წარმოიდგინე, სრულიად მარტო ხარ უცხო ქვეყანაში, მეგობრების, ახლობლების, ოჯახის წევრების გარეშე და უცბად, ერთ ოთახში ჩაიკეტები. არც ის იცი, ზუსტად, როდის დაბრუნდები სახლში, ან მომავალში რა იქნება. ეს უცნაური დრო კიდევ უფრო რთული გამოცდილება აღმოჩნდა საერთაშორისო სტუდენტისთვის.
პროექტი საზღვარგარეთ სასწავლებლად წასული სტუდენტების პერსონალურ ისტორიებს უყრის თავს, იდეის ავტორის ჩათვლით. მარიამ მუმლაძე ვირუსის გავრცელების დროს დანიაში, ქალაქ ოლბორგში იყო.
აღმოჩნდა, რომ ყველა სტუდენტი უცხო ქვეყანაში თავისებურად უმკლავდება მარტოობას, მოწყენილობას, გაურკვევლობას, შიშსა და სასოწარკვეთას. სახლის შეგრძნების სურვილი სახლიდან შორს ყველა მათგანს აერთიანებს, თურმე. თუმცა, იზოლაციაში გამოწვევებს მაინც განსხვავებულად პასუხობენ და ამას უმეტესად მათი განსხვავებული კულტურა, ინტერესები, სოციალური კუთვნილება და ტრადიციები განსაზღვრავს.
მაგალითად, პროიტი და მისი მეგობარი ხაიალი ინდოეთიდან არიან, ერთ სამეზობლოში ცხოვრობენ და ბოლო პერიოდში ხშირად დადიან მათ სახლთან ახლომდებარე მაღაზიაში, სადაც შორეული აღმოსავლეთის ინგრედიენტებს ყიდულობენ. საჭმელს ერთად საათობით ამზადებენ.
“ხშირად ისეთ რამეს ვაკეთებთ, რაც სახლს გვახსენებს და ყველაზე მეტად გვენატრება. ეს რეალობიდან გაქცევას ჰგავს თითქოს, თან საოცრად გვამშვიდებს ამ არეულ დროს”.
ხუანი კი კოლუმბიიდან არის, უკვე 12 წელია სამშობლოდან შორს ცხოვრობს. საოჯახო ფოტოები, წერილები, ზღვის ნიჟარები - ეს ნივთები ყველგან, სადაც მიდის, თან დააქვს და პატარა საოჯახო კუთხეს აწყობს, რომ სახლი მუდმივად გაახსენოს.
“რაც უფრო გავიზარდე, მივხვდი, რომ ამ ნივთებით, ფაქტობრივად, სახლი დამაქვს თან, ჩემი ჯავშანია”.
ბოლო 12 წელია, ხან სწავლის, ხან სამსახურის გამო, ბევრ სხვადასხვა ქალაქსა თუ ქვეყანაში მომიწია ცხოვრება. მნიშვნელობა არ აქვს დროსა და ადგილს, ყველგან, სადაც მივდივარ, თან დამაქვს ჩემი მეორე “მე”. საოჯახო ფოტოები, ზღვის ნიჟარები, მნიშვნელოვანი წერილები სულ მიმაქვს ხოლმე და ერთ კუთხეს ვაწყობ ახალ სახლში, სადაც ყოველთვის არის ყვავილები, სანთლები და საკმეველიც.
როცა გავიზარდე, მივხვდი, რომ ამ ნივთებით, ფაქტობრივად, სახლი დამაქვს თან, როგორც ჯავშანი. ამის მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ ძალიან მოსიყვარულე ოჯახში გავიზარდე, სულ გვქონდა ჩვენი საყვარელი გასართობი, კვირის დღეებიდან ყველაზე მეტად კვირა მიყვარდა. ამ დღეს მთელ ოჯახს შეგვეძლო ის გვეკეთებინა, რაც ყველაზე მეტად გვიყვარდა კოლუმბიაში: მუსიკის ხმამაღლა მოსმენა, ნამცხვრის აუჩქარებლად გამოცხობა, სახლის დალაგების დროს ხმამაღლა სიმღერა, გრძელი და საინტერესო დიალოგები ერთმანეთთან ან ქალაქგარეთ გასვლა დასასვენებლად. იზოლაციის პირობებში, უფრო მეტად ჩავიკეტე ჩემს ჯავშანში. ერთადერთი, რაც ამ რთულ სიტუაციაში მაძლებინებს, ჩემ მიერ მოწყობილი კუთხეა. ამის დამსახურებაა, ჯერ ისევ საღ ჭკუაზე რომ ვარ.
წინა წლიდან დაწყებული, მომავლის წინასწარმეტყველებით ვერთობით ესპანური კარტებით. დანიაში რაც ჩამოვედით, მივხვდით, რომ უკვე დრო იყო, ნამდვილი სამკითხაო კარტი გვეყიდა. დროდადრო, ერთად ვიყავით და ვკითხულობდით იმ მიზნით, რომ უფრო მეტი გვეფიქრა ჩვენს ცხოვრებაზე იზოლაციის პირობებში.
არც ვიცოდით, როდის შევძლებდით სამშობლოში დაბრუნებას, ხულია - წყნარი ოკეანის, მე კი, ატლანტის გავლით. ამ კარტით წინასწარმეტყველება, რაღაც თვალსაზრისით, ინტერნეტს ემსგავსება. მისი საშუალებით, კავშირი გვაქვს გარე სამყაროსთან, ჩვენ გარშემო და ჩვენ მიღმა არსებულ ენერგიებთან. ამ გზით ერთმანეთთან სიახლოვე შევინარჩუნეთ.
ეს სახლი ჩემი ახლანდელი დღეების კარგი მემატიანეა. სანახევროდ აქ ვარ ფიზიკურად, დროის ნახევარს კი სხვადასხვა სივრცეში ვირტუალურად ვატარებ. ამ დრომდე, ორი საყვარელი ადგილი მაქვს, სადაც ცოტა გართობა შემიძლია. ერთი უდავოდ ჩემი საწოლია, რომელზეც ხან ვზივარ, ხან ვწევარ, ხან დახუჭული მაქვს თვალები, ხან გახელილი, ხან ჭერში ვიყურები, ხან თავი ბალიშში მაქვს ჩარგული; აქ ჩემი სხეული მოსვენებულია, ერთდროულად რამდენიმე ეკრანის მართვაც თავისუფლად შემიძლია; საათობით ველაპარაკები ადამიანებს, მათ სახეებს ვხატავ, ონლაინ ბიბლიოთეკაშიც დავძვრები. ჩემი სხეული მატყობინებს, როცა ვიღლები, ოთახის ხმებიც ძლიერდება ამ დროს და გარეთ გავდივარ, სადაც მზე ჩემს კანს ხვდება. ყვავილებიც უნდა მოვრწყა ხოლმე.
სტუდენტური საცხოვრებელი კორპუსის დერეფნები ახლა უმეტესად ცარიელია. როგორც ჩანს, ხალხს ოთახებში დარჩენა ურჩვენია. ქუჩები მენატრება, ხმაური, ჩემი სანტიაგოელი მეზობლები. ალბათ, ამიტომ მაინც გავდივარ გარეთ ჩემი ვარდისფერი მოსაცმლით. ყავას ვსვამ, თან სიგარეტს ვეწევი და გარშემო ვიყურები. ჩემს ნაცნობ რამდენიმე ადამიანსაც ვესალმები: ხუანს, დამასენსა და ანას. დანიელებთან ჯერ ვერ დავმეგობრდი. რა სასიამოვნო ყოფილა დილის მზე აქ, ხშირად არ გვანებივრებს ნამდვილად.
მარტოობის დროს ხატვა განსაკუთრებით მიყვარს. სიმშვიდეს მხოლოდ ამ პროცესში ვპოულობ. სახლიდან შორს, იზოლაცია კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა. მარტივი რაღაცები გენატრება ამ დროს, მაგალითად, მზის ჩასვლა ზღვაზე ან ბავშვის კოცნა. კედელზე ჩემი ნახატები ჩემს მოგონებებს, ფიქრებს, განცდებს ასახავს, იმას, რასაც სიტყვებით ვერ გადმოვცემ. სარკეც შემთხვევით არ ჰკიდია მანდ. სხვა დატვირთვაც აქვს, რეფლექსიისკენ მიბიძგებს.
იზოლაციაში ყოფნის დროს, ჩემს თავს სულ სახლში წარმოვიდგენ ხოლმე, თითქოს ჩემს ეზოში ძაღლთან და კატასთან ერთად ვარ, ან ტელევიზორს ვუყურებ მშობლებთან ერთად ან ჩემს ორსაწოლიან საწოლში ვწევარ.
იმასაც მივხვდი, რომ იზოლაციას ჩემი აქაური ცხოვრება დიდად არ შეუცვლია. ისედაც, დროის უმეტეს ნაწილს ჩემს ოთახში ვატარებდი. უცხო ქვეყანაში ცხოვრების სირთულეები ახლაც იგივეა. ერთადერთი, ახალი ადამიანების გაცნობისა და მათთან ერთად მოგზაურობის შანსი ძალიან შემცირდა.
ბრაზილიაში, ჩემს ოთახში შევქმენი ამ კაბის დიზაინი, რომელიც ხელოვნებისა და მოდის ინჟინერიის ელემენტებს შეიცავს. ახლა, დანიაშიც რომ შემიძლია მისი გამოყენება იმაზე მიანიშნებს, რომ ჩემმა შრომამ და ინვესტიციამ გაამართლა. იმ დროში, რომელშიც მთავარი შუამავალი კომპიუტერია, ნელ-ნელა კიბორგს ვემსგავსები. ამ კაბას ისევ ვაცოცხლებ, მინდა მახსოვდეს, ვინ ვარ იზოლაციაში: ალბათ, ერთი ტექნოლოგიების ჭია გოგო, რომელიც უკვე მშვენივრად შეეჩვია მარტოობას.
საჭმელი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა იმ ადგილთან ან ადამიანთან დასაკავშირებლად, რომლებიც შენგან ძალიან შორს არიან. ჩვენ ორივე ინდოეთიდან ვართ. საერთო ინტერესები გვაქვს, აღმოჩნდა, რომ თურმე ერთნაირი კერძები, სუნელები და გემოები გვიყვარს. ამ რთულ დროს ხშირად ერთად ვართ და ვცდილობთ ის გავაკეთოთ, რაც სახლს გაგვახსენებს. კერძების რეცეპტებს ვათვალიერებთ, სხვადასხვა აღმოსავლურ ინგრედიენტს ვყიდულობთ პროდუქტების ინდურ მაღაზიაში და მერე მთელი საათი ვამზადებთ საჭმელს. ეს თითქოს რეალობიდან გაქცევას ჰგავს, მაგრამ საოცრად გვამშვიდებს ამ არეულ დროს.
იზოლაციაში ყოფნა სახლიდან შორს საერთოდ არ მიჭირს, თუმცა, როცა წარმოვიდგენ, რომ პანდემიის გამო სახლი შეიძლება საფრთხის ქვეშ იყოს იყოს, ძალიან ვნერვიულობ. ყველაზე მეტად მშობლებზე მეფიქრება, ისინი ვირუსით დაინფიცირების მაღალ რისკჯგუფში არიან.
აღმოვაჩინე, რომ ძალიან უმნიშვნელო რაღაცებით შემიძლია ბედნიერი ვიყო. ისიც გავაანალიზე, როგორი პირობითია ამ სამყაროში ყველაფერი.
სტრესთან გამკლავებაში კულინარია მეხმარება. სახლში ჩემს ოჯახსაც ხშირად ველაპარაკები. ჩემს მეგობრებსაც იშვიათად ვნახულობ. განსაკუთრებით იმ რეცეპტების პოვნა მახარებს, რომლებიც ჩემი ქვეყნის სამზარეულოს მახსენებს. პროიტის ძალიან დავუმეგობრდი, ამ სახლშიც არ ვგრძნობ თავს უცხოდ. მადლობელი ვარ, რომ ეს სივრცე მაქვს.
კარანტინმა შემახსენა, რომ მე მანამდეც იზოლაციაში ვიყავი. ეს პერიოდი ჩვეულებრივი დღეებისგან ჩემთვის არ განსხვავდებოდა. მსოფლიოს გარშემო მოგზაურობამ დამანახა, რამდენ მოგონებას ვინახავდი თურმე უცხო ქვეყანაში საცხოვრებლად გადმოსვლამდე. ახლობლებისგან შორს ყოფნა უკვე გამოცდილი მქონდა. ამ კრიზისმა ჩემს შიშებსა და ემოციურ მდგომარეობაზე უფრო დამაფიქრა. თან, თითქოს ეს განცდებიც აღარ არის უცხო, ყოველდღიურ რუტინად იქცა. ხატვა, ჩემი ფიქრების ვიზუალიზაცია ძალიან მეხმარება, რომ ერთ ადგილას არ გავჩერდე და ცხოვრება განვაგრძო. არ ვიცი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მაგრამ ადამიანები ყოველთვის ეგუებიან ახალ გარემოებებს, მაგრამ რა მდგომარეობაშია ამ დროს ჩვენი ფსიქიკა? მას, მგონი უფრო დიდი დრო სჭირდება.
ამ უცნაურმა დრომ ჩემთვის ძალიან მოულოდნელად იმ გარემოში დამაბრუნა, სადაც გავიზარდე. იმ ოთახში ვარ, სადაც ბავშვობაში მთელ დღეებს ვატარებდი, თინეიჯერი გოგო ვიყავი და ბევრსაც ვოცნებობდი. დრო ისე სწრაფად გადის, ხანდახან მგონია, ფილმი “სტალკერის” ზონაში ვარ. თითქოს, ჩემს მოთმინებას ტესტავენ და მოსმენას, მოცდას, დაკვირვებას მასწავლიან. განმარტოების ეს პერიოდი მარტოსულობას სულაც არ ნიშნავს.
მე მაგალითად, მედიტაციისთვის ვიყენებ ამ დროს. ამ პროცესში შეიძლება ფრჩხილებიც კი მოვიხატო. ზუტად ისე, როგორც ჩემს ფოტოშია. ეს ყველაფერი მაგრძნობინებს, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ.
გააკეთე დონაცია