loading

წამება | ძალოვანი სისტემის უკურნებელი სენი

წამება | ძალოვანი სისტემის უკურნებელი სენი

ანჯაფარიძის 9 - თბილისის ცენტრში ეს მისამართი არ უნდა დავიწყებოდათ იმ ადამიანებს, ვინც ახლა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე, რომელსაც თეა წულუკიანი უძღვება, წინა ხელისუფლების დროს თავს გადახდენილი წამებისა და არასათანადო მოპყრობის ამბებს გვიყვებიან. 

მათგან ბევრია ნამყოფი აქ.
ეს მისამართი უნდა ახსოვდეთ აფხაზეთიდან დევნილებს. 
90-იანებში ჩეჩნეთიდან ომს გამოქცეულ ხალხს.
2008 წლის ომის გამო იძულებით ადგილნაცვალ ხალხს.
ეს მისამართი შვება იყო პოლიტიკური პატიმრებისთვის და შემდეგ ათასობით ამნისტირებული ტუსაღისთვის. 

ახლა ამ მისამართს მოაკითხა იმ ხალხმაც, ვისი დალურჯებული და ცემისგან დაწყლულებული სახეები და კიდურები  მთელმა ქვეყანამ ნახა, მაგრამ, სისტემისაგან ჩაგრულ და ნაწამებ ხალხს ფიზიკურ ტკივილთან ერთად, დამღასავით რჩება უხილავი კვალი, კიდევ უფრო ღრმა  წყლული, რომელიც ხანდახან გაცილებით დიდხანს სტკივა და აწვალებს. 

საქართველოში კი არ არის ბევრი ადგილი, სადაც ამ ტკივილისგან, ბრაზისგან და ტრავმისგან გათავისუფლებაში ეხმარებიან.

ანჯაფარიძის 9 ნომერში ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზეა ,,წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი”. 

მე რომ მივედი, ცენტრის ყველა სპეციალისტმა სამზრეულოში მოიყარა თავი. ეს ის დღეა, ანტიკორუფციულმა ბიურომ სამოქალაქო ორგანიზაციებს მიღებულ გრანტებზე ინფორმაციასთან ერთად, მათი პროექტების მონაწილეებისა და  ბენეფიციარების პირადი მონაცემები რომ მოსთხოვა. მთავრობამ  ,,უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის  აქტის”  [ე.წ. ქართული FARA] ამოქმედება დაიწყო. 

- თქვენც შეიძლება ასეთი რამ მოგთხოვონ? 

- გამორიცხული არაფერია.

- მაგრამ, მაინც არმგონია, - მპასუხობს ცენტრის ხელმძღვანელი, ლელა ცისკარიშვილი. 

24 წელია, ამ ცენტრში წამების, სასტიკი მოპყრობის, ჩაგვრის, ადამიანის ღირსების შელახვის ამბებს უსმენენ. აქ მოსმენილი აქვთ ის ამბებიც, რომლებსაც 12 წლის დაგვიანებით ახლა კომისიაზე ჰყვებიან. 

,,პარადოქსია, წამება  თითქოს ის ბოლო წერტილი  იყო, რამაც წინა ხელისუფლება დაასრულა. დღევანდელი ხელისუფლება კი წამებით იმყარებს მმართველობის ფუნდამენტს,” - მეუბნება ლელა ცისკარიშვილი და კომპიუტერში ბოლო ანგარიშს ხსნის, რომელიც ცენტრმა სხვა სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად მოამზადა.

ამ ანგარიშის  ყველაზე მძიმე ქვეთავი 43-ე გვერდიდან იწყება. ათობით ციტატა ნაწამები მოქალაქეების მონათხრობიდან შემზარავად იკითხება. ერთად ამ სხვადასხვა გამოცდილების აღქმა გაფიქრებინებს, რომ პროევროპული აქციების სახელით ცნობილ პროტესტზე დაკავებულ მოქალაქეებს ერთი მეთოდოლოგიით უსწორდებოდნენ ერთ აზრზე შეთანხმებული დიდი ძალოვანი ჯგუფი. ამას ეძახის სისტემის ინდოქტრინაციას ლელა ცისკარიშილი. 

ცემა, ჩხრეკა, პირადი ნივთების წართმევა, ძალადობით დაშინება, დაბრალება, და კიდევ ერთი, გამოკითხულ რესპონდენტთა თქმით, ყველაზე მძიმე გამოცდილება გაუპატიურებით დამუქრება იყო. 


დაზარალებული V110 (20 წლის მამაკაცი) 2 დეკემბერს მომხდარს იხსენებს:

,,შორს მდგომი სპეცრაზმელიც კი შორიდან იძახის, რომ „ახლა დაიწყება გართობა, ფორმაში მოგიყვანთ, „დუბინკით“ გაგაუპატიურებთ, ტრ*კში დუბინკას დაგიყენებთ, თქვენ ხო პიდარასტები ხართ და გევასებათო“.

დაზარალებული V115 (20 წლის მამაკაცი) იხსენებს: 

გაუპატიურებით რომ მემუქრებოდნენ და მირტყამდნენ, ერთმა ფეხზე მოფერება დამიწყო. ხელი რომ გავაწევინე, ყბაში ჩამარტყა მუშტი და მაგინა, „აბაროტი ვის მიეციო“ მომაძახა. ფეხზე რომ მეფერებოდა, თან მეუბნებოდა, „ახლა შენ მოგხედავთ, რომ ჩაგხდითო“. ბოლო ძალა მოვიკრიბე, ხელი გავაწევინე და ვის აგინებო, ისევ ცემა დამიწყეს. 4-5 ეტაპი იყო ცემის. არ შეწყვეტილა გინება, მოკვლის და გაუპატიურების მუქარა, შეყვარებულის გაუპატიურების მუქარა. ერთმა საერთოდ ყველას და ყველაფერს აგინა, ვინც მიყვარდა და მათი დახოცვით დამემუქრა. ხმას ვერ ვიღებდი, სულ მუშტი მხვდებოდა“. 

,,გაუპატიურებით დამუქრება სიკვდილით დამუქრების ტოლფასია ადამიანისთვის. ესაა დამცირების, გაფუჭების და განადგურების აპრობირებული საშუალება’’, - მეუბნება ლელა ცისკარიშვილი.


დაზარალებული V43 (32 წლის მამაკაცი)

 „მეუბნებოდნენ, რომ სადაც მიმიყვანდნენ, იქ გამაშიშვლებენ, გამაუპატიურებენ, მაშხალებს შიშველ სხეულზე მომადებდნენ და მაგით გამაუპატიურებდნენ. დავიჯერე, რომ ეს ყველაფერი წინ მელოდა. ვფიქრობდი, რანაირად უნდა მოვახერხო, რომ ამას გავუძლო-მეთქი".


ლელა მიხსნის, რომ უცნაური არ არის, რომ წამების და მორალური ტერორიზების ეს ფორმა კვლავ დაბრუნდა სისტემაში, იმ მთავრობის დროს, რომელიც წამების ასეთი  შემზარავი პრაქტიკის დასამარცხებლად მოვიდა ხელისუფლებაში. 

საინტერესოა, ის, რაზეც საზოგადოება წლების წინ მწვავედ რეაგირებდა, დღესაც ასეთივე შემაშფოთებელია მისთვის?  

ამ ანგარიშისთვის ორგანიზაციებმა 117 რესპონდენტი გამოკითხეს. ანგარიშში თითეულ მათგანს ნომერი აქვს მინიჭებული. ის მკაცრად იცავს რესპონდენტთა პირად ინფორმაციას და მხოლოდ დაზარალებულის ასაკს გვიზიარებს. 


დაზარალებული V11 (36 წლის მამაკაცი)

 „ღამის შფოთვებზე უკვე აღარც ვლაპარაკობ. რაც ყველაზე ცუდია და რაც ვერ მოვიშორე, არის ის, რომ როგორც კი ოდნავ მოვადუნებ აზროვნებას, მაშინვე სპეცრაზმელის ნიღბიანი სახე ჩნდება ჩემ თვალწინ“.


არავინ იცის, ვის რამდენ ხანს გაჰყვება ეს კოშმარი, რომელიც ღვიძილში ხილვასავით უბრუნდებათ ნაწამებ ადამიანებს და მოულოდნელად და განმეორებითად ახსენებთ იმას, რაც თავს გადახდათ. 

ამონარიდები ნაწამები რესპონდენეტების მონათხრობიდან ამ ტექსტის ბოლომდე სწორედ ასე, მათი ხილვებივით შემოგხვდებათ გზადაგზა.   

19 ნოემბრიდან 28 იანვრის ჩათვლით საპროტესტო აქციებზე დაკავებულ გამოკითხულთაგან 91 აწამეს, ეს დაახლოებით 77%-ია, ამიტომაც  არქმევს ლელა ცისკარიშვილი ამ მოვლენებს სისტემურ წამებას. 

შეიძლება კი, რომ სისტემური წამება მხოლოდ ინდივიდების ტრავმად დარჩეს, თუ ის კოლექტიური გამოცდილებაა?  როგორ აისახება საზოგადოების კოლექტიურ ცნობიერებაზე ის, რაც სხვის სხეულებს შეეხო? 

,,ეს იყო საერთო პოლიტიკა და ბრძანება და არა ნიღბიანების გადაწყვეტილება. ამაზე მიუთითებს სხვადასხვა ქუჩაზე სათადარიგოდ გამზადებული მანქანები და მიკროავტობუსები, რომლებშიც სკამები იყო ამოცლილი. მოამზადეს ადგილი, სადაც დაკავების შემდეგ შევიდოდნენ და აწამებდნენ ადამიანებს. მოქალაქეებს ელაპარაკებოდნენ იდენტური ლექსიკით, ერთმანეთს ჰგავდა ძალადობის მეთოდებიც. და საინტერესო ის არის, რომ ბელორუსშიც ასე იყო”. 

ცისკარიშვილის  ეს მსჯელობა ეყრდნობა წამების მსხვერპლთა საერთაშორისო საბჭოს შეფასებას, რომელიც საქართველოში 2024 წლის დეკემებერს ჩამოვიდა. მას ჩამოჰყვა დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი. ექსპერტებმა  ნოემბერ-დეკემბერში ნაწამები და ნაცემი პაციენტების საქმეები შეისწავლეს, მოუსმინეს მათ და თავადვე გასინჯეს. მათი დასკვნა ავლენს, რომ საპოლიციო და უსაფრთხოების სისტემა ქართველ დემონსტრანტებზე მსოფლიოში, მათ შორის, 2020 წელს ბელორუსში აპრობირებული პრაქტიკით ძალადობდა. 

აი, რაზე მიუთითებენ შეფასებისას: 
„თავისა და სახის მძიმე ტრავმების მქონე პირთა პროცენტული მაჩვენებელი შემაშფოთებლად მაღალია. ეს მიუთითებს ფართოდ გავრცელებულ, თანმიმდევრულ და მიზანმიმართულ პრაქტიკაზე, რომლის მიზანია ფიზიკური ძალის კონცენტრირება თავის არეში. მრავალი პირი ჩვენებაში აღნიშნავს, რომ პოლიციამ სახეში დაარტყა ე.წ. „მყარი გარსის ხელთათმანებით“, რაც ზრდის დარტყმის ძალას და იწვევს დაზიანებებს, რომლებიც შესაბამისია დაფიქსირებულ ტრავმებთან”. 

როგორც აღმოჩნდა, 2020 წელს დარბეული და ნაწამები ბელორუსი აქტივისტების ფიზიკური ტრავმები ძალიან ჰგავს ჩვენი თანამოქალაქეების ფიზიკურ დაზიანებებს. 


დაზარალებული V 35 (45 წლის მამაკაცი) 

„[მიკროავტობუსში] მირტყამდნენ თავში. როცა მიხვდნენ, ხელის აფარების გამო, სახეში ძალიან არ მხვდებოდა, როგორც ბურთს ურტყამენ, ისე გამოიქნია ფეხი გვერდიდან ერთმა და მომარტყა შუბლში, საიდანაც მთელ სიგრძეზე სისხლი წამომივიდა. მერე ნეკნში დამარტყეს, რომელიც, სავარაუდოდ, მაშინვე გამიტყდა, რადგან სპეცრაზმელებმა თავიანთი მძიმე და ძლიერი სამხედრო ფეხსაცმელებით მცემეს”.


ლელა მიხსნის, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი არსით სადამსჯელოა, ძალადობა მათი წვრთნის შემადგენელია. ეს არ არის ძალოვანი სისტემის მომსახურე რგოლი, როგორიც, მაგალითად, პატრულია. წამების პროცესში დიდი როლი აქვს თანადამოკიდებულებასაც. ყველა დანაშაულის თანამონაწილეა, ამიტომაც არიან თანადამოკიდებულები. განსხვავებულად ვერ მოიქცევი, რადგან ჯგუფურ სიტუაციაში ხარ და ჯგუფის წინააღმდეგ ვერ წახვალ. როგორც კრიმინალურ დაჯგუფებაშია ძნელი ჯგუფის წინააღმდეგ წასვლა, დაახლოებით იგივე წესები მოქმედებს სისტემაშიც. 

- რატომ დაბრუნდა წამება სისტემაში?
- ის არც არასდროს ქრება, სადაც ადამიანია, მპასუხობს ლელა და ზიმბარდოს ექსპერიმენტს იხსენებს. 

სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა, ამერიკელმა ფსიქოლოგმა, ფილიპ ზიმბარდომ 1971 წელს საკმაოდ სარისკო ექსპერიმენტი ჩაატარა. სტენფორდის სტუდენტები ორ ჯგუფად დაჰყო - პატიმრებად და ციხის მცველებად. ერთ თვეში ექსპერიმენტი თავად ზიმბარდოს მეუღლის, ასევე ფსიქოლოგის, ქრისტინა მასლაჩის, დაჟინებული მოთხოვნით შეწყდა. მასლაჩი, რომელიც ერთ დღესაც ექსპერიმენტის ტერიტორიაზე ჩავიდა და უცხო თვალით შეხედა ყველაფერს, რაც იქ ხდებოდა. ის მიხვდა, რომ გაგრძელების შემთხვევაში, შეიძლება, გამოუსწორებელი შედეგი დამდგარიყო, რადგან ექსპერიმენტის მიმდინარეობისას ყველა ზედმიწევნით შევიდა მისთვის მიწერილ როლში. 

დამოუკიდებელი საქართველოს ძალოვან სისტემაში წამებას თავისი ისტორია აქვს და ამ მემკვიდრეობისგან ქვეყანა დღემდე ვერ გათავისუფლდა. 

შევარდნაძის მთავრობის დროს სისტემური წამება არა იმდენად ციხეში, არამედ პოლიციაში იყო. ურბანულ თქმულებადაა ქცეული ის, რომ  კახა თარგამაძის შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, 1995-2001 წლებში, პატიმრები პოლიციის ფანჯრებიდან ცვიოდნენ. ამ ხმებს ლელაც გვიდასტურებს. 

სააკაშვილის დროს ქსანში ელექტროშოკს იყენებდნენ აქტიურად. დაკიდება, ე.წ.  ლასტოჩკა ერქვა ამ მდგომარეობაში ადამიანის ცემას. ძირითადად, ინფორმაციის მიღების მიზნით აწამებდნენ ასეთი მეთოდებით. 

ასეთ ისტორიებს უყრის თავს 2000 წელს დაფუძნებული ცენტრი, რომელიც საზოგადოების საჭიროებების მიხედვით განვითარდა. 2006 წლიდან  ციხეებში შესვლაც მოახერხეს, მათ შორის არასრულწლოვანთა დაწესებულებაში, სადაც ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის გაცხადებული პოლიტიკის პირობებში ბევრი ბავშვი იყო პატიმრობაში. 

„ის მოზარდები ამბობდნენ,  რომ მხოლოდ იმ ერთი საათის განმავლობაში გრძნობდნენ თავს უსაფრთხოდ, როცა ჩვენ გველაპარაკებოდნენ”, ამბობს ლელა.  

2007 წელს ცენტრი ადგილობრივ დონეზე გაფართოვდა, ჯერ ქუთაისსა და ბათუმში დაფუძნდა მისი ფილიალები, ხოლო 2010 წელს გორში. 2013 წლიდან ცოდნის ექსპორტიც დაიწყეს ჯერ სომხეთში, ხოლო 2021 წლიდან ბელორუსში, სადაც ბელორუს კოლეგებს წამების დოკუმენტირება და მსხვერპლთან მუშაობის ცოდნა გაუზიარეს. ლაპარაკისას ლელა ცდილობს ცენტრის 24-წლიან გამოცდილებას მოკლედ მოუყაროს თავი. ფანჯრის რაფაზე ბროშურას შენიშნავს და მაწვდის. მე მქვია… ასე აწერია ბროშურას. 

წიგნში ვერავის სახელს ვერ ამოიკითხავთ,  მათ ცენტრში  კლიენტებს უწოდებენ. 

„წინამდებარე წიგნის მიზანია, საზოგადოებას ნაწამები ხალხის ხმა მიაწვდინოს” - ვკითხულობ შესავალში. შესავალს მოსდევს ისტორიების სარჩევი:

ლტოლვილი მამაკაცი ჩეჩნეთიდან

იძულებით ადგილნაცვალი ქალბატონი აფხაზეთიდან

სოფელ კარალეთის მკვიდრი 

პოლიტიკური შეხედულებების გამო დაპატიმრებული მამაკაცი

პროევროპული პროტესტის სახელით ცნობილი აქციების დროს დაკავებულ და ნაწამებ ადამიანებთან მუშაობა ცენტრმა სწრაფად დაიწყო, ჯერ კიდევ ფიზიკური ტრავმების მოშუშებამდე. 

ლელა იხსნენებს იმ დამახასიათებელ სიმპტომებს, რომლებიც ნაწამებ პაციენტებს გამოუვლინდათ. მათ შორის იყო შიში, უძილობა, ხილვები ღვიძილში, კოშმარული სიზმრები. 

,,ხშირად უბრუნდებათ სისხლის გემო პირში”, - მეუბნება ლელა. 

თუმცა, ამ მტანჯველ განცდებთან გამკლავება გაცილებით ადვილია, როცა მხარს გიჭერენ. რესპონდენტების უმრავლესობას უთქვამს, რომ საზოგადოებისგან წამოსულმა თანაგანცდის იმპულსმა ტანჯვა შეუმსუბუქა. რაც ლელას თქმით, ყოველთვის ასე არ იყო: ,,მე მახსოვს, რომ 7 ნოემბერს და 26 მაისს ნაწამებ ადამიანებს არ ჰქონდათ ასეთი საზოგადოებრივი მხარდაჭერა. ეს ართულებდა რეაბილიტაციის პროცესს. ისინი მარტო იყვნენ, აღიარებაც არ უნდოდათ რომ ჩვენთან დადიოდნენ”. 

შედარებისას კიდევ ერთ განსხვავებაზე მიმაქცევინა ყურადღება ლელამ: რომ მაშინ წამება არ იყო ასეთი საჯარო. 

,,სააკაშვილის დროს კედლებს უკან ხდებოდა წამება, ჩვენ გვიყვებოდნენ, რომ ხალხს აწამებდნენ და როდესაც გასაჯაროვდა, სწორედ ამან შეცვალა რეჟიმი. დღეს კი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შევესწარით და საკუთარი თვალით ვნახეთ რაც ჩაიდინეს, გვეუბნებიან, რომ რაც საკუთარი თვალით ვნახეთ, არ მომხდარა”, აზუსტებს ლელა. 

ამ ხერხს მიმართა ნინო წილოსანმაც 10 ივლისს, პარლამენტში, სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის შემდეგ, როდესაც შეკითხვა ასე დასვა:  „მომესმა, თუ ნამდვილად იმაზე იყო საუბარი, რომ აქციების დროს პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ რაღაც მიუღებელი მოქმედება ხორციელდებოდა?! ნამდვილად მეუცნაურა! - არც ერთი ფაქტი არ მინახავს, რომ პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ რაიმე არაკორექტული იყო და თუ ერთეულ შემთხვევაზეა საუბარი, ამის განზოგადება არ შეიძლება”! 

ფსიქოლოგიურ მანიპულაციას უწოდებს ამას ლელა, გამიზნულს იმისთვის, რომ რაც უკვე გტკივა, კიდევ უფრო გეტკინოს. 

ძალადობაგამოვლილი ადამიანების მონათხრობში კი ჩანს, რომ  ძალადობრივი სისტემის ჯაჭვის სხვადასხვა რგოლში, სავარაუდოდ, ცდილობდნენ ცემის და წამების კვალის დაფარვას, ან მის საერთოდ წაშლას. 


დაზარალებული V5 (21 წლის მამაკაცი) 

„პოლიციელებმა მაიძულეს სახე დამებანა საპირფარეშოში. უარი ვუთხარი, მაგრამ დაიწყეს ჩემი შეურაცხყოფა, მეუბნებოდნენ, „კაცი არა ხარ?!“ და იძულებით სახე ჩამომაბანინეს. მითხრეს, ფოტოები უნდა გადავიღოთ და ასეთ სიტუაციაში ვერ იქნებიო“.  


დაზარალებული  (V14), რომელიც 29-30 ნოემბრის ღამეს დააკავეს, იხსენებს, რომ სისხლიანი სახის ჩამოსაბანად საპირფარეშოში შეიყვანეს. მან ნახა, რომ საპირფარეშოს სამივე ნიჟარა სისხლიანი იყო, სანაგვე ყუთიც სისხლიანი ხელსახოცებით იყო სავსე და ძირსაც სისხლიანი ხელსახოცები ეყარა. ის ვარაუდობს, რომ რადგან ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს დროებითი მოთავსების იზოლატორის ექიმი არ იღებდა, პოლიციელები ცდილობდნენ დაკავებულთა მდგომარეობა შეელამაზებინათ, რათა იზოლატორის ექიმი „გაეცურებინათ”.

,,წამების მსხვერპლთაგან ზოგი უკვე წავიდა ქვეყნიდან. ზოგი ყოველ საღამოს რუსთაველზეა, სხვაგვარად ვერ ძლებენ”, - მეუბნებიან ცენტრის თანამშრომლები. მაგრამ, დაზუსტებით ვერაფერს ამბობენ საკუთარ მომავალზე. როგორ წარმოუდგენიათ მუშაობის გაგრძელება. რეალურია თუ არა რისკი, რომ გაიზიარონ ბელორუსული გამოცდილება, სადაც ცენტრები უბრალოდ დაიხურა და მომსახურება შეწყდა. 

დღევანდელი გადასახედიდან თითქოს არც ყოფილა ის პროექტები, რომლებიც სისტემის ჰუმანიზაციისთვის და იქ ძალადობრივი პრაქტიკის აღმოსაფხვრელად შეიქმნა. ასეთია თანამშრომლობა პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სადაც  ცენტრის სპეციალისტები მათთან ერთად, მსხვერპლის დაცვის გამოცდილებას მისი ღირსებისა და უსაფრთხოების ხელშეუხებლობით ნერგავდნენ. 

გაინტერესებთ ახლა სად ვართ? - მეკითხება ლელა, ,,საჯაროდაც კი აღარ ვაქვეყნებთ, რომ სერვისი გვაქვს. იმიტომ, რომ არის რისკი, რომ ვიღაც შემოგვიგზავნონ. ასე მოხდა ბელორუსში. მხოლოდ სანდო წყაროების რეკომენდაციით ვიღებთ კლიენტებს”.


დაზარალებული V57 (28 წლის მამაკაცი) 

„ინციდენტის შემდეგ პირველი დღეები იყო ძალიან მძიმე. მეგონა, რომ კარებს ვინმე შემომიმტვრევდა. საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვერ ვმგზავრობდი, მქონდა შიშები. როდესაც სახლიდან გამოვდიოდი, მუდამ ვათვალიერებდი, ვინმე ხომ არ იყო ჩასაფრებული. ღამე მარტო გადაადგილება არ შემეძლო, რადგანაც მეშინოდა. პოლიციის მანქანის დანახვისას დღემდე მაქვს შიში. ასევე ძალიან მეშინია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მარტო გადაადგილების, ხოლო საერთოდ ვერ ავდივარ იმ ადგილას, სადაც ფიზიკურად გამისწორდნენ, ემოციურად ეს ვერ გადავლახე“.


უცნაურია, რომ ერთი ხელისუფლების მიერ ჩაგრულს, მეორე ხელისუფლების მიერ დაჩაგრულის მიმართ თანაგანცდა არ უჩნდება. ლელა მიყვება, რომ  რამდენიმე ხნის წინ ,,ტიტუშკების” სახელით ცნობილ ჯგუფში ამოიცნეს ცენტრის ბენეფიციარი, უმძიმესი წამების მსხვერპლი ახალგაზრდა ბიჭი. 

,,მსხვერპლი ხშირად პოულობს შვებას ძალის დემონსტრირებაში, ამიტომაც არ წყდება ძალადობის ჯაჭვი”, - მეუბნება ლელა ცისკარიშვილი.

წიგნში, რომელიც ლელამ ინტერვიუს დროს მომცა, 1992 წელს, პოლიტიკური შეხედულებების გამო დაპატიმრებული კაცი იხსენებს, რა გაიარა უკვე დამოუკიდებელი საქართველოს ძალოვანი სისტემის სხვადასხვა რგოლში. 

,,უმეტესად თავდაყირა მკიდებდნენ და ისე მირტყამდნენ, მაგიდებს დგამდნენ ახლო-ახლოს, ზედ ჯოხს გადებდნენ, ხელბორკილით გამაგრებდნენ, ამ ჯოხს ფეხებში გაგიყრიან და ამოგატრიალებენ ფეხის გულებით მაღლა”.

,,გირტყამენ, შემდეგ დაგასვენებენ, პაუზა იმითაც არის ეფექტური წამების დროს, რომ ტკივილის მოლოდინს ქმნის, ხელმეორედ გამეორების საშიშროებას”. 

ეს ისტორია ცხადად აღწერს ქართული ძალოვანი სისტემის ანატომიას. მისი ასეთი სახით  ჩამოყალიბება რთულია ერთ სახელისუფლებო ვადას დაუკავშირო. მისი ფუნდამენტი საბჭოთა მემკვიდრეობაზე დგას. ამას ერთვის ის, რაც დამოუკიდებლობის პირველ წლებში ძალოვანმა სისტემამ დაიმატა და შემდგომი ხელისუფლებების პერიოდში შეიძინა. 

დღევანდელი გადასახედიდან კი ასე ჩანს, რომ მისი გარდაქმნა და შეცვლა არც ერთი ხელისუფლების დღის წესრიგში არ ყოფილა.  


პოლიტიკური შეხედულებების გამო დაპატიმრებული კაცი, 1992 წელი 

,,წამების ურთულეს მომენტში გამიჩნდა მიტევების, თითქმის პატიების შეგრძნება ჩემი ჯალათების მიმართ. ვარ კი საერთოდ მიმტევებელი? არ ვიცი…პატიების უნარი იმას გააჩნია, რომელიც მოერია, სულერთია, ფიზიკურად თუ სულიერად. მე ვარ წაგებულ მდგომარეობაში, როცა ჩემი ჯალათები მეცოდებოდნენ.  მე მათაც იმ სისტემის მსხვერპლად  აღვიქვამდი, ალბათ, უფრო სისტემის ჭანჭიკებად”.