ის, რაც მოვიპარე

ფოტოგრაფი: მანო სვანიძე

07.07.21

ეს ჩემი მიმდინარე პროექტია, რომელიც  ონლაინ სივრცეში პარტნიორის პოვნასთან  დაკავშირებულ მტკივნეულ გამოცდილებას ეძღვნება. მას “გოსთინგს” ვეძახით.      

რას ნიშნავს ეს სინამდვილეში? შორდები ადამიანს და უარს ამბობ მასთან  რეალურ დროში კომუნიკაციაზე. ის  შენი ცხოვრებიდან უცებ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ქრება. მის ყველა მესიჯსა და ზარს აიგნორებ. მოკლედ, სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ გეტყობა. “გოსთინგი,” როგორც ტერმინი, ძალიან სწრაფად გახდა პოპულარული, მას ხშირად იყენებენ ონლაინ გაცნობის აპლიკაციებისა და საიტების მომხმარებლები. ეს პრაქტიკა, ციფრული რომანის დროს გვხვდება და გაცნობის პროცესში, ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება განვითარდეს. თუნდაც, მხოლოდ რამდენჯერმე გაგზავნილი შეტყობინების შემდეგ. ჩემ გარშემო “გოსთინგი” ბევრს გამოუცდია, ზოგიერთს, სხვათაშორის, არა ერთხელ. 

ვირტუალური სამყაროს სპეციფიკურობის გამო, ჩვენ ზოგჯერ გვავიწყდება, რომ ონლაინ შექმნილი პროფილების მიღმა, ნამდვილი ადამიანები არიან, თავიანთი რეალური ემოციებით და გრძნობებით. ვირტუალურ სამყაროში “წაშლის” ღილაკი არ არსებობს. სულაც არ არის აუცილებელი, შეუბრალებელი ადამიანი იყო, რომ “გოსთერად” იქცე. ციფრული გარემო ამას ისე ამარტივებს, რომ ზოგჯერ, უბრალოდ, მიყვები და მორჩა.

როგორც წესი, ადამიანებს ჰგონიათ, რომ ეს ურთიერთობის შეწყვეტის ყველაზე უმტკივნეულო გზაა. გადაწყვეტილებაა ერთგვარი. ფიქრობ, რომ შეიძლება უფრო ადვილი გადასატანი იყოს  უყურადღებობა და გულგრილობა, ვიდრე იმის მოსმენა, რომ ყველაფერი დასრულდა. თან, დაშორების დრამატულ სცენასაც თავს აარიდებ.

მიუხედავად ამისა, რეალობა მაინც განსხვავებულია. ხშირად ადამიანები, რომლებსაც ასე ექცევიან, ძალიან  იმედგაცრუებულები და დაბნეულები არიან და ეს ნეგატიური ემოციები სინამდვილეში უფრო ხანგრძლივად სტანჯავთ, ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნებოდა. მაგალითად, დროულად რომ სცოდნოდათ, რომ ეს ურთიერთობა  დასრულდა. 

ამ პროექტით მინდოდა მეჩვენებინა განსხვავება ფიზიკურ და ვირტუალურ სივრცეებს შორის;  ასევე, სად და როგორ ერწყმის ეს ორი რეალობა ერთმანეთს. ფოტოებში ყველა ადამიანი შიშველია. ეს ჩემთვის ადამიანის ყოფის ყველაზე ფაქიზი, ნამდვილი მდგომარეობაა. ფოტოები მეტსახელებთან დავაწყვილე. ადამიანები მათ ხშირად ვირჩევთ საკუთარი თავის ონლაინ სივრცეში რეპრეზენტაციისთვის, თუმცა ჩვენს ნამდვილ ბუნებას ისინი ყოველთვის არ გამოხატავენ.

ამ ფოტოებისა და მეტსახელების კომბინაციით, ვეცადე მეჩვენებინა, როგორი განსხვავებული სახე შეიძლება ჰქონდეს ერთ ადამიანს სხვადასხვა სივრცეში და როგორ უჩინარდება და ერწყმის ვირტუალური ფიზიკურს და პირიქით. 

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. ამ გამოცემაში Chai Khana იკვლევს რა გავლენა აქვს ჩვენს ყოველდღიურობაზე, ურთიერთობებზე, საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მობილურ აპლიკაციებს, ტაბლეტებს, კომპიუტერებს; ციფრული ტექნოლოგიების გარეშე თითქოს წარმოუდგენელია უკვე  არსებობა. თქვენი კონტრიბუციით ავტორებს ამ ამბების მოყოლაში ეხმარებით. 
გააკეთე დონაცია