ბიჭი საოცრად დიდი ლამაზი შავი თვალებით
თედოს მაშინ შევხვდი, როცა ის 4 წლის იყო. პატარა ბიჭი საოცრად დიდი ლამაზი შავი თვალებით, ასე დამამახსოვრდა. თედოს აუტიზმის სპექტრის აშლილობის დიაგნოზი 2 წლის ასაკში დაუსვეს. როგორც გავიცანი, მივხვდი, რომ ხალხთან ლაპარაკი არ უყვარდა, თავისი სამყარო ჰქონდა და იქ გრძნობდა თავს კარგად.
ფოტოების გადაღება დავიწყე და თან ვნერვიულობდი, როგორი რეაქცია ექნებოდა თედოს ამაზე. სახალისო იქნებოდა მისთვის, თუ პირიქით, კამერის ხმა გააღიზიანებდა. გამიმართლა. თედოს ისე მოეწონა ჩემი კამერის “ჩხაკუნის” ხმა, რომ ყველა ფოტოზე განსხვავებული ემოციით და პოზით აღიბეჭდა. რამდენიმე ათეული კადრის მერე, მთხოვა, გავჩერებულიყავი. აი, ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა.
თედოს დიაგნოზმა სრულიად შეცვალა მისი მშობლებისა და ოჯახის სხვა წევრების ცხოვრება. დრო დასჭირდათ გაეგოთ, როგორი მოვლა და აღზრდა სჭირდება ბავშვს ამ დიაგნოზით. არც ამ რეალობასთან შეგუება მომხდარა სწრაფად. დავრწმუნდი, რომ მხოლოდ მშობლის უპირობო სიყვარულს შეუძლია ამ სიძნელეებთან გამკლავება, მით უმეტეს, საქართველოში, როცა აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების მიმართ სტიგმა ისევ ძლიერია.
მიუხედავად ამისა, აუტიზმზე ინფორმაცია ჩვენს ქვეყანაში, ბოლო პერიოდში, საგრძნობლად გაიზარდა. მახსოვს, ადრე ბავშვებს სახლებში კეტავდნენ ამის გამო, მშობლებიც არასოდეს იტყოდნენ ხმამაღლა, სირცხვილად ითვლებოდა. დღეს გაცილებით მეტი შესაძლებლობებია მშობლებისთვისაც და ბავშვებისთვისაც.
თედო განსაკუთრებით მგრძნობიარეა ხმაურისა და სინათლის მიმართ. ის ძალიან შემოქმედებითია. ხატავს, უკრავს, მღერის და ამის გარდა, კიდევ ბევრი რამ აინტერესებს. რამდენიმე ენაც თავისით ისწავლა. როგორც ფოტოგრაფს, მინდოდა სხვებისთვის ის სამყარო გამეცნო, როგორც მას თედო ხედავს და აღიქვამს. ამ ზაფხულს როცა თედოსთან სტუმრად წავედი, ერთი ფოტოაპარატი მისთვის წავიღე. მაინტერესებდა, მოეწონებოდა თუ არა გადაღების პროცესი.
ამ ექსპერიმენტის შედეგი ეს ფოტო-პროექტია, რომელიც თედოს ცხოვრებას ორი პერსპექტივიდან გვანახებს: ერთი, მისი წარმოსახვით და მეორე, ჩემი, როგორც დამკვირვებლის.










ფოტო ისტორია მომზადდა „ფრიდრიხ ებერტის ფონდის“ სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება, არ გამოხატავდეს ფონდის შეხედულებებს.
გააკეთე დონაცია