მე ვარ ანა
მჯერა, იღბლიანი თუ ხარ, ცხოვრებაში ისეთ ადამიანს შეხვდები, რომელიც სამყაროს მიმართ შენს აღქმას შეცვლის. ჩემთვის ანა აღმოჩნდა ასეთი ადამიანი. პირველად ონლაინ გავიცანი, “ზუმში”. პროექტზე მუშაობა რომ დავიწყე, ჩემმა მეგობარმა მირჩია მისთვის რჩევები მეკითხა. პირველივე შეხვედრის შემდეგ ისეთი აღფრთოვანებული ვიყავი მისით, რომ ერთად მუშაობა შევთავაზე.
ანამ სამყაროზე სხვანაირად დამაფიქრა; გარემოს მიმართ უფრო მგრძნობიარე გამხადა. ყველას და ყველაფერს გაცილებით ყურადღებით ვუსმენ. თვითონ სულ სხვების დახმარებაზე ფიქრობს. როცა მის გვერდით ხარ, მის შინაგან ძალასთან ერთად, გულწრფელობასა და სიმტკიცეს გრძნობ. ანას გაცნობის შემდეგ, გადავწყვიტე, ეს პროექტი მხოლოდ მასზე ყოფილიყო, ამიტომაც გამოვიდა ძალიან პერსონალური და ჩემთვის განსაკუთრებული.
“თავიდან, სეირნობის დროს მეგონა, რომ რაღაცებს ვხედავდი. 5 წლის რომ ვიყავი, ვფიქრობდი, რომ პატარა შავ წერტილებს ვარჩევდი და ჯერ კიდევ შემეძლო ცოტა მაინც დამენახა. ექიმებმა უსინათლობის დიაგნოზი დამისვეს. მაგრამ ზოგ უსინათლო ადამიანს ძალიან გამძაფრებული სმენა აქვს. იმას რაც ესმით, ჰგონიათ, რომ ხედავენ კიდეც. კედელს რომ ჩავუვლი, კედლის ხმა მესმის. ხესთან რომ გავივლი, მისი ხმაც მესმის.
არ მიყვარს ღია სივრცეები, ვიკარგები. როცა გარემოს ხმები კარად არ მესმის, შეგრძნება მაქვს, თითქოს ჰაერში ვარ. თავს გაცილებით დაცულად ვგრძნობ, როცა საგნების ხმა მესმის. როცა ვიკარგები, თითებს ვატკაცუნებ, რომ მივხვდე, სად ვარ. შემიძლია გამოვიცნო, რა ადგილას ვარ.
ბავშვობაში წითელი ფერი მიყვარდა. რაც მხედველობა დავკარგე, რაც მომეწონებოდა, ყველაფერი წითელი მეგონა იყო. ახლაც კი, თუ კაბა მომეწონება, ჩემს წარმოსახვაში ის წითელია. ყველაფერი კარგი, ჩემთვის წითელთან ასოცირდება.
სოფელში 5 წლამდე ვცხოვრობდი. მხედველობის დაკარგვის შემდეგაც, ყველა ქუჩას და ადგილს ვცნობდი. ვიცოდი, სად იდგა ხეები, სახლები, ჩემი მეზობლის ჭიშკრის ფერიც მახსოვდა. ეს მეხსიერება ნელ-ნელა ფერმკრთალდება, დღეს ბევრი სხვა საფიქრალი მაქვს და თანდათან ის ფერებიც მავიწყდება, რომელიც წარსულიდან მახსოვდა.
სულ ბრძოლაში ვიყავი. ვებრძოდი როგორც ჩემს შინაგან მე-ს, ასევე გარე სამყაროს.
ერთი ოცნება მაქვს, იშვიათად ვამბობ ხმამაღლა. თავისუფალი, ლაღი გოგო მინდა ვიყო, რომელსაც არ დასჭირდება ბრძოლა და საკუთარი თავის დაცვა გარე სამყაროსგან. მინდა ვიყო გოგო, რომელსაც ყველაფრის გაკეთება შეუძლია.
ხშირად გამიგია, რომ ამბობენ: მსოფლიოში ბევრი უფუნქციო ადამიანია. კატეგორიულად არ ვეთანხმები. მე მჯერა, რომ თითოეულ ადამიანს შეუძლია რაღაცის გაკეთება. ყველას ცხოვრებას აქვს აზრი, მიუხედავად იმისა, ჩვენ ვამჩნევთ თუ არა მათ.
ქვეყანაში, სადაც ყველაფერი მონოტონურია და ცვლილებები ძალიან ძნელად მიიღწევა, ხანდახან ვამბობ, რომ თუ თავდადებული და გადარეული არ ხარ, არაფერი გამოვა. მე მინდა ზუსტად ასეთი გადარეული ადამიანი ვიყო, რომ შევცვალო რეალობა. არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის, ყველასთვის!
ხშირად წერენ, რომ ქალები, შეზღუდული შესაძლებლობებით, უფრო მეტად განიცდიან დისკრიმინაციას. ეს სიტყვები განსაკუთრებით არ მსიამოვნებს. მე არ მრცხვენია ჩემი უსინათლობის გამო. უბრალოდ, საშინლად დამღალა იმ პრობლემებმა, რომლებსაც ის მიქმნის.
ჩემს თავს შევპირდი, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ სტერეოტიპულ დამოკიდებულებას შევცვლიდი. ეს მთავარ მიზნად დავისახე. სხვების ქცევას ყურადღებას არ ვაქცევ. ანა მინდა ვიყო.
ყველა ადამიანის უნიკალურობის მჯერა. ტერმინი “უსინათლოთა გაერთიანება,” “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გაერთიანება” ჩემთვის არ არსებობს. ეს ტერმინები სტერეოტიპულია. არ ვეთანხმები ადამიანების კატეგორიებად დაყოფას. ეს კატეგორიზაცია დასაწყისშივე მიკერძოებულს გხდის. მე არც-ერთ გაერთიანებას არ ვეკუთვნი. ჩემთვის ყველაზე ღირებული ადამიანის ინდივიდუალური ხასიათია.
აუცილებლად გვჭირდება ხალხი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების უფლებებისთვის იბრძოლებს, მათი ადვოკატები გახდებიან. სამოქალაქო აქტივისტებმა უნდა შეცვალონ და გააუმჯობესონ გარემო. მეც ამიტომ გავხდი აქტივისტი. ერთ დღესაც ისეთ ქალაქში მინდა გავიღვიძო, რომელიც ყველასთვის მისაღებია.
ბევრ რამეს იუმორით ვუყურებ. რა აზრი აქვს ვინერვიულო იმაზე, რომ სხვებს გაცილებით მეტი შეუძლიათ გააკეთონ, ვიდრე მე. ამაზე ბევრი რომ ვიფიქრო, მაშინ სახლში უნდა დავრჩე და მხოლოდ ფიქრში გავატარო დრო. სისულელეა. არ ღირს. მირჩევნია, უფრო ძლიერი ვიყო. არადა, ხანდახან ძალიან ვიღლები. წარმოიდგინეთ, სულ რაღაცას ვამტკიცებ. ზოგჯერ როგორც სხვა ადამიანი, ისე მიწევს მოქცევა.
გააკეთე დონაცია