როგორ დაბრუნდა ქურდული ესთეტიკა TikTok-სა და მოზარდების სხეულებზე
ჟურნალისტი: მაგდა გუგულაშვილი
- ზდაროვა, ზვეზდაჩკას ხატავ?
- არასრულწლოვანი არ გეგონო, უკვე 20 წლის ვარ...
- ქურდულ ვარსკვლავებს დამახატავ? რაც დაჯდება, იმ ფულს გაჩუქებ...
რვაქიმიანი ე.წ. ქურდული ვარსკვლავების დახატვის თხოვნით ტატუ არტისტს, ნინო ფოცხიშვილს, პერიოდულად 14-დან 18 წლამდე ასაკის ბიჭები მიმართავენ. ნინოს უკვე 4 წელია, თბილისის ცენტრალურ უბანში საკუთარი ტატუ სტუდია აქვს და ამ დროის განმავლობაში არაერთი შემთხვევა ახსენდება, როცა სტუდიაში მისული არასრულწლოვანი ქურდული სიმბოლიკის ტატუების დახატვას სთხოვდა. რაც ამ სფეროში დაიწყო მუშაობა, ნინო მიხვდა, რამდენად რომანტიზებულია კრიმინალური სუბკულტურა, განსაკუთრებით, მოზარდებში.
ახალგაზრდებში ყველაზე პოპულარული თურმე რვაქიმიანი ვარსკვლავის ტატუებია, ტატუ არტისტს ჰქონია შემთხვევები, როცა გვირგვინის, ეკლესიის გუმბათის, თვალების, ობობას ქსელის, მგლის თავის, კატის თუ სხვა ქურდული სიმბოლიკის დახატვაც უთხოვიათ.
„ტატუს ხატვა რომ დავიწყე, თავიდან წარმოდგენა არ მქონდა, ეს სიმბოლოები რას ნიშნავდა. თან ხშირად ტატუს არც ამბობენ, „ნაკოლკებს“ ეძახიან ხოლმე. ბევრი რომ მოდიოდა მსგავსი სიმბოლოების დახატვის სურვილით, ნელ-ნელა დავიწყე ჩემ გარშემო სხვადასხვა წრეში მოკითხვა და გარკვევა“, - ამბობს ნინო და რამდენიმე თვის წინანდელ შემთხვევასაც იხსენებს, როცა არასრულწლოვანი, რომელსაც ე.წ. ქურდული ვარსკვლავის დახატვა უნდოდა, უთანხმდებოდა, რომ ასანაზღაურებლად კონკრეტულ თანხას კი არ გადაუხდიდა, არამედ - აჩუქებდა. ნინომ ამ ამბავზე TikTok ვიდეო ჩაწერა და თავის კოლეგებს მიმართა - აინტერესებდა, მათთანაც თუ მისულან მსგავსი თხოვნით მოზარდები. მის ვიდეოს ათობით ადამიანი გამოეხმაურა - ძირითადად, კომენტარებში უხსნიდნენ, რომ „ქურდული წესებით, ქურდულ ტატუებში“ თანხის გადახდა არ შეიძლება, ტატუ არტისტები კი იდენტურ შემთხვევებს იხსენებდნენ და პასუხობდნენ, რომ მათაც სთავაზობდნენ მოზარდები თანხის ჩუქებას ქურდული სიმბოლოების დახატვის სანაცვლოდ.
Tiktok რილსები — კრიმინალური ესთეტიკის გავრცელების ციფრული გზა
ქურდული სამყაროს რომანტიზება კულტურულად ახალი მოვლენა არ არის. ახალია ის, რომ სოციალური ქსელები და ციფრული პლატფორმები კრიმინალური სუბკულტურის ტრანსფორმაციის ახალ სივრცედ იქცა. კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებულ სიმბოლოებს ხშირად წააწყდებით სოციალურ ქსელებში არასრულწლოვანების მიერ შექმნილ ვირუსულ კონტენტში, განსაკუთრებით - TikTok-სა და Instagram-ის რილსებში. ე.წ. ქურდული ვარსკვლავები ჩანს არა მხოლოდ ახალგაზრდების სხეულზე, ასევე - დაბადების დღის ტორტებზე, მანქანებზე, სხვადასხვა ტიპის აქსესუარზე. შეხვდებით პოპულარულ ონლაინ მაღაზიებსაც, რომლებიც რვაქიმიანი ვარსკვლავის ბრენდირებით ყიდიან საფულეებს, სამაჯურებს, კრიალოსნებს. გასულ კვირებში ვირუსულად ვრცელდებოდა სკოლის ბოლო ზარის ვიდეოები, სადაც ახალგაზრდებს თეთრი პერანგები ქურდული ვარსკვლავებით ჰქონდათ მოხატული.
ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა, ათი ათასზე მეტი მოწონება და ასობით დადებითი შინაარსის კომენტარი აქვს TikTok ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ გამოჰყავს პოლიციას სკოლის შენობიდან ბორკილებდადებული ბიჭი. რუსული მუსიკა ადევს ფონად, ვიდეო შენელებულია, ბიჭი ამაყად მიაბიჯებს და იცინის, გარშემო შემოკრებილი თანატოლები კი ღიმილით აცილებენ.
სამასი ათასზე მეტი ნახვა აქვს 10-მდე ახალგაზრდა ბიჭის ვიდეოს, რომლებიც თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში მანქანებით დგანან, მანქანის ძარაზე ლუდს სვამენ და მღერიან „ასეთია ქურდი კაცის ბედი“.
ასი ათას ნახვაზე მეტი აქვს ვიდეოს, სადაც, სავარაუდოდ, არასრულწლოვანი ბიჭი, შუბლზე ბენდენაწაკრული, გიტარით ხელში, სუფრასთან მღერის ქურდულ სიმღერას თანატოლებთან ერთად შიგადაშიგ უცენზურო ჩანართებით. ასობით ათასი ნახვა და მოწონება აქვს ფოტოებსა და ვიდეოებს კრიმინალური ავტორიტეტების და „კანონიერი ქურდების“ ცხოვრებაზე.
სოციალური ქსელების ალგორითმი კონტენტის გავრცელებისას დიდწილად მომხმარებლების ე.წ. ჩართულობის [engagement] მაჩვენებლებს ეყრდნობა - ანუ, რამდენ ხანს უყურებენ ვიდეოს, თუ იწონებენ, აზიარებენ ან ტოვებენ კომენტარს. სწორედ ამგვარი ქცევა განსაზღვრავს, მისწვდება თუ არა კონკრეტული ვიდეო უფრო დიდ აუდიტორიას. კონტენტი, რომელიც პირდაპირ საფრთხეს ქმნის ან აშკარად არღვევს TikTok-ისა და Meta-ს წესებს, ამ პლატფორმების პოლიტიკის თანახმად, ავტომატურად იბლოკება ან მოდერატორების მიერ იფილტრება.
კონტენტის მოდერაციის ეს მეთოდი ყოველთვის ეფექტურად არ მუშაობს, ხშირად ზიანის მომტანი შინაარსი პირდაპირი და ცხადი არ არის. ამის ნაცვლად გამოყენებულია მინიშნებები, სიმბოლოები ან კოდირებულ ენა. ირკვევა ისიც, რომ META და TikTok-ი თავადაც უწყობს ხელს ისეთი შინაარსის გავრცელებას, რაც წესებს პირდაპირ არ არღვევს. 2026 წელს BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც სისტემის შიგნით წყაროებს და ყოფილ თანამშრომლებს ეყრდნობა. სტატიაში ნათქვამია, რომ META და TikTok-ი სულ აწყდება დილემას, რომ, ერთი მხრივ, მომხმარებლების უსაფრთხოების მიზნით, გარკვეული კონტენტი შეიზღუდოს და მეორე მხრივ, ჩართულობა გაიზარდოს. პრაქტიკაში კი, ზღვარზე მყოფი კონტენტი, რომელიც პირდაპირ არ არღვევს წესებს, მაგრამ მაინც პრობლემურია (მაგალითად, სიძულვილის ენა, ძალადობის რომანტიზება, ძალადობრივი, კონსპირაციული და სხვა სახის მანიპულაციური ნარატივები) მაინც რჩება სისტემაში და შეიძლება ვირუსულად გავრცელდეს.
მოზარდი იდენტობის ძიების გზაზე
11 წლის ნიკას (სახელი შეცვლილია) ქურდული სუბკულტურით მოხიბვლა ოჯახის წევრებმა მაშინ შენიშნეს, როცა ბავშვმა TikTok-ზე ე.წ. სთორებში რუსული სიმღერების ფონზე შავ-თეთრი ფოტოების გამოქვეყნება დაიწყო. ნიკას ოჯახი ერთი წელია, რაც ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნდა. მშობლებმა ბავშვები დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი სოფლის სკოლაში მიიყვანეს. ნიკას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პირველი ფოტო ეუცნაურათ, კლასელთან ერთად ჰქონდა გადაღებული და ფოტოს აღწერად რუსულ ენაზე „კანონიერი ქურდი“ ეწერა. ამ ფოტოებს უფროსკლასელ ბიჭებთან (როგორც თავად აღწერენ, „მოძველბიჭო“ ქცევის) ერთად გადაღებული ფოტოები მოჰყვა, შენიშნეს ისიც, რომ ერთ-ერთ მათგანის დაბადების დღეზე, ონლაინ მილოცვისას ნიკამ მიმართვა „ბრატუხა“ გამოიყენა. მოგვიანებით ნიკამ მშობელს კრიალოსნის ყიდვაც სთხოვა - უთქვამს, სკოლაში ყველას აქვსო.
ოჯახის წევრებმა თავად ნიკას დაბადების დღის წვეულებაც გაიხსენეს, სადაც მის კლასელს ხელზე ქურდული ვარსკვლავი ეხატა:
„რომ დავინტერესდი და ვკითხე, რა გახატია-მეთქი, მაშინვე დაიმორცხვა. მგონია, თან თვითონაც ხვდებიან, რომ რაღაც ცუდი და არასწორია, და თან მოხიბლულები არიან. თითქოს მათში ავტორიტეტს, ძალაუფლებას ხედავენ“, - იხსენებს 11 წლის ნიკას ახლობელი.
ნიკას ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ბავშვს ბევრს ესაუბრებიან და ცდილობენ, კარგი მაგალითი მისცენ, მაგრამ წუხან, რომ თავად გარემო ახალისებს კრიმინალური სუბკულტურის მიმართ ბავშვების ინტერესს, ხიბლს და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ზიანის მომტან კონტენტსაც, რასაც თავად ვერ აკონტროლებენ.
ახალგაზრდები ქურდულ სიმბოლოებს ყველაზე ხშირად სხეულის გამოსაჩენ, ყველასთვის ხილულ ადგილებში იხატავენ, მაგალითად, ხელის მტევანზე, იდაყვთან ან მკერდზე. ეს ფენომენი არ უკვირს თინათინ ბანძელაძეს, ფსიქოლოგიის დოქტორს, GIPA-ს ასისტენტ-პროფესორს, რომელიც მოზარდებთან ფსიქოთერაპევტად მუშაობს. მისი თქმით, თვალშისაცემი, ხილული ნიშნები (ტატუები, ჩაცმის სტილი, ვიზუალური ატრიბუტიკა, ჟესტები) ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდისთვის, რომ გარკვეული ჯგუფის მიმართ თავი მიკუთვნებულად იგრძნოს:
„ტენდენცია, რომ მოზარდობის ასაკში ინდივიდს აქვს სურვილი გაერთიანებული იყოს რაიმე ჯგუფში და ეს გაერთიანება კონკრეტული ატრიბუტიკით იყოს ხაზგასმული, მოზარდობის ასაკში განვითარების ბუნებრივი თავისებურებაა და ეს არც ახალია და არც ქართული კულტურისთვის არის უნივერსალური. მაგრამ რა იქნება ეს ჯგუფი, ანტისოციალური იქნება თუ პროსოციალური, ამას კულტურა განაპირობებს. ჩვენ შემთხვევაში კი უნიკალურია, რომ კულტურაში ამგვარი ღირებულებითი ორიენტირი ნამდვილად არის ე.წ. ქურდული მენტალობა, რომელიც არც ამ ეპოქაში შექმნილა, სამწუხაროდ, და შეიძლება არც ამ ეპოქით შემოიფარგლებოდეს“.
ალტერნატიული სამართლის ფორმირება
სწორედ კულტურა ქმნის ღირებულებით ორიენტირებს და მისაბაძი ქცევის ნიმუშებს. საქართველოსთვის ქურდული მენტალობის რომანტიზება ახალი არ არის. ვახტანგ კეკოშვილი კრიმინალური სუბკულტურის გავლენას აკადემიურად იკვლევს. მისი სადისერტაციო ნაშრომი „კანონიერი ქურდების სუბკულტურის გავლენა მოზარდების სოციალიზაციაზე პოსტ-საბჭოთა საქართველოში“ 2019 წელს გამოქვეყნდა. ნაშრომი აანალიზებს, თუ როგორ იქცა კრიმინალური სუბკულტურა ქართველი მოზარდების ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო მძიმე ინსტიტუციურ ვაკუუმსა და ქაოსში აღმოჩნდა, სადაც სახელმწიფო სტრუქტურები, სამართალდამცავი ორგანოები და ეკონომიკური სისტემა პრაქტიკულად სრულად ჩამოიშალა. გამეფებული დაუცველობის ფონზე, „კანონიერი ქურდების“ ინსტიტუტმა საზოგადოებას შესთავაზა მართვისა და წესრიგის ალტერნატიული, პარალელური მოდელი, რომელსაც ჰქონდა კონფლიქტების მოგვარების, სამართლიანობის აღდგენისა და გარკვეული სტაბილურობის ილუზორული მექანიზმები. სოციალური ინსტიტუტების, ოჯახისა და სკოლის დასუსტებამ კი სივრცე დაუთმო ქუჩურ ცხოვრებას, სადაც ქუჩა და თანატოლთა ჯგუფები მოზარდების სოციალიზაციის მთავარ აგენტებად გადაიქცნენ.
კეკოშვილის სიტყვებს ადასტურებს ლევან ბიბილეიშვილი, რომელიც 90-იანი წლების ქუთაისში ცხოვრობდა. ქუთაისი 90-იან წლებში ქურდების ქალაქად მიიჩნეოდა, რადგან ბევრი კრიმინალური ავტორიტეტის მშობლიური ქალაქი იყო. ლევანიც ამბობს, რომ ამ სუბკულტურამ ძალაუფლების სისტემაში სამართლის სუბიექტის როლი მოირგო და საყოფაცხოვრებო დავა იქნებოდა, კონფლიქტი, მოპარული ნივთის თუ ვალის დაბრუნება, ადამიანები სამართლის საძიებლად „ქურდებთან მიდიოდნენ“.
„მეტ-ნაკლებად სამართლიანად გვარდებოდა ეს კონფლიქტები, რითაც ამ სუბკულტურამ ერთგვარი ნდობა მოიპოვა საზოგადოებაში, განსხვავებით იმ დროინდელი სამართალდამცავი თუ სასამართლო სისტემისაგან“.
მიუხედავად იმისა, რომ კრიმინალური სუბკულტურა ღრმად იყო ფესვგადგმული, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, საქართველოში ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა. ახალმა ხელისუფლებამ ორგანიზებული დანაშაულის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა გამოაცხადა, მიიღო მკაცრი საკანონმდებლო ბაზა და კრიმინალური ლიდერები დააკავა ან ქვეყნიდან გააძევა. ვახტანგ კეკოშვილის კვლევაში სწორედ ეს პერიოდია ნაკვლევი და ნათქვამია, რომ რეპრესიულმა პოლიტიკამ საჯარო სივრციდან სუბკულტურის რომანტიზაცია გააქრო და მნიშვნელოვნად შეასუსტა მისი გავლენა, თუმცა კრიმინალური მენტალიტეტის გარკვეული ელემენტები, როგორიცაა, მაგალითად, პოლიციისადმი უნდობლობა და „დასმენის“ შიში, უფრო ფარული, ლატენტური ფორმით მოზარდთა ნაწილში კვლავ შემორჩა.
ვახტანგ კეკოშვილი ამბობს, რომ კრიმინალური სუბკულტურა წარმოიშობა იმ გარემოში, რომელიც სამართლებრივად გამართული არ არის. მაგალითად კი საბჭოთა კავშირი და მუსოლინის იტალია მოჰყავს. მისივე თქმით, სამართლის მოთხოვნა იყო უპირველესი ტოტალიტარულ სახელმწიფოებშიც კი, სადაც სრულად კონტროლდებოდა მოქალაქე:
„როდესაც სახელმწიფო სამართლებრივად გამართული არ არის და ვერ ახერხებს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ჩნდება რისკი, რომ ეს ფუნქცია სხვა, არაფორმალურმა სისტემებმა გადაიბარონ, რისი გამოცდილებაც ჩვენს სახელმწიფოს უკვე აქვს“.
ლევან ბიბილეიშვილიც 90-იანების ქუთაისიდან მსგავს ეპიზოდს იხსენებს, როცა მოზარდობისას პოლიცია მას და მის თანატოლებს ავიწროებდა და ქუჩაში ღამით უბრალოდ დგომისთვისაც კი შეეძლო პოლიციელს მოქალაქე წნეხის ქვეშ მოექცია:
„ერთხელ დღისით, მზისით, ერთმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა ეს პოლიციელი შუა ქუჩიდან სადარბაზოში შეიყვანა და გაასილაქა. თავისთავად კანონის დამცველის ასეთმა დამცირებამ ეს ადამიანი უფრო ავტორიტეტულად და ძლიერად წარმოაჩინა უბნის მოზარდების თვალში“.
90-იანი წლების საქართველოსგან დღევანდელობას ბევრი რამ განასხვავებს, თუმცა ბოლო წლების საჯარო ცხოვრება და იქ დამკვიდრებული ენა აჩვენებს, რომ განსხვავებების მიუხედავად, მსგავსებაც ბევრია. სამართლიანობის პრობლემაზე მიანიშნებს ბოლო დროის მანიფესტაციებიც, რომლის მთავარი სათქმელი ასე ფორმულირდა - „უსამართლო სასამართლო, ხალხის ძალის გეშინოდეს“, „ყველგან პოლიცია, არსად სამართალი“. ამას ემატება ძალადობის დაუსჯელი შემთხვევები, როდესაც ქუჩაში ე.წ. „ტიტუშკების“ თავდასხმებს სამართალდამცავი სისტემის მხრიდან სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია. თავად სამართალდამცველების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტები. სწორედ ეს გარემო საზოგადოებაში აძლიერებს განცდას, რომ სამართალი თანაბრად არ მუშაობს და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობა სუსტდება.
„ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფოს ქცევა სამართლებრივი არ არის. შესაბამისად, შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ თუ ასე გაგრძელდა, ალტერნატიული სამართლის სივრცეები გაჩნდება, მიუხედავად იმისა, სახელმწიფო ასეთ სივრცეების გააკონტროლებს, თუ არ გააკონტროლებს“, - ამბობს კეკოშვილი.
ბოლო ორ წელიწადში ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული დანაშაულის ზრდაზე მეტყველებს სტატისტიკაც. პროკურატურის მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები აჩვენებს, რომ 2020-დან 2026 წლის მაისამდე პერიოდში 884 პირის მიმართ დაიწყო დევნა სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს ისეთ დანაშაულებს, როგორიცაა ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა, „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის/„კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა ან ამ მიმართვის შედეგად მატერიალური სარგებლის, ან მატერიალური უპირატესობის მიღება. ამ პირებიდან ნახევარზე მეტი - 460 პირის - მიმართ დევნა მხოლოდ 2025 წელსა და 2026 წლის პირველ ოთხ თვეში დაიწყო.
2012 წელს, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, სახელმწიფომ უარი თქვა წინა წლების მკაცრ, სადამსჯელო პოლიტიკაზე. ჩატარდა დიდი ამნისტია, ციხეებში რეჟიმი შერბილდა და პატიმრების რაოდენობაც შემცირდა. როდესაც კრიმინალური სუბკულტურის მოძლიერებაზე ვსაუბრობთ, წინასაარჩევნო შეხვედრების ფარგლებში, 2012 წელს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის, გაკეთებული განცხადებაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. სწორედ ქუთაისში შეკრებილ ადამიანებს დაჰპირდა ის, რომ ქურდული მენტალიტეტი ქვეყანაში არასოდეს დაბრუნდებოდა. ამავე მიმართვაში ახსენა ივანიშვილმა „ქურდად მომჯდარი ხელისუფალი“:
„ჩვენ არც იმას დავუშვებთ, რომ „კანონიერი ქურდი“ ქურდად მომჯდარმა ხელისუფალმა ჩაანაცვლოს“, - თქვა ივანიშვილმა და დაამატა, რომ კრიმინალების დროს პატიოსან მოქალაქეს იმის იმედი მაინც რჩება, რომ სახელმწიფო მოძლიერდება და აღკვეთს უკანონობას, მაგრამ როცა სახელმწიფო იქცევა როგორც ავაზაკთა ბანდა, გაცილებით საშიში და დამანგრეველია ქვეყნისთვის.
ამ განცხადებიდან 14 წლის თავზე კი ქვეყანაში ასეთი ვითარებაა: უძალო პოლიციელის სანახავად, რომელიც საკუთარ ფუნქციას ვერ ასრულებს და კრიმინალს ვერ სჯის, მაინც და მაინც 90-იანი წლების საქართველოს გაცოცხლება არ არის საჭირო. ასეთი რამ ბოლო ორ წელიწადში არაერთგზის ვიხილეთ, მაგალითად, როდესაც პოლიციელები არაფერს ან ვერაფერს აკეთებდნენ ე.წ. „ტიტუშკების“ ქმედების აღსაკვეთად, რომლებიც პროტესტის გამოსახატად გამოსულ მოქალაქეებს თავს ესხმოდნენ. 90-იან წლებში სახელმწიფო პასუხს ვერ სცემდა კრიმინალურ ავტორიტეტს, რომელიც პოლიციელს ასილაქებდა, რადგან პასუხის გასაცემი ძალა არ შესწევდა, დღეს ვითარება განსხვავებულია, „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირების სახელები ხშირად ჩნდება „კრიმინალური ავტორიტეტების“ სახელების გვერდით, მეტიც, ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე და მმართველ პარტიასთან აფილირებული სხვა პირები ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი კრიმინალური გარჩევის მთავარი ფიგურანტები არიან.
მოზარდის ქცევა როგორც გარემოს გავლენის პროდუქტი
ფსიქოლოგი თინათინ ბანძელაძე გვიხსნის, რომ მოზარდების ქცევა, ძირითადად, გარემოს გავლენის პროდუქტია, რადგან ამ ასაკში ჯერ კიდევ არ არის ფორმირებული ქცევის მართვის თვითრეგულაციის მექანიზმი. ანუ პატარა ასაკში, როცა ადამიანს საკუთარი შინაგანი ღირებულებითი ორიენტირები, თვითრეგულაციის უნარი და წინააღმდეგობის გამწევი მექანიზმი ჯერ ჩამოყალიბებული არ აქვს, უფრო მარტივია, რომ გარემოს გავლენა პირდაპირ აირეკლოს ადამიანის ქცევაში:
„მეტიც, მაღალია ალბათობა, რომ მერე ამ გავლენის კვალობაზე ჩამოყალიბდეს ღირებულებითი სისტემა, რომელიც, ზოგადად, შეიძლება ზრდასრულობაშიც ქცევის მართვას დაედოს საფუძვლად. ჩვენს საზოგადოებაში ქურდული მენტალიტეტი ჯერ კიდევ ცოცხალია და ჯერ კიდევ ცოცხალი მოდელები გვყავს. მაშინ, როდესაც იდენტობის მაძიებელი მოზარდი ხელშესახებ ნიმუშებად ხედავს მათ, ბუნებრივია, ეს მისთვის მარტივი სცენარია, როგორ გადაჭრას იდენტობის ძიების პრობლემა ისე, რომ მოიპოვოს რაღაც ავტორიტეტი, გავლენა, ჯგუფთან მიკუთვნებულობის განცდა“.
თუ რეალურ ცხოვრებაში კრიმინალური სუბკულტურის გამოვლინებები თვალშისაცემი აღარ არის, ვირტუალურ რეალობაში სულ სხვა სურათი ჩანს. TikTok-სა და Instagram-ზე მარტივად წააწყდებით კრიმინალური ავტორიტეტების ცხოვრების ამსახველ ვიდეოებს, შავ-თეთრი ეფექტებით დამუშავებულ კონტენტს, გარდაცვლილი ქურდების ფოტოებს დრამატული მუსიკის ფონზე, სადაც კრიმინალური მენტალიტეტი ერთი მხრივ მიმზიდველად, „სამართლიანობის“ სიმბოლოდ არის წარმოჩენილი, მეორე მხრივ კი - ფუფუნების, ძალაუფლებისა და გავლენის დემონსტრირებად.
ამ ვიდეოების კომენტარების სექცია ცალკე ეკოსისტემაა, სავსეა ქურდული სიმბოლიკით (ვარსკვლავები, კატა, მგლის თავი), რუსულ-ქართული ჟარგონული ფრაზებითა და გამოთქმებით („ქურდებს სიცოცხლე“, „მომავალი განაბი“, „სვაბოდა“) და იშვიათად თუ შეხვდებით რაიმე კრიტიკულს. კომენტარების უმრავლესობა წამახალისებელი და დადებითი შინაარსისაა. მაგალითად, როდესაც ვიდეო რომელიმე ცოცხალ ან გარდაცვლილ კრიმინალურ ავტორიტეტს ეხება, კომენტარებში „განაბურ სულს“ უწონებენ და სამართლიანობის ეტალონებად მოიხსენიებენ. წერენ, რომ ისინი არიან ყველაზე ღირსეული, ნამდვილი კაცები, სამაგალითოები, საამაყოები, უმაგრესები, უძლიერესები და სხვა.
ყველაზე შემაშფოთებელი რეაქციები მაინც იმ ვიდეოებს ახლავს, სადაც მოზარდები (ზოგჯერ 10 წლამდე ასაკის ბავშვებიც) ქურდულ სიმღერებს მღერიან და ქურდულ ვარსკვლავებს იხატავენ სხეულზე ან უფროსები ახატავენ, ხშირად - იუმორით. კომენტარებში ბავშვებს აქებენ, უსურვებენ ქურდულ მომავალს, მოიხსენიებენ როგორც „მომავალ განაბს“, „კაი კაცს“.
„თვალსაჩინოა, რომ საზოგადოების ტოლერანტობა, მიიღოს მსგავსი კონტენტი, მაღალია. როდესაც ეს გასაკიცხი კი არა, პირიქით, შექებული და მოწონებულია, მოზარდს არ უჩნდება სურვილი დამალოს ამ ჯგუფთან მიკუთვნებულობა. ზოგადად, მოზარდი ღიად იდენტიფიცირებას არ შეეცდება იმ ჯგუფთან, რომელიც საზოგადოების მხრიდან არ არის შექებული და მიჩნეულია რაღაც ცუდი გემოვნების ინდიკატორად“, - ამბობს ფსიქოლოგი თინათინ ბანძელაძე.
პრევენცია თუ რეაქცია — რომელია გამოსავალი?
საქართველოს პენიტენციურ სისტემა კრიმინალური სუბკულტურის გავრცელების ნოყიერი სივრცეა. 2020 წელს გამოქვეყნებული კვლევა „კრიმინალური სუბკულტურის გავლენა პენიტენციური დაწესებულების მართვაზე“ ცხადყოფს, რომ ციხეში კრიმინალური სუბკულტურა მართვის არაფორმალური სისტემის სახით ვლინდება, სადაც ე.წ. „მაყურებლები“ ადმინისტრაციის გვერდის ავლით ან მათი დუმილის ფონზე, აგვარებენ კონფლიქტებს, ადგენენ ქცევის წესებს და მართავენ ყოველდღიურობას. ამ გარემოში პატიმრები მკაცრად არიან დაყოფილნი პრივილეგირებულ, ნეიტრალურ და ჩაგრულ „კასტებად“, სადაც ნებისმიერი ოფიციალური საჩივრის დაწერა, სამართალდამცავებთან ან სახალხო დამცველთან კომუნიკაცია მიიჩნევა „დასმენად“ და მკაცრი ფსიქოლოგიური ტერორით, ფიზიკური ანგარიშსწორებით ან სრული სოციალური იზოლაციით ისჯება. შედეგად კი, იქმნება ჩაკეტილი წრე, სადაც რიგითი პატიმრები თავის გადასარჩენად იძულებულნი ხდებიან, რომ დაუწერელ კრიმინალურ კანონებს დაემორჩილონ.
ვახტანგ კეკოშვილის დაკვირვებით, ბოლო წლებში კავშირი ქუჩასა და ციხეს შორის კიდევ უფრო გამყარებულია. ამბობს, რომ გამარტივებულია ინფორმაციის მიმოცვლა - „რაღაცის შეგზავნა, ინფორმაციის იქიდან გამოტანა და ქურდული გარჩევებიც, შესაბამისად“.
TikTok-ზეც აღმოვაჩინეთ არასრულწლოვანი გოგოს მიერ ატვირთული წერილის ფოტო, რომელიც, სავარაუდოდ, გლდანის ციხიდან პატიმრის მიერ არის გამოგზავნილი. ფურცელზე ქურდული ვარსკვლავები და ჯვარია დახატული და სასიყვარულო შინაარსის წარწერები გაფანტულია. არასრულწლოვანს ფოტო საჯაროდ ე.წ. „რუსული შანსონის“ ფონზე აქვს ატვირთული.
„წმინდა გიორგის ტატუ გამიკეთებია, ფურცელზე იყო დახატული და ე.წ. კაპიროვკის საშუალებით გადავიტანეთ სხეულზე. 20 წლამდე ბიჭი იყო. ნახატი ციხიდან გამოგზავნილიაო მითხრა და დიდი სიამაყით დაატარებდა“, იხსენებს ტატუ არტისტი ნინო ფოცხიშვილი.
ქურდული სუბკულტურა ძალიან ჩაკეტილია და მათ რიგებში მოხვედრა მარტივი არ არის. ახალგაზრდისთვის ეს სუბკულტურა შეიძლება დროებითი გატაცების და პერიოდული აღტაცების ამბავი იყოს:
„ერთეულები ირჩევენ კრიმინალურ გზას და ეს ერთეულები მიჰყვებიან ბოლომდე, ასე ვთქვათ. ზოგადად, ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან, შვილები ხდებოდნენ ქურდები, მერე მათი შვილები და სამი-ოთხი თაობა. ოჯახებში ეს რაღაცა „პროფესია“, ასე ვთქვათ, საბჭოთა კავშირის დროს ჩამოყალიბდა“, ამბობს ვახტანგ კეკოშვილი.
ფსიქოლოგი თინათინ ბანძელაძე ამბობს, რომ სტანდარტული რეაგირების მექანიზმი, მაგალითად, პატიმრობა თუ სხვა უფრო მსუბუქი სახის სასჯელი, რომელმაც, წესით, ამგვარი ქცევა უნდა შეამციროს მომავალში, ქურდული სუბკულტურის თვისებებიდან გამომდინარე, პირიქით, ქცევის განმამტკიცებლის ფუნქციას ასრულებს და ზოგჯერ მსგავსი სასჯელის მიღებას ახალგაზრდები ესწრაფვიან კიდეც, რათა კრიმინალურ სუბკულტურაში ავტორიტეტი აიმაღლონ.
საუკეთესო მიდგომა, საყოველთაო და თანაზომიერ რეაგირებასთან ერთად, ღირებულებითი ცვლილებებია, რაც მოზარდს დაანახებს, რომ ავტორიტეტი და დამოუკიდებლობა კრიმინალში კი არ არის, არამედ საკუთარი თავის პოვნაში, სპორტში, სწავლასა თუ კრეატიულობაშია. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემური ქცევის საფუძველი და მიზეზები მრავალმხრივია, ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ გადამწყვეტია მშობლის ჩართულობა და შვილის ყოველდღიურობაში მონაწილეობა.
„რეალურად კი, ჩვენ ვართ საზოგადოება, სადაც მშობლები პრაქტიკულად არ არიან ბავშვების გვერდით“.
საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში BMC Public Health 2022 წელს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც საქართველოში დარჩენილ ბავშვებზე მშობლების მიგრაციის გავლენას ეხება. კვლევის მიხედვით, საქართველოში ბავშვების დაახლოებით 39%-ი ცხოვრობს ერთი ან ორივე მშობლის გარეშე, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აღმოსავლეთ ევროპაში. კვლევა ამბობს, რომ მშობლების მიგრაცია საქართველოში სერიოზულ გავლენას ახდენს ბავშვების ფსიქიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო მდგომარეობაზე: ხშირად აწყდებიან ფსიქოლოგიურ პრობლემებს, აკადემიური შედეგების გაუარესებას, ემოციურ სტრესს და ქცევით სირთულეებს. ხშირად ბავშვები ბებია-ბაბუასთან ან სხვა ნათესავებთან იზრდებიან. მშობლის არყოფნა და ყოველდღიური ზედამხედველობის ნაკლებობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ზრდის პრობლემური და რისკიანი ქცევების განვითარების ალბათობას.