გაქცევის გეგმა: ფოტოებით გაცოცხლებული ოჯახის ისტორია

ავტორი: გიორგი როდიონოვი

27.01.21
თემა: ქალები

ოთხი წლის წინ, როცა სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან სახლში დავბრუნდი, ძველი ფოტოებით სავსე ყუთი ვიპოვე.  ოჯახის წევრები ოთახის ამ სივრცეს არ იყენებდნენ და ამიტომ, სპეციალურად, ერთ მტვრიან კუთხეში იდო ეს ყუთიც. ობით  სავსე, მათ შორის ნეგატივებზეც გადასული. ყველაზე მეტად რამაც გამაოცა იყო გამოსახულებები, რომლებიც სულაც არ ჩანდა ჩემთვის ნაცნობი და ახლობელი. ადამიანები და ადგილები, რომლებსაც ამ გამოსახულებებში ვხედავდი, გაცილებით შორეულ წარსულში, სადღაც 50-იან წლებში მაბრუნებდნენ. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ ამ ფოტოებში ასახული ადამიანების ჩაცმულობასა და მანქანის მოდელებს. რამდენიმეს სახე კი მეცნო, მაგრამ ამბებს ვერ ვიხსენებდი. თითქოს ჩემთვის უცხო იყო.

ლუდმილა, დედამილთან და თავის პირველ შვილთან, გოდერძისთან ერთად. ფოტო გადაღებულია იმ დროს, როცა ლუდმილას ქმარი ზახარი ფრონტის წინა ხაზზე გერმანიის წინააღმდეგ იბრძოდა.

მალევე ცხადი გახდა, რომ ეს ფოტოები არა მხოლოდ ერთი ადამიანის ცხოვრების ისტორიას გვიყვებოდა, არამედ ის, ამავდროულად, მთელი საზოგადოების ისტორიაც იყო, რომელიც 50-იანი წლებიდან მოყოლებული 80-იანი წლების პერიოდს მოიცავდა. კამერა ობიექტური დამკვირვებელი აღმოჩნდა მოვლენების და თან შემოგვინახა ამბები, იდენტობები, რომლებიც საშინელი სოციალური წნეხისა და სტერეოტიპების პირობებში, საერთოდ არ გვეცოდინებოდა.   

ის ფაქტი, რომ ამ ამბების შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი, მოულოდნელი არ ყოფილა. ჩემი მშობლები ყოველთვის გაურბოდნენ წარსულზე ჩემთან ლაპარაკს. ამ აღმოჩენამ მიბიძგა, მათგან დაჟინებით მომეთხოვა იმ ადამიანებზე და ადგილებზე მოეყოლათ, რომლებსაც  ფოტოებში ვხედავდი. 

ლუდმილა და ზახარი მოსკოვში მოგზაურობის დროს. 1950-იანი წლები. ისინი ერთმანეთს ბაქოში შეხვდნენ, ლუდმილა მაშინ თინეიჯერი იყო. თბილისში საცხოვრებლად ქორწინების შემდეგ გადმოვიდნენ.
ლუდმილა და ძიმა, გიორგის მამა, მოსკოვში. მშობლებს სხვა შვილები სამოგზაუროდ რატომღაც არ წაუყვანიათ.

გულწრფელად რომ ვთქვა, არასოდეს მესმოდა რატომ იყვნენ ჩემი მშობლები ყოველთვის ჩუმად, როცა მათ ცხოვრებაზე ლაპარაკს ვიწყებდით, ან რატომ არასდროს მიყვებოდნენ ჩემს დაბადებამდე ოჯახის ისტორიებს. ვთქვათ იმაზე, როგორი იყო საბჭოთა საქართველოში ცხოვრების გამოცდილება.

რაც უფრო რთული იყო ჩემს კითხვებზე პასუხების პოვნა, მით უფრო კარგად გავიაზრე, რა ძნელია ოჯახის ისტორიის გაზიარება. თუნდაც,  ძალიან ახლობელი ადამიანებისთვის.

ამ ნეგატივებში, ჩემი ოჯახის წარსულიდან, ბებოს ისტორია ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო აღმოჩნდა. ეს იყო შემთხვევების ჯაჭვი, რომელმაც მინიმუმ სამი თაობის ცხოვრებაზე იქონია გავლენა. ეს უცნაური სიჩუმეც არ იყო უცხო საბჭოთა კავშირში; მაშინ რკინის ფარდა მხოლოდ ჩაკეტილ საზღვრებს ან კოკა-კოლის აკრძალვას არ გულისხმობდა. პირველ რიგში, ის შიშის ძლიერ განცდას ნიშნავდა. პერსონალური ისტორიის გაზიარების შიში, შესაბამისად, ძალიან რეალისტური იყო; შენი წარსულის შიშიც მათ შორის, რომლითაც თუ დაინტერესდებოდნენ, შეიძლებოდა მთელი ცხოვრება დისკრიმინაციაში, ძალადობასა და სიკვდილის მოლოდინში გაგეტარებინა.

დღემდე ჩემს თავს ქართველად მივიჩნევ, მიუხედავად იმისა, რომ აქამდე როგორც მეუბნებოდნენ, მამაჩემის დედა რუსი იყო. ნახევრად სიმართლე კი აღმოჩნდა ეს მოგვიანებით.

ქმრის ფრონტიდან დაბრუნების შემდეგ, ლუდმილა Leica-ს (ფოტოკამერა) ფირზე ისევ აღბეჭდავდა თავის ცხოვრებას და იმ შინაგან ტრანსფორმაციას, რომელსაც ის, ჯერ როგორც ებრაელი დევნილი, მოგვიანებით კი, როგორც ბაქოდან თბილისში ემიგრირებული რუსი განიცდიდა.
ლუდმილა პარკში მეზობლებთან ერთად. ეს პარკი მათი სახლის მოპირდაპირე მხარეს იყოს.
ძიმა და თავისი და ლიზა. ფოტო გადაღებულია თბილისში, მათი საცხოვრებელი სახლის წინ.
ზაფხული თბილისში. ეს ფოტო ერთ-ერთია იმ 600 ნეგატივს შორის, რომელიც ლუდმილამ თან წამოიღო და ოჯახს წლები დავიწყებული ჰქონდა.
ლუდმილა ქალიშვილთან, ლიზასთან ერთად პარკში, მათი საცხოვრებელი სახლის წინ. ფოტოს გადაღების წელი უცნობია. ბევრი სხვა დეტალი ფოტოების უკვე დავიწყებულია.
ამ ნეგატივებში, ჩემი ოჯახის წარსულიდან, ბებოს ისტორია ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო აღმოჩნდა. ეს იყო შემთხვევების ჯაჭვი, რომელმაც მინიმუმ სამი თაობის ცხოვრებაზე იქონია გავლენა.

სინამდვილეში, ჩვენი ოჯახის ნამდვილი ისტორია ბერლინში იწყება თურმე, 1935 წელს. ჩემი დიდი ბებია, სტელა ცუკერმანი, დიდ გასაჭირში ჩავარდნილა. როცა ნაცისტური გერმანია ებრაელ ხალხს თავს დაესხა, მას სასწრაფოდ თავშესაფრი უნდა ეპოვა თავისთვის და 11 წლის ქალიშვილისთვის, ლუდმილასთვის. ბებოს ქმარი რუსი იყო; სხვა ვერაფერი მოუფიქრებია და ქმრის გვარზე გადასულა. იმედი ჰქონდა, რომ ამ ცვლილებით ცოტა ხანს მაინც აიცილებდა საშინელ აგრესიასა და შეზღუდვებს, რომლებსაც ბერლინში ებრაელი ხალხის მიმართ აწესებდნენ.

მოგვიანებით, ბებო მიმხვდარა, რომ ვერც რუსული გვარი გადაარჩენდა და ლუდმილასთან ერთად გაქცეულა. მხოლოდ კამერა წაუღია თან, რომ ახალი ცხოვრება ფირზე აღებეჭდა. თავიდან  ბერლინიდან პოლონეთში  წასულან, შემდეგ კიევში და ბოლოს, კავკასიაში, ბაქოში დასახლებულან.

ამ დროს ლუდმილა უკე 15 წლის იყო. ისიც კამერით იღებდა თავის ახალ ცხოვრებას. აქედან ვიგებთ, რომ ლუდმილა 26 წლის ქართველს შეხვედრია, სახელად ზახარს, რომელიც საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში (KGB)-ში მსახურობდა და ბაქოში მუსიკის შესასწავლად ჩასულა. ერთმანეთი შეყვარებიათ და ლუდმილა ზახართან ერთად თბილისში გადმოსულა საცხოვრებლად. სტელა ბაქოში დაუტოვებია.

მათი პირველი შვილი გოდერძი, ახალი დაბადებული იყო, როცა ზახარს ახლადშექმნილი ოჯახის დატოვება მოუწია და საბრძოლველად ფრონტის წინა ხაზზე წავიდა. ის, ფაქტობრივად, ლუდმილას კვალს გაჰყვა. უკრაინის გავლით გერმანიაში განაგრძო ბრძოლა.

ლუდმილა და ზახარი თავის სამ შვილთან ერთად. ერთი პატარა გოგოს ვინაობა უცნობია. ლუდმილა 11 წლის იყო, როცა დედასთან ერთად ნაცისტური გერმანიიდან გამოქცევა მოუწიათ. ბოლოს, ბაქოში დასახლდნენ, სადაც ის მომავალ ქმარს, ზახარს შეხვდა. მათ ერთმანეთი მუსიკალურ სასწავლებელში გაიცნეს.
ეს ფოტოები არა მხოლოდ ერთი ადამიანის ცხოვრების ისტორიას გვიყვებოდა, არამედ ის, ამავდროულად, მთელი საზოგადოების ისტორიაც იყო, რომელიც 50-იანი წლებიდან მოყოლებული, 80-იანი წლების პერიოდს მოიცავდა.
ლუდმილა შვილებთან ერთად. ის ბერლინში, ებრაულ-გერმანულ ოჯახში დაიბადა. ის მთელი ცხოვრება საკუთარ წარსულს მალავდა და ცდილობდა ახალ იდენტობას შეგუებოდა. ის თითქოს რუსი იყო ბაქოდან ჩამოსული საცხოვრებლად.

ლუდმილა და ზახარი თავიანთ ორ შვილთან ერთად. დანარჩენები, სავარაუდოდ, ნათესავები უნდა იყვნენ. იმ პერიოდში, როცა ეს ფოტოები აღმოაჩინეს, ამ თაობიდან მხოლოდ ერთი ადამიანიღა იყო ცოცხალი. ძიმას ინსულტი დაემართა და ვეღარ შეძლო წარსულიდან საინტერესო დეტალები გაეხსენებინა.  

 

ომის შემდეგ, მათი პატარა ოჯახი გაიზარდა. ლუდმილა Leica-ს (ფოტოკამერა) ფირზე ისევ აღბეჭდავდა თავის ცხოვრებას და იმ შინაგან ტრანსფორმაციას, რომელსაც ის, ჯერ როგორც ებრაელი დევნილი,  მოგვიანებით კი,  ბაქოდან თბილისში ემიგრირებული რუსი განიცდიდა. 

მთელი ცხოვრება ეშინოდა თავისი ებრაული იდენტობა და წარსული გაემჟღავნებინა. ეს მხოლოდ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, 2016 წელს შეძლო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც ვერ ბედავდა ამაზე ხმამაღლა  ლაპარაკს. დარწმუნებული იყო, რომ ახლაც დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდებოდა, ამჯერად, როგორც ეთნიკური უმცირესობის წევრი. საქართველოში ეთნო-ნაციონალისტური რიტორიკა მაშინ უკვე ძლიერდებოდა.

ჩემი ოჯახის ამბავი დღეს შეიძლება გაფრთხილებადაც აღვიქვათ, რომ ეს სისასტიკე და დაუნდობლობა აღარასოდეს განმეორდეს. მეჩვენება, რომ ეს გაუმჟღავნებელი ისტორიებიც წინასწარ განსაზღვრული სცენარის ნაწილია. სამუდამოდ დავიწყებული იქნება, რადგან იმ თაობის წარმომადგენლები აღარც არიან ცოცხლები. მაგრამ, მოვლენების გააზრებისთვის ეს ხომ არ არის სწორი გზა?

ჩემი ოჯახის მაგალითი კარგი გაკვეთილი შეიძლება იყოს: მამაჩემმა დედაზე ისტორიის მოყოლა ჩემი რამდენიმეწლიანი დაჟინებული თხოვნის შემდეგ გაბედა. სანამ ყველაფერს დაწვრილებით ამიხსნიდა, მამას ინსულტი დაემართა. გაცილებით მეტი მინდოდა მცოდნოდა ლუდმილასა და სტელას ცხოვრებაზე, მაგრამ მისი  მეხსიერების გამო, ეს მოგონებები დღეს არასრულყოფილია. უფრო მეტიც, ძალიან რთულია გაარჩიო სად არის სიმართლე და სად მისი წარმოსახვა.

ხანდახან ვფიქრობ, რომ მამაჩემისთვის დიდი შვება იყო ეს ამბავი საბოლოოდ მაინც რომ  გამიმხილა. იმ დღეს, როცა ლუდმილას ცხოვრებას იხსენებდა ჩემთან, ტიროდა. “გიო, ჩემი პიჯაკი მომაწოდე, ისრაელში უნდა წავიდეთ. დედა დავიბრუნე და ის მალე თბილისშიც ჩამოვა მატარებლით. სახლში ერთად წავალთ.”  

  

პროექტი საქართველოში ისრაელის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.

სრული  პროექტის სანახავად გადადით მითითებულ ბმულზე

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია