგანი შეიძლება გახდეს.

ხშირად ქუჩის მხატვრობა მიმართულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისკენ, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის მთავარ ქრისტიანულ აღმსარებლობას და  რომელიც მოსახლეობის უმეტესობისთვის ეროვნული იდენტობის განმსაზღველ სიმბოლოდაა ქცეული. 

გრაფიტი არ ებრძვის რელიგიურ უმცირესობებს და მათ მრწამსს, მაგრამ აკრიტიკებს ეკლესიის იმ წარმომადგენლებს, ვინც ძალაუფლებას მხოლოდ საკუთარი თავის სასიკეთოდ იყენებს. თუმცა, ქუჩის მხატვრობა  შეიძლება გამოხატავდეს გულგრილ ან ირონიულ დამოკიდებულებასაც რელიგიური საკითხების მიმართ.

ხელოვნების ამ ფორმის საშუალებით გამოხატულ კრიტიკას ხშირად საპასუხო ქმედებებიც მოჰყვება. უცნობი ადამიანები გამუდმებით ღებავენ, შლიან ან სხვადასხვა მეთოდით ფარავენ თბილისის ქუჩების რელიგიური თემატიკის გრაფიტს.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ქუჩის მხატვრობაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

ხელოვნების ეს ფორმა საქართველოში თანდათანობით პოპულარული ხდება და შეუძლებელია შეუმჩნეველი დარჩეს რელიგიის შესახებ კედლებზე გაკეთებული შეტყობინებები.

გასული წლის განმავლობაში თბილისის მიწისქვეშა გადასასვლელებში ყველაზე ხშირად განმეორდა წარწერა „თავისუფლება მამა გიორგის”. 2017 წელს 32 წლის დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც ხშირად აკრიტიკებდა ეკლესიას 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, პატრიარქის აღმასრულებელი ასისტენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის. 2018 წელს სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა.

სასამართლოს გადაწყვეტილებისადმი გამოვლენილმა უარყოფითმა რეაქციამ და კითხვებმა ეკლესიის მიმართ, რომელიც საზოგადოებაში დიდი ხანია არსებობს, მედია საშუალებებიდან თბილისის ქუჩებში გადაინაცვლა. მათ, ვინც არ ეთანხმებოდა მამალაძის განაჩენს და სჯეროდათ, რომ ეკლესია ან სასამართლო ინდიფერენტული იყო საზოგადოებრივი კრიტიკის მიმართ,  თბილისის ხალხმრავალ მიწისქვეშა გადასასვლელებში საკუთარი აზრის გამოხატვა დაიწყეს.

ხშირ შემთხვევაში მოწოდება, რომელიც მამა გიორგის განთავისუფლებას მოითხოვს, წარმოადგენს კედელზე ხელით მიჯღაბნილ ფრაზას. თუმცა ერთ შემთხვევაში იგი გაკეთდა შიშველი ქალის ვნებიანი ნახატის გვერდით - ხალხის ყურადღების მისაქცევად. 

უბრალო წარწერამ შეიძლება ნაკლები ყურადღება მიიქციოს, მიუხედავად იმისა, რომ ის შეიძლება ხალხმრავალ ადგილას იყოს გაკეთებული, როგორიცაა მეტროს სადგური რუთაველის მიმდებარე ტერიტორია.

ავტორი: უცნობი. თარიღი: 17 მაისი, 2018. ადგილი: მიწისქვეშა გადასასვლელი, მერაბ კოსტავას ქუჩა # 14.
ავტორი: უცნობი. თარიღი: 16 თებერვალი, 2018. ადგილი: პატარა მოედანი მეტროს სადგურთან რუსთაველი.

ისინი, ვინც ქუჩის მხატვრობის მეშვეობით მღვდლებს აკრიტიკებენ, ამჩნევენ, რომ მათ ნამუშევრებს ხშირ შემთხვევაში შლიან ან ფარავენ.

2014 წლის დასაწყისში რუსთაველის მეტროს სიახლოვეს მიხატული იყო მღვდელი დოლარის ნიშნით. ეს ნახატი მიანიშნებდა საზოგადოებაში არსებულ შეხედულებაზე, რომ ბევრი სასულიერო პირი ბოროტად სარგებლობდა მაღალი ფინანსური შესაწირებით. 2018 წლის ივლისში კი მღვდლის გამოსახულება შელესილი იყო, თუმცა წარწერა “VIP 77” ხელშეუხებლად შემორჩა.


ცნობილი ქუჩის მხატვრის Lamb მიერ რელიგიურ თემაზე შექმნილმა ნახატმა,  „შესწორების” რამდენიმე ეტაპი გაიარა. თავდაპირველ ვერსიაზე გამოსახულიიყო ანაფორაში ჩაცმული ცხვარი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის ახლომდებარე გაჩერებასთან კედელზე იყო დახატული. გარკვეული ხნის შემდეგ ნახატი თეთრი საღებავით გადაფარეს, რასაც ავტორმა მალევე იგივე თემატიკის სხვა ნახატი გადაახატა.

თუმცა, Lamb-ის მეორე ნახატი, სადაც ცხვარი და მღვდელი ერთმანეთს ეხუტებიან ხელუხლებელი დარჩა. იგი მეტროს სადგურის ტექნიკური უნივერსიტეტი შესასვლელთან მდებარეობს, არც თუ ისე შორს პირველი ნამუშევრისგან, რომელიც ტელევიზიის შენობასთანაა დახატული.


Lamb-ის მხატვრობა ახალ ამბებს არ ეხმიანება, თუმცა ქუჩის სხვა მხატვარებმა ყურადღება გაამახვილეს “ტაბურეტკაზე”, რომელიც 2013 წელს ანტი-ჰომოფობიურ გამოსვლაზე ერთ-ერთ მღვდელს ეჭირა. “ტაბურეტკის” ნახატებს თბილისის ქუჩებში ბევრ ადგილას შეხვდებოდით. ისინი აპროტესტებდნენ რელიგიურ ფანატიზმსა და ძალადობას.

ჯიხურის დარაბაზე გამოსახული სტენსილი, რომელიც ახლა აღარ არსებობს, ასახავდა “ტაბურეტკის ევოლუციას” მაიმუნიდან ადამიანამდე და სასულიერო პირამდე და “ტაბურეტკამდე”.

 

ავტორი: უცნობი. თარიღი: 9 თებერვალი, 2014. ადგილი: თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორია.
ავტორი: უცნობი. თარიღი: 8 ივნისი, 2016. ადგილი: მარი ბროსეს ქუჩა. ნახატი 2018 წლის ზაფხულში წაშალეს.

ხანდახან ადგილმდებარეობა განსაზღვრავს საზოგადოების რეაქციას ნახატზე. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში დახატულია მამაკაცი ძველებურ სამოსელში. მის გვერდით კი იესოს სწავლება მიწერილი: “ნუ განიკითხავთ, რათა არ განგიკითხონ” (მათე 7:1). მხატვარ ლუკა ჯაფარიძის მიერ შესრულებული ეს ნამუშევარი ალაგ-ალაგ დაკაწრულია, თუმცა განადგურებული არ არის.

ავტორი: ლუკა ჯაფარიძე. თარიღი: 18 აგვისტო, 2018. ადგილი: ოპერის წინ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი.
ავტორი: უცნობი. თარიღი: 17 მაისი, 2018. ადგილი: ორბელიანის სკვერთან. მარცხენა მხარეს წარწერა: “სიმშვიდე” “დილით” “ციფრულ” “ლოცვებს” და რიცხვები - “34”, “717”, “444” რომელსაც ნუმეროლოგიაში მნიშვნელოვანი სულიერი დატვირთვა აქვს.

ქაშუეთის ეკლესიის წინ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში დაუდგენელი პირები რელიგიური თემატიკის ნახატებს ხშირად საღებავით ფარავენ.

წარწერა ქაშუეთის მიწისქვეშა გადასასვლელში წარმოადგენდა იოანეს სახარების (8:7) პერიფრაზირებას - „ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად იმან ესროლოს ტაბურეტკა”.

ქაშუეთის წინ მიწისქვეშა გადასასვლელში წარწერები: „იესოს გული” და „მამაოს გული” წაშლილია.

ავტორი: უცნობი. თარიღი: 2 ივნისი, 2014. ადგილი: ქაშუეთის წინ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი.
ავტორი: უცნობი. თარიღი: 2 ივნისი, 2014. ადგილი: ქაშუეთის წინ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი.

ქაშუეთის მიწისქვეშა გადასასვლელში წაშლილია ნახატი, რომელზეც ქალის და კაცის ერთმანეთთან მიახლოებული პროფილები ქმნის  შთაბეჭდილებას, რომ ისინი კოცნას აპირებენ. ნახატი ერთ-ერთმა ცნობილმა ქართველმა ქუჩის მხატვარმა Gagosh დახატა.

ნახატს International Love ჰქვია და როგორც მხატვარი ამბობს, მას არანაირი რელიგიური დატვირთვა არ აქვს. „ეს უბრალოდ კოცნაა”, რომელიც გამოხატავს იდეას, რომ ადამიანებს ერთმანეთი უყვარდებათ ონლაინ ურთიერთობისას ან მაშინ, როდესაც ფიზიკურად შორს არიან ერთმანეთისგან.

მას შემდეგ, რაც ნახატი წაშალეს, Gagosh-მა სხვა ადგილას, უფრო დიდი ზომის იგივე ნახატი დახატა.

მხატვარი: Gagosh. თარიღი: 8 სექტემბერი, 2016. ადგილი: ქაშუეთსა და პირველ გიმნაზიას შორის მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი.(მარცხნივ)

 

მხატვარი: Gagosh. თარიღი: 10 მარტი, 2017. ადგილი: ქაშუეთსა და პირველ გიმნაზიას შორის მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი. (მარჯვნივ)


თბილისში მდებარე რელიგიური თემატიკის გრაფიტის რუკა:


 

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია