მასწავლებელი ხაიშიდან

21.04.21

“მასწავლებელი ხაიშიდან” 10 წლის წინ GIPA-ს სტუდენტების მიერ გადაღებული ფილმია, რომელიც სვანეთში, სოფელ ხაიშში მცხოვრები ზურა ნიჟარაძის ბრძოლაზე გვიყვება ხუდონჰესის მშენებლობის წინააღმდეგ. 2012 წელს ზურასთან ერთად, მთელი სოფელი აპროტესტებდა გიგანტური ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას რეგიონში. 

ხუდონჰესის მშენებლობა 1979 წელს დაიწყო და 1989 წელს შეწყდა. ამ პროცესს გარემოსდაცვითი და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის საპროტესტო გამოსვლები უძღოდა წინ. საქართველოს მთავრობამ პროექტის განახლება 2005  წელს გადაწყვიტა. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული გეგმის მიხედვით, ჰესის მშენებლობა 2012 წელს უნდა დაწყებულიყო და 2018 წელს დასრულებულიყო. ბუნების დამცველები საფრთხეებს შორის ლანდშაფტისა და მიკროკლიმატის  ცვლილებას, ეროზიული და მეწყრული პროცესების გააქტიურებას ასახელებდნენ. სოფელი ხაიში საერთოდ გაქრებოდა, რაც თემში შემავალი  სხვა სოფლების დაცლასაც გამოიწვევდა. საპროექტო არეალში ხვდებოდა 600 საფლავი.

ხელისუფლება ადგილობრივ მოსახლეობას ჰიდროელექტროსადგურის აშენების აუცილებლობაში, სოფლების დატბორვის ფასად, ვერ არწმუნებდა. მაშინ მოსახლეობა მთავრობისგან ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობას მოითხოვდა და პერმანენტულ საპროტესტო გამოსვლებს აანონსებდა. 

მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო ხუდონჰესის მშენებლობა დღემდე შეჩერებულია.