ომის ქალური სახე

ავტორი: ლიკა ანთაძე, მანო სვანიძე

24.11.18

ტექსტი ლიკა ანთაძე

ფოტოები მანო სვანიძე

 

ქეთევან გარდავაძემ და მთელმა სოფელმა იცოდა, რომ ველი დანაღმული იყო. მაგრამ 13 წლის გოგოს, რომელსაც ჩვილი ძმისთვის რძე უნდა მიეტანა მხოლოდ ორი არჩევანი ჰქონდა: მდელოს გადარბენა ან სასაზღვრო ზოლთან ახლოს ჩავლა, სადაც მოწინააღმდეგე მხარის სამხედრო გუშაგები ადვილად შეძლებდნენ  მისთვის სროლას. მან პირველი აირჩია. ველი გადაირბინა და სირბილის დროს გათვლა დაიწყო: „იწილო, ბიწილო, შროშანო, გვრიტინო...”

უცებ რძე ჰაერში აფეთქდა.

თამთა მელაშვილის რომანი გათვლა ომზე გვიყვება, რომელმაც ქვეყნის უახლესი ისტორია შეცვალა და ლიტერატურისა და კინოს მამოძრავებელ თემად გადაიქცა. 39 წლის მწერლის ინსპირაციის წყარო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომი იყო. 

„ჩემი ინსპირაცია, მოტივაცია და მიზეზი გახდა 2008 წლის ომი და პირადი დამოკიდებულება ამ ომისადმი. მე აქ შეგნებულად არ ვასახელებ ადგილს, იმიტომ რომ ყველა ომი და ყველა კონფლიქტი საბოლოო ჯამში ერთამენთს ჰგავს,” - ამბობს მელაშვილი. გათვლა ავტორისთვის სადებიუტო რომანია. იქამდე მკითხველი ავტორს სხვადასვხა ლიტერატურული კონკურსებიდან და მოთხრობების კრებულიდან იცნობდა. 

რომანი ომს ორი 13 წლის გოგონას - ქეთევან გარდავაძის და ნინო როგავას - თვალით გვაჩვენებს, რომლებიც პატარა ქალაქში არიან ჩარჩენილები და გაჭირვებასა და უიმედობაში გადარჩენას ცდილობენ. გათვლა ქალებისა და ომის კომბინაციაა, რაც ქართული რომანისთვის უჩვეულოა.  

ქართულ სალიტერატურო სივრცეში დიდი ხნის განმავლობაში დომინირებდნენ კაცი ავტორები. დღესაც კი, ეროვნული სასწავლო პროგრამის სავალდებულო საკითხავთა ჩამონათვალში, 26 მწერლიდან მხოლოდ ერთია ქალი - მეოცე საუკუნის პოეტი ანა კალანდაძე. თამთა მელაშვილს კარგად ახსოვს თუ როგორ უყვებოდა მეგობარი ეკატერინე გაბაშვილის პორტრეტზე, რომელიც მის საკლასო ოთახში ეკიდა. 

„მან მითხრა, რომ მას [ეკატერინე გაბაშვილს] კაცად აღვიქვამდიო. ჩემთვის იმდენად წარმოუდგენელი იყო, რომ მწერალი შეიძლებოდა ქალი ყოფილიყოო,” - იხსენებს მელაშვილი. 

როგორც თამთა მელაშვილი ამბობს ქართულ ლიტერატურულ სივრცეში ქალებმა შეძლებისდაგვარად მოიპოვეს პოეტის სტატუსი, რომანის ჟანრი კი ყოველთვის კაცების ტერიტორიად ითვლებოდა.
თამთა მელაშვილის სადებიუტი რომანში „გათვლა" მოქმედება ფიქციურ ქალაქში ვითარდება, თუმცა ტექსტს რეალური, 2008 წლის აგვისტოს ომი უდევს საფუძვლად.
2006 წელს თამთა მელაშვილმა ლიტერატურულ კონკურსში „წერო" მოთხრობა გააგზავნა. მკითხველების უმეტესობას მოთხრობა კაცის დაწერილი ეგონა. მოგვიანებით მწერალმა შეიტყო, რომ ჟიურიც იგივეს ფიქრობდა. „უეჭველი კაცია, ქალი ასე ვერ დაწერსო, ამბობდნენ. მაშინ ეს კომპლიმენტი მეგონა”.

ქართულ ლიტერატურაში ქალის ხმის ნაკლებობამ ქალისა და კაცის სოციალურ როლზე გარკვეული სტერეოტიპული წარმოდგენები შექმნა საზოგადოებაში, რამაც საბოლოო ჯამში ლიტერატურის ,,კაცურ სივრცედ“ ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი - ფიქციურ ლიტერატურულ სამყაროში, ისევე როგორც ფაქტუალურ სამყაროში, მწერლები და მთავარი მოქმედი პირები იყვნენ მამაკაცები.

მრავალი ჯილდოს მფლობელმა, პოეტმა და პროზაიკოსმა თეა თოფურიამ გვიან გააანალიზა, რომ ლიტერატურა ერთფეროვანი იყო: ლიტერატურული გმირები ყოველთვის კაცები იყვნენ, ქალები კი -  მეორეხარისხოვანი მოქმედი პირები. მხოლოდ ზრდასრულ ასაკში გაუჩნდა კითხვა თუ სად იყვნენ ქალები. 

„ძალიან ბევრს ვკითხულობდი და სულ მინდოდა პირველხარისხოვანი გმირი ვყოფილიყავი, ვიდრე მეორე. არადროს ვიყავი ქალი პერსონაჟი. ამ წიგნებში ვერ ვხედავდი ჩემს თავს” - ამბობს 41 წლის თოფურია.

დროთა განმავლობაში მწერალი ქალების ახალმა თაობამ სტერეოტიპებთან ბრძოლა დაიწყო. მათგან ერთ-ერთი ნაირა გელაშვილია, რომელსაც სხვა ჯილდოებთან ერთად, ლიტერატურული პრემია საბა ორჯერ აქვს მიღებული რომანის კატეგორიაში.  2010 წელს იგივე პრემია თამთა მელაშვილმა აიღო საუკეთესი რომანის დებიუტისთვის. 

ბავშვობაში თამთა მელაშვილი საკუთარ თავს აიგივებდა ისეთ მოქმედ პირებთან როგორებიც იყვნენ ჰოლდენ კოფილდი და ანა ფრანკი, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. როგორც თავად ამბობს, საჭიროა მშობლიურ ენაზე იპოვო მოქმედი პირი, რომლის მიმართ გარკვეული ემპათია გაგიჩნდება. მოგვიანებით ანა კორძაია-სამადაშვილის ტექსტებში აღმოაჩინა ქალის ხმა. კორძაია-სამადაშვილმა 1990-იან წლებში არატრადიციული ქალი პერსონაჟებით  ქართული ლიეტრატურული სცენა გარდაქმნა. მისი მოქმედი პირები იგინებოდნენ და ილანძღებოდნენ, რაც ქალისთვის გარკვეულწილად ტაბუირებული იყო, როგორც ლიტერატურაში, ასევე რეალურ ცხოვრებაში. მისი ბოლო რომანი - ვინ მოკლა ჩაიკა?  - მარტოხელა ქალის მკვლელობის ისტორიის გახსნას ცდილობს. 

„ანამ  ისეთივე რეალური ქალი დამანახა, როგორიც მე ვარ. არა უფერული ან უსულო, არა ანგელოზი ან ბოზი, არამედ ქალი, რომელიც სადღაც შუაში დგას - შურიანიც არის, ვიღაც ძალიან უყვარს, ვიღაც ძალიან ძულს ” - ამბობს მელაშვილი.  

თეა თოფურია აღნიშნავს, რომ ქართულ ლიტერატურაში რომანის ჟანრის მასკულინური მონოტონურობისგან განსხვავებით ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები მეტ მრავალფეროვნებას გვთავაზობს.

„უცნაურია რომ პირველი წიგნი [იგ. შუშანიკის წამება], რომელიც შემოგვრჩა არის ძლიერ ქალზე. ასევე ვეფხისტყაოსანი, სადაც ქალი პერსონაჟი არის გამორჩეული ინსტანცია. არ ვიცი საბჭოთა პერიოდში რა დაგვემართა, რატომ ვერ დავიცავით ეს ბალანსი და რატომ ავცდით ასე გზას,” - ამბობს თოფურია. 

მეოცე საუკუნის ქალი ავტორების დამატება ეროვნულ სასწავლო პროგრამაში შესაძლებელია, მაგრამ ჯერჯერობით ამ მხრივ მნიშვნელოვანი ცლილებები არ შეინიშნება. 

„სასკოლო პროგრამაში ახალი თაობის ქალი მწერლების ტექსტების შეტანას დასჭირდება წლები,” - აღნიშნავს თეა თოფურია. 

41 წლის თეა თოფურია აფხაზეთში დაიბადა, თუმცა საკუთარ თავს „ბოლომდე” დევნილს არ უწოდებს, რადგან სოხუმი ომამდე ერთი წლით ადრე დატოვა.
თეა თოფურია მოთხრობაში „შატალო", რომელიც შესულია კრებულში „ორი ოთახი კაიროში", ომის დროს ბავშვების ცხოვრების ერთ-ერთ ეპიზოდს აღწერს. სკოლაში ერთ-ერთი ვიზიტის დროს მწერალმა გაიგო, რომ მისი მოთხრობა ყველა ბავშვს ჰქონდა წაკითხული, მიუხედავად იმისა, რომ იგი საბავშვო ტექსტი არ არის.
თეა თოფურიასთვის ომი მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გამოცდილებაა. „ომი აშიშვლებს ადამიანს. შინაგანი ფენები, რაც ადამიანში ჩადებულია ზედაპირზე ამოდის.”
საბავშვო წიგნების გარდა, თეა თოფურია მოთხრობების ავტორიცაა, სადაც აფხაზეთის თემა მუდამ ფიგურირებს.
თეა თოფურიას ლექსების კრებულის „ეკოციდი” (ეკოლოგიური სუიციდი) შთაგონების წყარო ცეცხლმოკიდებული ტყე იყო, რომელიც ავტორმა საკუთარი თვალით ნახა. „ადამიანშიც მიმდინარეობს იგივე პროცესები, როდესაც რაღაც ძალიან დიდი ტკივილი, ძალიან დიდი განსაცდელი გადააქვს. ამ პირადი ტკივილის და განსაცდელის მიზეზი სიყვარულიც შეიძლება იყოს და ომიც,” - ამბობს იგი.
„წერა არის თერაპია რაღაც გაგებით, მაგრამ ისე არ უნდა წერო, რომ ადაიანმა წაიკითხოს და მხოლოდ დაითრგუნოს,” - ამბობს თოფურია.
თეა თოფურიას მოთხრობების კრებული „ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე" პოლიტიკური სატირისა და ფენტეზის ნაზავია. მის ნამუშევრებში ასევე ხშირია მისტიკური ელემენტებიც. ზოგიერთი კირიტიკოსი თვლის, რომ ავტორი მაგიური რეალიზმის ჟანრში წერს, რაც ქართულ ლიტერატურაში იშვიათია.
პოემის „ვეფხისტყაოსანი" ქალი მოქმედი პირები მკვეთრად განსხვავდებიან იმ ქალი პერსონაჟებისგან, რომლებსაც საბჭოთა მწერლები ქმნიდნენ. „არ ვიცი საბჭოთა პერიოდში რა დაგვემართა, რატომ ვერ დავიცავით ეს ბალანსი და რატო ავცდით ასე გზას,” - აღნიშავს მწერალი თეა თოფურია.

პატრიარქალურ ქართულ საზოგადოებაში არსებული გენდერული სტერეოტიპების დასანგრევად ქალებს დიდი გასაქანი არ აქვთ, თუმცა მწერალი ქალები ამას მაინც წარმატებით ახერხებენ. ისინი აღწერენ ომს (რომელიც ტრადიციულად კაცების საქმედ ითვლება) ქალების მონაწილეობით.

შეიარაღებული კონფლიქტი თეა თოფურიას ტექსტების მთავარი თემაა, თუმცა მელაშვილის რომანისგან განსხვავებით მისი ,,ომი“ კონკრეტულ ადგილას ვითარდება და კონკრეტული სახელი აქვს. 

„ვწერ აფხაზეთზე და შესაბამისად ეს ყველაფერი ეხება ომს,” - ამბობს იგი. 

თოფურიას ოჯახმა მშობლიური სოხუმი ომამდე ერთი წლით ადრე დატოვა. მაშინ იგი 14 წლის იყო და უკან არასდროს დაბრუნებულა. 

„უკან ვეღარ მივდიოდით,” - აღნიშნავს თოფურია. „ვწერ იმიტომ რომ მე ვარ იქიდან და ზოგადად  ადამიანი ყოველთვის წერს თავის ბავშვოვაბზე, თუნდაც ქვეცნობიერად. ბავშვობით ცხოვრობ, ბავშვობით წერ. ხანდახან მინდა რომ არ დავწერო [აფხაზეთზე], მაგრამ საბოლოოდ სულ მანდ მივდივარ. ”

პროზის და პოეზიის გარდა, თოფურია საბავშვო ლიტერატურასაც წერს. მოთხრობებში, რომლებშიც მოქმედება სოხუმში ვითარდება პერსონაჟები უმეტესწილად ბავშვები არიან.  

თოფურიას ტექსტები ქართულ ხალხურ ზღაპრებს ეფუძნება და სავსეა მისტიკური ელემენტებით. მისი მოთხრობა სახლი აღწერს ოჯახს, რომელიც ცხოვრებას იწყებს სოხუმის ერთ-ერთ სახლში, სადაც ადრე ქართველები ცხოვრობდნენ. ძველი მფლობელების აჩრდილები ახალ მეპატრონეებს მოსვენებას არ აძლევენ. 

თოფურია იხსნებს თბილისში სამოქალაქო ომს და გვამს, რომელიც ქუჩაში ნახა. როგორც თავად ყვება ამას მასზე ზემოქმედება არ მოუხდენია, რადგან მისთვის და ბევრი სხვა ქართველისთვისაც, სამოქალაქო თუ აფხაზეთის ომის შემზარავი მოვლენები ყოველდიურ რეალობად იქცა და გაკვირვებას ვეღარ იწვევდნენ.

პირადი გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანია თეა თოფურიასთვის წერის პროცესში, მის ნაწარმოებებს ყველა სხვა დანარჩენი ავტორის შემოქმედებისგან განასხვავებს, განსაკუთრებით კი კაცი ავტორებისგან. როგორც თავად ამბობს, ვერასდროს შეძლებს კაცის პერსპექტივით ომის აღწერას. „ ბექა ქურხული ომის ჟურნალისტია და ომზე წერს, მაგრამ რასაც იგი წერს მე მაგას ვერ დავწერდი, იმიტომ რომ ბექა წერს ბრძოლის სპეციფიკაზე,” - ამბოს იგი. 

თეა თოფურიასთვის ომი გამოცდილებაა და არა ტრავმა, ამიტომაც ფიქრობს: „მთავარი ის კი არ არის რომ წერო, მთავარია არ დაწერო ომზე მოუშუშებლად. არ უნდა განდმოანთხიო შენი მოუნელებელი დარდი, ბოღმა. იმიტომ რომ თემა მძიმეა.”  

როგორც საბავშვო ავტორი, თოფურია თვლის, რომ ბავშვებთან ფრთხილად უნდა ვიყოთ, როდესაც ომზე ვუყვებით. 

„ხანდახან არის რომ წაკითხული უფრო უარესია, ვიდრე თავს გადამხდარი,“ - ამბობს იგი. ყველაფრის მიუხედავად ფიქრობს, რომ ომი კარგი გამოცდილებაა - „იგი გაჩვენებს თუ ვინ ხარ სინამდვილეში.”.

მწერალი თამთა მელაშვილი ფიქრობს, რომ წიგნები, სადაც ქალის თვალით დანახული ომია აღწერილი შემზარავი რეალობის აღწერის გარდა სხვა ქვეტექსტის მატარებელიცაა. მათ შეუძლიათ ღრმად ჩაგვახედონ სხვადასხვა სოციალურ საკითხებში. ავტორის თქმით, რომანში გათვლა ომის ტრამვის მიღმა იმალება უფრო ღრმა გზავნილი - ქალთა თავგანწირვა.

მისმა პერსონაჟმა „თავი გაწირა საკუთარი ძმისთვის, ,,კაცთა სამყაროსთვის“, იმიტომ რომ ,,კარგი გოგოა“. საბოლოო ჯამში ქალები ცხოვრობენ ,,კარგ გოგოებად სხვების სასარგებლოდ“.


ნოემბერი, 2018 მშვიდობის მშენებლები

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია