ბოლო პერიოდში არაერთი ირანელი სატვირთო მანქანის მძღოლად მუშაობს მაგისტრალურ გადაზიდვებზე, რომ ოჯახს ფინანსურად დაეხმაროს. ირანის სხვადასხვა ქალაქიდან და პორტებიდან სამხრეთ კავკასიის მასშტაბით, ასევე ევროპასა და რუსეთში, ტვირთი გადააქვთ. მათი მარშრუტები მთავარი სავაჭრო დერეფნის ნაწილია, რომლებიც საქართველოსა და აზერბაიჯანში სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის გავლით მიდის. მთავრობებისთვის და კომპანიებისთვის ამ ტვირთის გადაზიდვა მზარდ სავაჭრო პოტენციალს ნიშნავს, რომელიც ეკონომიკას აძლიერებს და დოვლათს ქმნის.
თუმცა, სატვირთო მანქანის ირანელი მძღოლებისთვის საერთაშორისო ვაჭრობის მთელი სირთულე კვირებით და თვეობით გზაში ყოფნაზე დაიყვანება, უკიდურესად შეზღუდული კომუნიკაციით ოჯახის წევრებთან და საყვარელ ადამიანებთან.
ეს არის მძიმე, დამქანცველი შრომა უცხო მიწაზე, ჯანდაცვის მომსახურებაზე და პირადი ჰიგიენის ნივთებზე წვდომის გარეშე. გზაში მათი ყოფნის დრო დამოკიდებულია ტვირთზე, რომელიც გადააქვთ და ფულზე, რომელიც უნდა გამოიმუშაონ. ზოგიერთი მგზავრობა ხანმოკლეა: საქართველოში “ჩამორბენა” და უკან ირანში მაშინვე დაბრუნება: ორივე გზა დაახლოებით 2500 კმ-ია ან შეიძლება ცოტა მეტიც. ვიღაცები უფრო შორ მანძილზეც მგზავრობენ და ტვირთი ირანიდან ევროპის ან თურქეთის შორეულ პორტებში გადააქვთ.
სატვირთო მანქანის ზოგიერთ მძღოლს ოჯახის წევრებიც მიჰყავს ამ გზაზე, მაგრამ უმეტესობა ამ გრძელ და დამღლელ მოგზაურობაში მარტოა . ეს მარტოობა მათ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე სერიოზულ კვალს ტოვებს. უჭირთ კავშირისა და სიახლოვის შენარჩუნება ოჯახთან. მით უმეტეს, ირანის პატრიარქალურ საზოგადოებაში, სადაც კაცი ოჯახის ლიდერია და მნიშვნელოვანი როლი აქვს საოჯახო საქმეების გადაწყვეტაში. სოციალური ქსელებისა და ვიდეო ზარების მიუხედავად, გზაში გატარებული უამრავი საათი კავშირის შეგრძნებას გიქრობს. ირანელი მძღოლების რაოდენობის ზრდამ საქართველოში, ირანული რესტორნები და კაფეები გააჩინა მათთვის ყველაზე გავრცელებულ მარშრუტებზე. ეს, ალბათ, ცოტათი ამსუბუქებს მძღოლების მოწყენილობას და თან უსაფრთხო სივრცესაც სთავაზობთ ცხელი კერძისთვის, აბაზანისთვის, სუფთა ტანსაცმლისთვის.შესასვენებელი გაჩერებები და კაფეები სახლიდან შორს მყოფი მძღოლებისთვის ოაზისია.
ჩემთვის , როგორც ემიგრანტისთვის, რომელმაც ბოლო 10 წელი სახლიდან შორს, ფაქტობრივად, მარტოობაში გაატარა, ადვილი გასაგებია ამ მძღოლების მძიმე ყოფა. ამის აღქმა მთელი სიმძაფრით შემიძლია. კოვიდ პანდემიის შემდეგ, მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. ვერც ონლაინ კომუნიკაცია ამსუბუქებს ამ განცდას; რომ კრიზისებიდან გამოსავალი ყოველთვის არსებობს. ამ შემთხვევაშიც ასეა. თავად სატვირთო მანქანის მძღოლების ერთობა ამის მაგალითს აჩვენებს. დღეს ჩვენ ყველას გვიხარია, რომ ძალიან სწრაფად ვიღებთ პროდუქტს, რომელიც ამ მძღოლებს გადააქვთ. ამ ფოტო-პროექტით სხვებიც მინდა დავაფიქრო ფასსზე, რომელსაც ეს მძღოლები და მათი ოჯახის წევრები იღებენ.
თბილისი, საქართველო - აქბარი ჩაის სატვირთო მანქანის სამზარეულოში ამზადებს, ან ,,ყუთში”, როგორც თავად მძღოლები მოიხსენიებენ თბილისის გარეუბნებში. სატვირთო მანქანის ასობით ირანელ მძღოლს ტვირთი საქართველოს გავლით გადააქვს. ეს სამუშაო მათგან ცხოვრების უმეტესი დროის გატარებას საყვარელი ადამიანებისგან შორს მოითხოვს. მათ არც საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის შესაძლებლობა აქვთ. ყველაფერზე პასუხისმგებლები თავად არიან: დაწყებული მანქანის მოვლიდან, საჭმლის მომზადებით დასრულებული. ამას ემატება პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, ენის ბარიერი და კიდევ ბევრი სხვა რამ.
თბილისი, საქართველო - ტვირთის დაცლის შემდეგ, მძღოლებმა შეიძლება რამდენიმე დღე უსაქმოდ გაატარონ თბილისის გარეუბანში, სანამ ახალი პროდუქტით შევსებას ელოდებიან. დიდი ხნით ოჯახს და მეგობრებს მოწყვეტილებისთვის, გაურკვეველი დროით ლოდინი კიდევ უფრო რთული და სტრესულია. ორი-სამი თვის მანძილზე, ოჯახში მათ შეიძლება მხოლოდ რამდენიმე დღე გაატარონ.
თბილისი, საქართველო - ქალები მძღოლების საზოგადოებაში იშვიათია. რესტორანი ,,მაზიარის” მფლობელი თბილისში საცხოვრებლად 10 წლის წინ გადმოვიდა, მას შემდეგ რაც გაიგო, რომ აქ ბევრ ირანელ მძღოლს უწევს დიდი დროით დარჩენა. მიხვდა , რომ მყუდრო ადგილზე და ნაცნობ საჭმელზე მოთხოვნა იქნებოდა.
თბილისი, საქართველო - სატვირთო მანქანის ირანელი მძღოლები ირანულ რესტორანში ლუდს და ქაბაბს მიირთმევენ. დიდი ხნით ოჯახებისგან შორს მყოფებს, ეს ადგილები სამშობლოსთან კავშირს აგრძნობინებთ.
თბილისი, საქართველო - ბევრი ირანელი მძღოლი სატვირთო მანქანას ქართული სანომრე ნიშნით ყიდულობს, რადგან უფრო იაფია, ვიდრე რეგისტრაცია. თუმცა, ეს ნიშნავს, რომ მათ ამ მანქანით ირანში მხოლოდ შეზღუდული დროით შეუძლიათ ყოფნა. უცხოეთში რეგისტრირებულ მანქანებზე ირანში მაღალი გადასახადია. მძღოლებს , რომლებსაც საშუალება აქვთ ირანში დაარეგისტრირონ მანქანა, გზაზე ნაკლები დროის გატარება უწევთ.
საქართველო - აზერბაიჯანის საზღვარი - ალი სატვირთო მანქანაში დიდ დროს ატარებს, ხაზში მასზე წინ მდგომი მანქანების გავლას ელოდება. სანამ ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში გადასვლას შეძლებენ, მძღოლებისთვის 3-4 დღე საზღვართან ყოფნა ჩვეულებრივი ამბავია. მოცდის რიგი კილომეტრებზე შეიძლება გაიჭიმოს, თუმცა საშხაპეები და ჰიგიენის სხვა საშუალებები მათთვის მხოლოდ საზღვარზეა ხელმისაწვდომი.
თბილისი, საქართველო - ოჯახთან ვიდეო ზარის დროს, აქბარი სიგარეტს უკიდებს. ზოგჯერ ძალიან რთულია მუდმივად ხანგრძლივ მოგზაურობაში საოჯახო საკითხების გადაწყვეტა. საბედნიეროდ, ტექნოლოგიები და სოციალური მედია ამ მდგომარეობას ცოტათი უმსუბუქებთ. როცა ოჯახის წევრებს ტელეფონით არ ელაპარაკება, აქბარი დროის გასაყვანად თავის საყვარელ ფილმებს უყურებს ხოლმე.
თბილისი, საქართველო - აქბარი ირანიდან ჩამოტანილ ლითონის პროდუქციას ტვირთავს. ისპაჰანში (ესფაჰანი) წარმოებული ლითონი ირანის ძირითად საექსპორტო პროდუქტებს შორისაა საქართველოში. ისპაჰანი ლითონის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია და მიუხედავად საერთაშორისო სანქციებისა, ის მაინც ქვეყნის ექსპორტის დიდ წილს შეადგენს.
თბილისი, საქართველო - აქბარი ორივე გზის დასაფარად 2800 კილომეტრს გადის.
თბილისი, საქართველო - ძილის წინ ისმაილი თმას ივარცხნის. მათთვის სატვირთოს კაბინა დღეებისა და კვირების მანძილზე სახლივით არის. ყველაფერი რაც სჭირდებათ: საწოლი, მაცივარი, საწყობი - შიგნით უნდა მოათავსონ.
თბილისი, საქართველო - გრძელი დღის შემდეგ, ისმაილი დასაძინებლად ემზადება. სანამ გზაშია, სატვირთო მანქანის კაბინის ძალიან ვიწრო სივრცე მისი მთელი სახლია.