როცა უცხო მიწაზე ახალ ცხოვრებას იწყებ

ავტორი: დარინა ქამადაძე
04.12.19
გამოცემა: შიში

ილუსტრაციები: მანანიკო კობახიძე 


34 წლის
იყო თეონა კასარელი, 13 წლის წინ სამშობლოს დატოვება რომ მოუწია. მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა: სამსახური უნდა ეპოვა და ფული გამოემუშავებინა. 
არც უფიქრია იტალია მეორე სამშობლოდ გაეხადა, მით უმეტეს არ გეგმავდა თავისი შვილების მომავალი ამ ქვეყნისთვის სამუდამოდ დაეკავშირებინა.

თეონა, ისევე როგორც ბევრი სხვა ქალი საქართველოში, იძულებული გახდა ოჯახი დაეტოვებინა და სამუშაო ევროპაში მოეძებნა. მისთვის ეს დროებითი გამოსავალი იყო, შეიძლება ითქვას რომ კიდევ ერთი შანსი მისთვის და მისი ქმრისთვის, რომ უკეთესი ცხოვრება დაეწყოთ.

“ფინანსური პრობლემები გვქონდა, რა აღარ ვცადე. არც აქ ჩამოსვლა იყო წინასწარ დაგეგმილი. ჩემმა მეგობარმა მითხრა, ხომ არ ცდიო, ვცადე და გამიმართლა,” გვეუბნება თეონა.
თეონა იმ დიდ ჯგუფს ეკუთვნის, ვინც თავის დროზე, ევროპას შეაფარა თავი. მხოლოდ იტალიაში, დაახლოებით 10 000-მდე ქართველი მიგრანტი ცხოვრობს: ძირითადად სამუშაოდ წასულები და ძირითადად ქალები. მათი უმრავლესობა მომსახურების სფეროში დასაქმდა, ან ოჯახში დამხმარედ მუშაობენ ან კიდევ მოხუცებს უვლიან.

ქართველი ქალებისთვის, საზღვარგარეთ სამუშაოს მოსაძებნად, იტალია ყველაზე პოპულარული ქვეყანა აღმოჩნდა. ეს ჯერ კიდევ 12 წლის წინ, ამბობს მარკ ჰულსტი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) პროგრამის კოორდინატორი საქართველოში.

“მოთხოვნის შესაბამისად, საგრძნობლად იზრდება მიგრაცია იტალიაში. უმეტეს შემთხვევაში, ქალებს ეძებენ მოხუცების მომვლელად. სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ქალი მიგრანტები გაცილებით ბევრნი არიან, ვიდრე მამაკაცები,”ამბობს ჰულსტი და იმასაც აღნიშნავს, რომ საბერძნეთში ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, განსაკუთრებით გაიზარდა იტალიაში სამუშაოდ წასული ქალების რიცხვი.

სოციოლოგმა ქეთი სართანიამ საქართველოდან მიგრაციის საკითხი შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც იტალია ქართველი მიგრანტებისთვის პოპულარული ქვეყანაა, ძლიერი სოციალური კავშირები ყოფილა.  

“ის, ვინც ძალიან ადრე წავიდა, შემდეგ უკვე სხვებს დაეხმარა იმავე გზის გავლაში. ფეისბუკმაც დიდი როლი ითამაშა ინფორმაციის სწრაფად გავრცელებაში. ონლაინ სივრცეში ჯგუფებიც არსებობს, სადაც სამუშაოს მაძიებლებისთვის სხვადასხვა შესაძლებლობაზე წერენ,”გვეუბნება ქეთი სართანია.
ყველაფრის მიუხედავად, ქალები მაინც უამრავ სირთულეს ეჯახებიან როგორც კი ჩამოდიან. დაწყებული სამართლებრივი სიძნელეებიდან, დამთავრებული ძლიერი ემოციური სტრესით.

“არის შემთხვევები, როცა ადამიანს, რომელიც უკვე დიდი ხანია ოჯახისგან შორს ცხოვრობს, ოჯახთან მხოლოდ ფული აკავშირებს; ფული, რომელსაც თავად უგზავნის. ერთმანეთთან გაუცხოვება განსაკუთრებით ადვილად შესამჩნევია ცოლისა და ქმრის შემთხვევაში, ასვე დედასა და შვილს შორის. ამ დროს საერთო, საკომუნიკაციო ენა იკარგება. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო რთულია ისინი ერთ ოჯახად აღიქვა,”ამბობს ქეთი.
თეონას დღემდე ახსოვს ის სიმწარე, როცა პირველად ბავშვები დატოვა და იტალიაში წამოვიდა.

“ეს განცდა საკუთარ პანაშვიდზე დასწრებას ჰგავდა. ბავშვები მანქანიდან გადმოვიდნენ და მე მათ გარეშე უნდა გამეგრძელებინა გზა.” 

თეონა, ბოლოს, სამხრეთ იტალიის ქალაქ ბარში აღმოჩნდა. ეს ქალაქი ადრიატიკის ზღვის სანაპიროზეა და იქ დაახლოებით  300 000-მდე ადამიანი ცხოვრობს.

თეონა, ოჯახისგან შორს, ორი წელი სულ მარტო ცხოვრობდა.

“არ ვიყავი ბედნიერი, არაფერი მანიჭებდა სიამოვნებას, არ მეშინოდა სამსახურის დაწყების, არც მომავლის სირთულეები მაბრკოლებდა - მოკლედ, არაფერი იყო იმაზე რთული, ვიდრე შვილების დატოვება,” იხსენებს თეონა. იმდენად ცუდად იყო, რომ მხოლოდ სამი თვის შემდეგ შეამჩნია, რომ სახლს, რომელშიც ცხოვრობდა, წინ ულამაზესი ბაღი ჰქონდა თურმე.

საქართველოში დაბრუნებულმა მაშინვე გაიაზრა, რომ დიდი ხნით სახლში ვერ დარჩებოდა და ვერც მისი ოჯახი ვეღარ შეძლებდა თეონასგან ასე შორს ყოფნას.

“გავიაზრე, რომ ორი წელი არ აღმოჩნდა საკმარისი პრობლემების მოსაგვარებლად, უკან ვერ დავბრუნდებოდი. არც ქვეყანაში იცვლებოდა სიტუაცია უკეთესობისკენ. ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი არჩევანი მქონდა: ჩემი შვილები და ჩემი ქმარი ჩემთან ერთად უნდა წამოსულიყვნენ იტალიაში. დღესაც არ ვიცი, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო თუ არა,” ამბობს თეონა. ერთად ცხოვრება რომ დაიწყეს მისთვის კიდევ უფრო ცხადი გახდა იმ დროის ფასი, რომელიც მან ოჯახის გარეშე გაატარა.
როცა საქართველო დატოვეს, მისი ბიჭი შაკო, 10 წლის იყო, ხოლო ლიზი, 6-ის. დღეს თეონა და მისი ქმარი ცდილობენ, რომ ბავშვებს ინტეგრაციაში მაქსიმალურად შეუწყონ ხელი. სხვა შემთხვევაში, ეს  თითქოს ევროპაში მხოლოდ ჩამოყვანას ჰგავს, ცხოვრების შანსის მიცემის გარეშე. თეონა ფიქრობს, რომ განვითარების შესაძლებლობა მათ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ.

თავდაპირველად შაკოს ძალიან გაუჭირდა. თავგადასავლის მოლოდინში თითქოს ბედნიერი იყო, მაგრამ როცა გაიაზრა, რომ ყველა და  ყველაფერი უნდა დაეტოვებინა, ძალიან განიცადა.

“ენა არ ვიცოდი. წარმოიდგინე, რომ უცებ მუნჯი ხდები… სკოლაში სიარული ყველაზე რთული იყო. ერთხელ ერთმა კლასელმა მითხრა: “შენი ენა ძაღლის ყეფას გავსო”. არ ვიცოდი, რა რეაქცია უნდა მქონოდა და ვცემე. ალბათ ვერავინ მიხვდება, რას ნიშნავდა მაშინ ჩემთვის ეგ სიტყვები. მათთან შედარებით, სხვანაირად ვიქცეოდი, სხვა რაღაცებზე მქონდა რეაქცია, მაგრამ კარგი მოსწავლე ვიყავი ნამდვილად. ერთი წლის შემდეგ, თითქოს სხვა სამყაროში შევაბიჯე,” იხსენებს შაკო.
 
მიუხედავად ამისა, შაკო ამბობს, რომ განსხვავებას იტალიასა და საქართველოს შორის დღემდე გრძნობს. განსაკუთრებით, კულტურულ ჭრილში. მაგალითად, როცა მეგობრობაზე ვლაპარაკობთ.

“ესენი [იტალიელები] ყველას მეგობარს ეძახიან, მაგრამ მეგობრობისთვის არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. თუ ქართველი ვინმეს მეგობრად თვლის, მას ამ მეგობრისთვის ყველაფერი შეუძლია გააკეთოს,”გვიხსნის შაკო.

ლიზის გამოცდილება ცოტა განსახვავებულია. მან წერა-კითხვა იტალიურ ენაზე ისწავლა, მშობლიური ენის სწავლა კი, მოგვიანებით დაიწყო. ამბობს, რომ ხანდახან  ქართულად ლაპარაკის რცხვენია, სულ ეშინია რომ ბევრ შეცდომას დაუშვებს.
სოციოლოგი ქეთი სართანია კიდევ ერთ მნიშვნელოვან დაკვირვებას გვიზიარებს. ის ამბობს, რომ მიგრანტები თავს მშვიდად მაშინაც კი ვერ გრძნობენ, როცა საზღვარგარეთ ცხოვრების რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვთ და ფინანსური პრობლემებიც მეტ-ნაკლებად უკვე მოაგვარეს.

“ბევრი წელი გავიდა უკვე, მათი წარმოდგენა ცხოვრებაზე შეცვლილია. მათი უმრავლესობა ვერც იტალიას აღიქვამს სახლად და ვეღარც მშობლიურ მიწაზე გრძობს თავს სახლში. თითქოს ახალ იდენტობას იძენენ. მათ ის ენატრებათ, რაც ახსოვთ. ეს შეიძლება იყოს სამშობლო, ოჯახი ან ნებისმიერი სხვა რამ, მაგრამ როცა ბრუნდებიან უკან, ის აღარ ხვდებათ, რაც ახსოვდათ.”

თეონა დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ, მაინც საქართველოში დაბრუნდება, თუმცა როდის, ეს ჯერ არ იცის. მისი შვილები უფრო გაურკვევლად არიან.
“ჩემთვის სახლი საქართველოა. ვიცი, რომ იქ არაფერი მელოდება, მაგრამ თითქოს ყველაფერი მაინც იქითკენ მეძახის,” გვეუბნება თეონა. მას შემდეგ რაც მასთან ოჯახი გადავიდა საცხოვრებლად, თეონა სოციალურად ბევრად უფრო აქტიური გახდა. განათლების მიღებაც გააგრძელა და თავისი კარიერა სოციალურ სამსახურში დაიწყო. ის მედიატორადაც მუშაობს ქართველ მიგრანტებთან.

შაკოსთვისაც, რომელიც უკვე 20 წლისაა, სახლი იტალიაშია. თეონასგან განსხვავებით, ის საქართველოში დაბრუნებაზე ჯერჯერობით არ ფიქრობს: “შეიძლება ერთდროულად ქართველიც ვარ და იტალიელიც, მაგრამ უფრო მეტ სიახლოვეს მაინც საქართველოსთან ვგრძნობ,”ამბობს შაკო და თავის უახლოეს გეგმებსაც გვიმხელს. იტალიაში სწავლის დასრულების შემდეგ, ამერიკაში უნდა წასვლა.

“მაინც ვფიქრობ, რომ ევროპელი ვარ. ერთ ადგილზე მიჯაჭვული ნამდვილად არ ვარ”.

ლიზისთვის იდენტობა გაცილებით უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე მხოლოდ საცხოვრებელი ადგილია.

“როცა იტალიაში საცხოვრებლად ჩამოვედი, 6 წლის ვიყავი. ფაქტობრივად არაფერი მახსოვს საქართველოზე, მხოლოდ მთები დარჩა ჩემს მეხსიერებაში. არც კი ვიცი, როგორია ახლა საქართველო, ან როგორ ცხოვრობს იქ ხალხი. მშობლები, სკოლა, მეგობრები, ყველაფერი აქ მაქვს. ჩემი სახლი დღეს იტალიაშია, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ან იტალიელი ვარ, ან ქართველი, უბრალოდ ლიზი ვარ, ასე უკეთესია.”

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია