მე, ხრუშჩოვი: აკრძალული სიყვარულის ისტორია საბჭოთა საქართველოში

ავტორი: გიორგი როდიონოვი

24.03.21
გამოცემა: სიბერე

1956 წლის 5 მარტი, თბილისი, საბჭოთა საქართველო: “მე ხრუშჩოვი ვარ, მე ხრუშჩოვი ვარ” - ყვიროდნენ უნივერისტეტის სტუდენტები დედაქალაქის ცენტრში, ლენინის მოედნის გარშემო. ისინი ერთ ბიჭს მისდევდნენ, სახელად კიკას, რომელიც საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის,  ნიკიტა ხრუშჩოვის ფორმაში იყო ჩაცმული. 

სხვებიც იქვე ახლოს შეკრებილიყვნენ, დახვეულ კიბეზე იდგნენ. მათგან არც ისე მოშორებით, ორ ახალგაზრდა კაცს მსუქანი ღორი ეჭირა, დანარჩენები კი მის გაპარსვას ცდილობდნენ.18 წლის საშა თბილისში ახალი გადმოსული იყო,ზუსტად მას ხვდა პატივი ხრუშჩოვის პორტრეტი სისხლიანი ღორის კისერზე ჩამოეკიდა. ის მალე ამ გაბრაზებულ ხალხს შეუერთდა მოედანზე. ღორი სწრაფად გარბოდა და თან, კისრიდან წამოსული სისხლით ქუჩაში კვალს ტოვებდა.

ორი წლის წინ, უკრაინაში დამპატიჟეს, სოციალურ აქტივიზმში ხელოვნების როლზე უნდა გვემსჯელა. ეს ამბავი ჩემს ხანშიშესულ  მეზობელს, ალას გავუზიარე. არ მინდოდა ენერვიულა თუ ცოტახანს უბანში ვერ დამინახავდა. 

როგორც კი ვუთხარი, სად მივდიოდი, უცებ შეცბა. დავინახე, რომ სიხარულისგან თვალებიც აუციმციმდა. თითქოს წლებია უკვე ელოდება ვინმეს, ვინც ქალაქ დნეპრში მისთვის წავიდოდა.

სანამ ვკითხავდი, რატომ იყო მისთვის ეს ქალაქი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, გაიქცა და მალევე ხელში პატარა ფურცლით შემობრუნდა: “გთხოვ, ამ მისამართზე წადი და იკითხე კაცი, სახელად საშა. უთხარი, რომ ისევ მიყვარს,”მეუბნება ალა.

 

ალა და საშა, თბილისი, 50-იანი წლები

ამ სახლში ის ერთი წლიდან ცხოვრობს და აბსოლუტურად ყველას იცნობს, ვისაც კი აქ ოდესმე უცხოვრია. საათობით მილაპარაკია მასთან. ალა საბჭოთა საქართველოს დედაქალაქში, თბილისში გაიზარდა. ვიცოდი მისი ბოლო ქმრის, ქალიშვილისა და შვილიშვილის შესახებ. მაგრამ საშაზე არასოდეს არაფერი მსმენია. ძალიან ადრე, ალა პირველ ქორწინებაზე მიყვებოდა. ეს ამბავი ნამდვილად ჰგავდა ზღაპარს, რომელიც ერთდროულად აერთიანებდა სიყვარულს, დანაკარგს, მოულოდნელ გაუჩინარებას, პოლიტიკურ რეპრესიას, ათწლეულების განმავლობაში სიჩუმესა და უპასუხო სიყვარულის ისტორიას.

ეს ზღაპარი კი 60 წლის წინ დაწყებულა, 1955 წელს. ალა ამ დროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. ერთ დღესაც, ლექციის დროს, საშას აუდიტორიაში შემოუხედავს, რომელიც თურმე ნამდვილად ჰგავდა რომანტიული ფილმის გმირს. “აუდიტორიაში მაშინ შემოვიდა, როცა ლექცია უკვე დაწყებული იყო. მის ცისფერ თვალებს რომ შევხედე, მაშინვე ვიგრძენი, რომ ერთმანეთისთვის გავჩნდით,”იხსენებს ალა (ალა, თბილისი, საქართველო, 1940-იანი წლები).

ახალგაზრდა, სიმპატიური, სიცოცხლით სავსე - საშა მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი გახდა. მათი სიყვარულის ისტორია თითქოს ფილმიდან საყვარელ სცენას იმეორებდა: მდინარის პირას სეირნობა, წვიმაში კოცნა, საიდუმლო თაყვანისმცემლისგან მოულოდნელად მირთმეული ყვავილები უნივერსიტეტში…

რომანი, რომელიც ძალიან ჰგავდა წიგნში მოთხრობილ ზღაპარს, ქორწინებიდან მალევე დასრულდა. ალა დაფეხმძიმდა, ცოლ-ქმარი მოუთმენლად ელოდებოდა ბავშვის დაბადებას. თუმცა, ექიმთან ერთმა რუტინულმა ვიზიტმა მათი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ალას სასწრაფოდ აბორტის გაკეთება მოუწია, ან მაშინ სიცოცხლე უნდა გაერისკა. 

ამ ამბიდან დიდი დრო არ იყო გასული, როცა საშამ ანტი საბჭოთა ფართომასშტაბიან პროტესტში მიიღო მონაწილეობა.1956 წლის 5 მარტს, ის ერთ-ერთი იყო იმ სტუდენტებს შორის, რომელსაც თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე, ღორის სისხლიან კისერზე ჩამოკიდებული ნიკიტა ხრუშჩოვის პორტრეტი ეჭირა.

ამ სიმბოლურ აქტს, ტრაგიკული შედეგი მოჰყვა. საშა აიძულეს საქართველო დაეტოვებინა და თავის სამშობლოში, უკრაინაში დაბრუნებულიყო. 

დღეს ეს ამბავი სხვა ახალგაზრდა წყვილისთვის შეიძლება გამოწვევა ყოფილიყო, მაგრამ არა ცხოვრების დასასრული. თუმცა, საბჭოთა საქართველოში, ეს განაჩენი აღმოჩნდა. ალას საქართველოს დატოვების უფლებას არ აძლევდნენ, საშას კიდევ დარჩენა აეკრძალა. სიტუაცია მაშინ გართულდა, როცა ქალაქ დნეპრში უცხოელებს აღარ უშვებდნენ, რადგან ადგილობრივი სამუშაო ძალის 60%-ი ქარხანაში დაასაქმეს და საიდუმლო რაკეტებს აწარმოებინებდნენ. ყველა კომუნიკაცია ქალაქში და მის გარეთ, მკაცრად კონტროლდებოდა. საშასთვის, ფაქტობრივად, ალასთან მისასვლელი ყველა გზა ჩაიკეტა (საშას პასპორტი. ეს ფოტო ქალაქ დნეპრში ჩემი მოგზაურობის დროს გადავიღე, 2009)

2019 წლის სექტემბერში, დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, რაც საშას და ალას ტრაგიკული სიყვარულის ისტორია მოვისმინე, ჟანგისფერი რკინის ჭიშკრის წინ ვიდექი ქალაქ დნეპრში და ხელში ალას მოცემული ფურცელი მეჭირა, რომელზეც მისამართი დამიწერა. სახლი მატარებლის მთავარ სადგურთან ახლოს იყო, ქუჩის სახელი და ფურცელზე დაწერილი მისამართი ერთმანეთს ემთხვეოდა

ხელი როგორც კი ავწიე ჭიშკარზე დასაკაკუნებლად, ავნერვიულდი. კარს ჯერ კიდევ აჩნდა ძველი ცისფერი საღებავის კვალი, რომელიც მაშინდელ თბილისში ძალიან პოპულარული იყო. მეგონა, გული ამომივარდებოდა მკერდიდან. თითქოს 19 წლის საშას უნდა გაეღო ჩემთვის კარი

ღრმად ჩავისუნთქე და დავაკაკუნე.

თავიდან არავინ მიპასუხა. რამდენიმე ცდის შემდეგ, ქალმა შეაღო კარი და გამომხედა

- ვინ ხარ? რა გინდა?

- მე რომ დამინახადაიბნა. ცოტა ეჭვით მიყურებდა

- გამარჯობა, მე გიორგი ვარ, თბილისიდან. ძია საშას ვეძებ, აქ ცხოვრობს?

- ვინ? არასწორ მისამართზე ხარ. სანამ პოლიციას გამოვუძახე, წადი - მითხრა და კარები მაგრად მიიჯახუნა. ამ დროს ეზოდან ძაღლების ყეფა შემომესმა.

ამას არ ველოდი. თან, არ მინდოდა ასე ადვილად დავნებებოდი და ალას თხოვნა ვერ შემესრულებინა.

რამდენიმე დღის შემდეგ, ფურცლით ხელში, ისევ დავბრუნდი ამ მისამართზე. ამჯერად სამი უკრაინელი მეგობარი გავიყოლე, არ მინდოდა ჩემს დამტვრეულ რუსულს ხელი შეეშალა

გაგვიმართლა. ეს ქალი უფრო მეგობრული ჩანდა. აღმოჩნდა, რომ საშასაც გადასარევად იცნობდა. მისი რძალი იყო (ლურჯი ჭიშკარი საშას სახლის წინ ქალაქ დნეპრში, 2009).

მოგვიყვა, რომ საშას ცხოვრება 1956 წლის მოვლენებს მნიშვნელოვნად შეუცვლია

მისი გადაწყვეტილება, რომ ხრუშჩოვის ფოტო ღორის კისრის გარშემო დაეკიდა, საქართველოს თანამედროვე ხელოვნების ისტორიაში თურმე ერთ-ერთ პირველ პოლიტიკურ პერფორმანსად შეფასდა. ამის გამო საშა უნივერსიტეტიდან გაუთავისუფლებიათ და სასწრაფოდ საქართველოს დატოვებაც მოუთხოვიათ.

როგორც კი საშა დნეპრში ჩასულა, მას საიდუმლო, “სარაკეტო ქალაქადმოიხსენიებდნენ უკვე და ყველას მიმოსვლას მკაცრად აკონტროლებდნენ. ახალგაზრდა საშას, რომელსაც რევოლუციური წარსული ჰქონდა, ალასთან ურთიერთობა აეკრძალა.

ქალაქი მხოლოდ 1987 წელს, “პერესტროიკისდროს გაიხსნა. ამ დროს საშას უკვე მეორე ცოლი და ვაჟი ჰყავდა. მოქანდაკე გამხდარიყო.

თუმცა, ახალმა ცხოვრებამ და კარიერამ ალა ვერ დაავიწყა. ხსნა ალკოჰოლში უპოვია და როგორც ოჯახი გვიყვება, 2002 წელს მისი სიკვდილის მიზეზიც ეს გამხდარა (ფოტოები საშას საოჯახო ალბომიდან, ქალაქი დნეპრი, 2009).

თბილისში დაბრუნებისთანავე ალას ყველაფერი მოვუყევი საშაზე. როგორც დავასრულე ლაპარაკი, მითხრა, რომ მას შემდეგ ერთხელ კიდევ უნახავს საშა… ერთი კვირით ადრე, ვიდრე საბჭოთა კავშირი დაინგრეოდა. ალა იმ შენობაში მუშაობდა, რომელიც 1956 წლის საპროტესტო გამოსვლებთან ახლოს იყო.

“ჩვენი დაცვა შენობაში ყველა შემომსვლელს აკონტროლებდა, არც ზემოთ უშვებდა ვინმეს. აკრძალული გვქონდა სტუმრების მიღება.”

“ერთხელაც, ჩემი სამუშაო მაგიდიდან ზემოთ ავიხედე და ის დავინახე, ნამდვილად საშა იყო… თითქოს მოჩვენება, უეცრად აღმოცენებული. ახლაც არ ვიცი, როგორ მოახერხა შენობაში შემოსვლა. ისე დაჟინებით მიყურებდა, გეგონება არ სჯეროდა მე რომ ვიყავი. სულ რამდენიმე სიტყვა ვუთხარით ერთმანეთს. უფრო სწორად, მან მითხრა, მე ხმას ვერ ვიღებდი, შოკში ვიყავი. მისგან გავიგე, რომ მაშინ უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის რამდენიმე კგბ-ს აგენტი ყოფილა, სახელებიც კი დამისახელა. კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ამ დროს ჩემი თანამშრომლები შემოვიდნენ ოთახში. მოვიხედე თუ არა, უკვე წასული დამხვდა.”

არ ვიცი მართალია თუ არა, რასაც ალა ყვება, თუმცა მისმა მეხსიერებამ ეს ამბავი ასე შემოინახა. შეიძლება ეს შეხვედრაც მირაჟი იყო.

თბილისი, 1950-იანი წლები

როგორკი კი დაასრულა ლაპარაკი, ფანჯარაში გაიხედა და ამ წელს თბილისში მოსულ პირველ თოვლს შეხედა. გაყინული ფანტელები ხის ტოტებს ეცემოდა… გაზაფხულის მოსვლის იმედი მაინც უკვე იგრძნობოდა…

ამ დროს ჩემთვის წამით ყველაფერმა შეწყვიტა არსებობა. სრული სიჩუმე ჩამოწვა…მხოლოდ ჩემი გულის ცემა მესმოდა.

“რა არის სიყვარული, ალა? - ვეკითხები.

“სიყვარული მოლოდინია. როცა მას იპოვი, მერე სულ მის სახლში დაბრუნებას ელი,” მპასუხობს ალა ღიმილით და ვხედავ, როგორ უწყლიანდება ლამაზი ცისფერი თვალები.


სტატია მომზადდა „ფრიდრიხ ებერტის ფონდის” სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება, არ გამოხატავდეს ფონდის შეხედულებებს.

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია