სუფთა ჯიში

28.04.21
პანდემიის დროს, ვიდეო კამერა ადამიანებისა და თბილისის ქუჩებში დარჩენილი ძაღლების თანაცხოვრების მაგალითებს ეძებს. ეს ურთიერთობა ზოგჯერ დამთრგუნველი, ზოგჯერ კი, პირიქით, იმედისმომცემია. 
 
თბილისის ქუჩებში 50 000-ზე მეტი ძაღლი ცხოვრობს. თითქმის ყველა რესტორანს, კაფესა და მაღაზიას საკუთარი ძაღლი ჰყავს მიკედლებული. რაც პანდემია დაიწყო, ძაღლები პრაქტიკულად მშივრები დარჩნენ. ეს ვიდეო ესე მოქალაქეებისა და მათი ოთხფეხა მეგობრების ურთიერთობას აჩვენებს. ქუჩაში უპატრონოდ დარჩენილი ძაღლების მიმართ დამოკიდებულება განსხვავებულია. რეჟისორ ელენე მიქაბერიძის აზრით, ამ დამოკიდებულებას ბევრის თქმა შეუძლია ჩვენს საზოგადოებაზე. ის ქუჩის ძაღლებისა და ადამიანების თანაცხოვრებას აკვირდება თბილისში და ამ ვიდეოში სოლიდარობის მაგალითებს გვაჩვენებს.
 

ელენა მიქაბერიძე:

ამ ვიდეო ესეს დახმარებით მინდოდა თბილისს ქუჩაში დარჩენილი უპატრონო ძაღლების თვალით დავკვირვებოდი. რამდენიმე დღე და ღამე მათთან ერთად ვიხეტიალე ქალაქში და თითქოს უკეთესად აღვიქვი ქალაქიც და ის ადამიანებიც, რომლებიც ჩემ გვერდით ცხოვრობენ. ფილმში ჩანს,  როგორ იცვლება თბილისი სამუდამოდ.

ჩემმა მეგობარმა შალვამ დამანახა, როგორი რთულია საყოველთაო მოწოდებას “დარჩი სახლში” დაემორჩილო, მაშინ როცა ქუჩაა შენი სახლი. როგორი რთულია დაიცვა საკუთარი თავი და სხვები, როცა შენ არავინ გიცავს.

შალვა ამბობს, რომ დღეს მისი დაცვა მხოლოდ ძაღლებს შეუძლიათ. მისმა გამოცდილებამ იმედი მომცა, რომ ადამიანებისა და ცხოველების მშვიდობიანი თანაცხოვრება შესაძლებელია; რომ ეს ქალაქი ყველას ერთნაირად ეკუთვნის და ეს სივრცე ყველამ უნდა გავიზიაროთ.