4 წლიდან ინფლუენსერობაზე ვოცნებობ | ბავშვები TikTok ალგორითმის მახეში
ავტორი: მარიამ ბოგვერაძე
10 წლის სალომემ ერთ დღესაც დედას Youtube-ზე არხის გაკეთება სთხოვა. დედა იხსენებს, რომ სალომე პირველი ქართველი ბავშვი Youtube-ერის, ემილიას, ვიდეოებს უყურებდა და მასავით პოპულარობა სურდა. სოციალური ქსელების ეკოსისტემა, რომელიც არაერთ პლატფორმას აერთიანებს, თავის დამკვიდრების ადგილად იქცა იმ ასაკის ადამიანებისთვის, ვისთვისაც სოციალური ქსელების ქონა დეკლარირებულად ნებადართული არც არის.
ბავშვთა ფსიქოლოგთან კონსულტაციის შემდეგ სალომეს Youtube არხის შექმნის უფლება მისცეს. ძირითადად ქალაქგარეთ ოჯახის მოგზაურობის ვლოგებს იღებდა, რამდენჯერმე მაკიაჟის პროდუქტების განხილვის ვიდეოებიც დადო, რომელიც Youtube Shorts-შიც ატვირთა. სწორედ მაკიაჟთან დაკავშირებული ვიდეოები გავრცელდა ვირუსულად და აუდიტორიის მოწონებაც დაიმსახურა.
სახის მოვლის, მაკიაჟის და გაემზადე ჩემთან ერთად სკოლაში წასასვლელად (GRWM) ხასიათის ვიდეოები განსაკუთრებით პოპულარული იმ ბავშვებსა და მოზარდებში, რომლებსაც ჯერ თინეიჯერობის ასაკისთვისაც არ მიუღწევიათ და სოციალური ქსელების ოფიციალური პოლიტიკის თანახმად, არც ამ ქსელების გამოყენების უფლება აქვთ, რადგან 13 წელი არ შესრულებიათ.
„მოგესალმებით, გაემზადეთ ჩემთან ერთად მეგობართან შესახვედრად. პირველ რიგში, კანი უნდა გავიწმინდოთ ***-ს მიცერალური წყლით, ამ ბოლო დროს სახეზე ძალიან გამომაყარა, ახალი პროდუქტები შევიძინე და იმედია, მიშველის” - ჰყვება ერთ-ერთ ვიდეოში გოგონა, რომელიც ამბობს რომ 12 წლისაა:
„ზოგადად მე ძალიან მომწონს ***-ს პროდუქტი. დავიბანე უკვე სახე, ასე გამოიყურება. ახლა უნდა შევისხათ ***-ს თერმული წყალი და მოვიდა დრო ახალი პროდუქტი დავტესტოთ. ეს არის ***-ს შრატი და ასე გამოიყურება. როგორ ბზინავს კანი… ახლა უნდა წავისვა ***-ს დამატენიანებელი კრემი და ბოლო შტრიხი დაგვრჩა, ***-ს გლოსი”.
პატარების საყვარელი პლატფორმა ერთმნიშვნელოვნად Tik-Tok-ია. ერთი თვის განმავლობაში Chai Khana-მ მოზარდების ათობით ანგარიში შეისწავლა, რომლებიც მსგავს ვიდეოებს საჯაროდ აქვეყნებენ. მათი ასაკი 10-დან 14 წლამდეა, ვიდეოების შინაარსი კი ერთმანეთს იმეორებს. სალომემაც ითხოვა დედისგან Tik-Tok-ის ანგარიშის გახსნის ნებართვა, რაზეც უარი მიიღო.
ციფრულ სივრცეში პოპულარული პლატფორმებიდან, როგორიცაა Facebook, Instagram და Youtube, TikTok-ს ყველაზე აგრესიული ალგორითმი აქვს. ვიდეოს გავრცელება აქ ნაკლებადაა დამოკიდებული იმაზე, ვინ გყავს მეგობრებში ან გამომწერებში:
„ერთმა ვიდეომ შეიძლება ძალიან სწრაფად მიაღწიოს ათასობით და ასობით ათას ადამიანთან. ეს ნიშნავს, რომ მოზარდი იღებს სწრაფ უკუკავშირს, სრულად კარგავს კონტროლს აუდიტორიაზე. ეს პრობლემაა, რადგან TikTok განსაკუთრებით აქცენტირებულია გარეგნობასა და ემოციაზე დაფუძნებულ კონტენტზე, რაც ამ ასაკისთვის ზედმეტ ხილვადობას და არასასურველ რისკებს ზრდის,” - გვეუბნება ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია.
11 წლის თეონას GRWM ვიდეოს TikTok-ზე 479 კომენტარი აქვს. მოზარდს ძირითადად კომპლიმენტებს ეუბნებიან, თუმცა კომენტარების უმეტესობის უკან რეალურად ვინ დგას, ამის დადგენა რთულია, რადგან ანგარიშების უმრავლესობას სახელი და გვარი არ აწერია. ერთ-ერთი კომენტარის — გოგო სილამაზის ქალღმერთი — ავტორი, მაღალი ალბათობით, ზრდასრული კაცია, რომელსაც საკუთარი ვიდეოების გარდა, პირად ანგარიშზე ასევე გამოქვეყნებული აქვს AI-ს გენერირებული მისივე ფოტოები.
10 წლის თუთას ვიდეოს, რომელიც TikTok აუდიტორიასთან ერთად სკოლაში წასასვლელად ემზადება, ამ სტატიის გამოქვეყნების დროისთვის 225 400 ნახვა, 3 560 მოწონება, 336 კომენტარი და 1660 გაზიარება აქვს. ვიდეოში მოზარდი სახეზე ჯერ დამატენიანებელ საცხს ისვამს, შემდეგ კანს ტონალური კრემით იფარავს, ისვამს რუჟს, ივარცხნის და იფერავს წარბებს და თან ჰყვება, თუ რა აქვს დაგეგმილი დღის განმავლობაში.
ამგვარ ვიდეოებს TikTok-ზე ათობით, ზოგჯერ კი ასობით ათასი ნახვა აქვს. კომენტარების სექციაში უმეტესად ჭარბობს კითხვები გოგონას ასაკის შესახებ, უსახელო მომხმარებლების ნაწილი, მოზარდს ეკითხება, თუ რომელ სკოლაში დადის, უსვამენ კითხვებს გამოყენებული კოსმეტიკის შესახებ, ნაწილი წუხს, რომ პატარა ასაკიდან დეკორატიულ კოსმეტიკას იყენებს, სხვები კი კომპლიმენტებს არ იშურებენ.
პოპულარობა, რომელიც ციფრულ სივრცეში მიღებული მოწონებით, კომენტარებით, გაზიარებებით, ე.წ. engagement-ით იზომება, ცალსახად უარყოფით მოვლენად არ აღიქმება. შესაბამისად, მშობლები, რომლებიც მოზარდობასთან დაკავშირებულ სხვა საფრთხეებს იოლად აიდენტიფიცირებენ, სოციალურ ქსელებში პოპულარობას ამ საფრთხეებში არათუ არ მოიაზრებენ, ხშირად თავადაც ეხმარებიან და აგულიანებენ მცირეწლოვან შვილებს ვიდეოების გავრცელებაში.
ზოგ შემთხვევაში ისეთ ვიდეოებსაც წააწყდებით, სადაც მოზარდი მშობელს ეკითხება, მაგალითად, სამოსს ან ფეხსაცმელს რამდენი მოწონების მიღების შემთხვევაში უყიდის. ფსიქოლოგები ამბობენ იმასაც, რომ ბავშვი, რომელიც სკოლაში წასვლამდე ვიდეოს იღებს როგორ ემზადება, ამას მშობლისგან მალულად ვერ შეძლებს, რაც პოპულარობის მოპოვების გზაზე მშობლებისგან მხარდაჭერაზე მიანიშნებს.
„ოღონდ ქუჩაში არ გავიდეს და რადგან სახლშია და იუთუბერობს, უსაფრთხოდ აღიქვამენ. თავიდან თითქოს ისეთი არაფერია, მაგრამ ეტაპობრივად კარგავს კონტროლს მშობელი”. - ამბობს ფსიქოლოგი ნათია ოგბაიძე.
10-11 წლის ასაკის მოზარდები საკუთარი იდენტობის შეცნობას იწყებენ. ამ დროს საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა და მისით დაინტერესება ადრეული თინეიჯერებისთვის ასაკის შესაფერისი ქცევაა. ეს ასე იყო ყოველთვის, ინტერნეტამდე და სოციალური ქსელების არსებობამდეც. ციფრული სივრცის გაჩენა, რომელიც მეტწილად ვიზუალურ ფორმატებს, მაგალითად, ვიდეოს და მყისიერი უკუკავშირის მიღების შესაძლებლობას იძლევა, ამ მდგომარეობას უფრო ამძაფრებს. მოზარდებში თვითშეფასება იკლებს, ემოციები არასტაბილურია. ნათია ოგბაიძის თქმით, მესიჯი, რომელსაც მოზარდები სილამაზის ე.წ. ინფლუენსერების მიერ მომზადებული კონტენტისგან იღებენ, არის ის, რომ შენი სხეული უნდა შეაფასონ, ის უნდა იყოს მისაღები, ნაკლი კი დაფარული.
„მოზარდის თვითშეფასება ძალიან მყიფეა და მისი რეგულირება გარედან ხდება. ისინი თავს ისეთად მიიჩნევენ, როგორც გარედან შეაფასებენ”, - აღნიშნავს ფსიქოლოგი.
„მადლობა ყველას, ვინც მე არ მილაიქებთ ვიდეოებს. აწი ელოდეთ, რომ მეც დაგილაიქოთ,” - ამ წარწერის ფონზე სარკის წინ პოზირებს შავ-თეთრ ვიდეოში კიდევ ერთი მოზარდი გოგონა, რომელიც სხვა ვიდეოებთან ერთად GRWM კონტენტსაც იღებს, MamaFlex-ის კომპოზიციის თანხლებით.
„თუ ჩემი თვითშეფასება და საკუთარი თავის აღქმა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენ მოწონებას დაიმსახურებს ჩემი ვიდეო, როგორ კომენტარებს დამიწერენ — ამან პიროვნება შეიძლება მთლიანად ჩამოშალოს”. - გვეუბნება ფსიქოლოგი ქეთი დალინკევიჩი, რომლის გამოცდილება ასევე აჩვენებს, რომ ვინაიდან მოზარდის ფსიქიკა უფრო ფაქიზია, მასთან მუშაობა და შედეგის მიღება შესაძლოა კიდევ უფრო რთული იყოს. მაგალითად, თუ ზრდასრული ადამიანი იაზრებს, რომ ამგვარი დამოკიდებულების გამო ძილი დაერღვა, მოზარდი, როგორც წესი, სრულ წინააღმდეგობაშია და მიიჩნევს, რომ არაფერი ცუდი ამაში არ არის:
„თითქოს მთელი სამყარო, მშობლები, ზრდასრულები, ფსიქოთერაპევტი — ყველა ეწინააღმდეგება იმაში, რაც მისთვის ყველაზე სასურველი და მნიშვნელოვანია”.
ფსიქოლოგების პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც პაციენტები მათთან თვითდიაგნოსტირებული ყურადღების დეფიციტის სინდრომით მიდიან, რეალურად კი მათი პრობლემა შესაძლოა, ეკრანზე დამოკიდებულება იყოს, რომელიც ყურადღების ხანგრძლივობის შემცირებას იწვევს:
„ვიდეოები, რომლებსაც უყურებენ ათ ან ოცწამიანია და ადამიანი ამაზე მეტს უკვე ვეღარ უსმენს, უჭირს შინაარსობრივად გაჰყვეს. შემდეგ ჩივიან, რომ წიგნის კითხვის, ან ფილმის ყურების დროს ყურადღება გაურბით და შეწყვეტა უხდებათ. ეს ხშირად იმით კი არაა განპირობებული, რომ დაბადებიდან აქვთ ყურადღების დეფიციტი, როგორც დიაგნოზი, არამედ იმიტომ, რომ ეკრანის ამდენმა მოხმარებამ კონცენტრაციის უნარი გაუუარესა”, განმარტავს ფსიქოლოგი.
TikTok ტრენდის მავნე ზეგავლენა ბავშვის კანზე
სოფოც ამბობს, რომ სალომესაც და მის კლასელებსაც ყველაზე მეტად ასეთი ვიდეოების ყურება უყვართ. მაკიაჟის გაკეთებაშიც გაიწაფნენ და თავის მოვლის ისეთი საშუალებები და ბრენდები იციან, რომლებიც შესაძლოა, მშობელს წარმოდგენა არ ჰქონდეს:
„პრაღაში ვიყავით და „სეფორაში” [კოსმეტიკური და თავის მოვლის საშუალებების ქსელი] რომ შევიდნენ, ბავშვებმა ყველა ბრენდი იცოდნენ. ყველაფერი უნდოდათ, ეს გვიყიდეთ, ის გვიყიდეთ. პირველად მესმოდა ეს სახელები. ვყიდულობ, ვერ გეტყვი რომ არ ვყიდულობ, მაგრამ გარკვეული ლიმიტით, თვეში ერთი რამის ყიდვაზე შევთანხმდით და ასე დავარეგულირეთ ეს საკითხი”, - გვეუბნება სოფო.
„ეძებ შედარებით იაფიან სახის დასაბანს, რომელიც ყველა ტიპის კანზე მუშაობს — ***;” ამბობს ერთ-ერთი მოზარდი TikTok ვიდეოში და მაყურებელს კონკრეტულ პროდუქტს აჩვენებს.
„ეძებ ხარისხიან მაკიაჟის მოსაშორებელს — ***; ეძებ შედარებით იაფ სახის მისტს, რომელიც კანს კარგად გაგრძნობინებს — ***; ეძებ შედარებით იაფ სახის შრატს, რომელიც თან კარგად მუშაობს — ***; ეძებ სახის დამატენიანებელს, რომელიც მძიმე არ არის და თან კანს კარგად ატენიანებს — ***; ეძებ შედარებით იაფიან სახის დამატენიანებელს, რომელსაც მზისგან დამცავიც ურევია და მართლა მუშაობს — ***; ეძებ სახის ტონერს, რომელიც სახეს კარგად გიტენიანებს და იბზინვარებს — ***; ეძებ სახის პროდუქტს, რომელიც კარგად გიტენიანებს სახეს და იბრჭყვიალებს — ***; მაკიაჟზეც ხომ არ გავაკეთო ასეთი ვიდეო?”.
სოციალურ ქსელებში მოზარდების ამგვარი აქტივობა მხოლოდ ქართული ფენომენი არ არის. ამერიკის პედიატრთა ასოციაციის სამეცნიერო ჟურნალში ამერიკული კვლევითი უნივერსიტეტის, Northwestern University-ის მიერ ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, რომ 7-დან 18 წლამდე ასაკის მომხმარებლის მიერ შექმნილი ვიდეო, რომელიც სახის მოვლაზეა, დაახლოებით 1.1 მილიონ ნახვას აგროვებს. მოზარდები ვიდეოში საშუალოდ 6 სხვადასხვა პროდუქტს იყენებდნენ, რომელთა თვიური ღირებულება 168 აშშ დოლარს შეადგენდა. კვლევამ დაადგინა, რომ TikTok რუტინები ძვირი და არაეფექტიანია, ხოლო ვიდეოებში განხილული პროდუქტები კანს შეიძლება ადვილად აღიზიანებდეს, ასევე ალერგიული კონტაქტური დერმატიტის რისკის შემცველ ინგრედიენტებს შეიცავდეს, რამაც კანის სიმშრალეც შეიძლება გამოიწვიოს.
პრობლემებმა შეიძლება იჩინოს თვალზეც, რაც შეიძლება გამოიხატოს თვალის შეშუპებაში, სიწითლეში, ქავილშიც კი.
დერმატოლოგის რჩევით, თინეიჯერის კანის მოვლის რუტინა ისეთი ელემენტარული საფეხურებისგან უნდა შედგებოდეს, როგორიცაა სახის კანის გასუფთავება. ზამთარში თუ ბავშვს სიცივეზე კანი უწითლდება ან უშრება, რეკომენდებულია ბავშვისთვის განკუთვნილი სპეციალური დამატენიანებელი კრემის გამოყენება, ქალაქიდან გასვლისას კი სახეზე მზისგან დამცავი საშუალების წასმა.
„არანაირი აქტიური ინგრედიენტი, როგორიცაა, მაგალითად, ნიაცინამიდი, აზელაინი ალფა და ბეტა ჰიდროქსიმჟავები, სალიცილის მჟავა, გლიკოლის მჟავა, არაფრით არ შეიძლება ბავშვისთვის. ბავშვებს ბუნებრივად აქვთ ყველაფერი, რის მისაღწევადაც ეს ინგრედიენტებია საჭირო. ბავშვებთან კი არა, ეს ინგრედიენტები 25 წლიდანაც ინდივიდუალურად, კონკრეტული დანიშნულებით გამოიყენება”, გვიხსნის დერმატოლოგი ნათია თოდუა.
არის თუ არა აკრძალვა გამოსავალი?
ვინაიდან სოციალური ქსელების მიერ დაწესებულ ასაკობრივ შეზღუდვას ბავშვები და მოზარდები გვერდს იოლად უვლიან, დღის წესრიგში მუდმივად ბრუნდება აკრძალვის დაწესების საკითხი. 2025 წლის დეკემბერში ავსტრალია პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის მოზარდებს სოციალური ქსელების გამოყენება აუკრძალა გადაწყვეტილება დაეფუძნა კვლევას, რომელმაც აჩვენა, რომ 2025 წელს 10-15 წლის ავსტრალიელი მოზარდების 96%-ი სოციალურ ქსელებს აქტიურად იყენებდა. 10-დან 7 ბავშვი კი დამაზიანებელი შინაარსის ვიდეოებს აწყდებოდა — მიზოგინიურ და ძალადობრივ კონტენტს, ასევე კვებითი აშლილობის და სუიციდური ქცევების მაპროვოცირებელ ვიდეოებს.
მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენების შეზღუდვაზე მსჯელობენ დანიასა და ნორვეგიაშიც. საკითხის მოკვლევას აწარმოებს საფრანგეთის პარლამენტიც. ესპანეთის მთავრობამ კი მოამზადა კანონპროექტი, რომელიც 16 წლამდე პირებს მეურვის თანხმობას მოსთხოვს სოციალურ პლატფორმებზე წვდომისთვის. გარკვეულ ასაკამდე ბავშვებისთვის ამ პლატფორმებზე წვდომის შეზღუდვაზე მსჯელობენ დიდ ბრიტანეთშიც.
სალომეს დედა, სოფოც, ცდილობდა, რომ 14-15 წლამდე მის შვილს სოციალურ ქსელებზე წვდომა არ ჰქონოდა, თუმცა ბოლოს მიხვდა, რომ შეიძლებოდა ბავშვი თანატოლებისგან იზოლირების საფრთხის წინაშე აღმოჩენილიყო, რაც მოზარდობისას ასევე დიდი პრობლემაა.
„ძალიან მთხოვდა, მეუბნებოდა, რომ კლასში ყველას აქვს, Instagram-იც, Facebook-იც, WhatsApp-ი, TikTok-ი და ყველანაირი სოციალური ქსელი. ტირილით მეხვეწებოდა, რომ მასაც უნდოდა. თან მივხვდი, რომ სოციალიზაციაშიც შეიძლებოდა შემეფერხებინა. ფსიქოლოგმაც მირჩია, რომ რომელიმე პლატფორმაზე წვდომა მიმეცა და ბოლოს შევთანხმდით Messenger-ის აპლიკაციის ჩამოტვირთვაზე. წავედი ამ დათმობაზე”, - გვეუბნება სოფო.
სოციალური ქსელების გონივრული მოხმარება და საზღვრების დაწესება, ციფრული განვითარების და ინტერნეტის ეპოქაში, ბავშვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მართლაც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.
„გამარჯობა, ეს არის ჩემი პირველი ვიდეო და მოდი გამეცანი. მე მქვია ნინი* და ვარ ქართველი, რომელიც ცხოვრობს თბილისში. 4 წლიდან ჩემი ოცნებაა, ვიყო Content Creator ან „ინფლუენსერი” და 4 წლიდან ვიდეოებს ვიღებ” - ჰყვება Tik-Tok-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ერთ-ერთი ანგარიშის მფლობელი მოზარდი გოგონა და კოსმეტიკისა და თავის მოვლის ათობით პროდუქტს ალაგებს მაკიაჟის მაგიდის თაროებზე.
ამ მოზარდის ვიდეოებიც ძირითადად მაკიაჟზე, თავის მოვლის რუტინასა და შენაძენის განფუთვა, თუმცა ვიდეოებში მარტივად იდენტიფიცირებადია მისი საცხოვრებელი ადგილი და სკოლა.
სოციალური ქსელების მოხმარების ნებართვასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა მოზარდის უსაფრთხოებაზეც იზრუნოს, რაც გულისხმობს რთულად გამოსაცნობი პაროლის დაყენებას, ორმაგი ვერიფიკაციის ჩართვას. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია, მშობლებს Parental Control ინსტრუმენტების გამოყენებას ურჩევს, რომელიც ყველა სოციალურ პლატფორმას გააჩნია და მშობელს საშუალებას აძლევს, გაფილტროს ვიდეოების შინაარსი, რომელსაც მოზარდს კონკრეტული პლატფორმა უჩვენებს; ეკრანთან გატარებული დრო უკონტროლოს, კომენტარების ველი დაუხუროს და სხვა.
მნიშვნელოვანია სოციალური ქსელის სიფრთხილით შერჩევაც, რომელზე წვდომასაც მოზარდს მშობელი აძლევს. მაგალითად, Instagram მეტი პრივატულობის შესაძლებლობას იძლევა, ხოლო Youtube უფრო შინაარსზე ორიენტირებული პლატფორმაა და ნაკლებად ეფუძნება მყისიერ რეაქციებს:
„რილსის მეშვეობით ვიდეოების ვირუსულად გავრცელების რისკი Instagram-საც აქვს, მაგრამ Tiktok-სგან განსხვავებით ეს შედარებით ნელი ტემპით ხდება და ნაკლებად ქაოსურია. Youtube-ზე ვიდეოს შექმნას მეტი ძალისხმევა სჭირდება, რაც მოზარდებისთვის ნაკლებად მიმზიდველი შეიძლება იყოს. მიუხედავად იმისა, რომ იქაც დაემატა მოკლე ვიდეოები, ალგორითმი ნაკლებად ავრცელებს ერთჯერად, სპონტანურ ვიდეოებს. Instagram და TikTok-თან შედარებით, Youtube-ი შეიძლება, უფრო უსაფრთხო პლატფორმად ჩაითვალოს“,- ამბობს სპეციალისტი.
მოზარდებისთვის სოციალური ქსელების სრულად აკრძალვა გამოსავლად არ მიაჩნიათ არც ფსიქოლოგებს. ერთი მხრივ, ციფრული კომუნიკაცია სოციალიზაციის მნიშვნელოვან კომპონენტად იქცა და ბავშვმა, ვისაც ამ სივრცეზე წვდომა არ აქვს, შესაძლოა თანატოლებისგან დაჩაგრულად და გარიყულად იგრძნოს თავი. მეორე მხრივ, აკრძალვას ყოველთვის ახლავს რისკი, რომ წვდომის მოპოვებას მოზარდები ამ პლატფორმებზე უფრო სახიფათო გზებით შეეცდებიან. გამოსავალი სოციალური ქსელების მოხმარების წესებზე შეთანხმება და დროის კონტროლთან ერთად, შინაარსის გაფილტვრაზე ფოკუსირებაა:
„ეკრანის გამოყენებისას კონკრეტულ დროზე შეთანხმება მნიშვნელოვანია. როგორ ვიდეოებს უყურებს მოზარდი, რომელი დაამახსოვრდა, რით იყო ეს მნიშვნელოვანი, ამის ნახვის შემდეგ თავი როგორ იგრძნო, რა აზრები გაუჩინა? ინტერნეტ სივრცეში ყველას შეუძლია საუბარი, მოზარდებს უჭირთ გაარჩიონ, რა არის სიმართლე და შეიძლება მარტივად დაიჯერონ ყველაფერი. ამიტომ მშობლებს ვურჩევდი შინაარსზე კონცენტრაციას, თუმცა დროის ლიმიტირებაც ძალიან მნიშვნელოვანია” - ამბობს ფსიქოლოგი ქეთი დალინკევიჩი.
სტატიაში შეცვლილია ვიდეოებში მონაწილე მოზარდების სახელები. სტატიაში ასევე შეცვლილია იმ მშობლის და ბავშვის სახელიც, რომლის გამოცდილებასაც Chai Khana-სთან საუბარში მშობელი აღწერს.