loading

ამდენი არ უნდა გამოგვევლო | ვაჟა და ლენა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის შემდეგ

ამდენი არ უნდა გამოგვევლო | ვაჟა და ლენა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის შემდეგ ამდენი არ უნდა გამოგვევლო | ვაჟა და ლენა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის შემდეგ
ამდენი არ უნდა გამოგვევლო | ვაჟა და ლენა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის შემდეგ ამდენი არ უნდა გამოგვევლო | ვაჟა და ლენა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის შემდეგ

ერთწლიანი მცდელობის შემდეგ ორი მოზარდი ინტერვიუზე გვთანხმდება. 

კითხვებს ფრთხილად ვარჩევთ, ტრავმა რომ არ განვუახლოთ. მძიმე ბავშვობა გამოიარეს, მათთვის არც ზრდასრულობა აღმოჩნდა იოლი; წვალობენ იმისთვის, რომ უსაფრთხო გარემოში ცხოვრებისთვის საბაზისო პირობები შეიქმნან.


ვაჟა პარკში შეხვედრას გვთხოვს. ახლა ის ქალაქ წნორთან ახლოს, ბროწლიანის სათნოების სახლში ცხოვრობს, სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ.

წნორის ცენტრში მანქანით დავიმგზავრეთ. კრემისფერი შარვალი და ამავე ფერებში ზოლიანი მაისური აცვია, შავი მზის სათვალე უკეთია. ეტყობა, რომ ჩვენთან შესახვედრად საგანგებოდ მოემზადა. მანქანაში გვეცნობა, ხელს გვართმევს, სათვალეს იხსნის, მაგრამ თვალებში ვერ გვიყურებს. 

წნორში ახალი პარკი გაუხსნიათ, ვაჟაც პირველად არის, იქვე ღია ფანჩატურში ვსხდებით.

- რა გაინტერესებთ ჩემზე და რატომ გაინტერესებთ ჩემი ამბავი? - გვეკითხება ვაჟა.

თვალებში ისევ არ მიყურებს. 

სანამ შევეკითხები, ახლა როგორ არის და როგორ ცხოვრობს, მასწრებს და მეუბნება, ადამიანებს არ ვენდობიო. ამ მიზეზით ვაჟას არც მეგობრები ჰყავს. მორიდებულია, რასაც ვეკითხები, ძალიან მოკლედ მპასუხობს. ღელავს, ზედმეტი არაფერი თქვას. ცუდად არ გაუგონ მერე ეს ნათქვამი. 

ვაჟა ქალაქ წნორის პარკში.
24 მარტი, 2026

2021 წლის 4 ივნისი ვაჟას კარგად ახსოვს, დაახლოებით ღამის 1 საათზე, 6 ბავშვთან ერთად, ორ მანქანაში ჩასვეს და თბილისში, წაიყვანეს. ასე გამოეთხოვა ვაჟა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატს, ადგილს, სადაც 14 წელი გაატარა. ვაჟა ქრისტესაშვილი თვეების იყო, როცა დედამ ზესტაფონის ბავშვთა სახლში მიიყვანა. 4 წლამდე, სანამ ამ სახლს დახურავდნენ, ვაჟა იქ იზრდებოდა. ნინოწმინდაში მას და დახვდა, მარიამი, რომელიც დედამ გაჭირვების გამო, პანსიონში მანამდე წაიყვანა. ვაჟა და მარიამი მამას არ იცნობენ.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონმა საზოგადოების ყურადღება მედიით 2021 წელს მიიქცია, როცა პანსიონის კარი სახელმწიფოს ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკებისთვის და სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფისთვის დაკეტილი აღმოჩნდა. უარს სხალთის მთავარეპისკოპისი, მეუფე სპირიდონი, საჯაროდ აცხადებდა. ამ დროს სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფს კანონიერი უფლება აქვს, შეამოწმოს სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებული დაწესებულება და ნახოს, რა პირობებში ცხოვრობენ იქ ბავშვები, ვისზე მზრუნველობის პასუხისმგებლობაც ეკლესიამ თავის თავზე აიღო.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე სახალხო დამცველის ანგარიშებში 2014 წლიდან ვკითხულობთ. მაგალითად, 2015 წლის ანგარიშში ასეთი ჩანაწერი გვხვდება:

[...] დასჯის მიზნით, ეკრძალებათ ოთახიდან გასვლა, უწევთ კვების ერთი–ერთი კომპონენტის გამოტოვება – მაგ. ვახშმის. ბენეფიციარების თქმით, ფიზიკური დასჯის მიზნით, არასრულწლოვნებს თავზე ხელებდაწყობილს, თანატოლების თვალწინ უწევთ დერეფანში მუხლებზე ხოხვით სიარული.

ვაჟასაც ახსოვს ძალადობის შემთხვევები, საკუთარ თავზეც გამოუცდია.

,,ტანჯვა-წამებაში მართლა ვიყავით. დასჯის სხვადასხვა მეთოდი იყო: აბაზანაში უნდა გაგეხეხა ტუალეტი, სარეცხი გაგეფინა, გარდერობები გაგეწმინდა. კუთხეში ცალ ფეხზე დავუყენებივარ, ჯოხს გვირტყამდნენ. შეიძლება მთელი ღამე დაძინების უფლება არ მოეცათ. ტელევიზორს როცა ვუყურებდით, თუ რამეზე გაგვეცინებოდა ან ავხმაურდებოდით, ეკრანისკენ ზურგით გვსვამდნენ. ფეხები აწიეთ და ძირს არ დადოთო, გვეტყოდნენ. იმდენი გამოვიარე, რომ არ უნდა გამომევლო,” მეუბნება ვაჟა და იქვე ცდილობს, კარგიც გაიხსენოს. მაგალითად, ყველა ბავშვს გვიყვარდა მეუფე სპირიდონი, კვებაც ყოველთვის კარგი გვქონდა. ამ მხრივ არაფერს გვაკლებდნენო.

2021 წელს სახალხო დამცველი უკვე სპეციალურ ანგარიშს უძღვნის ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებული ბავშვების უფლებრივ მდგომარეობას, სადაც წერია, რომ დაწესებულებაში წლების განმავლობაში მიმართავდნენ ბავშვების მიმართ წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან გათანაბრებულ მოქმედებებს.

ამონარიდი ანგარიშიდან:

„ერთ-ერთი აღსაზრდელი, ღამე უნებლიე შარდვისთვის აღმზრდელმა შიშველი დააყენა დერეფანში. მეორე ბავშვს კი, იმავე მიზეზის გამო, აღმზრდელმა დასჯის მიზნით დახეული სამოსი ჩააცვა“.


ვაჟა მისმა ადვოკატმა გაგვაცნო. ორგანიზაციას ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” სპეციალური მოსარჩელის სტატუსი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ შშმ პირების უფლებების სისტემური დარღვევის შემთხვევაში მას ამ ფაქტებზე სასამართლოსთვის მიმართვა შეუძლია. 2021 წელს ორგანიზაციამ ეს უფლება გამოიყენა, როდესაც ნინოწმინდის პანსიონიდან მონიტორინგზე მიღებული უარის შემდეგ, სასამართლოს მონიტორინგის ჯგუფის დაშვების მოთხოვნით მიმართა. თუმცა, სასამართლოსგან უარი მიიღო. ამ დროისთვის ნინოწმინდის პანსიონში 57 ბავშვი ირიცხებოდა. ეს გადაწყვეტილება მათ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს:

,,სამსჯელოდ სააპელაციო სასამართლოს 2 თვე აქვს. ბავშვებისთვის ეს ძალიან დიდი დრო იყო. ამიტომ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტს მიმართა, ზუსტად 2 დღეში მოვიდა იქიდან პასუხი. სახელმწიფოს სასწრაფოდ დაევალა, მონიტორინგის მანდატის მქონე უწყებები ბავშვთა პანსიონში შესულიყვნენ და გარემო შეესწავლათ. ეს იყო 2021 წლის 7 მაისის განჩინება,” იხსენებს თაკო კაპანაძე, PHR-ის იურისტი.

ივნისში სახალხო დამცველის ჯგუფი პანსიონიდან კვლავ უარით გამოისტუმრეს. ამის შემდეგ, ორგანიზაცია [პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის] ხელახლა მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს, მიმართვას თან ურთავს გაეროს კომიტეტის წერილს და ამჟამად უკვე პანსიონიდან ყველა ბავშვის დაუყოვნებლივ გამოყვანას ითხოვს. 

,,მიმართვიდან 24 საათში, თან შაბათს, მოსამართლის თანაშემწე გვირეკავს და გვეუბნება, რომ განჩინება მზად არის. ალბათ, არასოდეს დამავიწყდება ეს დღე. მე და ჩემი კოლეგა სოფი მივედით სასამართლოში. 12 ან 1 საათი იქნებოდა. 5 საათისთვის მედიისთვის პრესკონფერენცია ჩავნიშნეთ. განჩინებაში ეწერა, რომ ყველა ბავშვი საფრთხის ქვეშ იყო ნინოწმინდის პანსიონში და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს იქიდან ყველა ბავშვი უნდა გამოეყვანა,” ამ დღეზე წლების შემდეგაც ემოციურად ყვება თაკო.

სასამართლოს გადაწყვეტილება მყისიერად უნდა აღსრულებულიყო. ამიტომ სახელმწიფოს ზრუნვის სააგენტომ იმ საღამოსვე დაიწყო ბავშვების უსაფრთხო გარემოში გადაყვანის პროცესი. რამდენიმე ბავშვი ოჯახში დაბრუნდა. ვის შემთხვევაშიც ეს შეუძლებელი იყო, ისინი მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, ან მინდობით აღზრდის სისტემაში გადაიყვანეს.

ვაჟა თბილისში, SOS ბავშვთა სოფელში აღმოჩნდა, სამი წელი იქ იცხოვრა. სრულწლოვანი როგორც გახდა, სიღნაღში, ბროწლიანის სათნოების სახლში გამოუშვეს, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ ცხოვრობენ.

,,სოფელში დიდად არ მინდოდა, მაგრამ სხვა რა გზა იყო. SOS ბავშვთა სოფელში 18 წლის შემდეგ ვეღარ გაგაჩერებენ. არადა, იქ ყველა კარგად მექცეოდა, ძიძაც, მასწავლებელიც, დირექტორიც. სხვანაირი ცხოვრება დავიწყე იქ. ერთგულება, მხარდაჭერა, სიკეთე, დახმარება, გვერდში დგომა ყველაფერი მანდ გამოვცადე. მსგავსი არაფერი არ მქონდა მანამდე ნანახი. ოჯახად მივიღე. მაგრამ ახლა უკვე ბროწლიანსაც შევეჩვიე”, გვიყვება ვაჟა.

ბროწლიანის სათნოების სახლის ერთ ოთახში, რომელიც ყოფილი საავადმყოფოს შენობაა, ვაჟას პატარა სახელოსნო აქვს მოწყობილი. ხეზე მუშაობს. თაროებს, მაგიდას, სკამებს ამზადებს. ოთახში ყველა დანადგარს და ხელსაწყოს თავისი ადგილი აქვს მიჩენილი. სამუშაო ტანსაცმელი თეთრ კედელზე უკიდია. ამ ოთახში ყველაზე თავისუფალი და ლაღია ვაჟა, თავდაჯერებულიც. ამაყად გვაჩვენებს სულ რამდენიმე დღის წინ დასრულებულ ძაღლის თავშესაფარს. ახლა ხის თაროებს ამზადებს. მართალია, ამ ნივთებს ვაჟა ჯერჯერობით ვერ ყიდის, მაგრამ ხელოსნობას თავს მაინც ვერ დავანებებო, მეუბნება.

ვაჟა თავის სახელოსნოში, ბროწლიანის სათნოების სახლში.
24 მარტი, 2026

ვაჟა თავის სახელოსნოში, ბროწლიანის სათნოების სახლში.

ვაჟა თავის სახელოსნოში, ბროწლიანის სათნოების სახლში.

ვაჟა თავის სახელოსნოში, ბროწლიანის სათნოების სახლში.

ვაჟა თავის სახელოსნოში, ბროწლიანის სათნოების სახლში.

ვაჟა თავის სახელოსნოში, ბროწლიანის სათნოების სახლში.

ვაჟას ერთადერთი ოცნება სახლის ყიდვაა: ,,ეგ რო მექნება, უფრო ხალისიანიც გავხდები, მეგობრებიც მეყოლება, გავერთობი კიდეც”.

სახლის შესაძენად ვაჟას ფულის შეგროვება დაწყებული აქვს. მას შშმ პირის სტატუსი აქვს, ანაბარზე პენსიის ფულს აგროვებს და ძალიან ელოდება კომპენსაციის მიღებას, რომლის გადახდაც სახელმწიფოს ნინოწმინდის პანსიონის აღსაზრდელებისთვის დაეკისრა. 

2026 წლის 5 მარტს პანსიონის 11-მა აღსაზრდელმა, რომლებსაც სასამართლოში ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) იცავდა, სახელმწიფოს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დავა მოუგო. გადაწყვეტილების მიხედვით, თითოეული მათგანი 30-30 ათას ლარს მიიღებს. ორგანიზაცია 100-100 ათასი ლარის გადახდას მოითხოვდა. ახლა საქმე სააპელაციო სასამართლოშია და საბოლოო განჩინებას ელოდება. 

გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტი გადაწყვეტილებაში პირდაპირ არ წერს, რა თანხა უნდა გადაუხადოს სახელმწიფომ ბავშვებს კომპენსაციის სახით. მას უწერია, რომ ბავშვებმა უნდა მიიღონ ღირსეული და ყოვლისმომცველი კომპენსაცია. ქართული კანონმდებლობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ უნდა თქვას, რამდენია ეს ღირსეული და ყოვლისმომცველი კომპენსაცია. ნინოწმინდის ბავშვებს სასამართლომ 30 000 ლარიანი კომპენსაცია განუსაზღვრა. 

იურისტებმა მოზარდებთან კომუნიკაცია პირადი კავშირებით და SOS ბავშვთა სოფელში დაიწყეს. თაკო კაპანაძეს ახსოვს, როგორი შეშინებულები იყვნენ თავიდან ბავშვები. თბილისში, მათთვის უცნობ და დიდ ქალაქში, კულტურული შოკი განიცადეს. ამ ბავშვებს დამოუკიდებლად ცხოვრების არანაირი უნარ-ჩვევა არ ჰქონდათ. ნინოწმინდაში აღმზრდელის გარეშე ისინი არც მაღაზიაში, არც პარკში და არც სკოლაში არ დადიოდნენ. ძნელად ენდობოდნენ ვინმეს, ამიტომ პრობლემებზე ლაპარაკიც საჯაროდ უჭირდათ. როგორც თაკო ამბობს, შფოთვა და უძილობა თითქმის ყველა ბავშვს ჰქონდა, ვისაც კი შეხვდა. 

ორგანიზაციის იურისტები ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტი ბავშვი გაეცნოთ. მათი პერსონალური ისტორიები სასამართლოში შანსს ზრდიდა. 2 ბავშვი ჩივილზე მაშინვე დათანხმდათ. თავდაპირველად, სხვა 4 ბავშვიც თანახმა იყო, მოგვიანებით კი უარი თქვეს. ორგანიზაციამ ეს ზეწოლის შედეგად მიიჩნია, ამიტომ ამ 2 ბავშვთან ერთად, მათი ოქმიც გააგზავნა გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტში. მათ შორის იყო ვაჟა ქრისტესიაშვილიც, რომელიც ჯერ ჩივილის წინააღმდეგი არ ყოფილა, მოგვიანებით კი გადაიფიქრა. მისი ოქმიც რომ არ გაეგზავნა გაეროში ორგანიზაციას, ვაჟა დღეს კომპენსაციას ასე მოუთმენლად ვერ დაელოდებოდა. მისი და მარიამი, მაგალითად, რომელმაც ინტერვიუზე უარი გვითხრა, ამ 11-კაციან სიაში არ არის. მარიამთან ერთად, ათეულობით ბავშვია კიდევ ნინოწმინდის პანსიონიდან, რომელიც კომპენსაციას ვერ იღებს იმ მიზეზით, რომ თავიდან იურისტებთან შეხვედრა და კომუნიკაცია არ ისურვეს, თავად იურისტებსაც არ ჰქონდათ ბევრ ბავშვზე ინფორმაცია და შესაბამისად, ვერც შეხვდებოდნენ. ნინოწმინდის პანსიონიდან აღსაზრდელები სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში გადაიყვანეს. 

,,სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან თვეები გაიწელა ჩვენი კომუნიკაცია. ამ ბავშვების ვინაობა გვაინტერესებდა. საბოლოოდ, გაერომ ჩვენ ადვოკატად მიგვიჩნია იმ ორი ბავშვის, ვისგანაც თანხმობა გვქონდა; იმ 4 ბავშვის, ვინც ზეწოლის შედეგად უარი თქვა, და იმ 15 ბავშვის, რომელიც იმ დროისთვის ჯერ კიდევ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში რჩებოდა. ჯამში 21 ბავშვზეა ლაპარაკი. დარჩენილი 36 ბავშვის წარმომადგენლად გაერომ ჩვენ არ მიგვიჩნია,” დეტალურად გვიხნის თაკო. 

ორგანიზაციამ სასამართლოში ჩივილზე თანხმობა, საბოლოოდ, 11 ბავშვისგან მიიღო.

შესაბამისად, 11 მოზარდის სახელით მიმართა PHR-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს კომპენსაციის მოთხოვნით და სარჩელი 11-ივეს დაუკმაყოფილეს.


მათ შორის არის ლენა კოპაძეც, რომელიც ახლა მოხუც ბებიასთან ერთად ზესტაფონში, მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს. კვალითის დასახლებაში, კორპუსის პირველ სართულზე, ლენას მამას გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე, ოროთახიანი ბინა უყიდია. ნინოწმინდის პანსიონიდან ლენა პირდაპირ აქ მოიყვანეს, ზუსტად იმ წელს გახდა სრულწლოვანიც. 

ლენა კორპუსის შესასვლელთან გვხვდება, დიდი ცისფერი თვალებით გვიღიმის, სახლში შევყავართ და ბებოს გვაცნობს. შვილმკვდარი დედა მაშინვე გაჭირვებაზე გვიწყებს ლაპარაკს: მე მუშაობა აღარ შემიძლია, ცალი თვალი შვილის გარდაცვალების დროს დავკარგე, ჯანმრთელობა შერყეული მაქვს, ლენა მისახედია, უბრალო სამსახურს ვერ პოულობს, მეც აღარ ვიქნები და რა ეშველებათ ამას და თავის ძმასო, შემოგვჩივის ზინა კოპაძე. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი ბებიის პენსია და სოციალური შემწეობაა.

ლენა და ბებო სახლში.
ზესტაფონი, 10 აპრილი, 2026

ლენასაც ბავშვობის მძიმე მეხსიერება გამოჰყვა ნინოწმინდიდან. მთელი ღამე ოთახის კარადასთანაც დაუყენებიათ დასჯის მიზნით, საჭმლიან ჯამში თავიც ჩაუყოფინებიათ, საჭმელიც დროებით არ მიუციათ, ტელევიზორთან ზურგითაც დაუსვამთ. მისი ძმა, რომელსაც დამოუკიდებლად თავის მოვლა არ შეუძლია, თუ ჩაისვრიდა, ლენას თვალწინაც დაუსჯიათ, ლობიანი არ მიუციათ და საკვების გარეშე დაუტოვებიათ. შეიძლებოდა, რაღაც პერიოდი, გიორგი არც დაებანათ.

ლენა ამ ამბებს ფრაგმენტულად, პაუზებით ჰყვება.

მის და ვაჟას მონათხრობს ადასტურებს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ მიღებული  გადაწყვეტილება, რომელიც კომიტეტმა მოგვიანებით, სიტუაციის შესწავლის საფუძველზე, 2024 წლის 24 მაისს მიიღო. კომიტეტი აცხადებს, რომ ნინოწმინდის პანსიონში ირღვეოდა ბავშვების უფლებები, ისინი იყვნენ ძალადობის, არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლი, სახელმწიფომ კი არ დაიცვა ისინი. კომიტეტმა ეს გადაწყვეტილება წმინდა ნინოს სახელობის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში მცხოვრები 57 ბავშვის სახელით შეტანილ საჩივარზე გამოიტანა. 

,,საქართველომ ვერ დაიცვა ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის პანსიონში განთავსებული, ოჯახურ მზრუნველობას მოკლებული ბავშვები ძალადობისა და შეურაცხყოფისაგან. მათგან ზოგიერთს შეზღუდული შესაძლებლობები ჰქონდა. ამით მან დაარღვია ბავშვის უფლებათა კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები,” წერია გადაწყვეტილებაში.

კომიტეტმა მოუწოდა სახელმწიფოს სათანადო კომპენსაცია გადაუხადოს დაზარალებულებს, საჯარო ბოდიში მოიხადოს და დამნაშავეებს პასუხი აგებინოს.

როდესაც ბავშვებმა ნინოწმინდის პანსიონი დატოვეს, ისინი საგამოძიებო უწყებებში გამოიკითხნენ და გამოძიების ფარგლებში ჩვენებები მისცეს. ვისაც დაზიანების კვალი ფიზიკურად არ ემჩნეოდა და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე მიუთითებდა, პროკურატურამ დაზარალებულად არავინ არ სცნო. გარდა ერთი ბავშვისა, ნინოწმინდის პანსიონიდან დაზარალებულის სტატუსი არავის აქვს. ამ ბავშვს მუხლზე ჯერ კიდევ ეტყობოდა ბრინჯის კვალი. როგორც ბავშვები ჰყვებიან, ბრინჯისა და ლობიოს მარცვლებზე დაყენება დასჯის ერთ-ერთი ფორმა იყო. 

რადგან ეს გამოძიების საწყისი ეტაპია და ხუთი წელია ორგანიზაცია ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” არსებით პროგრესს ვერ ხედავს, ამიტომ მას არაეფექტიან გამოძიებად მიიჩნევს და სტრასბურგის ევროპული სასამართლოსთვის ემზადება:

,,დარჩენილ 36 ბავშვს ნელ-ნელა ვხვდებით და ვინც გვთანხმდება ჩივილზე და უარს არ ამბობს, მათი წარმომადგენლები ვიყოთ, მათი სახელით მუშაობას გავაგრძელებთ”, ამბობს PHR-ის იურისტი თაკო კაპანაძე.

ზუსტად ამ მოტივით ევროპის სასამართლოს 2023 წელს უკვე მიმართა ორგანიზაცია ,,საფარმა”. ის პანსიონის 5 ყოფილი აღსაზრდელის სახელით დავობს და ითხოვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 (წამებისა და არაადამიანური/დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა) და მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) მუხლების დარღვევის დადგენას. ერთი ბავშვის სახელით 2024 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი განაცხადი წარდგენილი აქვს ორგანიზაცია ,,სოციალური სამართლიანობის ცენტრსაც”. საქმეზე გადაწყვეტილებებს ორივე ორგანიზაცია ელოდება.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არასრულწლოვანების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე 2021 წლამდეც ყოფილა გამოძიება დაწყებული. ამ ინფორმაციას სახალხო დამცველი ავრცელებდა.  გამოძიება მიმდინარეობდა სავარაუდო ძალადობის სამ ფაქტზე და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე. სტატიის მომზადებისას, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ამ ოთხი საქმის სტატუსი მოვიკითხეთ. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა Chai Khana-ს წერილობით აცნობა, რომ ამ საქმეებზე გამოძიება მეათე წელია, მიმდინარეობს. 

ლენა და ვაჟა არავის დასჯას არ ელოდებიან. ეს სურვილი მათ ცხოვრების მთავარ მიზნად არ უქცევიათ. პირიქით, ამ დრამატულ ამბებთან ერთად, ორივე ცდილობს, კარგი მოგონებებიც დაიმახსოვროს ნინოწმინდის პანსიონიდან. ექსკურსიაზე და პიკნიკზე წასვლა მათი ბავშვობის ყველაზე სასიამოვნო თავშესაქცევი იყო.

ამ სამართლებრივი პროცედურების პარალელურად, ლენამ უკიდურეს გაჭირვებას უნდა დააღწიოს თავი. ზესტაფონში გადმოსვლიდან მალევე, 18 წლის ლენა ჯერ მოხუც ცოლ-ქმარს ეხმარებოდა, საჭმელს უმზადებდა და სახლს ულაგებდა. ცოლის გარდაცვალების შემდეგ, ამ ოჯახიდან წამოვიდა და თავის კორპუსთან ახლოს, მარკეტში დაიწყო კონსულტანტად მუშაობა. რამდენიმე თვეში შემცირებაში მოჰყვა და ახლა უმუშევარია. 

ლენა კოპაძე
10 აპრილი, 2026

,,ჩემი მუშაობით პატარა გამათბობელი ვიყიდე სახლისთვის. მამამ ვერ მოასწრო ბინის გაკეთება, სარეცხის მანქანაც მე ვიყიდე. ინტერნეტი შემოვიყვანე. ბებია მეცოდება, აღარ შეუძლია უკვე.  იქნებ, ცოტა პირობები  გავიუმჯობესოთ. თუ კომპენსაცია ავიღე, ამ ბინას მივხედავ, მოვაწესრიგებ”, მაინც იმედიანად არის ლენა.

სახლში კარებების ნაცვლად ფარდებია დაკიდებული. კედლებიც ნაწილი გალესილია, ნაწილზე შპალერია სახელდახელოდ გაკრული, უკვე ამძვრალი და გადაქერცლილი. იატაკი აყრილია, დიდი ღრიჭოების დასაფარად, ბებიას რულონი აქვს დაფენილი.

ლენას სკოლის შემდეგ, აღარ უსწავლია. ,,ექიმი, პედიატრი ვიქნებოდიო”, მეუბნება. კულინარიაც აინტერესებს და სალონში მანიკურსაც სიამოვნებით გავაკეთებდიო.

ლენას ყველაზე დიდი ემოციური კავშირი მამასთან ჰქონდა. დედას თითქმის არ იცნობს. განქორწინების შემდეგ, 3 წლის იყო ზესტაფონის წმინდა ბარბარეს პანსიონში რომ დატოვეს. მამას არასოდეს მიუტოვებია. ნინოწმინდის პანსიონშიც აკითხავდა შვილებს და ტელეფონზეც ხშირად ელაპარაკებოდა. ყველაზე ჯადოსნურად მასთან ერთად ზესტაფონში გატარებულ დღეებს იხსენებს ლენა. ეამაყება, რომ გარეგნობით და ხასიათით მამას ამსგავსებენ. ამ დროს თვალები უციმციმებს და ერთ ამბავს გვიზიარებს:

,,ახალ წლამდე ნინოწმინდაში სურვილებს გვაწერინებდნენ ხოლმე ფურცელზე. ღამეა, ვწევართ უკვე ლოგინში. ერთი ბავშვი მეკითხება, ამ წელს შენ რა სურვილი გაქვსო. ფურცელზე ტელეფონი მქონდა ჩაწერილი, ამ ბავშვს ვუთხარი, კიდევ მინდა, ახალ წელს სახლში შევხვდე-მეთქი. მეორე დღეს მასწავლებელი მაღვიძებს, მამა ჩამოვიდა და შენ და გიორგი სახლში მიყავხართო. არ დავიჯერე, მეგონა მესიზმრებოდა და კედლისკენ გადავტრიალდი. მერე გამომაფხიზლეს უცებ”.

2019 წელი ამიტომ არასოდეს დაავიწყდება ლენას.

ლენა ტელეფონში მამასთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვაჩვენებს
10 აპრილი, 2026


თბილისში წამოსვლამდე, ლენას ბებო გვთხოვს, მოსამართლეს გადავცეთ, საქმე რაც შეიძლება მალე დაასრულოს, ლენასთვის კომპენსაციის მიღება ეჩქარება. ბროწლიანის სათნოების სახლიდან გზაში ვაჟაც თხოვნით გვირეკავს და გვეუბნება: ,,ჩემზე რომ დაწერთ, ტექსტში ჩაამატეთ, რომ მამას ვეძებ”. არც სახელი იცის მისი და არც გვარი. ვპირდებით, რომ დავწერთ.


სტატია განახლებულია: 12 მაისი, 2026

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსგან ვერ მივიღეთ პასუხი ამჟამად რამდენი ბავშვი რჩება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 30 000 ლარიანი კომპენსაცია ძალაში დატოვა.