მესამე ტალღის მხედრები - ციფრული მომავალი

ავტორი: გიორგი როდიონოვი
16.06.21

2016 წლის დეკემბერის დასაწყისი იყო. ეს ის პერიოდია თბილისში თავსხმა წვიმები რომ იცის და ამინდი ზამთრისთვის გამზადებს. ის დღეც ზუსტად ასეთი იყო. ტელეფონზე ჩემმა ყოფილმა პარტნიორმა დამირეკა, რომელმაც ცოტა ხნით შეხვედრა მთხოვა. ქუჩაში, ჩემი სახლის წინ მელოდებოდა.

დიდი ხნის დაშორებულები არ ვიყავით, ამიტომ მისი დანახვისას მაშინვე გულის ცემა ვიგრძენი. ცოტა დაძაბულებიც ვიყავით. ვერაფრით წარმოვიდგინე, რაღა უნდა ეთქვა მას შემდეგ, რაც ერთხელ უკვე გამომიტყდა, რომ ისევ მე ვუყვარდი, მაგრამ მაინც სხვასთან ერჩია ყოფნა.

მალევე გავიგე, რომ ცხოვრებაში ძალიან ბევრჯერ იჭრებიან შენს პირად სივრცეში თურმე. არც ჩვენი შეხვედრა ყოფილა გამონაკლისი. მითხრა, რომ სოციალური ქსელის ყველა ჩემი ანგარიშის პაროლი ზეპირად იცოდა და შეეძლო ჩემს ელექტრონულ მოწყობილობებზე პირდაპირი წვდომა ჰქონოდა. უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის, რამდენიმე ისეთი ფაქტი მიხსენა, რომელიც მხოლოდ ჩემი ანგარიშების გატეხვის შემთხვევაში ეცოდინებოდა. თუ არ შევწყვეტდი წიგნის წერას, დამემუქრა, რომ გამანადგურებდნენ. 

ეს დღე გარდამტეხი აღმოჩნდა ჩემსა და ციფრულ სამყაროს შორის ურთიერთობაში.

იმის ნაცვლად, რომ ჩემი სოციალური ქსელის ანგარიშებისთვის ახალი და რთული პაროლები მომეფიქრებინა, უსაფრთხოების ზომები საერთოდ აღარ მადარდებდა.

იმის წერაც შევწყვიტე, რაზეც ვმუშაობდი.

უტოპიად მეჩვენებოდა, რომ ინტერნეტი ოდესმე სრულ თავისუფლებასა და დემოკრატიულ სივრცეს მოგვცემდა. ისეთ გარემოს შექმნიდა, სადაც ადამიანები თანასწორები არიან და მათი პერსონალური ინფორმაციის დაცვა მთავარი პრიორიტეტია. 

რამდნიმე წლის შემდეგ, ჩემმა ახალმა მეგობარმა მკითხა “დარქ ვებზე” (ინტერნეტის ბნელ ქსელზე) თუ გაგიგია რამეო. მაშინ მხოლოდ ინტერნეტის დაშიფრულ ნაწილზე მსმენოდა, მომხმარებელს სპეციალური პაროლები რომ სჭირდებოდა გარკვეულ საიტებზე წვდომისთვის. მაგრამ, ბნელი ქსელი სრულიად ახალი იყო ჩემთვის.

საღამოა, ბარში ვსხედვათ. ხმაურია შიგნით და ჭაჭას ვსვამ მეგობართან ერთად. სწორედ მისმა სიტყვებმა გამიჩინა იმედის ნაპერწკალი, რომ ინტერნეტმა ჯერ კიდევ შეიძლება უსაფრთხოების განცდა დაგვიბრუნოს. 

ამიხსნა, რომ ბნელი ქსელი უსაფრთხო ინტერნეტის ერთგვარი კონცეფციაა, ერთ-ერთი სახეობის ინტერნეტი, მარტივად რომ ვთქვათ, სადაც ყველაფერი შეგიძლია გააკეთო ისე, რომ საკუთარი ვინაობა არ გათქვა. მასზე წვდომა ყველას შეუძლია ჰქონდეს: ბრაუზერი TOR უნდა ჩამოტვირთო და ეგ არის.

თუმცა, არც ისე მარტივია ყველაფერი. განსაკუთრებით მაშინ, თუ ბნელ ქსელზე ვლაპარაკობთ. დამწყებებისთვის რაც TOR-ს თქვენთვის შეუძლია გააკეთოს ის არის, რომ IP მისამართს გიცვლით და შემთხვევითობის პრინციპით, მსოფლიოს სხვა წერტილს გაკავშირებთ.

ბნელი ქსელი გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ უსაფრთხო სივრცე. ის შეიქმნა იმისთვის, რომ ისეთ სააგენტოებს, როგორებიც მაგალითად, უშიშროებისა და თავდაცვის სამინისტროებია, ინტერნეტი კვალის დატოვების გარეშე გამოეყენებინათ. მოგვიანებით, ის ქაოტურ, დაურეგულირებელ სავაჭრო ადგილად გადაიქცა, სადაც კრიმინალი ყვავის.  საქართველოში, მაგალითად, ბნელ ქსელს ძირითადად, ნარკოტიკების საყიდლად იყენებენ, ან იმ ადამიანების პირადი ინფორმაციის გასაყიდად, რომლებიც ონლაინ კაზინოს ხშირად სტუმრობენ. თუმცა, ამ ქსელს სხვათაშორის ჟურნალისტიკაშიც იყენებენ.

ჩემს მეგობარს, რომლისგანაც ინტერნეტის ბნელ ქსელზე პირველად გავიგე, პირობითად, დენიზ აკსოის დავარქმევ, მისივე უსაფრთხოებისთვის. ის იმ ტექნოლოგიასთან ერთად გაიზარდა, რომელმაც ბნელი ქსელი შესაძლებელი გახადა ყველა იმ აპლიკაციასთან ერთად, რომლებსაც დღეს ჩვენ პერსონალურ მონაცემებს ვანდობთ.

ის 12 წლის იყო, როცა მამამისმა სამეზობლოში ერთ-ერთი პირველი პერსონალური კომპიუტერი იყიდა ოჯახისთვის. 1980-იანი წლების  სტამბული წარმოიდგინეთ,  სახელმწიფო გადატრიალების შემდგომი პერიოდი… ოჯახს ელექტრონიკის მაღაზია ჰქონდა  და ერთ დღესაც,  კასეტის ნაცვლად, კურიერმა სახლში პატარა ყუთი დატოვა. ეს ყუთი ბრიტანეთიდან გამოუწერიათ.

დენიზს კარგად ახსოვს მთელი ეს პროცესი. კურიერი ამ ყუთს ისე ექცეოდა თურმე, თითქოს ქაბაბებით სავსე ყუთი ყოფილიყო, მამა კი ნერვიულობდა. დენიზს აფრთხილებდა, გახსნის დროს ყურადღებით ყოფილიყო. უცხოურ შეფუთვაში “სპექტრუმ ZX 81” იყო გახვეული, ერთ-ერთი პირველი პერსონალური კომპიუტერი, ბრიტანული სინკლერის კვლევითი ფირმის გამოშვებული. 

ეს კომპიუტერი ეკრანის ნაცვლად, პირდაპირ ტელევიზორს უერთდებოდა. პროგრამები და მონაცემები კომპაქტურ აუდიო კასეტაზე იტვირთებოდა. მისი მეხსიერება ერთი კილობაიტი იყო. ცნობისთვის, სმარტფონი, რომელშიც  ახლა ამ ტექსტს კითხულობთ, სულ მცირე, 120 მილიონი კილობაიტია. 

მაგრამ დენიზისთვის ეს ნამდვილი საოცრება იყო. სწრაფად აითვისა ახალი ტექნოლოგია: ბავშვობაში პროგრამირებით დაიწყო და თინეიჯერობაში უკვე ჰაკერობდა. იხსენებს დროს, როცა ჰაკერებს კომპიუტერის  მთელ გრაფიკულ სისტემაში უნდა შეეღწიათ, რომ  ეკრანზე პატარა გამოსახულება შეექმნათ.

“ეს ბიჭები ნამდვილი ჰაკერები იყვნენ. კომპიუტერის გრაფიკულ პროცესორს ტეხავდნენ და ათას რამეს ზღუდავდნენ. ამ ექსპერიმენტების დროს, უამრავი გრაფიკული ბარათი დავწვით. სხვანაირად არ გამოდიოდა. ეს ის დროა, როცა ინტერნეტის სიჩქარე წამში 9600 ბოდია (ინფორმაციის გადაცემის სიჩქარის ერთეული). შედარებისთვის, ჩემი ტელეფონი ახლა ოთხ მილიონჯერ უფრო სწრაფია,”გვეუბნება დენიზი.

მას შემდეგ რაც, თურქეთის განათლების სამინისტრომ ახალი კომპიუტერული სისტემებისა და ტექნოლოგიების ინვესტიცია დაიწყო, დენიზმა  ინტერნეტზე თავისი “კლასგარეშე” კვლევის შედეგები უკვე საკლასო ოთახში გადაიტანა.

“როცა უნივერსიტეტში მათემატიკისა და კომპიუტერის შესწავლა დავიწყე, უკვე მესამე სამსახური მქონდა. თუმცა, მე გამიმართლა. მაშინ არავინ არაფერი იცოდა ახალ ტექნოლოგიებზე, მე კიდევ ძალიან მაინტერესებდა, ამიტომ ბევრ სახელმძღვანელოს და მოსაწყენ წიგნს ვკითხულობდი,”იხსენებს დენიზი.

25 წლის ასაკში ის უკვე თურქეთის მთავრობის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფის სამსახურში მუშაობდა (IT) კონსულტანტად. ამავე დროს, ჯანდაცვის სამინისტროს ეხმარებოდა ერთიანი ციფრული ქსელის შექმნაში. მისი ყოველთვიური ხელფასი საკმარისი იყო ორი ლუდის საყიდლად და ყოველდღიურად, ავტობუსით მგზავრობისთვის.

სამსახურის მიღმა, დენიზი პიონერი ტექნოლოგების სამუშაოებს ეცნობოდა. წაიკითხა ამერიკელი მწერლის ელვინ ტოფლერისა და ჯონ ბრანერის წიგნები, რომლებიც წერდნენ როგორ ცვლიდა ახალი ტექნოლოგიები ადამიანის ფსიქიკას. ტოფლერმა ამ სფეროში მიღწევები “ტალღების” სერიად დაინახა. მას სჯეროდა, რომ მე-20 საუკუნემ, განსაკუთრებით, პირველმა და მეორე მსოფლიო ომმა, ისეთი გარემო შექმენს, რომ ამ სამყაროში გარდაუვალი იქნებოდა კომპიუტერისა და ინტერნეტის განვითარება. დენიზი განსაკუთრებით მოხიბლული იყო ტოფლერის წინასწარმეტყველებით “მესამე ტალღის” ანუ ციფრული ეპოქის დადგომის შესახებ. 

მან საკუთარი თავი 1975 წელს ჯონ ბრანერის წიგნში Shockwave Rider-ში აღმოაჩინა.

“მაშინ ჰაკერს არავინ გეძახდა… ამ ავტორმა 70-იან წლებში აღწერა ის, რაც დღეს მსოფლიოში ხდება. როცა ძალიან ძნელია დაიმალო, რადგან ჩვენი ციფრული კვალი ყველგანაა,”ამბობს დენიზი.

მხოლოდ მწერლებს არ აწუხებდათ ტექნოლოგიების ძალა. იმავე პერიოდში, როდესაც ტოფლერი და ბრანერი მომავლის ინტერნეტსა და მის კაცობრიობაზე გავლენას წინასწარმეტყველებდნენ, მთავრობები ინვესტიციას სპეციალური ტიპის ინტერნეტში დებდნენ, ჩვენ რასაც დღეს ბნელ ქსელს ვუწოდებთ. ის დახურული უნდა ყოფილიყო საზოგადოებისგან. ყველა ვერ გამოიყენებდა, მაგრამ თუკი შიგნით მოხვდებოდი, მაშინ ვერავინ მოგაგნებდა; შენი კვალი არსად დარჩებოდა.

თავდაპირველად, ხალხს სპეციალური პროგრამა სჭირდებოდა ბნელ ქსელში შესასვლელად, გვიხსნის დენიზი. მაგრამ 2000-იანი წლების დასაწყისში, აშშ-ს საზღვაო ძალების კვლევის ლაბორატორიამ შექმნა ერთ-ერთი პირველი და ალბათ, დღემდე ყველაზე პოპულარული ბნელი ბრაუზერი TOR-ი.

სინამდვილეში, ის დაზვერვის ოფიცრებისთვის შეიქმნა, რომ ინტერნეტი ისე გამოეყენებინათ, კვალი არსად დარჩენილიყო. თუმცა, 2004 წლიდან, TOR-ი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა.

ბოლო 15 წელია ადამიანები ბნელ ქსელს  არაბული გაზაფხულის (2010-იან წლებში დაწყებული საპროტესტო აქციებისა და ამბოხებების სერია არაბულ ქვეყნებში) შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად იყენებენ. ასევე, მჩაგვრელი რეჟიმების წინააღმდეგ რევოლუციების დასაგეგმად; ჟურნალისტები კი, მთავრობის მიერ გასაიდუმლოებული მასალების გასამჟღავნებლად. მაგალითად, WikiLeaks-ი (საერთაშორისო არაკომერციული ჟურნალისტური ორგანიზაცია, რომელიც ანონიმური წყაროებიდან მოპოვებულ, ჩვეულებრივ ხელმიუწვდომელ დოკუმენტებს აქვეყნებს). დღეს მსხვილი, გავლენიანი ახალი ამბების ორგანიზაციების ვებსაიტებს TOR-ის ბრაუზერზეც აღმოაჩენთ. მათი მიზანია, იმ ადამიანებამდეც მიაწვდინონ ხმა, რომელთა ქვეყნებში კრიტიკულ მედიას ზღუდავენ.

მაგალითად, დენიზი, TOR-ს და ბნელ ქსელს ბიტკოინების საყიდლად იყენებს. ამავე დროს, აგროვებს ინფორმაციას საქართველოში მომუშავე გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის.

თუმცა, იაზრებს, რომ ეს ქსელები შორს არის უტოპიისგან; იმისგან, რაზეც დენიზი და მისი მეგობრები მსოფლიო ქსელის (world wide web) შექმნის დღიდან ოცნებობდნენ.

ბოლო 15 წელია ადამიანები ბნელ ქსელს არაბული გაზაფხულის (2010-იან წლებში დაწყებული საპროტესტო აქციებისა და ამბოხებების სერია არაბულ ქვეყნებში) შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად იყენებენ. ასევე, მჩაგვრელი რეჟიმების წინააღმდეგ რევოლუციების დასაგეგმად; ჟურნალისტები კი, მთავრობის მიერ გასაიდუმლოებული მასალების გასამჟღავნებლად. მაგალითად, WikiLeaks-ი (საერთაშორისო არაკომერციული ჟურნალისტური ორგანიზაცია, რომელიც ანონიმური წყაროებიდან მოპოვებულ, ჩვეულებრივ ხელმიუწვდომელ დოკუმენტებს აქვეყნებს). დღეს მსხვილი, გავლენიანი ახალი ამბების ორგანიზაციების ვებსაიტებს TOR-ის ბრაუზერზეც აღმოაჩენთ. მათი მიზანია, იმ ადამიანებამდეც მიაწვდინონ ხმა, რომელთა ქვეყნებში კრიტიკულ მედიას ზღუდავენ.

ბნელი ქსელი ანარქია არ არის. ეს არის ორგანიზებული დანაშაული. თუ თქვენ ანარქიას არქმევთ იმას, რომ ვერც ერთი ხელისუფლება ვერ გაკონტროლებთ, უკვე ცდებით, რადგან ეს ქსელიც გარკვეული ავტორიტეტებისგან კონტროლდება,” გვეუბნება დენიზი და აგრძელებს: “უფრო მეტიც, ინტერნეტი, რომელზეც ჩვენ ყოველდღიურად ვართ დამოკიდებული, ეფუძნება ტექნოლოგიას, რომელიც აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მოწინავე კვლევითი პროექტების სააგენტოსთვის შეიქმნა.”

“როდესაც მე დავიწყე, ჰაკინგი ნამდვილად ჰგავდა ანარქიას, ვგულისხმობ, უფასო ინფორმაციის გაზიარებას ფართო საზოგადოებისთვის, მკვლევარი ჟურნალისტებისთვის. ახლა ფული უფრო მნიშვნელოვანი გახდა, რაც  შორს არის ჰაკერობის მთავარი იდეისგან. ჰაკერი დღეს კაპიუშონიანი ბიჭია, რომელიც დედის დანაზოგის მოპარვას ცდილობს. ეს კრიმინალია, ცხადია,” გვიხსნის დენიზი და გვეუბნება, რომ მას თვითონ არასოდეს აცვია კაპიუშონიანი მაისურები.

როგორც ამბობენ, ყველა მონეტას ორი მხარე აქვს. ბნელი ქსელის შემთხვევაში, ერთი მხრივ, ის შეიძლება კრიმინალური/დანაშაულებრივი საქმიანობისთვის გამოიყენონ,  და მეორე მხრივ, ის ასევე შეიძლება იარაღად ვაქციოთ უტოპიური დემოკრატიის მოსაპოვებლად. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ქსელში ბაზარს კრიპტოვალუტა-ბიტკოინი მართავს, რომელიც ვიზუალურად ხახვს უფრო ჰგავს, ვიდრე მონეტას, რომელშიც ბევრი შრეა დამალული.

“არასოდეს დანებდე და ყოველთვის შეეცადე - ეს არის ჩემი ანარქია,”გვეუბნება დენიზი და რჩევას გვაძლევს, რომ გარკვეული პერიოდულობით ჩვენი ციფრული პროფილის კრიტიკული თვალით შემოწმება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ჩვენი იდენტობის შესანარჩუნებლად.

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია